ანტიკორუფციული ბიუროს თაობაზე ინიცირებული ცვლილებები ევროკავშირის მე-7 დათქმის საკვანძო მოთხოვნებს ვერ პასუხობს

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 28 თებერვალი 2024

26 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონსა და სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების დაინიცირების შესახებ. ძირითადი კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებების მიზანია ევროკავშირის მე-7 დათქმის შესრულება. კანონპროექტების შესწავლის შედეგად IDFI მიიჩნევს, რომ ინიცირებული ცვლილებები ვერ პასუხობს ევროკომისიის დათქმის მოთხოვნებსა და ვენეციის კომისიის საკვანძო რეკომენდაციებს და საკანონმდებლო პაკეტი საჭიროებს არსებით გაუმჯობესებას. 

 

ევროკავშირის მე-7 დათქმის შინაარსი: რას ითხოვს ევროკავშირი საქართველოსგან 

 

2023 წლის 8 ნოემბერს, ევროკომისიის მიერ საქართველოს მიმართ განსაზღვრულ დათქმებს შორის, საუბარია ასევე ანტიკორუფციული ბიუროს ეფექტიანობისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებისა და კორუფციის ეფექტიანი გამოძიების  უზრუნველყოფის საჭიროების შესახებ. ამ თვალსაზრისით ევროკომისია მითითებას აკეთებს ვენეციის კომისიაზე. კერძოდ, ევროკომისია ერთი მხრივ თავად ჩამოთვლის ანტიკორუფციული ბიუროს საკვანძო ამოცანებს და ფუნქციებს, ხოლო მეორეს მხრივ, მიუთითებს ვენეციის კომისიაზე, რომლის რეკომენდაციები მეტი სიცხადით აღწერს სახელმწიფოს არსებული ან შესაძლო ნორმატიული წესრიგის თავსებადობას სახელმწიფოს ანტიკორუფციული ძალისხმევის გაძლიერების ძირითად ამოცანებთან.  

 

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ანტიკორუფციულ კანონმდებლობა არასრულად (ანტიკორუფციული ბიუროს ნაწილში) ვენეციის კომისიამ რამდენიმე თვის წინ, 2023 წლის 18 დეკემბერს შეაფასა. ამ დროს უკვე იყო გამოქვეყნებული  ევროკომისიის 9 დათქმა. ამასთან, ამ დროის შემდგომ საქართველოში არ განხორციელებულა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც დღის წესრიგიდან ამოიღებდა ვენეციის კომისიის მიერ იდენტიფიცირებულ რომელიმე საკვანძო ან/და არასაკვანძო გამოწვევას. შესაბამისად, საქართველოს გააჩნია საკმაოდ ნათელი ინდიკატორები იმგვარი ცვლილებების მისაღებად, რომლებიც შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის მე-7 დათქმის მოთხოვნებთან. ეს ინდიკატორებია: 

 

  • ანტიკორუფციული ბიუროს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის და მის მიმართ ნდობის უზრუნველყოფის საჭიროება 

 

ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის და ნდობის თვალსაზრისით ვენეციის კომისია გასცემს კანონმდებლობის ცვლილების რეკომენდაციას “იმგვარად, რომ გაითვალისწინოს ვალდებულება  პარლამენტის მიერ კვალიფიციური უმრავლესობით  ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ, მათ შორის, ანტი-ჩიხური (anti-deadlock) მექანიზმი, ან სხვა ალტერნატივა, რომელიც გამოხატავს პარლამენტში, ფართო, პარტიათა შორის შეთანხმებას, მაგალითად, ორმაგი უმრავლესობის ფორმით (პარლამენტის წევრთა უმრავლესობა, როგორც უმრავლესობიდან ასევე ოპოზიციიდან)”. ასევე, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია მოიცავს ბიუროს ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მანდატის მინიჭებას პარლამენტისთვის, ნაცვლად პრემიერ-მინისტრისა. ვენეციის კომისია მიუთითებს “ფართო კონსენსუსის საჭიროებაზე”, იმ ინსტიტუციებთან მიმართებით, რომლებიც საჭიროებენ “საზოგადოების ძლიერ ნდობას” და რომლებიც თავიანთი ფუნქციების გათვალისწინებით, “საჭიროა მიჩნეულ იქნან პოლიტიკურად ნეიტრალურად”  (იხ. ვენეციის კომისიის დასკვნის ანალიზი, ნაწილი 3.3.)

