ესეს ავტორია მარიამ დანგაძე და ის დაიწერა კონკურსისთვის "საბჭოთა ტერორი საქართველოს მეხსიერებაში". კონკურსი ჩატარდა IDFI-ის მიერ შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით. ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ გამოხატავდეს შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (Sida) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პოზიციას.
მარიამ დანგაძე არის კონკურსის გამარჯვებული - II ადგილის მფლობელი.
___
2019 წლის ცხელი ივლისის დღე იდგა, პარლამენტის წინ აქციებზე ხალხი ჯერ კიდევ მრავლად გამოსულიყო და რუსთაველის გამზირიც უკვე გადაკეტილიყო. ერთ-ერთი გამომსვლელი ემოციურად საუბრობდა, თუმცა მისი არც ვინაობა მახსოვს და არც ტექსტი, რომელსაც ის ამბობდა მანამ, სანამ არ გადავიდოდა ერთობ საყურადღებო და ამაღელვებელ მომენტზე. ახლა ისიც მგონია, ალბათ, არავინ უსმენდა და ამიტომ გადაწყვიტა, სპონტანურად ჩაესვა ეს ნაწილი. ტრიბუნიდან უეცრად გაისმა, რომ ხელი აეწიათ მათ, ვისი ოჯახის ერთი წევრი მაინც 1937-1938 წლის რეპრესიებს შეეწერა. ხელების მაღლა აქნევის ხმამ გარემო აახმაურა. ვხედავდი, რომ ზოგი ორივე ხელსაც წევდა, ფაქტობრივად არავინ დარჩენილა ისეთი, მაღლა რომ არ აეშვირა ხელი. რა თქმა უნდა, ჩემი მარჯვენაც მაღლა იყო ბოლო წუთამდე, სანამ საერთო აღტკინება არ გაივლიდა. თუმცა, თვალებით მაინც ვამჩნევდი იმ რამდენიმე ადამიანს ხელები რომ ზეცად არ აღეპყროთ, სულ ოდნავ დარცხვენაც იკითხებოდა მათ სახეზე.
ამ ერთობ საკრალური რიტუალის შესრულების და იმის აღნიშვნის შემდეგ, რომ თურმე რამდენი ვართ, გამომსვლელი კვლავ რუსეთის ბრალეულობის თემას დაუბრუნდა, რამდენიმე წამის წინ შესრულებული მოქმედება კი ისტორიულ პარალელად გამოიყენა. სიმართლე რომ ვთქვა, პროტესტის იმ კონკრეტული დღიდან უფრო მკაფიოდ არაფერი მახსოვს, რადგან “პუტინ *უილოს” სიმღერის დროსაც არ იგრძნობოდა ისეთი ერთიანობა და აღფრთოვანება, როგორიც იმ რამდენიმე წუთის განმავლობაში.
დაახლოებით ერთი წლის თავზე კი ეს მომენტი დეტალურად გასახსენებელი გამიხდა. ეს მაშინ მოხდა, როცა ოჯახური არქივის მივიწყებულ კუთხეში ბაბუაჩემის შესახებ გაზეთებში დაბეჭდილი და საგულდაგულოდ შემონახული სტატიები ვიპოვე. ერთ-ერთის სათაური შემდეგნაირად ჟღერდა: “კომკავშირელის ბრძოლის გზა.” მართალია, ბაბუაჩემის ფოტო ბევრჯერ მინახავს, მაგრამ სტატიისთვის თანდართულს მაინც დიდხანს ვაკვირდებოდი იმ სულ პატარა იმედით, რომ ეს ის არ იყო, რაც მე მეგონა, მაგრამ ფაქტი ერთობ ჯიუტი იყო.
