მმართველობა თავის თავში გულისხმობს იმ ტრადიციებსა და ინსტიტუციებს, რომელთა საშუალებითაც ხორციელდება ხელისუფლება სახელმწიფოში. აღნიშნული კი მოიცავს ქვეყანაში არსებულ იმ სისტემას, რომლის საშუალებითაც აირჩევა და ხორციელდება ხელისუფლება, ასევე, ხელისუფლების უნარს, ჩამოაყალიბოს და დანერგოს ეფექტური რეფორმები, მოსახლეობის ნდობას აღნიშული პროცესებისადმი და სხვა. გლობალური მმართველობის ინდიკატორებით (World Governance Indicators) ხდება მონაწილე სახელმწიფოთა მმართველობის სხვადასხვა ასპექტის შეფასება, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება და ანგარიშვალდებულება, პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობის/ტერორიზმის აღმოფხვრა, ეფექტური მმართველობა, რეგულირების ხარისხი, კანონის უზენაესობა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.
გლობალური მმართველობის ინდიკატორები წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც სრულად ეფუძნება სხვადასხვა გლობალურ რეიტინგებსა და შეფასებებს (მაგ. Freedom House, IREX Media Sustainability Index, Open Budget Index, World Justice Project და ა.შ. სულ 32). აღნიშნული მონაცემები თავის მხრივ ეყრდნობა კვლევით ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ისევე როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს. არსებული გლობალური რეიტინგების აგრეგაციის გზით გლობალური მმართველობის ინდიკატორების მიერ ხდება ახალი ერთიანი მაჩვენებლების მიღება. გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით ფასდება 215 ქვეყანა. კვლევა მოიცავს პერიოდს 1996 წლიდან 2014 წლის ჩათვლით.
გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მონაწილე სახელმწიფოთა შეფასების ექვსი ძირითადი მიმართულებაა:
1. გამოხატვის თავისუფლება და ანგარიშვალდებულება - ფასდება ხელისუფლების არჩევის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა, სიტყვის, მედიის, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება.
2. პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობის/ტერორიზმის აღმოფხვრა - ფასდება მმართველობის ძალადობრივი გზით შეცვლის ალბათობა, ისევე როგორც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და ძალადობის აღმოფხვრის მიზნით განხორციელებული ქმედებები.
3. ეფექტური მმართველობა - ფასდება სახელმწიფო სერვისების ეფექტურობა, საჯარო სამსახურის ხარისხი და პოლიტიკური დამოუკიდებლობა.
4. რეგულირების ხარისხი - ფასდება სახელმწიფოს უნარი შეიმუშაოს და გაატაროს რეფორმები კერძო სექტორის განვითარების მიზნით.
5. კანონის უზენაესობა - ფასდება მთავრობის მოქმედებების კანონის ნორმებთან შესაბამისობა, სასამართლო ხელისუფლების პატივისცემა, ყურადღება მახვილდება სამართალდარღვევათა და დანაშაულის სტატისტიკაზე.
6. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა - ფასდება მმართველი ძალების მიერ საკუთარი უფლებამოსილების გამოყენების პრაქტიკა პირადი ინტერესებისთვის. შეფასება მოიცავს როგორც კორუფციას ქვედა დონეზე, ისევე, როგორც ელიტური კორუფციის შეფასებას.
რაც შეეხება საქართველოს გლობალური მმართველობის ინდიკატორებში, აღსანიშნავია, რომ 1996 წლიდან 2014 წლამდე პერიოდში, სახელმწიფოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს მიღწეული უკლებლივ ყველა ექვსი მიმართულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეინიშნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, კანონის უზენაესობის, რეგულირების ხარისხისა და ეფექტური მმართველობის ინდიკატორებში.
გლობალური მმართველობის ინდიკატორები (WGI) წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომლის იდეაც ინიცირებულ იქნა დანიელ კაუფმანისა (Natural Resource Governance Institute and Brookings Institution) და აართ კრაის (World Bank Development Research Group) მიერ 1999 წელს. კვლევის განხორცილებასა და განახლებაში ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მასიმო მატრუციმ და პაბლო ზოიდომ.
მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები არ ასახავენ შემდეგი სუბიექტებისა და მათი აღმასრულებელი დირექტორების (ხელმძღვანელების) ოფიციალურ მოსაზრებებსა და პოზიციებს: Natural Resource Governance Institute, the Brookings Institutions, the World Bank. მონაცემები არ გამოიყენება მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ რესურსების განაწილების პროცესში გადაწყვეტილებების მიღებისას.
