ევროკომისიის შეფასების მიმოხილვა (12 პრიორიტეტის შესრულება და ახალი დათქმები)

სიახლეები 9 ნოემბერი 2023

2023 წლის 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭების თაობაზე, რაც მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს დეკემბერში ევროპული საბჭოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე. აღსანიშნავია, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუტის მინიჭების რეკომენდაცია გაიცა შესაბამისი დათქმებითა და მითითებებით, რომელიც უკავშირდება ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის დასკვნას, თუმცა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამით. 2023 წლის გაფართოვების პაკეტის ფარგლებში, ევროკომისიის მიერ დღეს გამოქვეყნებული დეტალური ანგარიში ასახავს საქართველოში არსებული მდგომარეობის შეფასებას და ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს. ვრცელ დოკუმენტში მოცემულია ყველა იმ მიმართულების მიმოხილვა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა. ამასთან, შეფასებებს თან ახლავს რეკომენდაციები და სახელმძღვანელო მითითებები პრიორიტეტულ რეფორმებთან დაკავშირებით.

 

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 17 ივნისის მოსაზრებით განისაზღვრა 12 პრიორიტეტი, რომელთა შესრულება აუცილებელი წინაპირობა იყო კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. 8 ნოემბერს გამოქვეყნებული ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, თორმეტიდან მხოლოდ სამი პრიორიტეტული ამოცანა ჩაითვალა სრულად შესრულებულად. ესენია:  გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობის (მე-9), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიული გათვალისწინებისა (მე-11) და სახალხო დამცველის არჩევის (მე-12) რეკომენდაციები. 

 

აქვე, მნიშვნელოვანია ვახსენოთ უკრაინისა და მოლდოვას მიერ მიღწეული პროგრესი და ევროკომისიის მიერ ამ ორი ქვეყნის სასარგებლოდ გაცემული რეკომენდაცია გაიხსნას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები. უკრაინასთან მიმართებით კომისიას 2022 წელს ჰქონდა 7 რეკომენდაცია, რომლის შესრულების პირობითაც მიენიჭა მას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. 8 ნოემბერს გამოქვეყნებული ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ევროკომისია მიესალმება უკრაინის მიერ განხორციელებულ სერიოზულ რეფორმებს, რომელიც რუსეთის აგრესიული ომის მიუხედავად გატარდა. კომისიამ მიიჩნია, რომ უკრაინამ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს შვიდი რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით, მათ შორის, მიიღო სისტემური ზომები ოლიგარქების წინააღმდეგ. უკრაინის მიმართ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაცია გაიცა იმის გათვალისწინებით, რომ გაგრძელდება რეფორმები და შესრულდება 4 რეკომენდაცია. 

 

ევროკომისიამ მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისას 9 რეკომენდაცია დაუწესა. 8 ნოემბრის შეფასებით, ევროკომისიამ მიიჩნია, რომ მოლდოვამ ცხრავე მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და იგი საკმარისად აკმაყოფილებს დემოკრატიის გარანტი ინსტიტუტების სტაბილურობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების, უმცირესობების დაცვის სტანდარტებს. ევროკომისიამ მიიჩნია, რომ მოლდოვამ 9 რეკომენდაციიდან მხოლოდ სამი მიმართულებით უნდა გააგრძელოს უკვე პროგრესულად დაწყებული სამუშაო პროცესი.

 

საქართველოს შემთხვევაში 2023 წლის ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ მოხსენებით განისაზღვრა 9 ძირითადი დათქმა, რომლის შესრულების პირობითაც გაიცა რეკომენდაცია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ. დათქმებიდან ზოგიერთი სავსებით ახალია, უმეტესობა კი 12 რეკომენდაციიდან ნაწილობრივ შესრულებული 9 პრიორიტეტის გაგრძელებაა. ესენია: 

 

- ევროკავშირისა და მისი ღირებულებების  წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებსა და ჩარევებთან ბრძოლა;

 

 

- ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის მაჩვენებლის გაუმჯობესება;

 

 

- პოლიტიკური პოლარიზაციასთან ბრძოლის გაგრძელება, მათ შორის, ოპოზიციურ პარტიებთან ინკლუზიურად მუშაობის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე;

 

 

- თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 2024 წელს. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა არჩევნების დღემდე დიდი ხნით ადრე;