ოჯახის წევრებს საბჭოთა კავშირის წარსულზე ბევრჯერ გვისაუბრია, მისი არა დავიწყების და მიჩქმალვის, არამედ გადააზრების მნიშვნელობასაც შევხებივართ, მაგრამ არასდროს არავის უთქვამს, რომ ბაბუაჩემი არ იყო 1930-იანი წლების რეპრესიების მხოლოდ მსხვერპლი, მაგრამ არ ყოფილა არც ჯალათი, ის, ალბათ, უფრო სისტემის ნაწილი იყო: კომუნისტურ პარტიაში 1924 წელს გაწევრიანების დღიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, ჩამონათვალში ბოლო კი ამბროლაურის რაიკომის მდივნობა გამოდგა, რომელიც 1938 წლის 26 მაისს დაპატიმრებით და გადასახლებით დაგვირგვინდა. 1956 წელს, რეაბილიტაციის შემდეგ, ვეტერან კომკავშირელთა რიგებში ირიცხებოდა და აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა პარტიულ აქტივობაში.
მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ისტორია ცალსახად მხოლოდ გმირებს ან ანტიგმირებს არ ეკუთვნის, უფრო სწორად, ყველაზე ნაკლებად სწორედ მათ ეკუთვნით, მაინც გამიჭირდა შევგუებოდი იმას, რომ წარსულის შესახებ მეხსიერების ნათელი, ბრწყინვალე, რეპრესირებულთა შთამომავლობისთვის განკუთვნილი ადგილიდან ჩრდილისკენაც უნდა გამეხედა და, თურმე, ამ ორს, მკაფიო ხაზი არც არასდროს ყოფდა.
უცნაურია, მაგრამ დაახლოებით მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდიდან, ადამიანების კომუნისტობას ასე თუ ისე შეგუებულნი ვართ, მხოლოდ ზოგჯერ თუ წამოვაძახებთ რომელიმე პოლიტიკოსს ან აქტივისტს, რომ კომუნისტური პარტიის წევრი იყო. მართალია, დისიდენტებს სიამაყით მოვიხსენიებთ, მაგრამ უმეტესად მაინც ცხოვრების წესად ვიღებთ პარტიულობასა თუ უბრალოდ სისტემის ნაწილად ყოფნას. შეიძლება, ეს იმის ბრალიცაა, რომ რთულია, გამზრდელ ბებიას ან სულაც დედას და მამას ასე პირდაპირ გამოუტანო საბრალდებო განაჩენი, თანაც (განსაკუთრებით სტალინის სიკვდილის შემდგომი პერიოდის) საზოგადოებას საბჭოთა ყოველდღიურობა ნაკლებად აინტერესებს, არაფერია იქ საგმირო ან გასაოცარი, უბრალო ყოველდღიურობაა და შესაბამისად, ჰეროიზმისკენ მიდრეკილი ხალხის მეხსიერებასა და მსჯელობებში ვერასდროს დაიკავებს გამოკვეთილ ადგილს.
თუმცა, იგივე დამოკიდებულება არ და ვერ მოქმედებს უფრო ძველ კომუნისტებზე. დღესდღეობით, 1930-იან წლებში ან მანამდე ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები ცალსახად ანტიგმირები არიან, ხოლო თუ მათ ბიოგრაფიაში ვიპოვით ადგილს, სადაც ამოვიკითხავთ, რომ თავადაც დაისაჯნენ ანუ რომელიმე ტალღის რეპრესიებს შეეწირნენ, სამართლიანობის განცდა გვეუფლება, მაგრამ ეს შორიდან, უფრო კონკრეტულად კი მაშინ, როცა ჩვენ დისტანცირებულნი ვართ ამბისგან და მხოლოდ განმსჯელის პოზიცია გვიჭირავს. რა თქმა უნდა, ამ პერსპექტივიდან საუბარი უფრო მარტივია, სახეზეა მსხვერპლი და დამნაშავე, რომელიც თავადაც იქცა მსხვერპლად, მაგრამ განა, ღირსი არ იყო?!