 

“ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ კანონის მიხედვით ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებულია პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე და ამ ფონზე, მისი (ბიუროს ხელმძღვანელის) დანიშვნა და ვადამდე გათავისუფლება პრემიერ-მინისტრის მიერ “ჩრდილს აყენებს” ბიუროს დამოუკიდებლობასა და პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს. ფაქტობრივ დონეზე ეს აყალიბებს “სამმაგ ანგარიშვალდებულებას, რომელიც უნდა გადაიხედოს”.” (იხ. ვენეციის კომისიის დასკვნის ანალიზი, ნაწილი 3.2.)

 

“მიუხედავად იმისა, რომ ბიუროს ხელმძღვანელის პოზიციაზე კანდიდატები წინასწარ შეირჩევა საკონკურსო კომისიის მიერ, ვენეციის კომისია ყურადღებას ამახვილებს, რომ “კომისიის შვიდი წევრიდან ოთხი წარმოადგენს პოლიტიკურ უმრავლესობას ან დანიშნულია ამ უმრავლესობის მიერ”. შესაბამისად, დასკვნის თანახმად, საკონკურსო კომისიის შემადგენლობა არ არის მიჩნეული “სათანადოდ პლურალისტურად,” მათ შორის, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საბოლოო არჩევანს კანდიდატის თაობაზე აკეთებს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც თავის მხრივ, შეუძლია მოტივირებული უარი თქვას კანდიდატის დანიშვნაზე, რაც ქმნის მოქმედი ხელმძღვანელის უფლებამოსილების გაგრძელების შესაძლებლობას.” (იხ. ვენეციის კომისიის დასკვნის ანალიზი, ნაწილი 3.1.)

 

  • ანტიკორუფციული ბიუროსთვის საგამოძიებო ფუნქციის მინიჭება

 

კომისია აღინიშნავს, რომ იგი მიესალმება კორუფციასთან ბრძოლას გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ ანტიკორუფციულ ბიუროს არ გააჩნია საგამოძიებო უფლებამოსილება ან/და სხვაგვარი სამართლებრივი საფუძველი მაღალი დონის კორუფციასთან საბრძოლველად. ვენეციის კომისია მიუთითებს რომ საკვანძო ანტიკორუფციული ფუნქციების კონსოლიდაციის მიზნის მისაღწევად  და მაღალი დონის კორუფციასთან საბრძოლველად, ანტიკორუფციულ ბიუროს საგამოძიებო უფლებამოსილება აკლია. (იხ. ვენეციის კომისიის დასკვნის ანალიზი, ნაწილი 4)

 

აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა აფასებს მხოლოდ ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს და განხილულ დასკვნაში ვენეციის კომისიას არ აქვს ნამსჯელი, ზოგადად ანტიკორუფციული კანონმდებლობის ეფექტიანობაზე, ვინაიდან მისთვის საქართველოს ამ კანონმდებლობის შეფასება არ უთხოვია.

 

საქართველოს პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის მიმოხილვა. 

