შეფასების დამოუკიდებელმა მექანიზმმა საქართველოს OGP-ის 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 22 მარტი 2016

შეფასების დამოუკიდებელმა მექანიზმმა (Independent Reporting Mechanism - IRM), რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership - OGP) წევრი ქვეყნის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს აანალიზებს, საქართველოს OGP-ის სამოქმედო გეგმის შესრულების 2014-2015 წლების ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მომზადებულია IRM-ის დამოუკიდებელი მკვლევარის ლაშა გოგიძის მიერ და იგი წარმოადგენს სამოქმედო გეგმის ვალდებულებების შეფასებას, იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული თვითშეფასების ანგარიშის ანალიზსა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის ანალიზს. IRM-ის დამოუკიდებელი მკვლევარი საქართველოს OGP-ში მონაწილეობასთან დაკავშირებულ პროცესებს მას შემდეგ აკვირდება, რაც საქართველომ OGP-ის პირველი ეროვნული სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.

 

სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი მნიშვნელოვანია ეფექტიანი და საზოგადოებისთვის პრიორიტეტული ვალდებულებების განსასაზღვრად. IRM-ის მკვლევარი აღნიშნავს, რომ მთავრობამ წინა სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის ხარვეზები მეორე სამოქმედო გეგმის შემუშავების დროს გამოასწორა; გამოაქვეყნა კონსულტაციების გეგმა, კონსულტაციების ვადები, აქტიურად ჩართო ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის წევრები კონსულტაციებში და მედიას მიაწოდა ინფორმაცია. კონსულტაციები შემუშავებული გრაფიკის მიხედვით უფრო მეტ ქალაქსა და რეგიონში ჩატარდა, ვიდრე წინა ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების დროს. კონსულტაციებმა მთელი ქვეყანა მოიცვა (საქართველოს 9 რეგიონის 15 ქალაქსა და სოფელში სულ 19 შეხვედრა გაიმართა) და მათი მონაწილეების მოსაზრებები საბოლოო სამოქმედო გეგმაში აისახა. შეხვედრებში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, ბიზნესის, აკადემიური წრეების და პროფესიული კავშირების წარმომადგენლები და ჟურნალისტები.

 

ამასთანავე, მთავრობამ ონლაინ სივრცეში გამოაქვეყნა მიღებული საჯარო კომენტარების უმეტესობა და პერსონალური საკონსულტაციო შეხვედრების ოქმები, რომელთა მიხედვითაც, მოქალაქეებს ყველაზე მეტად ინტერნეტის, სამუშაო ადგილებისა და საჯარო სერვისების შეზღუდული ხელმისაწვდომობა აწუხებდათ და სახელმწიფო ხარჯების შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის უკეთეს შესაძლებლობას ითხოვდნენ. ანგარიშის მიხედვით, ჩატარებულმა საჯარო კონსულტაციებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზრთა მრავალფეროვნების უზრუნველყოფაში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ახალი ვალდებულებების დაგეგმვაში უფრო მეტი საჯარო უწყება იყო ჩართული.

 

აღსანიშნავი ფაქტია, რომ მთავრობამ OGP-ის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის ნიმუში გამოიყენა ვალდებულებებისთვის დეტალური ინდიკატორებისა და ვადების დასამატებლად, რამაც მიღწეული პროგრესის შეფასება გააადვილა. დადებითი ფაქტია ისიც, რომ ფორუმის წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეთაურობით სამოქმედო გეგმაში შესატანად ექვსი ვალდებულება (იხ. ანგარიში, გვ. 29), ხოლო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2 ვალდებულება წარმოადგინა.


ანგარიშში მოცემულია ვალდებულებების შესაბამისობა OGP-ის ფუნდამენტურ პრინციპებთან, რომელთა გარშემოც არის შედგენილი სამოქმედო გეგმა. 29 ვალდებულებიდან ყველაზე დიდი რაოდენობა უკავშირდება ინფორმაციის ხელმისაწვდომობას (45%, 13 ვალდებულება), 7 ვალდებულება (24%) აქცენტს აკეთებს მოქალაქეთა ჩართულობაზე, 6 (21%) მიზნად ისახავს საჯარო ანგარიშვალდებულების გაზრდას, ხოლო 1 (3%) ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენებით ცდილობს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას. ანგარიშში მითითებულია, რომ სამოქმედო გეგმის ვალდებულებების 59% (17 ვალდებულება) აშკარად და გარკვევით უკავშირდება OGP-ის ღირებულებებს.


