უახლესი ცვლილებები ამერიკის შეერთებული შტატების ინფორმაციის თავისუფლების შესახებ აქტში

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | სტატია 23 ივნისი 2016

ავტორი: ირაკლი ლეკიშვილი

 

აშშ-ს ინფორმაციის თავისუფლების აქტი (FOIA) წარმოადგენს ფედერალურ კანონს, რომელიც ადგენს საჯარო დაწესებულებებში დაცული ინფორმაციისა და დოკუმენტების საჯაროობის სტანდარტებს, განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის ცნებას და არეგულირებს ინფორმაციის გასაჯაროების გამონაკლისებს (სულ 9). იგი მიღებულ იქნა 1966 წლის 4 ივლისს, აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს. აქტში არა ერთხელ შევიდა ცვლილება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვნად მათ შორის შეიძლება მივიჩნიოთ, ამა წლის მარტში განხორციელებული ცვლილებები.

 

აღნიშნული კანონპროექტის საბოლოოდ ძალაში შესვლისთვის საჭიროა პრეზიდენტის ხელმოწერა, რის შესახებაც თეთრი სახლის წარმომადგენელმა უკვე გააკეთა განცხადება. კანონპროექტს პრეზიდენტი უახლოეს ხანში მოაწერს ხელს.

 

 

ინფორმაციის თავისუფლების აქტში შესული ცვლილებები

 

კანონპროექტის იდეა სოლიდარულად ეკუთვნის როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიების წარმომადგენლებს, რამაც სენატის მიერ, მისი უპირობო მიღება განაპირობა. როგორც ამერიკელი სენატორები აცხადებენ, ინფორმაციის თავისუფლების აქტი სახელმწიფოს მიერ მიღებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კანონია, რომელშიც განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მოსახლეობას ექნება უფრო მეტი შესაძლებლობა, მმართველ ხელისუფლებაზე განახორციელოს კონტროლი და ეს უკანასკნელი უფრო მეტად იქნება ანგარიშვალდებული ფართო საზოგადოების წინაშე.

 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი კანონპროექტი არსებობდა ჯერ კიდევ, 2014 წელს, თუმცა იუსტიციის დეპარტამენტის მწვავე კრიტიკის გამო, კანონპროექტი ჩავარდა.

 

ცვლილებების ძალაში შევლის შემდეგ ინფორმაციის თავისუფლების შესახებ აქტში შევა არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, კერძოდ:

 

• დაწესდება საჯარო დაწესებულებებში დაცული ინფორმაციის ღიაობის პრეზუმცია. ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის უფლება სახელმწიფო ორგანოს ექნება მხოლოდ მაშინ თუ ის დაასაბუთებს, რომ ინფორმაციის გამჟღავნებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს კანონით დაცულ სიკეთეს.

 

• კანონპროექტის თანახმად სახელმწიფო საინფორმაციო სერვისების აპარატის ომბუდსმენი პირდაპირ ანგარიშვალდებული იქნება კონგრესის და პრეზიდენტის წინაშე. ამასთან მას უფლება ექნება წარადგინოს საკანონმდებლო ინიციატივა კონგრესში აღმასრულებელი ხელისუფლების წინასწარი თანხმობის გარეშე.

 

• შეიქმნება საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის ერთიანი ონლაინ პლატფორმა.

 

• საჯარო დაწესებულებებს ექნებათ ვალდებულება პროაქტიულად გამოაქვეყნონ ინფორმაცია, რომელის მიმართაც არსებობს მაღალი საჯაო ინტერესი, ასევე ის მონაცემები რომელიც საჯარო დაწესებულებიდან მოთხოვნილ იქნა არანაკლებ სამჯერ.

 

• 25 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ საჯარო დაწესებულებებს დაეკისრებათ ვალდებულება გასცენ ინფორმაცია შიდა-უწყებრივი მიმოწერისა თუ უწყებათა შორის გაფორმებული მემორანდუმების და შეთანხმებების შესახებ.

 

• საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადის დარღვევის შემთხვევაში საჯარო დაწესებულებებს აეკრძალებათ მოსაკრებლის მოთხოვნა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნილი მონაცემები შეადგენს 5 000 გვერდზე მეტს.

 

• საჯარო დაწესებულებებს დაეკისრებათ ვალდებულება შეატყობინონ განმცხადებელს, რომ მათ აქვთ უფლება მიიღონ სამართლებრივი დახმარება სახელმწიფო საინფორმაციო სერვისების აპარატის ომბუდსმენისგან და მიმართონ დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებებს.

 

 

ცვლილებების პაკეტი, რომელიც უარყოფილ იქნა კანონმდებლების მიერ

 


უნდა აღინიშნოს, რომ წარმომადგენლობითი პალატის მიერ შედგენილი ცვლილებების თავდაპირველი ვერსია ითვალისწინებდა ინფორმაციის საჯაროობის უფრო მაღალ სტანდარტებს, თუმცა მისი სრული სახით მიღება ვერ მოხერხდა დეპუტატთა არასაკმარისი მხარდაჭერის გამო. პალატის კანონპროექტში გათვალისწინებული ძირითადი დებულებებიდან აღსანიშნავი იყო:

 

• საჯაროობის პრეზუმცია გავრცელდებოდა ადვოკატ-კლიენტის პრივილეგიებზე იმ შემთხვევაში თუ ინფორმაციის შედგენიდან გასული იქნებოდა 25 წელი.

 

• საჯაროდ იქნებოდა ცნობილი სახელი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა იმ პირებისა, ვის უფლებამოსილებაშიც შედის, მიაწოდოს განმცხადებელს ინფორმაციის გაცემის სტატუსის შესახებ ცნობები. ამასთან განმცხადებლისთვის ცნობილი იქნებოდა იმ საჯარო მოხელის ვინაობა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

 

• საჯარო დაწესებულება ვალდებული იქნებოდა, გაეცა საჯარო მოხელეთა შესახებ პერსონალური მონაცემები, რომლებიც დაკავშირებული იქნებოდა მათ მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელებასთან, გარდა პირადი საკონტაქტო და ფინანსური მონაცემებისა.

 

• ინფორმაციის თავისუფლების შესახებ დავებზე საპროცესო ხარჯების ანაზღაურება დაეკისრებოდათ საჯარო დაწესებულებებს.

 

• საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების დარღვევის შემთხვევებში, ადმინისტრაციული ორგანოებს დაეკისრებოდათ ვალდებულება ჩაებარებინათ ანგარიში გენერალური ინსპექტორისთვის. ამასთან, საჯარო დაწესებულება ვალდებული იქნებოდა გაეთავისუფლებინა ის საჯარო მოხელე, რომელიც განზრახ დაარღვევდა აქტით გათვალისწინებულ რეგულაციებს.

 


დასკვნა

 

საერთო ჯამში, კონგრესის მიერ მიღებული ცვლილებების პაკეტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ამკაცრებს საჯარო უწყებების ვალდებულებებს და ამარტივებს ინფორმაციის გამოთხოვის პროცესს. უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიით გათვალისწინებული იყო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფრო მაღალი სტანდარტები, რომლებმაც ვერ მიიღო კონგრესის საკმარისი მხარდაჭერა. მიუხედავად ამისა, კრიტიკოსების მოსაზრებით მოცემული ცვლილებების პაკეტი იძლევა შესაძლებლობას, მომავალში მომზადდეს ცვლილებების კიდევ არაერთი წინადადება, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობას უფრო გამჭვირვალეს გახდის.

  

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024