მონაცემთა გლობალურ ბარომეტრი: აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის შედეგები

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | ღია მმართველობა 12 მაისი 2022

2022 წლის მაისში გამოქვეყნდა მონაცემების გლობალური ბარომეტრის (GDB) პირველი გლობალური ანგარიში, რომელიც იკვლევს საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის მონაცემების მნიშვნელობასა და სარგებელს, და ეფუძნება ღია მონაცემების ბარომეტრის მეთოდოლოგიას. GDB ერთიანი მეთოდოლოგიით, სხვადასხვა ინდიკატორების საფუძველზე, აფასებს 108 ქვეყანას და შედეგად ადგენს ქვეყნების რეიტინგს.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ჰაბი გახდა GDB-ის 2021 წლის საპილოტე კვლევის ფარგლებში. ჰაბი მოიცავს 12 ქვეყანას - უკრაინა, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი და მონღოლეთი. აღნიშნულ ანალიზში მოცემულია რეგიონის ქვეყნების შედეგების მიმოხილვა და მთავარი მიგნებები.

 

 

რეგიონის პროფილი

 

აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებს აერთიანებთ საერთო მნიშვნელი საბჭოთა წარსულის სახით, რომლის შედეგები ჯერ კიდევ თვალსაჩინოა საჯარო მმართველობისა და პოლიტიკური გარემოს თვალსაზრისით. ეს ქვეყნები იზიარებენ პოსტსაბჭოთა მთავრობების არაერთ მახასიათებელს სხვადასხვა ხარისხით, როგორიცაა რთული ბიუროკრატია, ავტორიტარული ტენდენციები, განვითარებადი ინფრასტრუქტურა, დაბალი ციფრული წიგნიერება და პრესის თავისუფლების გამოწვევები. თუმცა, მსგავსების მიუხედავად, გვხვდება მნიშვნელოვნად განსხვავებული მონაცემთა ეკოსისტემებიც, ერთი მხრივ, საკმაოდ განვითარებული მაგალითებით, როგორიცაა, უკრაინა და მეორე მხრივ, უფრო დახურული სტრუქტურები, როგორიცაა, თურქმენეთი და ბელარუსი.

 

რაც შეეხება მარგინალიზებულ ჯგუფებს, მკვლევართა უმრავლესობამ ყურადღება გაამახვილა მათ ქვეყნებში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებზე, როგორიცაა უზბეკური თემი ტაჯიკეთში, ეთნიკური სომხები და აზერბაიჯანელები საქართველოში, სხვადასხვა ჯგუფები აზერბაიჯანში და ა.შ. კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში, როგორიცაა საქართველო და უკრაინაში, საერთო მახასიათებელი იყო იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა. უფრო ზოგადად, რამდენიმე ქვეყნის შემთხვევაში პოტენციურად მარგინალიზებულ ჯგუფებად მოიხსენიება შემდეგი ჯგუფები: ქალები, LGBTQ+ საზოგადოება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მოხუცები, და რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა. ერთ-ერთი საინტერესო ტენდენცია, რომელიც გამოვლინდა ეხებოდა სახელმწიფოს მიერ მარგინალიზებული/მოწყვლადი ჯგუფების ოფიციალურ აღიარებას. მიუხედავად იმისა, რომ შესწავლილი ქვეყნებიდან რამდენიმე ასეთ ჯგუფებს საკანონმდებლო/პოლიტიკის დოკუმენტებში მოიხსენიებს და აქტიურად არის ჩართული მათ წინაშე მდგარი გამოწვევების დაძლევაში, ზოგიერთს, როგორც ჩანს, არ გადაუდგამს რაიმე ფორმალური ნაბიჯები ამ მიმართულებით.

