საქართველო გლობალური მმართველობის ინდიკატორებში

სიახლეები | კარგი მმართველობა | პუბლიკაციები | სტატია 25 სექტემბერი 2015

მმართველობა თავის თავში გულისხმობს იმ ტრადიციებსა და ინსტიტუციებს, რომელთა საშუალებითაც ხორციელდება ხელისუფლება სახელმწიფოში. აღნიშნული კი მოიცავს ქვეყანაში არსებულ იმ სისტემას, რომლის საშუალებითაც აირჩევა და ხორციელდება ხელისუფლება, ასევე, ხელისუფლების უნარს, ჩამოაყალიბოს და დანერგოს ეფექტური რეფორმები, მოსახლეობის ნდობას აღნიშული პროცესებისადმი და სხვა. გლობალური მმართველობის ინდიკატორებით (World Governance Indicators) ხდება მონაწილე სახელმწიფოთა მმართველობის სხვადასხვა ასპექტის შეფასება, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება და ანგარიშვალდებულება, პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობის/ტერორიზმის აღმოფხვრა, ეფექტური მმართველობა, რეგულირების ხარისხი, კანონის უზენაესობა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.


გლობალური მმართველობის ინდიკატორები წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც სრულად ეფუძნება სხვადასხვა გლობალურ რეიტინგებსა და შეფასებებს (მაგ. Freedom House, IREX Media Sustainability Index, Open Budget Index, World Justice Project და ა.შ. სულ 32). აღნიშნული მონაცემები თავის მხრივ ეყრდნობა კვლევით ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ისევე როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს. არსებული გლობალური რეიტინგების აგრეგაციის გზით გლობალური მმართველობის ინდიკატორების მიერ ხდება ახალი ერთიანი მაჩვენებლების მიღება. გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით ფასდება 215 ქვეყანა. კვლევა მოიცავს პერიოდს 1996 წლიდან 2013 წლის ჩათვლით. 

 

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების კვლევითი მონაცემთა ბაზა განახლებულ იქნა 2015 წლის 25 სექტემბერს და მოიცვა მსოფლიო მასშტაბით შეფასება 2014 წლისთვის. აღნიშული განახლება არ არის ასახული IDFI-ს მიმდინარე კვლევაში. 2014 წლის მონაცემებს დაეთმობა ორგანიზაციის ახალი კვლევა, რომელიც ჩვენს ვებ-გვერდზე უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

 

გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მონაწილე სახელმწიფოთა შეფასების ექვსი ძირითადი მიმართულებაა:

 

1. გამოხატვის თავისუფლება და ანგარიშვალდებულება - ფასდება ხელისუფლების არჩევის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა, სიტყვის, მედიის, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება.


2. პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობის/ტერორიზმის აღმოფხვრა - ფასდება მმართველობის ძალადობრივი გზით შეცვლის ალბათობა, ისევე როგორც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და ძალადობის აღმოფხვრის მიზნით განხორციელებული ქმედებები.


3. ეფექტური მმართველობა - ფასდება სახელმწიფო სერვისების ეფექტურობა, საჯარო სამსახურის ხარისხი და პოლიტიკური დამოუკიდებლობა.


4. რეგულირების ხარისხი - ფასდება სახელმწიფოს უნარი შეიმუშაოს და გაატაროს რეფორმები კერძო სექტორის განვითარების მიზნით.


5. კანონის უზენაესობა - ფასდება მთავრობის მოქმედებების კანონის ნორმებთან შესაბამისობა, სასამართლო ხელისუფლების პატივისცემა, ყურადღება მახვილდება სამართალდარღვევათა და დანაშაულის სტატისტიკაზე.


6. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა - ფასდება მმართველი ძალების მიერ საკუთარი უფლებამოსილების გამოყენების პრაქტიკა პირადი ინტერესებისთვის. შეფასება მოიცავს როგორც კორუფციას ქვედა დონეზე, ისევე, როგორც ელიტური კორუფციის შეფასებას.

 

 

რაც შეეხება საქართველოს გლობალური მმართველობის ინდიკატორებში, უნდა ითქვას, რომ 1996 წლიდან 2013 წლამდე პერიოდში, სახელმწიფოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს მიღწეული უკლებლივ ყველა ექვსი მიმართულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეინიშნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, კანონის უზენაესობის, რეგულირების ხარისხისა და ეფექტური მმართველობის ინდიკატორებში, სადაც 1996 წლიდან 2013 წლამდე პერიოდში ზრდის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება.

 

გლობალური მმართველობის ინდიკატორები (WGI) წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომლის იდეაც ინიცირებულ იქნა დანიელ კაუფმანისა (Natural Resource Governance Institute and Brookings Institution) და აართ კრაის (World Bank Development Research Group) მიერ 1999 წელს. კვლევის განხორცილებასა და განახლებაში ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მასიმო მატრუციმ და პაბლო ზოიდომ.

 

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები არ ასახავენ შემდეგი სუბიექტებისა და მათი აღმასრულებელი დირექტორების (ხელმძღვანელების) ოფიციალურ მოსაზრებებსა და პოზიციებს: Natural Resource Governance Institute, the Brookings Institutions, the World Bank. მონაცემები არ გამოიყენება მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ რესურსების განაწილების პროცესში გადაწყვეტილებების მიღებისას.

 

 

რაც შეეხება 2013 წლისთვის არსებულ მდგომარეობას, უნდა ითქვას, რომ ყველაზე მაღალი შეფასება სახელწიფოს ეფექტური მმართველობისა (69.4%) და რეგულირების ხარისხის (73.7%) მხრივ აქვს მინიჭებული, ყველაზე დაბალი 30.8%-იანი რეიტინგი კი ქვეყანას პოლიტიკური სტაბილურობისა და ძალადობის აღმოფხვრის ინდიკატორში აქვს მინიჭებული.

