საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება - მონაცემების ანალიზი: 2018-2022

სიახლეები | კვლევები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | ანალიზი 1 სექტემბერი 2022

ძირითადი მიგნებები

 

- 2018-2022 წლებში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ  პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაიგზავნა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ 13,644 პირის მიმართ დადებითი დასკვნა, ხოლო 7,360  პირის მიმართ უარყოფითი დასკვნა.

 

- 2018-2022  წლებში  საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 13,575 პირს, საიდანაც 5,111 პირს აღუდგა საქართველოს მოქალაქეობა, ხოლო 8,382 პირს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა საგამონაკლისო  წესით. ჩვეულებრივი წესით - 38 პირს, გამარტივებული წესით - 29 პირს, ხოლო სპეციალური წესით 15 პირს.

 

- 2018 -2022  წლებში საქართველოს მოქალაქეობის მიმღები (მოქალაქეობის აღდგენის შემთხვევების გარდა) 8,464 პირიდან 72% (6,075 პირი) წარმოადგენდა რუსეთის მოქალაქეს.

 

- რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტი (428 პირი) წარმოადგენდა უკრაინის მოქალაქეს, 404 პირი - სომხეთის მოქალაქეს, ხოლო 330 - ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს.

 

- 2021 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა (მოქალაქეობის აღდგენის შემთხვევების გარდა)  რუსეთის 1,342 მოქალაქეს, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 713 შემთხვევით აღემატება, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელს 123 შემთხვევით. 

 

- 2022 წლის საწყისი 7 თვის მდგომარეობით საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა რუსეთის (მოქალაქეობის აღდგენის შემთხვევების გარდა) 723 მოქალაქეს.

 

- 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიიღო რუსეთის 551-მა მოქალაქემ, ხოლო უკრაინის 8 მოქალაქემ.

 

- სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტო არ გასცემს ისეთ საჯარო ინფორმაციას, რომელიც მნიშვნელოვანია რუსეთის უკრაინაში შეჭრის  შემდეგ,  რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილის ზრდის მასშტაბის სრულფასოვანი შეფასებისთვის.

 

უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხები დარეგულირებულია „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონით. კანონის მიხედვით, არსებობს ხუთი წესი, რომელთა მიხედვითაც უცხოელს შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა:

 

- ჩვეულებრივი წესი - პირსსაქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება თუ ბოლო 10 წლის განმავლობაში უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში, დადგენილ ფარგლებში იცის სახელმწიფო ენა, საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები, საქართველოში მუშაობს ან/და აქვს უძრავი ქონება ან საქართველოს ან საქართველოში ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას.

 

- გამარტივებული წესისაქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებული პირი, რომელიც ბოლო 5 წელი ცხოვრობს საქართველოში. დადგენილ ფარგლებში იცის სახელმწიფო ენა, საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები.

 

- საგამონაკლისო  წესიუცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ მას საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან. სახელმწიფო ინტერესების შეფასებაში მხედველობაში მიიღება სხვადასხვა გარემოებები. მათ შორის:  საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და მისი წინაპარი არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან იძულებით გადაადგილებული პირი, სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი.  ასევე, ისეთი პირები რომელიც საქართველოში ახორციელებს ისეთ ინვესტიციას რომლითაც ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, ასევე სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში წარმატებული პირი, რომელსაც სურს მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს.

 

- აღდგენის წესი - საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა არამართლზომიერად, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით, მშობლის არჩევანის შედეგად, სხვა ქვეყნის მოპოვებასთან დაკავშირებით.

 

- სპეციალური წესი - საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებულ პირს, რომელსაც არ უდგინდება საქართველოს მოქალაქეობა.

 

საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველების განცხადებებს განიხილავს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. დადებით რეკომენდაციებს სააგენტო წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

 

2022 წლის 5 აგვისტოს IDFI-მ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართა ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებული  სტატისტიკური (ნატურალიზაციის სახეების და განმცხადებელთა მოქალაქეობის  მიხედვით) ინფორმაციის მოთხოვნით. აღნიშნული ინფორმაციის მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ. შესაბამისად, ქვემოთ წარმოდგენილი ანალიზი სრულად ეფუძნება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებულ ინფორმაციას.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აგვისტომდე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაიგზავნა 13,644 პირის მიმართ დადებითი დასკვნები საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ, რომელთა საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 13,568 პირს, ხოლო უარი ეთქვა 76 პირს. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით საქართველო მოქალაქეობა მიენიჭა დამატებით 7 პირს.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციით ასევე ირკვევა, რომ 2018 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 1 აგვისტომდე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადააგზავნა 7,360 პირის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ უარყოფითი დასკვნები. 2018-2022 წლებში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის მიზეზების, მოქალაქეობის და წლების მიხედვით ინფორმაცია IDFI-სთვის უცნობია.

 

2018 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს მოქალაქეობის მიმღებ 13,575 პირს შორის 5,111 პირი წარმოადგენდა საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელსაც აღდგენის წესით მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. დანარჩენ შემთხვევაში, უმრავლესობას (8,382 პირი) საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა საგამონაკლისო  წესით. მოქალაქეობის აღდგენის ჩვეულებრივი წესით საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა მხოლოდ 38 პირს, გამარტივებული წესით - 29 პირს, ხოლო სპეციალური წესით - 15 პირს.

 

ამ პერიოდში საქართველოს მოქალაქეობის მიმღები (მოქალაქეობის აღდგენის შემთხვევების გარდა) 8,464 პირიდან 72% (6,075 პირი) წარმოადგენდა რუსეთის მოქალაქეს. რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტი (428 პირი) წარმოადგენდა უკრაინის მოქალაქეს, 404 პირი - სომხეთის მოქალაქეს, ხოლო 330 - ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს.

