საქართველოს შედეგები მსოფლიო ბანკის GovTech მზაობის ინდექსში

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | ანალიზი 23 თებერვალი 2022

ძირითადი მიგნებები

 

- GovTech მზაობის ინდექსში, რომელიც მმართველობის ოთხ კომპონენტს ზომავს (სამთავრობო სისტემების მხარდაჭერა, სერვისების მიწოდება, მოქალაქეთა ჩართულობა და GovTech-ის ხელშეწყობა) საქართველო 2020 წლის შედეგებით 0.59 ქულით შეფასდა და 198 ქვეყნიდან 85-ე ადგილი დაიკავა.

 

- ოთხი კომპონენტიდან საუკეთესო შედეგები PSDI (საჯარო სერვისების მიწოდების ინდექსი) ნაწილში დაფიქსირდა, ამ მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობა 0.79 ქულით შეფასდა, რაც მსოფლიო რეიტინგში 55-ე ადგილის შესაბამისია.

 

- საქართველოს ყველაზე დაბალი შედეგები GTEI ნაწილში (GovTech ხელშეწყობის ინდექსი) აქვს, ვინაიდან ქვეყანამ ინდექსის 15 ინდიკატორიდან 6-ში ნულოვანი შეფასება მიიღო.

 

- საკვანძო გამოწვევებად გამოიკვეთა GovTech-ზე და საჯარო მონაცემთა მართვაზე ორიენტირებული საერთო მაკოორდინირებელი უწყების არ არსებობა, მონაცემთა მართვის ერთიანი სისტემის არ არსებობა, და საჯარო მოხელეებისთვის ციფრული ცნობიერების ასამაღლებლად სახელმწიფო სტრატეგიის ან პროგრამის არ არსებობა.

 

- საქართველოს მეზობელ, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ბალტიის ქვეყნებთან შედარებით (ჯამში, 11 ქვეყანა) ინდექსის საერთო ქულა მხოლოდ სომხეთის, ბელარუსის და უკრაინის ქულებს აღემატება.

 

- GTEI (GovTech ხელშეწყობის ინდექსი) კომპონენტში საქართველოს მაჩვენებელი (0.43) ბელარუსისას უტოლდება და რეგიონის ყველა დანარჩენ ქვეყანას ჩამოუვარდება. რაც ნიშნავს, რომ GovTech ხელშეწყობის კუთხით, საქართველო არამხოლოდ საერთაშორისო, არამედ რეგიონულ ტენდეციებსაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

 

ზოგადი ინფორმაცია GovTech მზაობის ინდექსის შესახებ

 

GovTech არის ერთიანი მთავრობის მიდგომა საჯარო სექტორის მოდერნიზაციისთვის და ხელს უწყობს მარტივ, ეფექტურ და გამჭვირვალე მმართველობასა და მოქალაქეებზე ორიენტირებულ რეფორმებს.

 

ინიციატივა მსოფლიო ბანკმა 2019 წელს წამოიწყო საჯარო სექტორის მოდერნიზაციის მხარდასაჭერად. GovTech მზაობის ინდექსის (GTMI)[1] პირველი გამოცემა 2021 წელს გამოქვეყნდა, იგი ზომავს მმართველობის ოთხ კომპონენტს - ძირითადი სამთავრობო სისტემების მხარდაჭერა, სერვისების მიწოდების გაძლიერება, მოქალაქეთა ჩართულობა და GovTech-ის ხელშეწყობა. ინდექსი ეხმარება პრაქტიკოსებს ახალი ციფრული ტრანსფორმაციის პროექტების შემუშავებაში. GTMI მოიცავს როგორც 198 ქვეყანაზე მისადაგებულ უნიკალურ ინდიკატორებს ასევე რამდენიმე დამკვიდრებული ინდექსის რელევანტურ კომპონენტებს, რომლებიც საჯარო სექტორში ციფრული მმართველობის სხვადასხვა ასპექტებს აფასებენ - მათ შორისაა გაეროს ელექტრონული მმართველობის ინდექსი (იხ. საქართველოს 2020 წლის შედეგების მიმოხილვა[2]), მსოფლიო ბანკის ციფრული განვითარების ინდექსი და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ციფრული მმართველობის ინდექსი. შედეგად, GTMI არის საჯარო სექტორში ციფრული ტრანსფორმაციის ყოვლისმომცველი საზომი.