ოცდაათიანი წლების რეპრესიების შესახებ მეხსიერება ლამის მითოლოგიურ ამბად იქცა - ამბად, სადაც ცუდებმა კარგები დახოცეს. ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებშიც დაახლოებით ასე წერია, რეპრესიებს ქართველი ინტელიგენცია და მოაზროვნე ელიტა შეეწირაო, მაგრამ როგორ მოხდა, რომ ამ პატარა ქვეყანაში 29 ათასზე მეტი ინტელიგენტი გვყავდა ან, საერთოდაც, როდის დამკვირდრდა ტერმინი ინტელიგენცია ამ გაგებით და როდის გახდა ის რეპრესირებულთა ექვივალენტი? სავარაუდოა, რომ თავდაპირველად ინტელიგენტებად მოიაზრებოდნენ ის ადამიანები, ვინც სტალინურ სიებში მოხვდნენ, რადგან თუ მაღალ, ელიტარულ საზოგადოებაზე ვსაუბრობთ, სტალინის მიერ ხელმოწერილ სიაში შესული და დახვრეტილი ხალხი უფრო „საამაყოდ“ შეიძლება ჩაითვალოს, ვიდრე ჩვეულებრივი „ტროიკის“ მიერ დასჯილი „კულაკური ოპერაციის“ ფარგლებში. ალბათ, თანდათან სტალინურ სიაში შესული 3000-ზე მეტი ადამიანის ინტელიგენტური იარლიყი განზოგადდა და ყველა რეპრესირებულს მიეკერა, რადგან საჭირო იყო რამენაირად გამართლება იმისა, რაც მოხდა, გამართლება კი აუცილებლად განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო. „ინტელიგენტობა“ ამისთვის გამოდგება - ეს ნიშნავს, რომ განათლება გაქვს, აზროვნებ, განსხვავებულად ფიქრობ და სწორედ ამის გამო გსჯიან. შესანიშნავი დამოკიდებულებაა, ყველა შთამომავლისთვის ერთობ მაამებლური, რა სჯობს იმის რწმენას, რომ შენი წინაპარი რეჟიმს ებრძოდა, უპირისპირდებოდა და საკუთარი თავისუფალი აზრის გამო დასაჯეს? მაგრამ ამ ერთობ მასშტაბური განზოგადების პროცესში საზოგადოების მეხსიერებას მრავალი დეტალი გამორჩა, მაგალითად, სად გაქრნენ კულაკები ან ეთნიკური ნიშნით რეპრესირებული ადამიანები? მათი გადასახლების მიზეზი აშკარა კია, მაგრამ რაღატომ უნდა ვარკვიოთ ან ხაზი გავუსვათ ამას, როცა სისტემასთან მებრძოლი წინაპრის ხატება თავშესაფრად ბევრად უფრო მყუდრო და მისაღებია, ვიდრე მისი უბრალოდ „მდიდარ გლეხად“ მოხსენიება.
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ წარსულის ამგვარ გააზრებას თუ მივმართავთ, ჯალათებიც უფრო ადვილი საპოვნელია და მათი იდენტიფიცირებაც აღარ ხდება საჭირო. კონკრეტულ მოვლენაში მთელი სისტემის დადანაშაულება კი უფრო მარტივია, ვიდრე ამ სისტემის შემქნელების ან გამაძლიერებლების აღმოჩენა, მით უმეტეს, რომ შესაძლოა ისინი ჩვენი ძალიან ახლობლები აღმოჩნდნენ. ხოლო, თუკი პასუხისმგებლობას ყველაზე ვანაწილებთ, შეცდომის შემთხვევაში, დამნაშავეც არავინაა, ეს მიდგომა კი კომფორტულიცაა და მარტივიც.
მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა განზოგადება შეუძლებელია? როცა საერთო მეხსიერების პოლიტიკისგან დამოუკიდებლად, უფრო ვიწრო სოციუმის მეხსიერება და წარსულისადმი დამოკიდებულებები არსებობს? მაგალითად ავიღოთ ლეჩხუმის ერთი პატარა და მიკარგული სოფელი, საიდანაც 1937-1938 წლებში 18 ადამიანი გახდა რეპრესიების მსხვერპლი. როცა შვილმა ზუსტად იცის, რომ მამამისი კარის მეზობელმა დაასმინა, უფრო შორეული მეზობლის ხელმოწერით კი გულაგის გზას გაუყენეს, მხოლოდ სისტემის დადანაშაულება აღარ კმარა და კონკრეტული ადამიანის პირადი პასუხისმგებლობის საკითხიც აშკარად იკვეთება.