 

 

 

შენიშვნა: 2022 წლის მონაცემები ასახულია მხოლოდ საწყის 7 თვის მდგომარეობით.

 

2018-2022 წლებში საქართველო მოქალაქეობა ყველაზე მეტ პირს მიენიჭა 2018 წელს - 3,858 პირი. 2020 წელს აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით განახევრდა (1,839 პირი), რაც სავარაუდოდ დაკავშირებულია კორონავირუსის პანდემიით შექმნილ გარემოებებთან. 2021 წელს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მაჩვენებელი 2,846-მდე გაიზარდა, ხოლო 2022 წლის 7 თვის მდგომარეობით საქართველოს მოქალაქეობა მინიჭებული აქვს 1,598 პირს.

 

2019 წლამდე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება უმეტესწილად  საგამონაკლისო წესით ხორციელდებოდა, ხოლო 2019 წლიდან მნიშვნელოვნად იმატებს მოქალაქეობის აღდგენის მაჩვენებელი. აღნიშნულ ტენდენცია განპირობებულია 2018 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებით, გაუქმდა ის ჩანაწერი რომელიც მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ითვალისწინებდა ორმაგი მოქალაქეობის შესაძლებლობას. შესაბამისი ცვლილებების განხორციელებამდე, საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიიღებდა სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, კარგავდა საქართველოს მოქალაქეობას. ხოლო შემდგომში, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება უმეტესწილად შესაძლებელი იყო საგამონაკლისო წესით. საკონსტიტუციო ცვლილებებით, ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებული შეზღუდვები გაუქმდა და კანონმდებლობით დადგენილი პირობების შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია მოითხოვოს მოქალაქეობის შენარჩუნება. ამასთან, საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში გაჩნდა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლება, რომლის მიხედვით საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა, 2020 წლის 31 დეკემბრამდე შესაძლებლობა ჰქონდა მიემართა სააგენტოსთვის, მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით. აღნიშნული უფლება შემდგომში 2022 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა.   

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული  სტატისტიკური ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სტატისტიკა (მოქალაქეობის აღდგენის შემთხვევების გარდა) წარმოვადგინოთ პირთა მოქალაქეობისა და წლების მიხედვით. 2018 წლის მონაცემები მიღებულია განსხვავებული საკანონმდებლო რეგულაციების პირობებში, შესაბამისად, მისი შედარება შემდგომ წლებთან სრულფასოვან ტენდენციას ვერ ასახავს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ქვეყნების მიხედვით ქვემოთ წარმოდგენილია მხოლოდ 2019-2022 წლების ტენდენცია.

 

2019-2022 წლებში საქართველოს მოქალაქეობის მიმღებ პირებს შორის მნიშვნელოვნად ჭარბობს რუსეთის მოქალაქეები. 2019 წელს საქართველოს მოქალაქეობა (საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის გარდა) მიენიჭა 1,219 რუსეთის მოქალაქეს. 2020 წელს ეს მაჩვენებელი 629-მდე შემცირდა, ხოლო 2021 წელს 1,342 მდე გაიზარდა. 2022 წლის 7 თვის მდგომარეობით. საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა რუსეთის 723 მოქალაქეს.

 

2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ასევე საინტერესოა 2022 წლის მაჩვენებლების ანალიზი თვეების მიხედვით. 2022 წლის იანვარში საქართველოს მოქალაქეობა გაიცა რუსეთის 74 მოქალაქეზე, ხოლო თებერვალში 98 მოქალაქეზე. მარტის თვეში აღნიშნული მაჩვენებელი 43-მდე შემცირდა, თუმცა შემდეგ თვეებში აღნიშნული მაჩვნებელი მნიშვნელოვნად იზრდება. მაგალითად, 2022 წლის ივნისის თვეში საქართველოს მოქალაქეობა მიიღო რუსეთის 162-მა მოქალაქემ, ივლისის თვეში 136-მა მოქალაქემ. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა რუსეთის 551 მოქალაქეს, ხოლო  უკრაინის მხოლოდ 8 მოქალაქეს.

 

 

 

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა უმეტესწილად ენიჭებათ რუსეთის მოქალაქეებს. რუსეთის მოქალეების მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილის კიდევ მეტად ზრდა მოსალოდნელია 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შექმნილი სიტუაციის (მოსალოდნელი გრძელვადიანი სანქციები, განსხვავებული შეხედულებების მქონე პირების დევნა და სხვა) გათვალისწინებით. 

 

რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილის ზრდაზე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენის შეფასება, მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში მათთვის მინიჭებული საქართველო მოქალაქეობის ფაქტობრივი მაჩვენებლებით შეუძლებელია. ამ კუთხით სრულფასოვანი შეფასებისათვის მნიშვნელოვანია ისეთი მონაცემების კომპლექსური ხელმისაწვდომობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად ცალკეული პირობების დაკმაყოფილების მცდელობასთან. მაგალითად, საქართველოში ცხოვრებაზე გაცემული ბინადრობის ნებართვები, საქართველოს მოქალაქეებთან ქორწინების სტატისტიკა და სხვა. სამწუხაროდ სახელმწიფო სერვისების სააგენტომ მსგავსი მონაცემების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა. IDFI აღნიშნული ინფორმაციის მიღების მიზნით სახელმწიფო სერვისების სააგენტოს წინააღმდეგ  მიმართავს შესაბამის სამართლებრივ მექანიზმებს.  

 

_____

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023