საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტს. კანონპროექტი დაკავშირებულია ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) გავრცელებით გამოწვეულ საფრთხეებთან და მისი მიღების შემთხვევაში, ქვეყნის შესაბამის უწყებებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგაც გააგრძელონ ორგანიზაციული, სამართლებრივი და სხვა სახის ღონისძიებების გატარება, რომელიც შექმნილი ვითარების გამკლავებისკენ იქნება მიმართული.
კანონპროექტი ორ მნიშვნელოვან სიახლეს ითვალისწინებს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, ადამიანის უფლებათა არაპროპორციული შეზღუდვის რისკებს წარმოშობს:
1. კანონპროექტით ფართოვდება „საკარანტინო ღონისძიებების“ განმარტება.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საკარანტინო ღონისძიებები გულისხმობს ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში.
კანონპროექტის თანახმად კი ეს ტერმინი დამატებით ასევე მოიცავს ღონისძიებებს, რომელიც გულიხსმობს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის, კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას და რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად.
2. კანონპროექტი ითვალისწინებს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში ჭარბი ძალაუფლების თავმოყრას.
კანონპროექტის თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესს, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებაში შემავალი დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადმინისტრირების, ასევე საჯარო სერვისების მიწოდების კანონმდელობისგან განსხვავებულ დროებით წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო. ამ წესით შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი საკარანტინო ღონისძიებებიც, რომლებიც ამ შემთხვევაში ამ წესის შემადგენელი ნაწილია.
ამგვარი ცვლილებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სანქციები იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის ასევე გავრცელდება იმ საკარანტინო ღონისძიებებზეც, რომელსაც მთავრობა ან მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო ფართო უფლებამოსილების ფარგლებში დაადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად შესაძლოა გამართლებული იყოს გარკვეული კონკრეტული, მიზნობრივი ღონისძიებების გამოყენება, ამგვარი ღონისძიებები ცხადად უნდა განისაზღვროს საკანონმდებლო დონეზე. წარმოდგენილი კანონპროექტი კი აღმასრულებელ ხელისუფლებას ანიჭებს ჭარბ ძალაუფლებას, რამაც შეიძლება ხანგრძლივი და არაპროპორციული გავლენა იქონიოს ადამიანის უფლებებზე.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სახელმწიფოებს შეუძლიათ ცალკეული უფლებები კანონით შეზღუდონ სათანადო ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, მათ შორის, ჯანმრთელობის დასაცავად. ამგვარი შეზღუდვები უნდა იყოს პროპორციული და აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. წარმოდგენილი კანონპროექტი კი ერთი მხრივ, საკანონმდებლო ორგანოს ნაცვლად, აღმასრულებელ ხელისუფლებას ანიჭებს უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ, ვერ უზრუნველყოფს პროპორციულობის პრინციპის დაცვას და ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის კრიტერიუმს.
კანონპროექტი პარლამენტის ბიურომ 2020 წლის 19 მაისს განიხილა, ხოლო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს უქმდება. ამ მიზეზით, ინიციატორი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს. ამგვარ ფორსირებულ რეჟიმში კანონპროექტის განხილვა ართულებს განსახილველ საკითხზე სრულყოფილი დისკუსიის წარმართვას და საზოგადოების სათანადო ჩართულობას და მონაწილეობას კანონპროექტის განხილვის პროცესში.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოსალოდნელი შეზღუდვების სამართლებრივი საფუძვლების შესახებ მკაფიო განმარტების გაკეთებისკენ IDFI ხელისუფლებას ჯერ კიდევ 15 მაისს მოუწოდებდა, რადგან ამ საკითხის დღის წესრიგში დადგომა წინასწარ განჭვრეტადი იყო. დაგეგმილი ცვლილებების შესახებ საზოგადოების დროული ინფორმირება საკმარის დროს მისცემდა დაინტერესებულ პირებს მოსაზრებების წარსადგენად და უზრუნველყოფდა მათ სათანადო ჩართულობას.
შესაბამისად მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს არ დაუშვას კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება და მისცეს ყველა მხარეს და დაინტერესებულ პირს საკუთარი არგუმენტებისა და პოზიციების წარდგენის შესაძლებლობა.