 

 

- საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებთან მიმართებით. საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის, ისევე როგორც სხვა ძირითადი ინსტიტუტების მიუკერძოებლობისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა;

 

 

- სასამართლო რეფორმის განხორციელება და დასრულება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულება გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით;

 

 

- ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტურობისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის და მათთან დაკავშირებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფა. კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევების ეფექტური გამოძიება;

 

 

- დეოლოგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება. დეოლიგარქიზაციის პროცესის წარმართვა მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით;

 

 

- ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის ამბიციური სტრატეგიის მიღებითა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიების დაწყება და ძალადობის ორგანიზატორების/დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა მოწყვლადი ჯგუფების, მედიაპროფესიონალებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ მუქარის ფაქტებზე. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა, მათი ჩართულობის უზრუნველყოფა კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში და მათი თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფა.

 

მოცემული დათქმებიდან მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს პირდაპირი მოწოდება ევროკავშირისა და მისი ღირებულებების  წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის შესახებ.  ასევე, გაჩნდა მოთხოვნა, რომ საქართველომ დაუახლოვოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას თავისი საგარეო პოლიტიკა.  12 პრიორიტეტში არ იყო, თუმცა ახალ დათქმებში მოხვდა მოწოდება 2024 წელს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფის შესახებ. საყურადღებოა, რომ იმ ძირითადი ინსტიტუტების ჩამონათვალში, რომელთა მიუკერძოებლობისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის რეკომენდაციაცაა გაცემული, ევროკომისიამ დაამატა საქართველოს ეროვნული ბანკიც.

 

საქართველოს შესახებ მომზადებულ ვრცელ ანგარიშში ევროკომისია ასევე აფასებს 12 პრიორიტეტის შესრულების მდგომარეობას. დოკუმენტში განხილულია პრიორიტეტებთან მიმართებით განხორციელებული ღონისძიებები, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, იდენტიფიცირებულია არსებული გამოწვევები და მითითებულია შემდგომ გასატარებელ ღონისძიებებზე. 

 

 I პრიორიტეტი - პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება

 

ევროკომისია ხაზს უსვამს, რომ რეფორმები პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე შეფერხებებით მიმდინარეობდა. პარტიებს შორის კონსტრუქციული ჩართულობის არარსებობა და ღრმა პოლარიზაცია ეროვნული ინტერესების მატარებელ საკითებზე კონსესუსის მიღწევის ძირითად გამოწვევად იქცა. 

 

ევროკომისიის მითითებით, აუცილებელია გაგრძელდეს ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებებთან აქტიური თანამშრომლობა, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის პროცესისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს. 

 

II პრიორიტეტი - სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირება, საპარლამენტო ზედამხედველობა, საარჩევნო კანონმდებლობა

 

ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებული 2022 წლის ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში. თუმცა, განმარტა, რომ კონტროლის მექანიზმები გამოყენებულ უნდა იქნას საგამოძიებო კომისიების შექმნითა და ნდობის ჯგუფში ოპოზიციონერ დეპუტატთა ჩართულობით. კომისიის დათქმით, საქართველომ უნდა უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი, განსაკუთრებით 2024 წლისთვის და სრულად შეასრულოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები. ასევე, დაასრულოს საარჩევნო რეფორმა, მათ შორის, უზრუნველყოს ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლობა არჩევნების დღემდე.

 

III პრიორიტეტი - სასამართლო რეფორმა

 

ანგარიშის მიხედვით, პრიორიტეტის შესრულების მიზნით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები და დაინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რამდენიმე მოსაზრებას, თუმცა ძირითადი რეკომენდაციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმისა და უზენაესი სასამართლოს შესახებ არ არის გათვალისწინებული. ევროკომისიის პოზიციით, საქართველომ კვლავ უნდა განახორციელოს იუსტიციის სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი და ეფექტური რეფორმა, რათა უზრუნველყოს სასამართლო სექტორისა და პროკურატურის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა. ასევე, გენერალური პროკურორის დანიშვნის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა იქნას მიღებული.

