მინისტრებისა და მათი მოადგილეების 2014 წლის დეკლარირებული შემოსავლები

სიახლეები 25 თებერვალი 2015

საქართველოს პრემიერ–მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის N18 ბრძანებით, მინისტრებს ყოველთვიური სახელფასო დანამატი 4 435 ლარიდან შეუმცირდათ 2710 ლარამდე. შესაბამისად, 2014 წლის იანვრის თვის შემდგომ მინისტრის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება თანამდებობრივი სარგოს (3540ლარი) და სახელფასო დანამატის (2710 ლარი) სახით ჯამში  6 250 ლარის ოდენობით (ხელზე 5 000 ლარი) განისაზღვრა.

 

 

სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული საჯარო თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებისა და სხვადასხვა სამინისტროს ვებ-გვერდებზე პროაქტიულად განთავსებული ინფორმაციის საფუძველზე IDFI შეეცადა გამოერკვია, თუ რამდენად შესაბამისობაშია მინისტრების 2014 წლის სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლები აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ შრომის ანაზღაურებასთან, რომლის მიხედვითაც მინისტრის წლიური შემოსავალი განსაზღვრულია 75 000 (ხელზე 60 000) ლარის ოდენობით.

 

როგორც მოგეხსენებათ, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლები აისახება წინა წლის მდგომარეობით. შესაბამისად, 2014 წლის განმავლობაში, მინისტრის შემოსავლები საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ მინისტრების შემთხვევაში, რომლებსაც 2015 წლის პირველი იანვრიდან დღემდე აქვთ წარდგენილი ქონებრივი დეკლარაცია.

 

როგორც ირკვევა, საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს 2014 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებული აქვს 87 500 ლარი (ხელზე 70 000 ლარი), აღნიშნული თანხიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 75 000 ლარი წარმოადგენს მის თანამდებობრივ სარგოს და პრემიერ– მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სახელფასო დანამატს, ხოლო დანარჩენი (12 500 ლარი) იუსტიციის მინისტრს მიღებული აქვს პრემიის ან სხვა დანამატის სახით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის შემთხვევაში თანამდებობრივი სარგოსა და პრემიერ–მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სახელფასო დანამატის გარდა, თითოეულს 2014 წლის განმავლობაში მიღებული აქვს 6 250 ლარის ოდენობის პრემია ან სხვა დანამატი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძესა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს სოზარ სუბარს 2014 წლის განმავლობაში პრემია არ მიუღიათ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის მიერ 2014 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლები დაკავშირებულია მინისტრის მოადგილედ მოღვაწეობის პერიოდთან.

 

 

 

როგორც ზემოთ მოყვანილი მონაცემებიდან გამოჩნდა, მინისტრების შრომის ანაზღაურება გარკვეულწილად დარეგულირებულია, თუმცა განსხვავებული მდგომარეობაა მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროების სხვა თანამდებობის პირების შემთხვევაში. 2014 წელს სხვადასხვა სამინისტროში პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის განსხვავებული პრაქტიკა შეინიშნება. მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ხუციშვილის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 2014 წელს მისი სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი შეადგენს 139 393 ლარს, საიდანაც თანამდებობრივი სარგო შეადგენს მხოლოდ 32 640 ლარს. ენერგეტიკის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მინისტრის თითოეულ მოადგილეს სამუშაოს შესრულებით მიღებული აქვს დაახლოებით 102 000 ლარი, ხოლო იუსტიციის მინისტრის მოადგილეებს თითოეულს - 92 000 ლარი.

 

 

 

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის N449 დადგენილებით, დამტკიცდა საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი, რომლის მიხედვითაც დარეგულირდა მთავრობის მმართველობის სფეროში შემავალ უწყებებში დასაქმებულ პირებზე პრემიის გაცემის პერიოდულობა და მაქსიმალური ზღვარი.

 

 

 

სამწუხაროდ, აღნიშნული დადგენილება ითვალისწინებს მხოლოდ საჯარო მოსამსახურეთა პრემიებით წახალისების სისტემის დარეგულირებას და არაფერია ნახსენები სახელფასო დანამატების შესახებ. შესაბამისად, მთელ რიგ საჯარო დაწესებულებებში აღნიშნული დადგენილების გამოცემის შემდგომ პრემიები ჩანაცვლდა სახელფასო დანამატებით და შრომის ანაზღაურების სისტემა კვლავ დასარეგულირებელი დარჩა.

 

მაგალითად, ენერგეტიკის მინისტრის თითოეულ მოადგილეზე მთავრობის N449 დადგენილების მიღებამდე ყოველთვიურად გაიცემოდა 5 500 ლარის ოდენობის პრემია. ვინაიდან აღნიშნული დადგენილებით დაწესდა შეზღუდვები პრემიების გაცემის პერიოდულობასა და ოდენობაზე, ენერგეტიკის სამინისტროში ყოველთვიური პრემიები ჩანაცვლდა იგივე ოდენობის სახელფასო დანამატებით.

 

საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მოწმობს ის ფაქტიც, რომ 2014 წელს მთელ რიგ სამინისტროებში მინისტრზე მაღალი შემოსავლები აქვთ მიღებული მათ მოადგილეებს ან სხვა თანამდებობის პირებს. მაგალითად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შრომის ანაზღაურებამ 2014 წელს შეადგინა 81 559 ლარი, მაშინ როდესაც მისი მოადგილის დავით ხუციშვილის შრომის ანაზღაურებამ შეადგინა - 139 393 ლარი, ხოლო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დავით ცინარიძის შემოსავალი კი 2014 წლის განმავლობაში 105 920 ლარს გაუტოლდა. მინისტრის შრომის ანაზღაურებაზე გაცილებით დიდი თანხა 2013 წელს მიღებული აქვს აგრეთვე შსს მინისტრის მოადგილეს ლევან იზორიას - 145 368 ლარი.

 

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მსგავსად 2014 წელს მინისტრზე მაღალი შრომის ანაზღაურება მინისტრის მოადგილეებმა მიიღეს აგრეთვე ენერგეტიკისა და იუსტიციის სამინისტროში.

 

 

 

 

 

ზემოთ მოყვანილი მონაცემები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურში დარეგულირდეს არა მხოლოდ პრემირების, არამედ სახელფასო დანამატის გაცემის სისტემა და რომ თანამდებობრივი სარგოებისა და პრემიების სისტემის ცვლილება არ იყოს ერთჯერადი ქმედება, არამედ განხორციელდეს საჯარო სამსახურის რეფორმის კონტექსტში. რეფორმამ, გარდა ანაზღაურების სისტემისა, ასევე, კომპლექსურად უნდა მოაწესრიგოს საჯარო სამსახურთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, კერძოდ, განსაზღვროს საჯარო მოსამსახურეთა კლასიფიკაცია, უზრუნველყოს საჯარო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის გარანტიები, საჯარო მოსამსახურეთა განათლების, მომზადებისა და გადამზადების სისტემა და ა.შ. ვთვლით, რომ სწორედ ასეთი სისტემური მიდგომა შეუწყობს ხელს საქართველოში საჯარო სამსახურის თანამედროვე მოდელის ჩამოყალიბებას.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024