 

პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტით იცვლება რამდენიმე ნორმატიული აქტი, რომლებიც შეეხება როგორც უშუალოდ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ფუნქციების განხორციელებას, ისე მის დამოუკიდებლობას. ცვლილებები განსხვავებულად აყალიბებს თანამდებობის პირთა დეკლარაციების შევსებისა და მონიტორინგის წესებს. უფრო კონკრეტულად, კანონპროექტებით გათვალისწინებულია შემდეგი ცვლილებები: 

 

  • პარტიის რეგისტრაციის გაუქმების ახალი საფუძველი - საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი  ითვალისწინებს ცვლილებას „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში. ინიცირებული ცვლილების თანახმად, თუ პარტია ანტიკორუფციულ ბიუროს კანონით გათვალისწინებულ საფინანსო დეკლარაციას არ წარუდგენს ზედიზედ 2 კალენდარული წლის განმავლობაში, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი იქნება ბიუროს უფროსის მიმართვის საფუძველზე გააუქმოს ამ პარტიის რეგისტრაცია. პარტიის რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ ამ პარტიის დარჩენილი ქონება გადაეცემა სახელმწიფო ხაზინას. საყურადღებოა, რომ კონსტიტუციის თანახმად, პარტიის გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის ამ ჩანაწერის ამომწურავი ავტორიტეტული განმარტება არ არსებობს, თუმცა  მიგვაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიმართვის საფუძველზე მოქმედი პარტიის რეგისტრაციის გაუქმება ქმნის პარტიის საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევისა და საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების დარღვევის რისკს. 

 

  • სპეციალური ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება - ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ინიცირებული ცვლილებებით, ანტიკორუფციულ ბიუროს ენიჭება სპეციალური წარმოების ფარგლებში კონკრეტული ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება, მათ შორისაა ფიზიკური პირის გამოკითხვა, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ფიზიკური პირის დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის წარდგენა, საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან, სხვა სუბიექტისგან ინფორმაციის გამოთხოვა. ამ უფლებამოსილებების მინიჭება უკავშირდება პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს. მივიჩნევთ, რომ მსგავსი მექანიზმებით ანტიკორუფციული ბიუროს ეფექტიანობის გაზრდა მიზანშეწონილია, თუმცა ამავდროულად უფლებამოსილებების გაზრდასთან ერთად აუცილებელია ბიუროს ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფა. სხვა შემთხვევაში არსებითად გაიზრდება, როგორც ანტიკორუფციული ბიუროს მანდატის ბოროტად გამოყენების, ისე აღნიშნული ინსტიტუტის მიმართ ნდობის შემცირების  რისკი.  

 

  • ნარკოლოგიური შემოწმების გავლის მოთხოვნისა და ცნობის საჯაროობის კანონმდებლობიდან ამოღება - სავალდებულო ნარკოლოგიურ შემოწმებასა და ცნობის საჯაროობაზე 2023 წლის 18 დეკემბრის დასკვნით ვენეციის კომისიამ საქართველოს შესთავაზა, რომ ან დაზუსტდეს ამ საკითხის მარეგულირებელი საკანონმდებლო დებულებები, ან ისინი ამოღებულ იქნეს კანონმდებლობიდან. შესაბამისად, ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს სავალდებულო ნარკოლოგიური შემოწმების გაუქმებას ეხმიანება  ვენეციის კომისიის რეკომენდაციას;

 

  • ხარვეზის დადგენისა და მისი აღმოფხვრისთვის ერთთვიანი ვადების დადგენა და ინფორმაციის საჯაროობის შეზღუდვა - მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია პირს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადების ფარგლებში განუსაზღვროს დამატებით 48-საათიანი ვადა დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების რედაქტირებისთვის. ინიცირებული ცვლილებების თანახმად კი, იმ შემთხვევაში თუ დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, ამ ხარვეზის დადგენისთვის ბიუროს ერთი თვე მიეცემა და ხარვეზის დადგენიდან ერთთვიანი ვადა განესაზღვრება თანამდებობის პირს ხარვეზის აღმოფხვრისთვის. ამავდროულად, კანონპროექტი პირდაპირ შეზღუდვას აწესებს ამ პერიოდის განმავლობაში დეკლარაციის გასაჯაროების ან მასში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემაზე. მივიჩნევთ, რომ ხარვეზის დადგენასა და აღმოფხვრაზე ერთთვიანი ვადების დადგენა და ამასთან ამ პერიოდში ინფორმაციის საჯაროობის შეზღუდვა, ერთი მხრივ უარყოფითად აისახება ბიუროს ეფექტიანობაზე (ბიუროს ეკისრება ვალდებულება ხარვეზი გამოავლინოს დეკლარაციის წარდგენიდან 1 თვის ვადაში, იმ პირობებში როდესაც წლის კონკრეტულ დღეს ან მოკლევადიან პერიოდში ბიუროში შეიძლება დარეგისტრირდეს ასობით დეკლარაცია), მეორეს მხრივ კი გაუმართლებლად შეზღუდავს ამ პროცესზე საზოგადოებრივ ზედამხედველობას;