IRM-ის ანგარიშში განხილულია ვალდებულებების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული შესრულების ვადების ამჟამინდელი მდგომარეობა. ანგარიშის მიხედვით, 29 ვალდებულებიდან 41% (12 ვალდებულება) სრულად შესრულებულია, 1 ვალდებულების შესრულება არ დაწყებულა, ხოლო დანარჩენი შესრულების სხვადასხვა ეტაპზეა. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პასუხისმგებლობა სულ 16-მა საჯარო უწყებამ აიღო, მათგან 5 იუსტიციის სამინისტროს ექვემდებარება.

 

ანგარიშის მეთოდოლოგია მოიცავს „ვარსკვლავურ“ ვალდებულებებს (starred commitments), რომელთა კრიტერიუმები შემდეგია: გაზომვადი, ნათლად პასუხობს OGP-ის ღირებულებებს, ტრანსფორმაციული პოტენციური შედეგი აქვს და არსებითად ან სრულად არის შესრულებული. საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა 2 ,,ვარსკვლავურ“ ვალდებულებას მოიცავს: პოლიტიკური პარტიების ფინანსური დეკლარაციების დამუშავებად ფორმატში გამოქვეყნება და ფარული მიყურადების მონაცემების პროაქტიული გამოქვეყნება. ორივე ვალდებულება სამოქმედო გეგმით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით არის შესრულებული. 

 

ქვემოთ მოცემული 10 ვალდებულების შესრულება სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ ვადებს ჩამორჩება სხვადასხვა მიზეზის გამო. მკვლევარის მიხედვით, აღნიშნული ვალდებულებების უმრავლესობა (გარდა ვალდებულებისა: I-Change.ge (მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმი) და ინტერაქტიული სტატისტიკა და დანაშაულის კრიმინოგენური რუკა) მცირე პოტენციური შედეგის მომტანია და გაურკვეველია მათი (გარდა ვალდებულებისა - შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ელექტრონული კატალოგი) მიმართება OGP-ს პრინციპებთან:

 

1. სამოგზაურო დაზღვევის სერვისი - ვალდებულების შესრულება არ დაწყებულა, რადგან მთავრობას არ შეურჩევია სერვისის მიმწოდებლები და არ დაუნერგავს ადმინისტრაციული სისტემა ვალდებულების შესასრულებლად.

 

2. სახელმწიფო ქონების რეგისტრაცია - შეფასების პერიოდში სახელმწიფო ქონების რეგისტრაციის სერვისი მხოლოდ მარნეულის მუნიციპალიტეტში დაინერგა. ამჟამად, სერვისის დასანერგად იუსტიციის სახლი სხვა მუნიციპალიტეტებში არსებული იუსტიციის სახლების პერსონალს უტარებს ტრენინგებს.

 

3. სკოლის სერტიფიკატებსა და დიპლომებს იუსტიციის სახლების პერსონალი დაამოწმებს და გასცემს - შეფასების პერიოდში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აღნიშნული სერვისების მისაწოდებლად მთავრობის მიერ განკარგულების მიღებას ელოდა.

 

4. მოქალაქის პორტალი - პორტალთან დაკავშირებით სამი ძირითადი პრობლემა იკვეთება: 1) პორტალზე დარეგისტრირება რთულ პროცედურებს მოიცავს; 2) ინფორმაციის გამოთხოვის განყოფილება მომხმარებლებს არ აძლევს საშუალებას, თვალი ადევნონ, როგორ და რამდენ ხანში ახდენს მთავრობა მათი მოთხოვნების ადმინისტრირებას; 3) mygov.ge-ს შესახებ საზოგადოების ცნობიერების დონე კვლავ დაბალია, რის გამოც პორტალზე განთავსებულ სერვისებს ბევრი მოქალაქე არ იყენებს.