 

საერთო ჯამში, GTMI არის 4 კომპონენტისგან შემდგარი ინდექსი, რომელიც ეფუძნება 48 ძირითად ინდიკატორს. 198 ქვეყნის სამთავრობო ვებგვერდებიდან მონაცემები შეგროვდა მომდევნო ოთხი კატეგორიის მიხედვით:

 

ძირითადი სამთავრობო სისტემების ინდექსი (CGSI) - დაფუძნებულია 15 საკვანძო ინდიკატორზე, რომლებიც აფასებენ ერთიანი მთავრობის მიდგომის ძირითად ასპექტებს, მათ შორის სამთავრობო მონაცემების ღრუბლოვან პლატფორმას (Government Cloud), სამთავრობო პლატფორმების/მონაცემთა ბაზების ურთიერთთავსებადობას, ღია კოდის რესურსებს, და ინოვაციურ ტექნოლოგიებს. გარდა ამისა, კომპონენტის ერთ-ერთ ინდიკატორად გამოიყენება გაეროს სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ინდექსი (TII), რომელიც ზომავს ისეთ მნიშვნელოვან მაჩვენებლებს, როგორიცაა: ინტერნეტის მომხმარებელთა სავარაუდო რაოდენობა, მობილური აბონენტების რაოდენობა, მობილური ფართოზოლოვანი ინტერნეტის აქტიური მომხმარებლების რაოდენობა, და ფიქსირებული ფართოზოლოვანი აბონენტების რაოდენობა.

 

საჯარო სერვისების მიწოდების ინდექსი (PSDI) - დაფუძნებულია ექვს ძირითად ინდიკატორზე, რომლებიც აფასებენ ეროვნულ ელექტრონული სერვისების პორტალებს და სერვისების მიწოდების ხარისხს (საინფორმაციო, საგადასახადო და საშემოსავლო მართვის ელექტრონულ სერვისებს). ამ კომპონენტში შედის ასევე გაეროს ონლაინ სერვისების ინდექსი (OSI), რადგან ის ეხება მოქალაქეებზე ორიენტირებულ სერვისებს და სამთავრობო ვებგვერდების ხელმისაწვდომობას.

 

მოქალაქეთა ჩართულობის ინდექსი (CEI) - დაფუძნებულია 12 ინდიკატორზე. მათგან ცხრა აფასებს მოქალაქეთა ჩართულობას, მთავრობის რეაგირების ხარისხს, მულტიფუნქციურ ჩართულობის პლატფორმებს, ღია მმართველობის და ღია მონაცემთა პორტალებს (რა მოცულობის ინფორმაციაა გამოქვეყნებული/რამდენად განახლებადი). გარდა ამისა, ეს კომპონენტი იყენებს გაეროს ელექტრონული ჩართულობის ინდექსს (EPI) სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გასათვალისწინებლად, მათ შორის ონლაინ სერვისების გამოყენებით მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდების, ელექტრონული კონსულტაციების, და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ელექტრონულად მონაწილეობის მექანიზმების შესაფასებლად.

 

GovTech ხელშეწყობის ინდექსი (GTEI) - დაფუძნებულია 15 ინდიკატორზე. ამ ინდიკატორებიდან თორმეტი აფასებს, თუ რამდენად ხელსაყრელია გარემო ციფრული მმართველობისთვის. ინდიკატორები ასევე აფასებენ ციფრულ უნარებს, ინსტიტუციების ხელშეწყობის და განვითარების ხარისხს, კანონებსა და რეგულაციებს, სტრატეგიებს, კიბერუსაფრთხოების ხარისხს, და ინოვაციებს საჯარო სექტორში. ასევე გამოიყენება გაეროს ადამიანური კაპიტალის ინდექსი (HCI) შემდეგი მონაცემების გასაზომად: წიგნიერების დონე; სკოლაში ჩარიცხვის კოეფიციენტი; სკოლაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა და მოსალოდნელი რაოდენობა. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის Identification for Development (ID4D) გლობალური მონაცემთა ნაკრების ორი ინდიკატორი გამოიყენება ისეთი ციფრული ID სისტემების შესაფასებლად, რომლებიც იძლევა ონლაინ იდენტიფიკაციისა და სერვისებზე წვდომის საშუალებას.

 

GTMI არ ადგენს ქვეყნების რეიტინგს სხვა მსგავსი ინდექსების ანალოგიურად, სანაცვლოდ, შეწონილი ქულების დათვლის შემდგომ, 198 ქვეყნის შედეგები ჯგუფდება ოთხ კატეგორიად მოცემული ცხრილის შესაბამისად.

