საქართველოს მუნიციპალიტეტების ერთიანი ეროვნული შეფასება

სიახლეები | კვლევები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანგარიში 6 დეკემბერი 2017

ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის უახლესი ტალღა 2014 წელს ახალი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით აღინიშნა. უმნიშვნელოვანესი იყო თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი მექანიზმების კოდექსის ცალკე თავით განსაზღვრა (დასახლების საერთო კრება, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო) და არსებულის შემდგომი დახვეწა (პეტიცია, წარმომადგენლობითი ორგანოების სხდომებში მონაწილეობა, თანამდებობის პირთა და საკრებულოს წევრთა ანგარიშების მოსმენა).


ზოგადი სამართლებრივი ჩარჩოს უზრუნველყოფის მიუხედავად, მონაწილეობის ხსენებული ფორმები მუნიციპალიტეტებში არაერთგვაროვნად დაინერგა. ამის რამდენიმე მიზეზი შეიძლება, გამოიყოს: მუნიციპალიტეტების ტექნიკურ-მატერიალური შესაძლებლობების, გამოცდილებისა და პოლიტიკური ნების ნაკლებობა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობა, მზაობა და უნარები, ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში და საკუთარი წვლილი შეიტანონ ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტაში. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ 7%-ია ინფორმირებული მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ. ასევე, უმნიშვნელოა იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც აქვთ ინფორმაცია ახლად დანერგილი მონაწილეობის მექანიზმების შესახებ.


სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ, კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი. მისი მიზანია საქართველოში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება, თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა, კორუფციის რისკების შემცირება და მუნიციპალიტეტებს შორის წარმატებული გამოცდილების გაზიარება.

 

მეთოდოლოგია

 

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი შედგება 3 თემატური ბლოკისგან: საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება, ელექტრონული მმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება. აღნიშნულ ბლოკები შეფასების 100 კრიტერიუმს აერთიანებს.

 

2017 წელს, მუნიციპალური ორგანოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შეფასება განხორციელდა 15 მაისიდან 15 ივლისის პერიოდში. შეფასდა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი, გარდა აჟარის, ახალგორის, ერედვის, თიღვისა და ქურთის მუნიციპალიტეტებისა. შემფასებლის სტატუსით პროცესში მონაწილეობა მიიღო 10 რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციის 21-მა წარმომადგენელმა. შეფასება განხორციელდა ონლაინ პლატფორმის - WWW.LSGINDEX.ORG - გამოყენებით.

 

შეფასების შედეგები:

 

● შეფასების 100%-იან სკალაზე, მუნიციპალიტეტების საშუალო/ჯამური შედეგი მხოლოდ 21%-ია

 

● მუნიციპალიტეტების უმეტესობა ვერ ცდება ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების 20%-იან მაჩვენებელს

 

● მხოლოდ 10-12% აქვეყნებდა (ისიც არასრულად) ინფორმაციას ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ

 

● აღმასრულებელი ორგანოების 40%-ზე მეტი საერთოდ არ აქვეყნებდა ინფორმაციას საკუთარ ვებგვერდზე მიმდინარე ტენდერების შესახებ

 

● 50%-ზე მეტი არ აქვეყნებდა წლიურ ანგარიშებს

 

● თითქმის არ ხდება მოქალაქეთა მომსახურების სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება (ონლაინ ნებართვები, შMშ შეტყობინება, ონლაინ გამოკითხვა)

 

● მუნიციპალური ვებგვერდების ტექნიკური მახასიათებლების ხარისხი საშუალოზე დაბალია (34%)

 

● ბოლო ერთწლიან პერიოდში დასახლების საერთო კრება არ ჩატარებულა მუნიციპალიტეტების 85%-ზე მეტში

 

● სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომები და საჯარო განხილვები არ ჩატარებულა 60%-ზე მეტში

 

● მონაწილეობის საბიუჯეტო პროგრამები მხოლოდ 2 მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა

 

● საკრებულოების 70%-ზე მეტი არ ახდენს დაგეგმილი სხდომების შესახებ მოქალაქეთა წინასწარ ინფორმირებას, არ აქვეყნებს სხდომის ოქმებს

 

● 60%-ზე მეტ მუნიციპალიტეტში არ არის დანერგილი საკრებულოს წევრის საქმიანობის ანგარიშის მოსმენის პრაქტიკა

 

● თითქმის არ ქვეყნდება მუნიციპალური იურიდიული პირების შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია

 

კვლევის ფარგლებში იდენტიფიცირებული გამოწვევების დასაძლევად, წარმოდგენილ იქნა შემდეგი რეკომენდაციები:

 

● მუნიციპალიტეტებმა უნდა განაახლონ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა და ვებგვერდზე შექმნან საჯარო ინფორმაციის განყოფილება, სადაც თემატურად განთავსდება შესაბამისი საჯარო ინფორმაცია. ასევე, უნდა დანერგონ საჯარო ინფორმაციის გაცემის სწრაფი, ეფექტური პროცედურა

 

● მუნიციპალიტეტებმა უნდა დანერგონ ონლაინ სერვისები

 

● მუნიციპალიტეტებმა უნდა შეიმუშაონ მონაწილოების მხარდამჭერი საბიუჯეტო პროგრამები

 

● აქტიურად უნდა გაგრძელდეს დასახლების საერთო კრების და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს პრაქტიკაში დანერგვა

 

● უნდა გაიზარდოს როგორც არჩეული მერის, ისე საკრებულოს წევრთა ანგარიშვალდებულება ამომრჩევლების მიმართ

 

[1] კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი, საჯარო პოლიტიკის კვლევა, 2015, http://caucasusbarometer.org/ge/ti2015ge/LOCGOVTU/

 

[2] კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი, საჯარო პოლიტიკის კვლევა, 2015, http://caucasusbarometer.org/ge/ti2015ge/LOCGOVTU/

 

საქართველოს მუნიციპალიტეტების ერთიანი ეროვნული შეფასების ანგარიში სრულად იხილეთ აქ

 

/public/upload/IDFI_Photos_2017/media_internet_telecommunications/LSGINDEX_Report_GEO.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024