 

IV პრიორიტეტი - ანტიკორუფციული ღონისძიებები

 

ევროკომისიის შეფასებით, ანტიკორუფციულ ღონისძიებებთან დაკავშირებული პრიორიტეტული ამოცანა ბოლომდე არ არის შესრულებული. მიუხედავად ანტიკორუფციული ბიუროს შექმნისა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებებისა, საქართველომ სრულყოფილად უნდა გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და უზრუნველყოს ანტი-კორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. 

 

V პრიორიტეტი -  დეოლიგარქიზაცია

 

ევროკომისიის მითითებით, საქართველომ უნდა გააგრძელოს დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავება და გაუმჯობესება. ამ მიზნით უნდა ამოქმედდეს კოორდინაციისა და მონიტორინგის ინკლუზიური და ძლიერი მექანიზმი. დეოლიგარქიზაცია უნდა განხორციელდეს სისტემური მიდგომით, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით. უნდა იქნეს გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. 

 

VI პრიორიტეტი -  ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და სამართალდამცავი ორგანოების ზედამხედველობა

 

მე-6 პრიორიტეტულ ამოცანასთან დაკავშირებით ანგარიში უთითებს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის მიღების თაობაზე, ასევე, საქართველოს მიერ ევროპოლთან და მის წევრ ქვეყნებთან გაძლიერებული თანამშრომლობის შესახებ. თუმცა რეკომენდაცია შესრულებულად არ არის მიჩნეული და ეროკომისია დასძენს, რომ უნდა გაგრძელდეს ევროპის საბჭოს Moneyval-ის რეკომენდაციების დანერგვა.

 

VII თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველყოფა, ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება

 

ანგარიშის მიხედვით, პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ ოპოზიციური ტელევიზიის დირექტორი ციხიდან გათავისუფლდა, ასევე, პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები   აუდიოვიზუალური მედია სერვისების შესახებ ევრო დირექტივის (AVMSD) შესრულების მიზნით, თუმცა საჭიროა ქვეყანამ იმუშაოს მარეგულირებელი ორგანოს (კომუნიკაციების კომისიის) ეფექტური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და მედია სექტორთან ნდობის დამყარების მიმართულებით. ევროკომისიის მითითებით, საქართველომ უნდა გამოიძიოს ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები.   

 

VIII პრიორიტეტი - ადამიანის უფლებების, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების დაცვა

 

ევროკომისიის შეფასებით, საქართველომ უნდა გააგრძელოს ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებისა და სტანდარტების გაუმჯობესება.  გამოწვევები რჩება თავად ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაში. აუცილებელია მოწყვლადი ჯგუფების დაცვა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა, მათ შორის, ორიენტაციის ნიშნით. 

 

კომისია შეეხო ბოლოდროინდელ ცვლილებებს “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონში.  2023 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, წინასწარი კონსულტაციების გარეშე მიიღო ცვლილებები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში. კომისიის შეფასებით ეს ცვლილებები ქმნის შესაძლებლობას შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება შეიზღუდოს არათანაზომიერად და თვითნებურად.  შესაბამისად, აუცილებელია  ზემოთხსენებულ უფლებათა დაცვა.

 

 

IX პრიორიტეტი - გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა

კომისიის შეფასებით, ეს პრიორიტეტი შესრულებულია. 

 

 

X პრიორიტეტი - გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა

 

სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის ჭრილში ანგარიშში აღნიშნულია, რომ კონსტრუქციული ჩართულობა და დიალოგი სამოქალაქოსთან საზოგადოებასთან ყველა დონეზე, მათ შორის მთავრობასთან, რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მოითხოვს დამატებით გაძლიერებას.  მნიშვნელოვანია მათი ეფექტურად და არსებითად ჩართვა პოლიტიკის შემუშავებასა და გადაწყვეტილებების მიღებაში. ევროკომისიის შეფასებით, საქართველომ თავი უნდა შეიკავოს ისეთი ზომების მიღებისგან, რომლებმაც შეიძლება შეაფერხონ ან შეზღუდონ სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი მონაწილეობა ასეთ პროცესებში.

 

XI პრიორიტეტი - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიული გათვალისწინება ქართული სასამართლოს მიერ

 

კომისიის შეფასებით, ეს პრიორიტეტი შესრულებულია.

 

 

XII პრიორიტეტი - სახალხო დამცველის არჩევა

 

კომისიის შეფასებით, ეს პრიორიტეტი შესრულებულია.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023