სწორედ ასეთი დამოკიდებულებებით იყო სავსე ჩემ მიერ ჩატარებული ინტერვიუები სოფელ ორხვში, რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლებში ჯამში 18 მცხოვრებს დაატოვებინეს და მათი უმეტესობა, უკან აღარასდროს დაბრუნებულა.
პირველი, რაც სოფლის ასაკოვან მკვიდრებს რეპრესიების ხსენებაზე აგონდებათ, რაოდენობაა. ეს ყველაფერი კი უცნაურ მარათონს ჰგავს, სადაც მსხვერპლთა რიცხვს ერთმანეთს ვადარებთ. მაგალითად, საუბარს იწყებენ იმით, რომ რაიონში ყველაზე მეტი მათი სოფლიდან გადაასახლეს ან დახვრიტეს. რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ამის გახსენება, ხმაში მაინც იგრძნობა სულ ოდნავ შესამჩნევი სიამაყის განცდა, ალბათ სწორედ იმიტომ, რომ საზოგადოებაში გამეფებული დამოკიდებულებით ეს მსხვერპლთა „ინტელიგენტობაზე“ მიუთითებს.
თუმცა, რაც უფრო მეტს ვესაუბრებოდი თითოეულ ადამიანს, მით უფრო საინტერესო ხდებოდა ინფორმაციის შეკრების პროცესი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანად კი რამდენიმე გამოკვეთილი დეტალი მომეჩვენა.
დავიწყოთ იმით, რომ 30-იანი წლების რეპრესიების მეხსიერება თაობების მიხედვით ერთობ განსხვავდება. მაგალითად, ერთ-ერთი გადასახლებულის შვილის, ნუცა ახვლედიანის მონაყოლით, მისთვის ოჯახის ტრაგედია ძალიან მარტივი მიზეზით დაიწყო და შესაბამისად, არც არასდროს მიუწერია ეს მოვლენა მამამისის განსაკუთრებული განათლებისთვის ან უნარებისთვის. მამას ლამაზი, წითელი ფერის კვიცი ჰყავდა, მეზობელმა კი მისი ყიდვა განიზრახა, რაზეც უარი მიიღო, ეს მეზობელი კი „ინტრიგანი“ გამოდგა, მამა მალევე დააპატიმრეს და გადაასახლეს, წერა-კითხვის არცოდნის გამო კი წერილებს მხოლოდ მაშინ აგზავნიდა სახლში, როცა ვინმე მცოდნეს იპოვნიდა. „ინტრიგანი“ კი ის საერთო სახელწოდებაა, რომელითაც სოფელში პარტიასთან დაახლოებულ, დამსმენ, ადამიანებს მოიხსენიებენ, თუმცა პარტიის ხსენება ამ წინადადებაში პირობითია, არავის არ განუსაზღვრავს „ინტრიგნობის“ ზუსტი კრიტერიუმები, ალბათ იმიტომ, რომ ასე სოფელში ლამის ყოველი მეორე ოჯახის წარმომადგენელს იცნობენ და მათგან სულ რამდენიმე იყო რეალურად პარტიის წევრი ან თანამდებობის პირი.
გადასახლებული წინაპრის შესახებ დამოკიდებულებები თაობების მიხედვით თანდათან იცვლებოდა, სხვა რეპრესირებულთა შვილიშვილები თამამად იმეორებდნენ უკვე საზოგადოებაში გამყარებულ ნარატივს და აღნიშნავდნენ, რომ მათი ბაბუები განათლებული და პროგრესული ადამიანები იყვნენ. მხოლოდ ამ ბარიერის გადალახვის შემდეგ, ერთ-ერთმა მათგანმა ხაზი იმასაც გაუსვა, რომ მისი წინაპარი უბრალოდ მშრომელი კაცი იყო და ერთ დღეს ფულის სათხოვნელად უკვე მესამედ მოსული მეზობელი უარით გაისტუმრა. მსგავსად სხვა ისტორიებისა, ეს მეზობელიც „ინტრიგანი“ გამოდგა...
