21 მაისს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) „ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის“ პრეზენტაციას მართავს. კვლევაში დეტალურად განხილულია ყველა ის პროცესი, რომელიც ორგანიზაციის აზრით, 2015 წლის 17 ივლისამდე უნდა წარიმართოს იმისათვის, რომ ქვეყანამ ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა შეუფერხებლად მოახერხოს და ციფრული მიწისზედა (Terrestrial) საეთერო მაუწყებლობა ჩამოყალიბდეს, როგორც კონკურენტი პლატფორმა.
ტექნიკური და ტექნოლოგიური მიმართულებები
IDFI მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით უნდა მოხდეს უნივერსალური სამაუწყებლო მომსახურების მიწოდება მოსახლეობის 85%-ისთვის, ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაცული და მდგრადი ქსელის ფორმირება არსებული რესურსების მაქსიმალური გამოყენებით.
პროექტის თანახმად, გარდამავალ პერიოდში ეროვნული საეთერო მაუწყებლობის ქსელის ლიცენზიის გაცემისას უნდა დადგინდეს გადაცემის სტანდარტი DVB-T2 კუმშვის სტანდარტი MPEG4 და სატელევიზიო ფორმატი - SDTV. ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის შემდეგ კი SDTV-სთან ერთად შესაძლებელი უნდა იყოს HDTV სატელევიზიო ჩვენების ფორმატის გამოყენება.
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ანალოგური მაუწყებლობა უნდა შენარჩუნდეს 2020 წლამდე, ხოლო გალის რაიონის დაფარვა უნდა მოხდეს ფაქტობრივი საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებიდან ჩვეულებრივ რეჟიმში. კვლევის ავტორები ფიქრობენ რომ საქართველოსფართოზოლოვანი ქსელი მაგისტრალურ დონეზე კარგად არის განვითარებული და აუცილებელია მისი გამოყენება ქსელის საიმედოობის და მაღალი გამტარუნარიანობის უზრუნველსაყოფად. მაღალკონცეტრირებულ ციფრულ ზონებში რომელიც ნაკლებად რთული რელიეფით ხასიათდება, უნდა აიგოს ერთსიხშირიანი ქსელი (SFN).
ბიზნეს მოდელი
IDFI-ის მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, პირველი ორი მულტიპლექსორით კონტენტი უფასოდ უნდა გავრცელდეს, ფასიანი მომსახურება კი მესამე მულტიპლექსორის ამოქმედების შემდეგ უნდა იყოს დასაშვები და მას უფლება უნდა ჰქონდეს შერეული მოდელის მომსახურება შესთავაზოს ბოლო მომხმარებელს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის კონტენტი უნდა გავრცელდეს კომერციული იურიდიული პირის მართვის ქვეშ მყოფი მულტიპლექსორების და ტრანსლირების ქსელის მეშვეობით, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის კონტენტის, როგორც must carry კონტენტის გავრცელების ვალდებულებაც დაეკისრება.
კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ გარდამავალ პერიოდში როგორც ეროვნული კომერციული, ისე კომერციული მულტიპლექსორით უნდა გადაიცეს 15 standard Definition TV service (SDTV) კომპრესიის MPEG4 სტანდარტით. გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ მულტიპლექსოპერატორებსუნდა ჰქონდეთ უფლება HDTV სატელევიზიო სტანდარტით ფასიანი მომსახურება შესთავაზონ კომუნიკაციის ეროვნული კომისიის თანხმობით.
პროექტის თანახმად, გარდამავალ ეტაპზე რეგიონული არხების კონტენტი უნდა გავრცელდეს პარალელური ფორმით თავისუფალი სიხშირეების გამოყენების ამოქმედებული საერთო ქსელით გაფართოებული ციფრული ზონების მიხედვით. ამ დროს წარმოიშვება არხების ურთიერთგადაფარვა (პლატფორმის შიდა კონკურენცია).
კვლევის თანახმად, პირველ მულტიპლექს ოპერატროს უნდა ჰქონდეს უფლება წინასწარ გამოცხადებული პირობებით არადისკრიმინაციულად, გამჭვირვალედ მოახდინოს მაუწყებლის დაშვება კონკურსის საფუძველზე ან განმცხადებლების რიგითობის საფუძველზე.
გარდამავალ ეტაპზე ლიცენზიის მინიჭება უნდა ხდებოდეს საჯარო კონკურსის წესით, რა დროსაც უნდა შედარდეს საქსელო გადაწყვეტა, ქსელის აგების ვადა, სიხშირული სპექტრის გამოყენების ეფექტურობა, დაშვების პირობები, ტარიფები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გონივრულობა, რომელსაც განსაზღვავს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
სუბსიდირების პოლიტიკა
პროექტის მიხედვით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და დაბალშემოსავლიან მომხმარებლებს უნდა მიეცეთ შესაზლებლობა რომ შეიძინონ რესივერები ან მიიღონ თანდაფინანსება შესაბამისი კატეგორიის ტელევიზორების, ან სხვა მოწყობილობების შესაძენად. სუბსიდირების დამდგენი ნორმები კი მარტივი და გამჭვირვალე უნდა იყოს. მთავრობამ უნდა დაადგინოს მოწყობილობების გადაცემის წესი. ყველა ტერმინალი აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი მარკირებით და გზამკვლევით რამდენიმე ენაზე. სუბსიდირების ვაუჩერი უნდა იყოს სახელობითი და მისი სხვა პირზე გადაცემა დაუშვებელი უნდა იყოს.
კვლევის ავტორების აზრით, უნდა შემოიღონ სუბსიდიები მაუწყებლებისთვისაც რომ კომპენსირდეს დამატებითი ხარჯები ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პერიოდში. დახმარება უნდა გაიცეს გადართვის პროცესში წარმოშობილი დროებითი პრობლემების მოსაგვარებლად. ბენეფიციარების შერჩევა უნდა მოხდეს წინასწარ, ზუსტად განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად. ბენეფიციარმა კი უნდა დაადასტუროს რომ არსებობს თანადაფინანსების აუცილებლობა.
კვლევაში საუბარია საინფორმაციო კამპანიაზეც. მკვლევრები ფიქრობენ, რომ ყველა ბოლო მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ციფრული მაუწყებლობის უპირატესობის შესახებ, იოლად აღსაქმელი ფორმით ყველა ეთნიკური თუ სხვა ნიშნით გამორჩეული ჯგუფის მოთხოვნილებების გათვალისწინებით.