 

5. ციფრული ხელმოწერა და ონლაინ-ავთენტიფიკაცია - ძირითადი გამოწვევა ამ სისტემების მომხმარებელთა სიმცირეა, რადგან მოქალაქეები ხშირად კარგავენ სისტემებში შესასვლელ პინ-კოდებს და ერიდებიან თავიანთი პერსონალური ინფორმაციის ონლაინ სივრცეში განთავსებას.

 

6. I-Change.ge (მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმი) - მთავრობას პორტალის ამოქმედებისთვის შესაბამისი განკარგულება არ მიუღია.

 

7. ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა - მოდული დაინერგა 13 სამინისტროში, 6 სამინისტროში დანერგვის პროცესშია.

 

8. ელექტრონული შენახვის სისტემა: e-Archive - შემუშავებულია ელექტრონული არქივის სისტემის ზოგადი კონცეფციის პროექტი, რომელიც სისტემის ძირითადი მოდულებისა და მოთხოვნების შესახებ ინფორმაციას მოიცავს, თუმცა მის განხორციელებაში წინსვლა არ ყოფილა.

 

9. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ელექტრონული კატალოგი - დოკუმენტების დახარისხებისთვის აუცილებელი შესაბამისი საცავის არარსებობა და დაფინანსების ნაკლებობა ხელს უშლის ამ ვალდებულების შესრულებას.

 

10. ინტერაქტიული სტატისტიკა და დანაშაულის კრიმინოგენური რუკა - სამინისტრომ ვერ შეასრულა ეს ვალდებულება სპეციალური GPS „ტრეკერების“ შეძენის პრობლემის გამო. 

 

ანგარიშში მკვლევარი ვალდებულებებს საერთო მიზნის მიხედვით აჯგუფებს და მთავრობას რეკომენდაციებს სთავაზობს შემდეგი, უფრო ეფექტიანი სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად. მაგალითად, საჯარო სერვისების ნაწილში ვალდებულებები მოიცავს: სამოგზაურო სერვისის დანერგვას იუსტიციის სახლებში, სახელმწიფო ქონების რეგისტრაციის სერვისის დანერგვას იუსტიციის სახლებში, განათლების სერვისების ხელმისაწვდომობა იუსტიციის სახლებში და ა.შ. ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული ვალდებულებები არ აძლიერებს ადგილობრივ თემებს, არამედ უკავშირდება მთავრობის ეფექტიანობის გაზრდას და სასურველია, რომ მთავრობამ შემდეგ ეროვნულ სამოქმედო გეგმაში აქცენტი გააკეთოს არა მიმდინარე სერვისებზე, არამედ ახალი რეფორმის განსახორციელებელ ინიციატივებზე.

 

ღია მონაცემების ნაწილში ვალდებულებები მოიცავს: ღია მონაცემების პორტალის data.gov.ge-ს განვითარებას და პოლიტიკური პარტიების ფინანსური დეკლარაციების დამუშავებად ფორმატში გამოქვეყნებას. რეკომენდაციის მიხედვით, ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს პარტიების ინდივიდუალური შემომწირველების შემოსავლის წყაროების შესახებ; ხოლო data.gov.ge-ს გასაუმჯობესებლად, უნდა შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ყველა საჯარო უწყებას პორტალზე მონაცემების პროაქტიულად გამოქვეყნებას დაავალდებულებს.


მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებს წარმოადგენს სერვისების: ,,მომხმარებლის ხმის“ და I-Change.ge-ს შექმნა. რეკომენდაციის მიხედვით, მთავრობამ უნდა გაამარტივოს I-Change.ge-ს მოხმარების წესები და მოხსნას ზედმეტი ბიუროკრატიული დაბრკოლებები. ხოლო ,,მომხმარებლის ხმის“ შექმნასთან დაკავშირებით, იუსტიციის სახლმა სერვისის ონლაინ ვერსია უნდა შექმნას.


ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობების ნაწილში ვალდებულებები მოიცავს: საქართველოში საზოგადოებრივი ცენტრების განვითარებას, ელექტრონული მმართველობის შემოღებას ადგილობრივ თვითმმართველობებში და რეგიონების განვითარებას საჯარო ბიბლიოთეკების ტრანსფორმაციით. IRM-ის მკვლევარს მიაჩნია, რომ მთავრობამ ბევრი უნდა იმუშაოს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით და მოსახლეობა უნდა წაახალისოს, რომ აქტიურად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოებრივი ცენტრებიდან Ichange.gov.ge-ზე ელექტრონული პეტიციების გაგზავნის მეშვეობით.


საჯარო სამსახურის მართვის ელექტრონულ სისტემებთან დაკავშირებით მითითებულია, რომ მომავალი სამოქმედო გეგმები უნდა შეიცავდეს არა შიდა სამთავრობო პროცესებზე ორიენტირებულ ვალდებულებებს, არამედ ისეთებს, რომლებსაც მოქალაქეები გაითავისებენ და მონიტორინგს გაუწევენ.


არქივების გამჭვირვალობის მხრივ ჯგუფი მოიცავს: ელექტრონული შენახვის სისტემას: e-Archive, ეროვნული არქივის გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ელექტრონული კატალოგის შექმნასა და გამოქვეყნებას. ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო არქივების ხელმისაწვდომობა მნიშნველოვანია, OGP-ის კონტექსტში მთავრობამ აქცენტი ისეთ ვალდებულებებზე უნდა გადაიტანოს, რომლებსაც მოქალაქეების ცხოვრებასთან პირდაპირი კავშირი აქვს.

 

ტექნოლოგიების მეშვეობით უსაფრთხო გარემოს შექმნა მოიცავს: ,,112“-თან დაკავშირების ალტერნატიული არხების შექმნას, ინტერაქტიულ სტატისტიკასა და დანაშაულის კრიმინოგენულ რუკას. მნიშვნელოვანია, პოლიციელებს ჩაუტარდეთ დამატებითი ტრენინგი კომუნიკაციის ძირითად მეთოდებთან დაკავშირებით, რათა ეფექტიანად ითანამშრომლონ იმ ადამიანებთან ვისაც სმენისა და საუბრის პრობლემა აქვთ; რაც შეეხება დანაშაულის სტატისტიკურ მონაცემებს, უნდა შემუშავდეს ერთიანი მეთოდოლოგია დეტალური სტატისტიკის გამოსაქვეყნებლად.

 

ცალკე მდგომი ვალდებულებები:

 

ინფორმაციის თავისუფლების აქტის პროექტის შემუშავება - OGP-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვალდებულებაა, ამიტომ აუცილებელია აქცენტის გადატანა ამ პროექტის განხორციელებაზე და მისი ახალი ანგარიშვალდებულების მექანიზმების მონიტორინგზე.


ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი - დაინტერესებული მხარეების აზრით, ფორუმის მეტი ინკლუზიურობისთვის მის საქმიანობაში მონაწილეობა რეგიონულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც უნდა მიიღონ.


საჯარო სამსახურში მიღების გამჭვირვალობა - დამოუკიდებელი დამკვირვებლები თავისუფლად იქნენ დაშვებული კონკურსის ყველა ეტაპზე, მათ შორის, ინტერვიუს ეტაპზე და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს; მანიპულაციის თავიდან ასაცილებლად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა რანგის საჯარო მოხელეთათვის წერითი ტესტის ჩაბარების ერთიანი ბარიერი შემუშავდეს და სხვა.


საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა - სისტემის უკეთ მუშაობისთვის განისაზღვროს იმ დეკლარაციების მინიმალური რაოდენობა, რომლებიც მონიტორინგისთვის შემთხვევითი შერჩევის წესით შეირჩევა; ახალი ფუნქციის შესასრულებლად საჯარო სამსახურის ბიურო შესაბამისი რესურსებით აღიჭურვოს და სხვა.


სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის შსს-ს ვებ-გვერდის ხელმისაწვდომობა - სამინისტრომ რეგულარულად უნდა გამოაქვეყნოს მონაცემები voice.police.ge-ს და „ლაივჩათის“ აპლიკაციის გამოყენების სიხშირის და ამ მექანიზმებით მომხმარებელთა კმაყოფილების დონის შესახებ.