საინტერესოა შვილთაშვილების დამოკიდებულებებიც. ისინი სოფლად უკვე აღარ ცხოვრობენ და ბავშვობის მერე ზაფხულობითაც იშვიათად ჩამოდიან, მაგრამ მათი მონაყოლიც ძირითადად მათი მშობლებისას ჰგავდა, უბრალოდ იყო ბევრად მარტივი, ზუსტად ისეთი, როგორის შესახებაც ოდნავ ზემოთ ვეცადე მესაუბრა - სისტემის წინააღმდეგ სიტყვითა და საქმით მებრძოლისა და ჯალათების ამბავი.
ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო უსამართლობის განცდით გაჩენილი ხვრელების ამოვსების მცდელობებიც. დიახ, მიუხედავად იმისა, შევქმნით გმირის ხატს თუ არა, უსამართლობის გრძნობა მაინც გვტანჯავს, ვინაიდან არ არსებობს ზუსტი პასუხი იმაზე, თუ კონკრეტულად რა დააშავეს ამ ადამიანებმა, მაინც ჩნდება კითხვა, თუ რატომ დაისაჯნენ უდანაშაულოდ და რატომ არ დაისაჯნენ მათი დამსჯელები. ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხის პოვნის ნაცვლად, დარჩენილი სიცარიელე სოფელმა ერთი ამბით ამოავსო, რომლის ჭეშმარიტებაშიც ეჭვი ფაქტობრივად არავის შეაქვს: როგორც ყველა საარაკოდ ქცეულ ლეგენდაში, აქაც არავის ახსოვს, ვინ და როდის უამბო ხალხს ეს ამბავი, მაგრამ დეტალურად შემოინახეს ცნობა იმის შესახებ, რომ მეორე მსოფლიო ომში ერთ-ერთი რეპრესირებულის შვილმა იარაღი ამოიღო, თქვა, რომ მისი თანასოფლელი მტრის ხელით სიკვდილს არ იმსახურებდა და გაისროლა. ალბათ, აღარ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ეს თანასოფლელი „ინტრიგნობაში“ იყო შემჩნეული და მსოფლიო მასშტაბის საომარ კონფლიქტში საკუთარმა თანასოფლელმა გამოუტანა განაჩენი დანაშაულისთვის, რომლის ჩადენაც ალბათ, ვერც ვერასდროს დადასტურდება. ამ უკვე ლამის ლეგენდად გადაქცეულ ამბავს აქვს დასასრული. უფრო სწორად, ამბავს თავად მთხრობელები ურთავდნენ მორალურ დასკვნას იმის შესახებ, რომ სამართალმა, მართალია ძალიან მტკივნეულად და უცხო მხარეში, მაგრამ მაინც „ჭამა პური“.
არსებობს კიდევ ერთი ისტორია, რომელიც, ჩემი აზრით, კვლავ სამართლიანობისკენ ლტოლვას და დიდ კაცთან პატარა კაცის, სიმართლის „გასვლის“ მცდელობის გამოხატულებაა. ჭორად თუ მართლად, სოფელში ყველა გეტყვით, რომ იტა ასათიანმა სტალინის ცოლს (საინტერესოა, რომ მას სახელით არავინ მოიხსენიებს) წერილი მისწერა მას შემდეგ, რაც მისი ქმარი დაიჭირეს. მისი ბიძაშვილი ყოფილა და მისწერა . წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ამ ამბავს არ აქვს ბოლო - რომელ საფეხურამდე მიაღწია წერილმა, ბოლოს ვისი ხელით დაიწვა ან დაიფლითა, ეს არავინ იცის, მაგრამ ვიღაცამ რომ პირდაპირ უმაღლეს ზემდგომთან „იჩივლა,“ ეს უკვე ბადებს კმაყოფილების განცდას.