 

საქართველოს შედეგები რეიტინგში

 

2020 წლის შედეგებით, საქართველო GovTech მზაობის ინდექსში 0.59 ქულით შეფასდა და 198 ქვეყნიდან 85-ე ადგილს იზიარებს მონღოლეთსა და იამაიკასთან ერთად.

 


GTMI=GovTech მზაობის ინდექსი. CGSI=ძირითადი სამთავრობო სისტემების ინდექსი. PSDI=საჯარო სერვისების მიწოდების ინდექსი. CEI=მოქალაქეთა ჩართულობის ინდექსი. GTEI=GovTech ხელშეწყობის ინდექსი.

 

CGSI კომპონენტში, საქართველო 0.51 ქულით რეიტინგში 86-ე ადგილს იკავებს. ამ კომპონენტის ინდიკატორები აფასებენ საჯარო შესყიდვების ელექტრონულ სისტემას, საბაჟო სისტემას, საგადასახადო მართვის სისტემას, და სხვა საკვანძო სახელმწიფო სისტემებს.

 


ოთხი კომპონენტიდან საუკეთესო შედეგები PSDI (საჯარო სერვისების მიწოდების ინდექსი) ნაწილში დაფიქსირდა, რომლის ინდიკატორები აფასებს საჯარო სერვისების პორტალს, ონლაინ საგადასახადო სისტემას, ელექტრონული სერვისებისთვის ონლაინ გადახდების სისტემას, ონლაინ საბაჟო სისტემას, და სხვა პარამეტრებს. ამ მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობა 0.79 ქულით შეფასდა, რითაც მსოფლიო რეიტინგში 55-ე ადგილის იკავებს.

 

რაც შეეხება CEI კომპონენტს, იგი ერთ-ერთ ინდიკატორად გამოიყენება გაეროს 2020 წლის ელექტრონული მმართველობის კვლევას (ელ-ჩართულობის ინდექსი), დანარჩენი ინდიკატორები ასევე აფასებენ, თუ რამდენად დანერგილია და ფუნქციონირებს ქვეყანაში ღია მმართველობის სტრატეგია, ღია მონაცემების პორტალი, პლატფორმა რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს ჩაერთონ პოლიტიკის შემუშავების პროცესში, პეტიციების ელექტრონული პორტალი და მისი მახასიათებლები (საჯაროობა, ანონიმურობა, შშმ ადაპტირებულობა) და ა.შ. ამ კომპონენტშიც საქართველომ ნულოვანი შეფასება მიიღო 6 ინდიკატორის შემთხვევაში. აღნიშნული ინდიკატორებით შეფასდა მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე წარმოდგენილ სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმები, მათ შორის პრემიერ-მინისტრისთვის ონლაინ წერილის მიწერის შესაძლებლობა.[3] შეფასების მიხედვით, იგი არ არის ანონიმური, შშმ პირებისთვის ადაპტირებული, და არ აკმაყოფილებს გამჭვირვალობის/საჯაროობის მოთხოვნებს, ასევე, არ არსებობს გასაჩივრების საშუალება, არ არის ცნობილი მომსახურების სტანდარტები (მოლოდინის სავარაუდო ხანგრძლივობა, განხილვის პროცედურა), და ადმინისტრაცია არ ასაჯაროებს პლატფორმის მოხმარების სტატისტიკას და სხვა რელევანტურ ინფორმაციას. ამ ნაწილში საქართველო 0.62 ქულით შეფასდა და რეიტინგში 70-ე ადგილს იკავებს.

 

 

ყველაზე დაბალი შედეგები კი GTEI ნაწილში (GovTech ხელშეწყობის ინდექსი) დაფიქსირდა, ვინაიდან საქართველომ 15 ინდიკატორიდან 6-ში ნულოვანი შეფასება მიიღო. საკვანძო გამოწვევებად გამოიკვეთა GovTech და საჯარო მონაცემთა მართვის საერთო მაკოორდინირებელი საჯარო უწყების არ არსებობა, მონაცემთა მართვის ერთიანი სისტემის არ არსებობა, საჯარო მოხელეებისთვის ციფრული ცნობიერების ასამაღლებლად  სახელმწიფო სტრატეგიის ან პროგრამის  არ არსებობა, და საჯარო სექტორში ინოვაციების დანერგვაზე პასუხისმგებელი უწყების არ არსებობა. ამ კომპონენტში საქართველო 198 ქვეყნიდან 115-ე ადგილს იკავებს.

