სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არასათანადო რეაგირება საპოლიციო ძალების მიერ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე

სიახლეები | ანალიზი 9 დეკემბერი 2024

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

2024 წლის 25 ნოემბერს, ქართულმა ოცნებამ ცნო საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა ამ დრომდე არ უღიარებია ევროკავშირსა და აშშ-ს, ხოლო ევროკავშირის ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი აღნიშნულ არჩევნებზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ითხოვს. 

 

უფლებამოსილების ცნობიდან რამდენიმე დღეში, 2024 წლის 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგიდან ხსნის ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ, იმავე დღეს დაიწყო მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც უწყვეტად დღემდე გრძელდება.

 

28 ნოემბრიდან, 8 დეკემბრის მონაცემებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა ან თავისუფლება შეეზღუდა 500-მდე, ხოლო სისხლისსამართლებრივი მექანიზმებით კი 30-ზე მეტ პირს.   აღსანიშნავია, რომ დაკავებულთა აბსოლუტური უმრავლესობა მიუთითებს საპოლიციო ძალების მიერ განხორციელებულ არასათანადო, სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე. გარდა ფიზიკური ძალადობისა და დევნისა, იკვეთება ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებიც. საპოლიციო ძალების მხრიდან განხორციელებულ მასშტაბურ და სისტემურ ძალადობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ დაკავებულთაგან 80-ზე მეტ პირს დასჭირდა ჰოსპიტალური მკურნალობა. ზოგადად, კი 300-ზე მეტი დაკავებული პირი მიუთითებს არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.  

 

არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატები აცხადებენ, რომ დაკავებულთა უმრავლესობა არის სასტიკად ნაცემი, მათ აღენიშნებათ სისხლჩაქცევები მთელ სხეულზე, მძიმე დაზიანებები სახის არეში, რის შედეგადაც უჭირთ საუბარი და გადაადგილება. დაკავებულების მითითებით, მათ მიმართ სასტიკ მოპყრობას ადგილი ჰქონდა როგორც მათი დაკავებისას, ასევე დაკავების შემდგომ, რა დროსაც მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ სპეცრაზმელები და იმავდროულად, ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ამყოფებდნენ მათ.

 

ერთ-ერთ ეპიზოდში დაზარალებული პირები დეტალურად აღწერენ მათზე განხორციელებული სასტიკი მოპყრობის გარემოებებს და იხსენებენ, რომ მიკროავტობუსში მათზე ერთდროულად სულ მცირე 6 სპეცრაზმელი ძალადობდა და ისინი პერიოდულად ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. ძალადობას ზედამხედველობდა ასაკიანი მამაკაცი, რომელიც აკონტროლებდა, რომ რომელიმე მსხვერპლისთვის სასიკვდილო ზიანი არ მიეყენებინათ. მიკროავტობუსში უმოწყალოდ ცემის შემდეგ, დაკავებულებს ატარებდნენ სპეცრაზმელების კორიდორში, სადაც კვლავ ფიზიკურად უსწორდებოდნენ საპატრულო პოლიციის მანქანაში მიყვანამდე. სპეცრაზმელები დაკავებულებს ასევე ხდიდნენ ფეხსაცმელებს და ართმევდნენ ტელეფონებს.

 

 

სახალხო დამცველის შეფასებები

 

საპოლიციო ძალების მიერ განხორციელებულ ზემოთ აღწერილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს ასევე ადასტურებს საქართველოს სახალხო დამცველი. 3 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში, საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დაკავებულებს მძიმე დაზიანებები, უმრავლეს შემთხვევაში, სახის, თვალის და თავის მიდამოში აღენიშნებათ, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს პოლიციის მიერ პროპორციული ძალის გამოყენებას, არამედ ქმნის სარწმუნო წარმოდგენას, რომ პოლიცია დასჯის მიზნით იყენებს ძალადობრივ მეთოდებს, რაც უთანაბრდება წამებას. სახალხო დამცველმა ასევე დაადასტურა, რომ დაკავებული პირები მიუთითებდნენ პოლიციის მხრიდან მათი პირადი ნივთების ჩამორთმევის ფაქტებზე.

 

5 დეკემბერს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია დაკავებულ პირთა მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე და მიუთითა, რომ 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით მისმა წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში მოინახულეს 268 პირი. მათგან 191 მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე, ხოლო ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა 138 პირს.

 

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილების ფარგლები

კანონის მიხედვით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური უნდა იყოს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომლის მიზანია მოხელის მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიება. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლი განსაზღვრავს სისხლის სამართლის საქმეებს, რომელთა გამოძიება ევალება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

 

კანონის თანახმად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეებია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ ჩადენილი შემდეგი დანაშაულები: წამება, წამების მუქარა, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ან ბოროტად გამოყენება, ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი დაზიანება, ძალადობა და სხვა. ამავე საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილების ფარგლებში შედის ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტის გამოძიება.