სტალინის ოჯახში მიწერილ წერილს ვერ უტოლდება, მაგრამ წერილებს სხვა ოჯახებიც წერდნენ - უფრო დაბალი პოლიტიკური ეშელონების წარმომადგენლებს. მაგალითად, ჩემმა დიდმა ბებიამ თავისი მეუღლის დაპატიმრების შემდეგ, მხოლოდ 1938 წლის მაისში მოახერხა წერილი დაეწერა ცაგერის სასამართლოს სახელზე და მოითხოვა აფრასიონ ახვლედიანის გათავისუფლება, რადგან ის „მუხლჩაუხრელად იბრძოდა საერთო სიკეთის შესაქმნელად“ და „ბოროტი ხალხის ენამ“ შეცდომაში შეიყვანა ხელისუფლება.“ წერილის ავტორმა ორი ასლი საგულდაგულოდ შემოგვინახა, თავად 1956 წელს, ქმრის რეაბილიტაციის ქაღალდიდანაც კი ვერ გაიგო, რომ აფრასიონი ჯერ კიდევ 1937 წლის დეკემბერში დახვრიტეს, რადგან რეაბილიტაციის მიუხედავად ნათესავებს რეპრესირებულების შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ... „გარდაიცვალა ციხეში გულის უკმარისობით“, „ფილტვების ანთებით“, „ტიფით“ და ა.შ.
ზემდგომებისადმი მიწერილი წერილებით რუსუდანიც გამოირჩევა ზაირა არსენიშვილის ბოლო ხანს უკვე პოპულარულად ქცეული რომანიდან „ვა, სოფელო...“. 30-იანი წლების თელავშიც პერსონაჟებს საზღაურის არსებობისა სჯერათ. თავად ზაირა არსენიშვილის წიგნმა კი ვერ ჰპოვა მთლად დამსახურებული აღიარება და მრავალი წელი ისე გავიდა, რომ მკითხველმა ფაქტობრივად მისი არსებობის შესახებაც კი არ იცოდა. არადა, ეს ნაწარმოები, ალბათ, ყველაზე კარგად და მრავალმხრივ გამოხატავს გასული საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს ყოფას. რომანის პერსონაჟები საქართველოს მხოლოდ ერთი კუთხიდან არ არიან, რადგან ის რასაც ისინი აკეთებენ ან ფიქრობენ, საერთოა ქვეყნის სხვა ნაწილებშიც. მაგალითად, საზღაურის შესახებ რწმენამ ჩემს სოფელშიც ჰპოვა გამოძახილი და იქ მოსმენილი ყველა მონათხრობი იმით სრულდებოდა, რომ ბოლოს „ინტრიგნები“ დაისაჯნენ. განსაკუთრებით ხშირად მეორდებოდა ამბავი იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი თანასოფლელი, სავარაუდოდ, საბედისწერო სამეულის წევრიც კი იყო და 30-იანი წლებიდან სიკვდილამდე სოფელში აღარ დაბრუნებულა. სიკვდილის წინ კი საკუთარი ეზოს წყალი ინატრა, მაგრამ ქუთაისში ჩამოტანის შემდეგ, მის შვილიშვილს წყლით სავსე ბოთლები ხელიდან გაუვარდა და გაუტყდა. მთხრობელები დასკვნის სახით აღნიშნავდნენ, რომ, ამ ადამიანის შემთხვევაში, სწორედ ასე „დაპურდა“ სამართალი.