 

მეზობელი, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ბალტიის ქვეყნები და საქართველო

 

საქართველოს მეზობელ, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ბალტიის ქვეყნებს შორის (ჯამში, 11 ქვეყანა) ყველაზე კარგი შედეგები ესტონეთს აქვს, რაც მას A კატეგორიის ქვეყნების სათავეში აქცევს, ამავე ჯგუფში გვხვდება თურქეთი და ლიეტუვაც, ხოლო დანარჩენი 8 ქვეყანა B კატეგორიაში ფიგურირებს. თავად საქართველოს GTMI ქულა მხოლოდ სომხეთის, ბელარუსის, და უკრაინის ქულებს აღემატება. 

 

საქართველოსთან მიმართებაში, ამ ქვეყნების უპირატესობების შეფასებისთვის, აუცილებელია მათი მიღწევების შესწავლა ინდექსის ოთხივე კომპონენტში. GTEI (GovTech ხელშეწყობის ინდექსი) კომპონენტში საქართველოს მაჩვენებელი (0.43) ბელარუსისას უტოლდება და ყველა დანარჩენ ქვეყანას ჩამოუვარდება. რაც ნიშნავს, რომ GovTech ხელშეწყობის კუთხით საქართველო არამხოლოდ საერთაშორისო, არამედ რეგიონულ ტენდეციებსაც მნიშვნელოვნად ჩამორჩა. საქართველო და ბელარუსი წარმოადგენენ ორად ორ ქვეყანას რეგიონში, რომლებსაც არ გააჩნიათ საჯარო მონაცემებსა და საჯარო სექტორში ინოვაციების დანერგვაზე პასუხისმგებელი უწყება/უწყებები. ქულას ასევე აუარესებს საჯარო მოხელეებისთვის ციფრული უნარების გაუმჯობესების სტრატეგიის არ არსებობაც.

 

რეგიონში შედარებით უკეთესი პოზიცია აქვს საქართველოს მოქალაქეთა ჩართულობის კომპონენტის (CEI) მხრივ. საქართველოს, ხსენებული 11 ქვეყნიდან მეექვსე ადგილი უკავია. ყველაზე კარგი შედეგები ამ მიმართულებით ესტონეთს, ლიეტუვას, მოლდოვას და სომხეთს უფიქსირდებათ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება, ვინაიდან CEI-ს 12 ინდიკატორიდან საქართველოს 6-ში აქვს მიღებული ნულოვანი შეფასება. ექვსივე აღნიშნული ინდიკატორი უკავშირდება მოქალაქეთა ჩართულობის პლატფორმის ფუნქციებსა და პარამეტრებს. კერძოდ, არ არსებობს უკუკავშირის საჯარო პლატფორმა, სადაც მოქალაქეებს ან კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეეძლებათ მთავრობის საქმიანობის შეფასების დაფიქსირება. მთავრობა რეგულარულად არ აქვეყნებს მოქალაქეებთან ჩართულობისა და უკუკავშირის სტატისტიკას და ა.შ.

 

 

გლობალური ტენდენციები

 

მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, GovTech ინიციატივებისადმი ინტერესი იზრდება მთელ მსოფლიოში. 198-დან 80 ქვეყანაში უკვე არსებობს GovTech დღის წესრიგის ხელმძღვანელი უწყება. 43 ქვეყანაში უკვე ვხვდებით ციფრული მმართველობისა და ტრანსფორმაციის კარგ პრაქტიკებს. სამწუხაროდ, მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფო ახორციელებს GovTech სფეროში ინვესტიციების, ანგარიშების, ინიციატივების, მიღწეული შედეგების, და გამოწვევების გამჭვირვალედ აღრიცხვასა და გასაჯაროებას.

 

ქვეყნების უმეტესობას უკვე აქვს განვითარებული ძირითადი სამთავრობო სისტემები, როგორიცაა ონლაინ სერვისების პორტალები და ღია მონაცემთა პლატფორმები, მაგრამ ეს სისტემები ხშირად ფრაგმენტული და ერთმანეთთან დაუკავშირებელია. ქვეყნების უმეტესობაში არსებობს ურთიერთდაკავშირების, მონაცემთა გაცვლის და თავსებადობის გაუმჯობესების შესაძლებლობები.