 

  • დეკლარირებას დაქვემდებარებული ნაღდი ფულადი თანხის მინიმალური ოდენობის გაზრდა -  მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დეკლარაციაში უნდა მიეთითოს, მათ შორის, პირის, მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხა, რომლის ოდენობა 4 000 ლარს აღემატება. ინიცირებული ცვლილებების თანახმად, დეკლარირებას დაქვემდებარებული ნაღდი ფულადი თანხის მინიმალური ოდენობა იზრდება და მისი რაოდენობა უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილების მიზანს წარმოადგენს, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის სხვა ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. საგულისხმოა, რომ მოქმედი კანონმდებლობის მე-14 და მე-15 მუხლებში ნაღდი ფულადი თანხის ოდენობა, სხვადასხვაგვარი რაოდენობებით არის განსაზღვრული. თუმცა, მიუხედავად ამისა, დაუსაბუთებელია თუ რატომ ხდება  განსხვავებული ოდენობის შემცვლელი ნორმების ერთმანეთთან ამ პრინციპით შესაბამისობის უზრუნველყოფა. სხვა სიტყვებით, რატომ იცვლება ის ნორმა, რომელიც დეკლარირებას დაქვემდებარებული ნაღდი ფულადი თანხის ნაკლებ ოდენობას ითვალისწინებს და არა პირიქით;

 

  • შეტყობინების, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ჩაბარების წესის ცვლილება - ინიცირებული კანონპროექტით, შეტყობინება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჩაბარებულად მიიჩნევა, სისტემაში ასახვის მომენტიდან. პირველადი შეფასებით, ეს ცვლილება დადებითად შეიძლება შეფასდეს;

 

  • ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში ჯარიმის დაკისრების შესაძლებლობა - ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებს, მათ შორის, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დადგენილი ხარვეზის 1 თვიან ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ცვლილება შინაარსობრივად უკავშირდება ზემოთ მითითებულ ცვლილებას, რომლის თანახმადაც, ხარვეზის დადგენისა და ხარვეზის აღმოფხვრისთვის 1 თვიანი ვადები დგინდება. პირველადი შეფასებით, აღნიშნული ცვლილება არ აუარესებს ბიუროს საქმიანობის პროცესს, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, ამ ხანგრძლივობის ვადების დადგენა, ვფიქრობთ, უარყოფითად აისახება ბიუროს ეფექტიანობაზე;

 

  • მამხილებლის სტატუსის მინიჭების და მხილების ფაქტზე რეაგირებისთვის ინფორმაციის, დოკუმენტის, მტკიცებულების სათანადო ორგანოსთვის/თანამდებობის პირისთვის გაგზავნის უფლებამოსილების მინიჭება -  „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სხვა საკითხებთან ერთად კანონი ადგენს მამხილებელთა დაცვის ზოგადი წესების ძირითად საფუძვლებს. კანონპროექტით ბიუროსთვის მამხილებლის სტატუსის მინიჭების უფლებამოსილების განსაზღვრა, პირველადი დასკვნით  დადებითად შეიძლება შეფასდეს. თუმცა, მხილების ფაქტზე რეაგირებისთვის ინფორმაციის, დოკუმენტის, მტკიცებულების სათანადო ორგანოსთვის/თანამდებობის პირისთვის მიწოდების უფლებამოსილება საჭიროებს დამატებით დაზუსტებას, მათ შორის, ინფორმაციის მიწოდების თაობაზე მამხილებლის წინასწარი თანხმობისა და სურვილის შემთხვევაში, ანონიმურობის დაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით;