სოფელში შეკრებილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვფიქრობ, რომ სტალინური ტერორისადმი ჩვენი დღევანდელი დამოკიდებულება, საზოგადოების თანამედროვე კოლექტიური მეხსიერება სწორედ ამ ორი ძირითადი ფაქტორით - სამართლიანობისკენ მისწრაფებითა და საზღაურის მიღების სურვილითაა განპირობებული. სწორედ ამგვარი ლტოლვა იწვევს უახლესი წარსულის ასეთ გამარტივებასა და განზოგადებას. ასე მარტივი მხოლოდ ზღაპრის სიუჟეტი შეიძლება იყოს, მხოლოდ იქ ისჯება საკადრისად ბოროტი ძალა. მგონია, მიუხედავად იმისა, რომ ოდნავ მაინც გვესმის, რეალობაში ასე არ მომხდარა, მაინც გვინდა, მოვძებნოთ სულ პატარა არგუმენტიც კი, რითაც დავამტკიცებთ სიკეთის გამარჯვებას. თორემ თუ საკითხს სხვა კუთხიდანაც შევხედავთ, შესაძლოა უსიამოვნო რამ დავინახოთ.
არადა, რა შეიძლება დავინახოთ განსაკუთრებით საშიში და არაკომფორტული? ალბათ ისევ ის, რომ ძალადობრივი რეჟიმი არ არის მხოლოდ განყენებული ცნება, არც მონსტრი, რომელიც დამოუკიდებლად მოქმედებდა, არამედ სისტემა, რომლის ხორცშესხმაც ისევ და ისევ ჩვენმა წინაპრებმა განაპირობეს და ამისთვის ბევრ მათგანს უფრო მეტად ყოფითი მიზეზები ჰქონდა, ვიდრე სოციალისტური სამოთხის შექმნაა. მაგალითად, გადმოცემის თანახმად, ჩემი სოფლის ერთ-ერთ „ინტრიგანს“ სოფლის კოლექტივის მაშინდელი თავჯდომარისთვის შვილის „მითხოვება“ უნდოდა და პოტენციური სასიძოს საამებლად წერდა საჩივრებს.
მიზეზი ბევრია და მრავალფეროვანი. მე კი მგონია, რომ ოდესმე, სასურველია რაც შეიძლება მალე, მივხვდეთ, რომ ისტორიაში მხოლოდ შავი და თეთრი ფერები არ არსებობს და ის უმეტესად არც ძილის წინ მოსასმენი სასიამოვნო ამბავია. თუმცა, ამ ეტაპზე, ვერც რაიმე კონკრეტულს შევადარებ, რადგან მხოლოდ 30-იანი წლების რეპრესიების შესახებ ჯერ კიდევ მრავალი რამაა გასარკვევი და გასააზრებელი. მგონი, საქართველოს ისტორიის ამ ნაწილის პრობლემურობას 1985 წელს გაზეთ “ქუთაისის“ რედაქციაც ამჩნევდა. სწორედ ამიტომ, როცა ჩემს რეაბილიტირებულ, მაგრამ გადასახლებაში ნამყოფ ვეტერან-კომკავშირელი ბაბუის ხსოვნას ნეკროლოგი მიუძღვნეს და დეტალურად, წლების მიხედვით აღწერეს მისი თანამდებობები თუ დამსახურებები, 1938-1944 წლის მონაკვეთი უბრალოდ გამოტოვეს. ბოლოს, იმედს დავიტოვებ, რომ ისტორიის წაკითხვისა და გადმოცემის ამ საკმაოდ ნაცადი მეთოდის გამოყენებას აღარასდროს დავუბრუნდებით.
___
გამოყენებული ლიტერატურა:
ვ. ივანიძე, კომკავშირელის ბრძოლის გზა, გაზეთი „ქუთაისი“, 31.10.1978;
ზ. არსენიშვილი ვა, სოფელო..., თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2019;
პარტიის ვეტერანთა საქალაქო, საბჭო „დ.ნ. დანგაძე,“ გაზეთი „ქუთაისი“, ქუთაისი, 25.08.1985;
IDFI – დიდი ტერორის სტატისტიკა საქართველოში - 1937-1938 წლები, 2016 - https://idfi.ge/ge/statistics-of-big-terror-in-georgia-in-1937-1938-years
___