კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის განცხადება ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ

განცხადებები 14 ივნისი 2014

13 ივნისი, 2014 წ.

 

სოციალურ ქსელში Facebook შექმნილია გვერდი, რომელზეც გამოქვეყნებულია ჟურნალისტების ფოტოები და ვიდეოები დამონტაჟებული სახით და განთავსებულია ღირსების შემლახავი კომენტარები. როგორც გვერდის საერთო შინაარსიდან ირკვევა, გვერდის შექმნა მიზნად ისახავს საზოგადოებას ჩამოუყალიბოს გარკვეული წარმოდგენა ჟურნალისტების, მათ შორის ტელეარხი 25-ის ჟურნალისტის ჯაბა ანანიძის პირადი ცხოვრების შესახებ.

 

როგორც გვერდიდან ჩანს, ის 2014 წლის 10 ივნისს არის შექმნილი, მას შემდეგ რაც 2014 წლის 8 ივნისს ტელეარხი 25-მა გაავრცელა აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის მედეა ვასაძის სატელეფონო საუბარი ტელეარხის ჟურნალისტთან ჯაბა ანანიძესთან. როგორც ჩანაწერიდან ირკვევა, მედეა ვასაძე ზეწოლას ახდენს ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეზე ტელეარხი 25-ის ეთერში გასული მისი ფილმის გამო, ემუქრება მას და ესაუბრება ჟურნალისტის პირადი ცხოვრების შემცველ საკითხებზე. აღნიშნულ ფაქტს ფართო გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში და არაერთმა საზოგადოებრივმა თუ მედია ორგანიზაციამ მოითხოვა მისი გამოკვლევა და შესაბამისი რეაგირების მოხდენა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ Facebook გვერდის შექმნა მალევე მოჰყვა ჯაბა ანანიძეზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტს და ამ ფაქტის გახმაურებას, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჟურნალისტების პირადი ცხოვრების შესახებ სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანია სწორედ ზემოაღნიშნულ შემთხვევასთან არის კავშირში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლი დანაშაულად აცხადებს ადამიანის დევნას პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.

 

უნდა აღინიშნოს, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მედეა ვასაძე უმაღლესმა საბჭომ დააყენა არჩევანის წინაშე, ან ბოდიში მოიხადოს ან გადადგეს მის მიერ დაკავებული თანამდებობიდან. დადებითად უნდა შეფასდეს აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მცდელობა რეაგირება მოახდინოს მომხდარ ფაქტზე, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს რეაგირება არ შეესაბამება კანონს და არის აბსოლუტურად არასაკმარისი მედიის თავისუფლების უხეში ხელყოფის ფაქტზე საპასუხოდ.

 

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისიის თავმჯდომარე შეიძლება გადააყენოს უმაღლესმა საბჭომ, თუ ამას სათანადო წერილობითი დადასტურებით მოითხოვს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ბიურო, უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეხუთედი.

 

ამავე რეგლამენტის მე-6 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, უმაღლესი საბჭოს პრეროგატივაა საბჭოს წევრების უფლებამოსილების ცნობა და ვადამდე შეწყვეტა.

 

ამასთანავე, ბოდიშის მოხდას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და შესაბამისად, ჟურნალისტის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაზე რეაგირების ფორმად ვერ გამოდგება.

 

გვსურს ხაზი გავუსვათ იმას, რომ კრიტიკული მასალის მომზადების გამო ჟურნალისტზე ზეწოლა, მისი შეურაცხყოფა თუ სხვა მსგავსი ქმედება წარმოადგენს მედიის თავისუფლების უხეშ ხელყოფას, ასეთი ქმედებები მიზნად ისახავს არასასურველი ჟურნალისტიკის „გაჩუმებას“ და საფრთხეს უქმნის ზოგადად მედიის თავისუფლებას ქვეყანაში. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მედიაზე ზეწოლის ცალკეულ შემთხვევებზე სახელმწიფოს მხრიდან ადექვატური და დროული რეაგირება.

 

მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას გამოიკვლიოს სოციალურ ქსელში facebook-ში ჟურნალისტების წინააღმდეგ გვერდის შექმნა ხომ არ არის კავშირში მედეა ვასაძის მიერ ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეზე განხორციელებულ ზეწოლასთან, ხომ არ წარმოადგენს ამ ზეწოლის გაგრძელებას და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154 (ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისათვის უკანონოდ ხელის შეშლა) და 156 მუხლებით (დევნა) გათვალისწინებულ დანაშაულებს.

 

მოვუწოდებთ აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოს გამოიყენოს მის ხელთ არსებული კანონიერი მექანიზმები და დროული და რეალური რეაგირება მოახდინოს მედეა ვასაძის მიერ ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტზე, ნუ დაელოდება თავად ზეწოლის განმახორციელებლის მიერ საკუთარი თავის პასუხისგებაში მიცემას. მედეა ვასაძის ქმედებით დასტურდება, რომ ის ვერ დაიცავს ადამიანის უფლებებს და ამიტომ ყოვლად დაუშვებელია მას ეკავოს ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა. რაც შეეხება აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრობას - დემოკრატიულ მართვას ვერ უზრუნველყოფს მაღალი თანამდებობის პირი, საკანონმდებლო ორგანოს წევრი, რომელიც თავად უხეშად არღვევს დემოკრატიული მართვის უმთავრეს პრინციპებს.

 

კოალიციის წევრი ორგანიზაციები:

  • ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB)
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
  • არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისათვის“
  • ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი
  • მედიაკლუბი
  • რეგიონულ ტელევიზიათა ქსელი
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023