როგორც კვლევამ აჩვენა, საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს მიღწეული გლობალური მმართველობის ყველა ინდიკატორში. მსოფლიო მასშტაბით საქართველოს პირველი ადგილი უკავია განვლილი პროგრესის მხრივ ისეთ სფეროებში, როგორიცაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და რეგულირების ხარისხი (რომლითაც ფასდება სახელმწიფოს უნარი შეიმუშაოს და გაატაროს რეფორმები კერძო სექტორის განვითარების მიზნით). 1996 წლიდან 2013 წლამდე მიღწეული პროგრესის თვალსაზრისით, საქართველოს მეორე ადგილი უკავია ისეთ ინდიკატორებში, როგორებიცაა ეფექტური მმართველობა და კანონის უზენაესობა.


ამასთან, როგორც ეს საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან შედარებამ ცხადყო, მიღწეული პროგრესის მხრივ, საქართველოს პირველი ადგილი უკავია უკლებლივ ყველა ინდიკატორში რეგიონული მასშტაბით.

 

აუცილებელია ხაზი გაესვას იმასაც, რომ რიგ ინდიკატორებში საქართველო არ ჩამოუვარდება ცენტრალური და სამხრეთ ევროპის ისეთი ქვეყნების შეფასებებს, როგორიცაა ჩეხეთი, სლოვაკეთი, იტალია, საბერძნეთი, მაკედონია, უნგრეთი, ბულგარეთი და სხვა.


საქართველოს ასევე მოწინავე პოზიცია უკავია ისეთ საერთაშორისო შეფასებებში, როგორიცაა მსოფლიო სამართლის ინიციატივის მიერ 2015 წლის მარტში გამოქვეყნებული ღია მმართველობის ინდექსი. აღნიშნული ინდექსის მიხედვით, საქართველოს მინიჭებული აქვს 0.61 შეფასება უმაღლესი 1 ქულიდან. მოცემული რეიტინგით, საქართველოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 13 ქვეყანას შორის პირველი პოზიცია უკავია, ხოლო მსოფლიო მასშტაბით კი 102 ქვეყანას შორის 28-29-ე ადგილებს ინაწილებს იტალიასთან. ამ შედეგით საქართველო უსწრებს ისეთ ევროპულ სახელმწიფოებს, როგორიცაა: სლოვენია, მაკედონია, საბერძნეთი, ხორვატია. ქვეყნებმა, რომლებმაც უმაღლესი შეფასებები მიიღეს არიან: შვედეთი, ახალი ზელანდია, ნორვეგია, დანია და ნიდერლანდები.


საქართველო ასევე აქტიურად მონაწილეობს ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაშიც. კერძოდ, საქართველო 2014 წელს არჩეულ იქნა OGP-ის მმართველ კომიტეტში, ხოლო საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლება აღებული და შესრულებული ვალდებულებების მიხედვით ერთ-ერთი გამორჩეულ ქვეყანას წარმოადგენს ინიციატივაში მონაწილე სახელმწიფოებს შორის. საქართველოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული აქვს მნიშვნელოვანი ვალდებულებები, რომელთა განხორცილებაც უზრუნველყოფს ქვეყნის შემდგომ განვითარებას ისეთ სფეროებში როგორებიცაა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მოქალაქეთა ჩართულობა, ანტიკორუფციული მექანიზმების დანერგვა, ინტერესთა კონფლიქტი, საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობა, თანამდებობის პირთა დეკლარაციების სისტემა და სხვა.


ყოველივე ზემოთაღნიშნული უდავოდ მიუთითებს იმაზე, რომ მიუხედავად არსებული როგორც საშინაო პრობლემებისა, ისე ქვეყნის გარეთ არსებული პოტენციური საფრთხეებისა, ქვეყანა საერთაშორისო დონეზე, აღქმულია, როგორ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სახელმწიფო. მიუხედავად ამისა, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ აღნიშული ატარებდეს მდგრად ხასიათს. IDFI იმედოვნებს, რომ საქართველო არც მომდევნო წლებში ასცდება სწრაფი განვითარების გეზს, რაც შემდგომში აისახება გლობალური მართველობის მსოფლიო ინდიკატორებშიც.

 

/public/upload/courts/WGI Georgia 29.09.20154.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველოს პარლამენტმა IDFI-ის რეკომენდაციით საკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის ელექტრონული პლატფორმა შექმნა

16.10.2019

IDFI-მ ჟურნალისტებისა და პროკურორებისთვის მორიგი ტრენინგი ჩაატარა

14.10.2019

სტალინიზმი საბჭოთა სკოლებში და სკოლის მოსწავლეების საქმე

11.10.2019

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები-საქართველო მსოფლიო ბანკის 2019 წლის შეფასებით

10.10.2019
განცხადებები

განცხადება სახელმწიფო ავტოპარკის ოპტიმიზაციის აუცილებლობის შესახებ

18.09.2019

იურიდიული კომიტეტის მიერ სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტების შეფასება

17.09.2019

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა

15.09.2019

კოალიცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესს აფასებს

12.09.2019
ბლოგპოსტები

ღია მმართველობის პარტნიორობა - გასაღები მდგრადი განვითარების მიზნების შენელებული პროგრესის საპასუხოდ

20.09.2019

ინტერესთა შეუთავსებლობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში

05.08.2019

რა საფრთხე ემუქრება გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში

13.05.2019

დამოკიდებულება პროკურორებისა და მოსამართლეების ქმედებების მიმართ

22.04.2019