 

ძირითადი მიგნებები

 

ბარომეტრის გამოყენებისა და გავლენის კატეგორია, ყველაზე რთული გამოწვევა აღმოჩნდა რეგიონისთვის, უკრაინაში დაფიქსირებული შედეგების გამოკლებით. მკვლევრებმა აღმოაჩინეს მონაცემების პრაქტიკაში გამოყენების მხოლოდ სპორადული/ერთეული მაგალითები, რომლებსაც ძირითადად მედია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ხელმძღვანელობენ, რაც მიუთითებს აკადემიური და კერძო სექტორის აქტორების მონაცემებთან ჩართულობის ნაკლებობაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ მედიის მხრიდან მონაცემების გამოყენების მაგალითები, ხშირად ეყრდნობოდა სამოქალაქო საზოგადოებას, როგორც შუამავალს. ღია ფორმატში გამოქვეყნებული მონაცემების და ანალიტიკური ინსტრუმენტების ნაკლებობის გამო, მონაცემთა სიღრმისეული დამუშავება ხშირად ზედმეტად შრომატევადი შეიძლება აღმოჩნდეს სწრაფი ტემპით მომუშავე მედიასაშუალებებისთვის. აქედან გამომდინარე, ისინი ძირითადად აშუქებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ კვლევებსა და ანგარიშებს, განსაკუთრებით პოლიტიკური ფინანსების და საჯარო მოხელეების ქონებრივ დეკლარაციების თემატიკაზე დაფუძნებულ მასალას.

 

გარდა ამისა, რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს ოფიციალური პირების და მმართველობის პროცესების საჯარო ზედამხედველობის ინსტრუმენტები. მათ ახასიათებთ დახურული პოლიტიკური სისტემები, სადაც მოქალაქეებს და სამოქალაქო საზოგადოებას ნაკლებად აქვთ სოციო-პოლიტიკური ჩართულობის საშუალება. რეგიონის ავტორიტარულ ქვეყანებში აღინიშნება ისეთი დამოუკიდებელი ინსტიტუტების ნაკლებობა, რომლებსაც შეუძლიათ გამოავლინონ და შეაფასონ ხელისუფლების წარუმატებლობა. ამ ქვეყნების ეროვნულმა მკვლევრებმა განაცხადეს, რომ აქტივისტებს. რომლებიც მთავრობის წინააღმდეგ საუბრობენ რეგულარულად ხდებიან მუქარის, შევიწროების და პატიმრობის მსხვერპლები.

 

მონაცემთა შესწავლილი კატეგორიებიდან, რეგიონში ყველაზე მაღალი ხელმისაწვდომობით გამოირჩევა საჯარო შესყიდვების მონაცემები. შესწავლილი ქვეყნების უმეტესობას გააჩნიათ შესყიდვების ინოვაციური პორტალები და აქტიურად იყენებენ ღია კონტრაქტების სტანდარტებს (OCDS). მეორე მხრივ, რეგიონისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა აღმოჩნდა ლობისტური აქტივობების შესახებ მონაცემების ხელმისაწვდომობა. ქვეყნების უმეტესობას ან არ გააჩნია ფუნქციური ჩარჩო ასეთი მონაცემების შესაგროვებლად, ან არ ახორციელებს მათ საჯაროდ გამოქვეყნებას. კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია პოსტ-პანდემიურ პერიოდში, უკავშირდება ვაქცინაციის შესახებ მონაცემების ხელმისაწვდომობას. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის უმეტეს ქვეყნებში საერთო სტატისტიკა ხელმისაწვდომია, ამ მხრივ შეინიშნება ღია და დამუშავებადი მონაცემების ნაკლებობა.

 

აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში პოლიტიკური კეთილსინდისიერების კატეგორიიდან ხელმისაწვდომ მონაცემებს აკლია ურთიერთთავსებადობა. ზოგიერთი ქვეყანა პროგრესირებს ღია მონაცემების შესახებ კანონმდებლობისა და ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, თუმცა დანარჩენებში ბოლო წლების განმავლობაში ფუნდამენტური რეფორმები არ დაწყებულა და აღინიშნება სტაგნაცია, ზოგ ქვეყანაში რეგრესიც კი.

 

სამომავლო პერსპექტივები

 

უპირველეს ყოვლისა, რეგიონის ქვეყნებს სჭირდებათ ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის მყარი მარეგულირებელი ჩარჩო, ვინაიდან ქვეყნების უმრავლესობა ამ ეტაპზე არ ხელმძღვანელობს ღია მონაცემების ერთიანი სტანდარტებით. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ძლიერი პოლიტიკური ნების არსებობა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიმღებთა ცნობიერების ამაღლებას ქვეყანაში არსებული ღია მონაცემთა ეკოსისტემების მნიშვნელობის შესახებ.