რაც შეეხება 2014 წლისათვის არსებულ მდგომარეობას, ყველაზე მაღალი შეფასება სახელმწიფოს კორუფციის კონტროლისა (75,5 %) და რეგულირების ხარისხის მხრივ (79,3%) აქვს მინიჭებული, ყველაზე დაბალი (35, 9%) რეიტინგი კი ქვეყანას პოლიტიკური სტაბილურობისა და ძალადობის აღმოფხვრის ინდიკატორში აქვს მინიჭებული.
როგორც კვლევამ აჩვენა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს მიღწეული მმართველობის ყველა ინდიკატორში. მსოფლიო მასშტაბით საქართველოს პირველი ადგილი უკავია განვლილი პროგრესის მხრივ ისეთ სფეროებში როგორიცაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და რეგულირების ხარისხი (რომლითაც ფასდება სახელმწიფოს უნარი შეიმუშაოს და გაატაროს რეფორმები კერძო სექტორის განვითარების მიზნით). 1996 წლიდან 2014 წლამდე მიღწეული პროგრესის თვალსაზრისით საქართველოს მეორე ადგილი უკავია ისეთ ინდიკატორებში, როგორებიცაა ეფექტური მმართველობა და კანონის უზენაესობა.
ამასთან, როგორც ეს საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან შედარებამ ცხადყო, მიღწეული პროგრესის მხრივ საქართველოს პირველი ადგილი უკავია უკლებლივ ყველა ინდიკატორში რეგიონული მასშტაბით.
აუცილებელია ხაზი გაესვას იმასაც, რომ რიგ ინდიკატორებში საქართველო არ ჩამოუვარდება ცენტრალური და სამხრეთ ევროპის ისეთი ქვეყნების შეფასებებს, როგორიცაა ჩეხეთი, სლოვაკეთი, იტალია, საბერძნეთი, მაკედონია, უნგრეთი, ბულგარეთი და სხვა.
საქართველოს ასევე მოწინავე პოზიცია უკავია ისეთ საერთაშორისო შეფასებებში, როგორიცაა მსოფლიო სამართლის მიერ 2015 წლის მარტში გამოქვეყნებული ღია მმართველობის ინდექსი. აღნიშნული ინდექსის მიხედვით, საქართველოს მინიჭებული აქვს 0.61 შეფასება უმაღლესი 1 ქულიდან და მოცემული რეიტინგით პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 13 ქვეყანას შორის, ხოლო მსოფლიო მასშტაბით კი, 29-ე ადგილზეა 102 ქვეყანას შორის. ამ შედეგით საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა სლოვაკეთი, მაკედონია, საბერძნეთ და ხორვატია. ქვეყნები, რომლებმაც უმაღლესი შეფასებები მიიღეს არის: შვედეთი, ახალი ზელანდია, ნორვეგია, დანია და ნიდერლანდები.
საქართველო ასევე აქტიურად მონაწილეობს ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაშიც. კერძოდ, 2014 წელს საქართველო არჩეულ იქნა OGP-ის მმართველ კომიტეტში. ხოლო საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება აღებული და შესრულებული ვალდებულებების მიხედვით ერთ-ერთ გამორჩეულ ქვეყანას წარმოადგენს ინიციატივაში მონაწილე სახელმწიფოებს შორის. საქართველოს 2014-2015 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული აქვს მნიშვნელოვანი ვალდებულებები, დანერგოს ისეთი რეფორმები, რომელთა განხორციელებაც უზრუნველყოფს ქვეყნის შემდგომ განვითარებას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მოქალაქეთა ჩართულობა, ინტერესთა კონფლიქტი, საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობა, თანამდებობის პირთა დეკლარაციების სისტემა და სხვა.
ყოველივე ზემოთაღნიშნული უდავოდ მიუთითებს იმაზე, რომ მიუხედავად არსებული მნიშვნელოვანი პრობლემებისა ქვეყანა საერთაშორისო დონეზე აღქმულია, როგორ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სახელმწიფო. მიუხედავად ამისა ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ აღნიშული ატარებდეს მდგრად ხასიათს. IDFI იმედოვნებს, რომ საქართველო არც მომდევნო წლებში ასცდება სწრაფი განვითარების გეზს, რაც შემდგომში აისახება მართველობის მსოფლიო ინდიკატორებიც.