ავტორი: თამარ ჩარკვიანი (სოციოლოგიის დოქტორი)
სტატია დაიწერა პროექტ "სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება"-ს ფარგლებში და გამოქვეყნდა პროექტის ბლოგზე "საქართველო 2020".
საქართველოში არაფორმალური ინსტიტუტების არსებობის მიზეზების შესახებ მსჯელობა და მათი ადეკვატური გაგება შეუძლებელია ისტორიული კონტექსტისა და სოციოკულტურული ფაქტორების ანალიზის გარეშე.
საჯარო სექტორის ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, ერთი მხრივ, ფორმალური ნორმების და, მეორე მხრივ, ნორმების და რეალური პრაქტიკების ურთიერთშესაბამისობაზე. განვითარებულ საზოგადოებებში კანონები და ნორმები მოქალაქეების უმრავლესობის მიერ აღიქმება, როგორც სამართლიანი და მათი რეალიზება ხდება მასობრივ სოციალურ პრაქტიკებში. სხვადასხვა ფაქტორების ზეგავლენის შედეგად ეს პრაქტიკები ზოგჯერ სცილდება დადგენილ ნორმებს. ასეთ შემთხვევებში სახელმწიფო იღებს ზომებს წონასწორობის აღსადგენად, ან ინსტიტუციური კონტროლის გამკაცრების ან ფორმალური, სამართლებრივი ნორმების კორექციის საშუალებით, მათი დაახლოებით კულტურულ წარმოდგენებთან და მოსახლეობის მოთხოვნებთან.
გარდამავალ, ტრანსფორმირებად საზოგადოებებში ინსტიტუციური სისტემების ხანგრძლივ დასუსტებას თან სდევს მოქმედი ფორმალური ნორმებისგან გადახრილი სოციალური პრაქტიკების სტაბილიზაცია, რომლებიც არასამართლებრივ ხასიათს იღებენ. ამავე დროს, არასამართლებრივი პრაქტიკების ინსტიტუციონალიზაცია ნიშნავს არსებული ინსტიტუტების გადაგვარებას.
განსაზღვრების მიხედვით, ფორმალურ ინსტიტუტებში იგულისხმება საკანონმდებლო-სამართლებრივ ნორმათა ერთობლიობა, რომელიც საჯარო სექტორის ინსტიტუტების საფუძველს წარმოადგენს, ხოლო რეალურ პრაქტიკებში – ამ ინსტიტუტების ნამდვილი ფორმები და მათი ფუნქციონირების საშუალებები. თამაშის არაფორმალური წესები ყალიბდება სტიქიურად, სოციალურ აქტორებს შორის მრავალგვარი ურთიერთქმედების პროცესში, როგორც ტრანსაქციის თანმდევი მოვლენების შემცირების საზოგადოდ მიღებული საშუალება. რაც შეეხება ფორმალურ წესებს, ისინი უკვე არსებული არაფორმალურის წერილობითი დადასტურებაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თავიდან წარმოიქმნება კოლიზია იმის თაობაზე, როგორ უნდა მოვიქცეთ, ხოლო შემდეგ საზოგადოების შიგნით გამომუშავდება გარკვეული პასუხი, რომელიც კოდიფიცირდება. არაფორმალური წესების სისტემის ფარგლებში წყდება ის საკითხები, რომელთა თაობაზე კონსესუსი ჯერ არ არსებობს.
პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში არაფორმალური, არასამართლებრივი ურთიერთობები განსაკუთრებით ძლიერია, რაც ხელს უშლის ფორმალური საჯარო სექტორის ინსტიტუტების განვითარებას და შესაბამისად მთლიანად საზოგადოების განვითარებას. ქართულ საზოგადოებაში ფორმალური ინსტიტუტები იცვლის სახეს და ტრანსფორმირდება არაფორმალური ურთიერთობებისა და პირადი კავშირების დეფორმირებულ სისტემად, რის შედეგადაც ისინი ვეღარ ასრულებენ ადეკვატურად და ეფექტურად თავის დანიშნულებას.