 

ამასთანავე, კანონმდებლობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ანიჭებს უფლებამოსილებას, მის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეზე სრული მოცულობით ჩაატაროს გამოძიება და განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა, მათ შორის, გამოიყენოს იძულების ღონისძიებები.

 

ამრიგად, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აკისრია პასუხისმგებლობა, გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულები, რის განსახორციელებლადაც მას მინიჭებული აქვს გამოძიების სრული მოცულობით ჩატარების უფლებამოსილება.

 

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არასათანადო რეაგირება შესაძლო დანაშაულებზე

2024 წლის 30 ნოემბერს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ შემოსული შეტყობინებებისა და მედიით გაშუქებული ვიდეო კადრების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე. სამსახურის მითითებით, მათი გამომძიებლები ატარებდნენ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური რამდენიმე დღეა, ირწმუნება, რომ ახორციელებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას, მისი ქმედებები დანაშაულების გამოძიებაზე ცალსახად ვერ ჩაითვლება საკმარის და სათანადო რეაგირებად.

 

აღსანიშნავია, რომ საჯარო სივრცეში გავრცელდა არაერთი ვიდეო მასალა, სადაც, ასახულია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მიუხედავად ამისა, დღემდე არც ერთი მათგანის მიმართ ბრალი არ არის წარდგენილი. არც ერთი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი არ არის დაკავებული მიუხედავად იმისა, რომ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატები, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები მიუთითებენ არასათანადო მოპყრობის განსაკუთრებულ მასშტაბზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება და არსებობს უდიდესი ალბათობა, რომ დაუსჯელობის ფონზე საპოლიციო ძალები ხელახლა ჩაიდენენ დანაშაულებრივ ქმედებებს.

 

არსებული ინფორმაციით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დღემდე არ გამოუყენებია კანონით მინიჭებული იძულების ღონისძიებები არც ერთი კონკრეტული სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიმართ. ბრალი არ აქვს წარდგენილი არც ერთ მათგანს. ამ ფონზე, სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებები იმის შესახებ, რომ გამომძიებლები ამუშავებენ დიდი ოდენობით ინფორმაციას, ვერ იქნება მიჩნეული ადეკვატურ რეაგირებად. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან მასშტაბური და სისტემური ხასიათის ძალადობრივი ქმედებების ფონზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ იმგვარი მექანიზმების ამოქმედება, რაც დანაშაულის ჩამდენ პირებს გაუჩენთ პასუხისმგებლობის დაკისრების რეალისტურ მოლოდინს. ამისათვის საკმარისი მტკიცებულებები კი მარტივად ხელმისაწვდომია თუნდაც საჯაროდ გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალების სახით.

 

ამრიგად, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან ჩადენილ დანაშაულებზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიების დაწყება და ინფორმაციის შეგროვება/ანალიზი ვერ ჩაითვლება ქმედითი გამოძიების წარმოებად. 10 დღეზე მეტია, რაც ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები და უმეტეს დღეებში ადგილი აქვს არასათანადო მოპყრობის მრავლობით ფაქტს დემონსტრანტების მიმართ. ამ პირობებში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მხოლოდ გამოძიების ფორმალურად დაწყება, დანაშაულებრივი ქმედებებისთვის სათანადო კვალიფიკაციის მინიჭებისგან (წამება, არაადამიანური მოპყრობა) და ქმედითი საგამოძიებო მოქმედების გამოყენებისგან თავის შეკავება აღქმული უნდა იქნეს სამსახურის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებაზე უარის თქმად. 

 

მანიფესტაციაზე დაკავებული და თავისუფლებაშეზღუდული პირები, რომლებიც გახდნენ წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ძალადობის მსხვერპლები მიუთითებენ იდენტურ სისტემურ დანაშაულებრივ სქემაზე, რაც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აძლევს საშუალებას განახორციელოს პრევენციული და პროაქტიული ღონისძიებები საკუთარი მანდატის ფარგლებში.

 

IDFI-ს მოსაზრებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები, ფიზიკურად უნდა განთავსდნენ მანიფესტაციებზე, სამართალდამცავთა მოქმედების ადგილებზე და დანაშაულის ჩადენის მომენტში დააკავონ წამების, არაადამიანური მოპყრობისა, ისევე როგორც ძალადობის განმახორციელებელი საპოლიციო და სპეცდანიშნულების ძალების წარმომადგენლები. 



სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პირველი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, გიორგი დავითური სამართალდამრღვევად ცნო

11.12.2024

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024
განცხადებები

პირველი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, გიორგი დავითური სამართალდამრღვევად ცნო

11.12.2024

IDFI-ის განცხადება გიორგი დავითურის უკანონო დაკავების შესახებ

02.12.2024

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024