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ღია მონაცემთა მართვის პროცესში ჩართული ყველა შესაბამისი მხარის შესაძლებლობების გაზრდა, რაც მოიცავს მონაცემთა შეგროვებას, დამუშავებას, გამოქვეყნებას და გამოყენებას. კერძოდ, პრიორიტეტული უნდა იყოს საჯარო მოხელეების კვალიფიკაცია მონაცემთა მენეჯმენტის და ღია მონაცემთა სტანდარტების თვალსაზრისით, რადგან სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელნი საჯარო მონაცემების უმეტესობის გენერირებაზე. პარალელურად, საჭიროა შესაძლებლობების განვითარება სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოება, მედია და კერძო სექტორი, რათა გაიზარდოს ღია მონაცემების გამოყენების შედეგად წარმოქმნილი დადებითი გავლენები.

 

და ბოლოს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის პარტნიორობის და თანამშრომლობის დამყარებას ღია მონაცემების შეგროვების, გამოქვეყნებისა და გამოყენების საკითხებზე. ასეთი მრავალსექტორული და მრავალმხრივი თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაზრდის მონაცემთა ინიციატივების გავლენას საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე. სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს აქვთ პოტენციალი გააერთიანონ თავიანთი ძალისხმევა და შეიმუშაონ ინოვაციური სერვისები და ახალი პროდუქტები, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება მოქალაქეების კეთილდღეობაზე. სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის სარგებელი ამ ეტაპზე უკვე თვალსაჩინოა, თუმცა მონაცემების ეკონომიკური პოტენციალი, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ არის სრულად რეალიზებული ან წახალისებული. ღია მონაცემთა ეკონომიკურ ასპექტებზე ყურადღების გამახვილებამ შეიძლება ხელი შეუწყოს რეგიონში ღია მონაცემების კუთხით არსებული ინიციატივების და მუშაობის გააქტიურებას და წინსვლას. უფრო მეტიც, ღია მონაცემთა ეკონომიკურ ასპექტებზე ორიენტირებამ შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს გადაწყვეტილების მიმღებთა დარწმუნებაში და ღია მონაცემებთან დაკავშირებული რეფორმების ინიცირებაში, ამ გზით ასევე შესაძლებელია კერძო სექტორის მეტად დაინტერესება და მიმდინარე პროცესებში ჩართვა.

 

 - მონაცემთა გლობალური ბარომეტრის გლობალური ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე

 - ცალკეული ქვეყნის შედეგები ხელმისაწვდომია ბმულზე

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” წინადადებები ევროკავშირის პრიორიტეტების შესრულებასთან დაკავშირებით

23.09.2022

საინფორმაციო სესია ქუთაისის საკრებულოს წარმომადგენლებთან თემაზე: საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასების მექანიზმი

22.09.2022

საინფორმაციო სესია ბათუმის საკრებულოს წარმომადგენლებთან თემაზე: საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასების მექანიზმი

22.09.2022

გლობალური მიზნების კვირეულის ფარგლებში IDFI-მ გურიის რეგიონში ტრენინგები გამართა

22.09.2022
განცხადებები

სამოქალაქო სექტორი სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

22.09.2022

მოსამართლეებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტები რეაგირებას საჭიროებს

22.09.2022

თელარა გელანტიამ IDFI-ს სამართლებრივი მხარდაჭერით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის მიზნით სახალხო დამცველს მიმართა

19.09.2022

საქართველოს და რუსეთის სპეცსამსახურების კავშირზე გოგაშვილის გაჟღერებული ინფორმაცია გამოძიებას საჭიროებს

15.09.2022
ბლოგპოსტები

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უფლება სამართლიან სასამართლოზე

11.07.2022

ქართული პრესისა და ბეჭდვითი მედიის ცენზურის ისტორია

03.05.2022

9 მაისის აღნიშვნა რუსეთში

02.05.2022

ციფრული უფლებები ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში

15.04.2022