 

ონლაინ სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მრავალ ქვეყანაში უკვე ხელმისაწვდომია ინტეგრირებული ეროვნული პორტალები. თუმცა, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას - ძირითადად A და B ჯგუფებში - გააჩნიათ ორმხრივი ინფორმაციის ნაკადი მთავრობასა და მოქალაქეებს ან მთავრობასა და ბიზნესს შორის, მობილური აპლიკაციებზე ადაპტირებული საყოველთაოდ ხელმისაწვდომი მომხმარებელზე ორიენტირებული ტრანზაქციების სერვისები, და მომსახურების ხარისხის საზომი სისტემები.

 

სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები შეიმუშავებენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ ინიციატივებს მოქალაქეთა ციფრული ჩართულობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ რთულია ინფორმაციის მოძიება ამ ინსტრუმენტების გავლენის შესახებ. მთავრობები იშვიათად ასაჯაროებენ მომსახურების ხარისხის სტანდარტების შესახებ ინფორმაციას. ქვეყნების მხოლოდ მცირე ჯგუფს აქვს მოქალაქეთა ჩართულობის მრავალფუნქციური პორტალი, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეებს პეტიციის წარდგენის, მათი შენიშვნების გამოქვეყნების და ანონიმური გამოხმაურების შესაძლებლობას, და მთავრობის მხრიდან პასუხის გამოქვეყნებას.

 

უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში მიღებული ციფრული მთავრობის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების უმეტესობა მოიცავს უწყებების შექმნას, რომლებიც ხელს უწყობენ GovTech დღის წესრიგის განხორციელებას. აღნიშნული სტრატეგიული დოკუმენტები აქცენტს აკეთებენ ჰოლისტიკური მთავრობის მიდგომაზე, მონაცემებზე ორიენტირებულ საჯარო სექტორზე, ციფრული უნარების განვითარებასა და ინოვაციების ლაბორატორიებზე.

 

მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე რამდენიმე ქვეყანამ უკვე აღიარა და გამოიყენა ახალი და რევოლუციური ტექნოლოგიების პოტენციალი. მათ შემუშავებული აქვთ ეროვნული სტრატეგიები და გეგმები ხელოვნური ინტელექტის, ბლოკჩეინისა და სხვა განვითარებადი ტექნოლოგიებისთვის და GovTech-ის ზოგიერთი ლიდერი უკვე იყენებს ამ ინიციატივებს სხვადასხვა სექტორში.

 

დასკვნა

 

მსოფლიო ბანკის GovTech მზაობის ინდექსმა შეაჯამა 198 ქვეყანის მიერ საჯარო სექტორის მოდერნიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა. საქართველოს შედეგები თვალსაჩინოდ ხდის რეგიონულ დონეზე არსებულ ჩამორჩენას და იკვეთება კონკრეტული სფეროები, სადაც აუცილებელია დაუყოვნებლივ მოქმედება. კერძოდ, საქართველოში კვლავ არ არსებობს სახელმწიფო უწყება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საჯარო მონაცემების ერთიანად მართვაზე, ასევე, საჯარო სექტორში თანამედროვე ინიციატივების/ტექნოლოგიების დანერგვასა და ხელშეწყობაზე.

 

გარდა ამისა, მიზანშეწონილია ქვეყანაში შემუშავდეს გრძელვადიანი ელექტრონული მმართველობის სტრატეგია, შემუშავდეს საჯარო მოხელეებისთვის ციფრული უნარების ამაღლების სტრატეგია/სამოქმედო გეგმა და პროგრამა, და დაინერგოს მოქალაქეთა ჩართულობის ეფექტური სისტემა. საჭიროა უზრუნველყოფილი იყოს ამ მიმართულებით რეფორმის განხორიცელების ეფექტური კოორდინაცია. ამავდროულად, მნიშვნელოვანია სერვისების ონლაინ ხელმისაწვდომობის გაზრდა, ამ სერვისების გამოყენების წახალისება, ინტერნეტ ხელმისაწვდომობის გაზრდა, ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა, საქართველოს რეგიონებში ელ-მმართველობის სისტემების ფორსირებული დანერგვა და ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის ერთიანი სტანდარტების დანერგვა და გაუმჯობესება.

 

 

 

[1]GovTech Maturity Index : The State of Public Sector Digital Transformation

[2]საქართველო გაეროს ელექტრონული მმართველობის ინდექსში

[3] წერილის მიწერის შესაძლებლობა

 

_____________

 

კვლევა მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია Luminate-ის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს Luminate-ის პოზიციას.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024