საბჭოთა და პოსტსაბჭოთა მართვის და არაფორმალური პრაქტიკების მანკიერი გავრცელება განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფო, საჯარო დაწესებულებებში, რადგან სახელმწიფოა უპირველეს ყოვლისა სამართლებრივი ნორმების დაცვის მარეგულირებელი და გარანტი.
საქართველოში საჯარო სექტორის ბიუროკრატიული აპარატი ხელმძღვანელობს პატრიმონიალური ლოგიკით. თანამდებობების და ძალაუფლების რესურსების მითვისების პრაქტიკები განსაზღვრავენ საჯარო სამსახურში კადრების შერჩევას და კარიერულ წინსვლას, შესაბამისად ბიუროკრატიული აპარატის ფუნქციონირებას. რაც გულისხმობს საჯარო და კერძო ინტერესების სფეროების არაადეკვატურ გამიჯვნას. საჯარო სამსახურში თანამდებობების დაკავებას შედეგად მოყვება ინტეგრაცია არაფორმალურ ქსელებში. მათი ინტერპრეტაცია შეიძლება, პოსტსაჭოთა და ტრანსფორმაციის პროცესის შედეგებით. საჯარო სამსახურის ხანგრძლივი ცენტრალიზება აფერხებს მის რეფორმირებას და საკადრო სამართალის ჩამოყალიბებას. ასევე, პოლიტიკური მიზნებით განპირობებული „წმენდები“ ახალ შესაძლებლობებს ქმნის თანამდებობების კლიენტელისტური მითვისებისათვის.
ნეოპატრიმონიალური სტრუქტურების პოსტსაბჭოთა ვარიანტი გამოირჩევა თანამედროვე სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ინსტიტუტების ფორმალური ინსტალაციით (პარლამენტის და მრავალპარტიულობის, საარჩევნო მექანიზმების და თანამედროვე კონსტიტუციის), ისინი ასრულებენ სისტემის ლეგიტიმური ფასადის როლს, ხოლო მთლიანობაში, შიგნიდან მათი ფუნქციონირება ემორჩილება პატრიმონიალურ ლოგიკას.
წამყვან როლს პოსტსაბჭოთა ნეოპატრიმონიალური სისტემების ფუნქციონირებაში თამაშობს არა ურთიერთქმედების ოფიციალური სისტემის ფარგლებში რაციონალურ–ლეგალური ურთიერთობები, არამედ კლიენტელურ–პატრონაჟული კავშირები, რომლებიც აქტორების სხვადასხვა სახის რესურსებისადმი ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, პირადი კავშირების საშუალებით, რომლებიც კაპიტალების ასიმეტრიულ კონვერტაციასა და გაცვლას ეფუძნება. შესაბამისად, ეკონომიკური და სოციალური კაპიტალის ფორმირება ხდება მართვის, თანამდებობების ადმინისტრაციული რესურსის მისაკუთრებით.
ზემოთქმულიდან გამომდინარე შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ქართულ საჯარო სამსახურში ვლინდება პატრიმონიალურ–ბიუროკრატიული მართვის რამდენიმე უმნიშვნელოვანესი სიმპტომი:
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ყველა ზემოთ განხილული ფაქტორი განაპირობებს დაბალი სოციალური კაპიტალის ფორმირებას მეორეული სოციალური ჯგუფების წევრებს შორის (შორეული ნაცნობები, კოლეგები, თანამოქალაქეები და ა.შ.), ამის საპირისპიროდ სოციალური აგენტები ორიენტირებული არიან პირველადი სოციალური ჯგუფის გაძლიერებაზე (ოჯახის წევრები, ახლო ნათესავები, მეგობრები, ნათლულები და ა.შ.), პირველადი ჯგუფის გაძლიერება ემყარება უფრო მეტი დაცულობის განცდას და სწორედ იმ დაცულობის გარანტიებს, რომელითაც სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეს.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), ბრემენის უნივერსიტეტის ან გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას. შესაბამისად, აღნიშნული ორგანიზაციები არ არიან პასუხისმგებელნი სტატიის შინაარსზე.