• ფარული მიყურადების მონაცემების პროაქტიული გამოქვეყნება - მონაცემები დახარისხებული იყოს მოსმენის ობიექტის მიერ ჩადენილი დანაშაულის ტიპისა და სიმძიმის, ასევე, იმ პირების კატეგორიის მიხედვით, რომელთა მიერ წარდგენილ ფარული სატელეფონო მიყურადების შუამდგომლობასაც სასამართლო აკმაყოფილებს; უზენაესმა სასამართლომ გამოაქვეყნოს მონაცემები იმ ჩანაწერების რაოდენობის შესახებ, რომლებმაც გამოძიებისთვის მნიშვნელობა დაკარგეს.


• საარჩევნო პროცესების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება - ცესკომ არჩევნების შესახებ ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები ჩაატაროს მოქალაქეთა იმ სამიზნე ჯგუფებისთვისაც, რომლებიც უშუალოდ არ არიან ჩართული საარჩევნო პროცესებში.


• საბიუჯეტო პროცესების გამჭვირვალობა - ფინანსთა სამინისტრომ თავისი ხარჯვითი პროგრამები საზოგადოების საჭიროებებს უნდა მოარგოს, რისთვისაც მან მოქალაქეებთან კომუნიკაცია პროაქტიულად უნდა განახორციელოს, უფრო ეფექტიანად უნდა ჩართოს ისინი საბიუჯეტო განხილვებში და მათი მოსაზრებები ძირითადი პრიორიტეტების თაობაზე მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებებში უნდა ასახოს.


• შესყიდვების ელექტრონული სისტემა - კონკურსის ელექტრონულ მოდულთან დაკავშირებით შემოტანილი განაცხადების ხარისხის შესაფასებლად უფრო ნათელი კრიტერიუმები უნდა შემუშავდეს.

 

მკვლევარი მთავრობას ასევე სთავაზობს ზოგად რეკომენდაციებს გამოკვეთილი გამოწვევების ეფექტიანად გადასაჭრელად (იხ. გრაფა #1).

 

  გრაფა #1


ანგარიშში მითითებულია, რომ საქართველოში ეროვნულ დონეზე მოქმედი ყველა ძირითადი საჯარო უწყება მეტ-ნაკლებად მონაწილეობს OGP-ში და სასურველია ამ პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიც ჩაერთონ, რამდენადაც საქართველოში ადგილობრივ დონეზე არსებულ ყველა აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოს ხალხი პირდაპირი წესით ირჩევს. 

 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლებისთვის საქართველომ შემდეგ ეროვნულ სამოქმედო გეგმაში მამხილებელთა დაცვის ნათელი და პრაქტიკული მექანიზმების შექმნის ვალდებულება უნდა აიღოს. გარდა ამისა, შემდეგი ეროვნული სამოქმედო გეგმა არსებულ თემებს უნდა გასცდეს და მოიცვას საკითხების უფრო ფართო სპექტრი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სხვა სფეროებში (კერძოდ, შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, ენერგეტიკისა და კულტურის სფეროებში).


IRM-ის დამოუკიდებელმა მკვლევარმა ანგარიშის შედეგები შემდეგნაირად შეაჯამა: ,,საქართველომ OGP-ის ზოგიერთი მიზნის მიღწევაში (მათ შორის, ღია მონაცემების მეშვეობით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და გადაწყვეტილების მიღებაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შექმნაში) მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე ვალდებულებების ორი მესამედი საჯარო სერვისების მიწოდებასა და შიდა სამთავრობო სისტემების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული, მთავრობის ვალდებულებების ღია მმართველობის ძირითად ღირებულებებზე (გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა ჩართულობა) ორიენტირების კუთხით უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა. კერძოდ, გამოიკვეთა საჭიროება, შემუშავდეს ახალი ვალდებულებები მთავრობის უკანონო მიყურადების პრაქტიკის შეზღუდვის და ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების მოპოვებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროებში მთავრობის გადაწყვეტილებების მეტი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.“

 

/public/upload/pdf/GEORGIA IRM REPORT_2014_15_GEORGIAN VERSION.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024