 

  • მითითება “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონისა და ბავშვის უფლებათა კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე -  ვენეციის კომისიის 2023 წლის 18 დეკემბრის დასკვნაში, მათ შორის, საუბარია, დეკლარაციების გამჭვირვალობის და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე, თუმცა მეორე მხრივ რეკომენდებულია, მონაცემთა დაცვის შესაბამის დებულებებზე ზუსტი და მკაფიო მითითებების გათვალისწინება კანონმდებლობით. ინიცირებული ცვლილებები ცხადი და მკაფიო მითითებების ნაცვლად, ზოგადად “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონისა და ბავშვის უფლებათა კოდექსის მოთხოვნების დაცვის ვალდებულებას უწესებს ბიუროს, რამაც გაუმართლებლად შეიძლება შეზღუდოს ბიუროს საქმიანობის ეფექტიანობა და გამჭვირვალობა; 

 

  • ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის ხელშეუხებლობა - კანონპროექტით ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინასწარი თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს. თუ საქართველოს პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. აღნიშნული ცვლილება დადებითად უნდა შეფასდეს. 

 

შეჯამება: საკანონმდებლო პაკეტი მიმართება ევროკავშირის მე-7 დათქმასთან 

 

დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების ანალიზი ავლენს, რომ ვენეციის კომისიის საკვანძო რეკომენდაციები, რომელთა შესრულება, თავის მხრივ, ხელს შეუწყობდა ევროკომისიის ერთ-ერთი დათქმის შესრულებას, ამ ეტაპზე, უგულებელყოფილია. ამავდროულად, კანონპროექტი ითვალისწინებს გარკვეულ ფრაგმენტულ ცვლილებებს, რომელთა ნაწილი მდგომარეობის გაუმჯობესების ნაცვლად, პირიქით, საფრთხეს უქმნის ბიუროს ამჟამად ისედაც შეზღუდულ ეფექტიანობას. ამასთან, ეჭვქვეშ დგას დაინიცირებული ცვლილებების პაკეტიდან ერთ-ერთი ცვლილების კონსტიტუციასთან შესაბამისობა.

 

უფრო კონკრეტულად, საკანონმდებლო პაკეტით არ არის გადაჭრილი  ევროკავშირის და ვენეციის კომისიის მიერ იდენტიფიცირებული საკვანძო გამოწვევები, რომლებიც მიემართება: 

 

1. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევას საქართველოს პარლამენტის მიერ მაღალი უმრავლესობით;

2. ანტიკორუფციული ბიუროს ანგარიშვალდებულების სისტემის ცვლილებას;

3. ანტიკორუფციული ბიუროსთვის კორუფციული საქმეთა გამოძიების უფლებამოსილების მინიჭებას.

 

ამასთან, საყურადღებოა, რომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმითაც, რაც, მათ შორის, მოიცავს, გაფართოების მიზნით, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებულ პირთა წრის გადახედვას. მთავრობის გეგმის თანახმად, ამ კანონში  დაგეგმილი ცვლილებების ავტორად მითითებულია ანტიკორუფციული ბიურო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ანტიკორუფციული ბიურო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკისა თუ ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანი უფლებამოსილებებით არის აღჭურვილი. ამის ფონზე, პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებული ფრაგმენტული ცვლილებები, რომელთა შემუშავება მოხდა საკითხით დაინტერესებული პირების სათანადო ჩართულობის გარეშე  და რომლებიც არ პასუხობს ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის საკვანძო რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს იმ სისტემურ მიდგომას, რაც აუცილებელია ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ განსაზღვრული დათქმის  აღსრულების თვალსაზრისით.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023