საქართველოს პარლამენტმა IDFI-ის რეკომენდაციით საკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის ელექტრონული პლატფორმა შექმნა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა | სტატია 16 ოქტომბერი 2019

15 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ინიციატივებზე ელექტრონული ხელმოწერების განხორციელების, პეტიციის წარდგენისა და მხარდაჭერის უნიკალური ელექტრონული გვერდის პრეზენტაცია გამართა. 

 

აღნიშნული იდეა, რომელიც ერთი პლატფორმის გამოყენებით იძლევა საკანონმდებლო საქმიანობაში მოქალაქეთა ელექტრონული მონაწილეობის მრავალმხრივ საშუალებას,  მომდინარეობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ინიცირებული ღია პარლამენტის 2015-2016 წლების (პირველი) სამოქმედო გეგმის 1.2. ვალდებულებიდან.

 

ვალდებულება ითვალისწინებდა საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო წინადადებისა და საკანონმდებლო ინიციატივის ელექტრონული სახით წარდგენის და მოქალაქეთა მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმის დანერგვას პარლამენტის ვებგვერდის მეშვეობით.


მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ვალდებულების განხორციელება გათვალისწინებული იყო ჯერ კიდევ 2015-2016 წლებში, აღნიშნული ვალდებულება ვერ განხორციელებულა და მოდიფიცირებული სახით გადავიდა ღია პარლამენტის 2017 წლის სამოქმედო გეგმაში 1.1. (პეტიციის წარდგენის ელექტრონული სისტემის დანერგვა) და 1.3 ვალდებულებების (საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო წინადადებისა და საკანონმდებლო ინიციატივის ელექტრონული სახით წარდგენისა და მოქალაქეთა მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმის დანერგვა პარლამენტის ვებ-გვერდის მეშვეობით) სახით.


2018 წლის აპრილში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეებს სამართლებრივი შესაძლებლობა მიეცათ პარლამენტის ვებგვერდის მეშვეობით შეაგროვონ ელექტრონული ხელმოწერები კანონპროექტის მხარდაჭერის მიზნით ან სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი პრობლემიდან გამომდინარე ელექტრონული პეტიციით მიმართონ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს.

 

ამავდროულად, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე განათავსონ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი და ელექტრონული გზით უზრუნველყონ მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება. ხელმოწერების ელექტრონული გზით შეგროვების პროცესი არ გამორიცხავს წერილობითი გზითაც ხელმოწერების შეგროვებას, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ხელს შეუწყობს მოქალაქეების საპარლამენტოს საქმიანობაში ჩართულობის გაზრდას.

 

 

 

 

არანაკლებ 200 000 ამომრჩეველის ინიციატივა


საქართველოს პარლამენტში არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის ინიციატივით საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის მიზნით მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება შესაძლებელია როგორც სპეციალურად დადგენილი ფორმის ფურცლების შევსებით, ასევე ელექტრონულად.


საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე დეტალურად განმარტებულია ასეთი ინიციატივით პარლამენტისთვის მიმართვის პროცედურები. ამჟამად, პარლამენტის ვებ-გვერდზე რეგისტრირებულია ერთი კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელთან მიმართებაშიც უკვე დასრულებულია ხელმოწერების შეგროვების პროცესი.

 

 

 

 

არანაკლებ 25 000 ამომრჩეველის ინიციატივა


პარლამენტის ვებ-გვერდი ითვალისწინებს კანონის პროექტის წარდგენის მიზნით მხარდამჭერთა ხელმოწერების ელექტრონული გზით შეგროვების შესაძლებლობას. საერთაშორისო პრაქტიკა მიუთითებს, რომ ელექტრონული გზით ხელმოწერების შეგროვება კანონპროექტების მხარდაჭერის გამარტივებული და ხელმისაწვდომი ფორმაა.


ხელმოწერების ელექტრონულად შეგროვების მიზნით, წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტი განთავსდება აღნიშნულ ვებგვერდზე, სადაც ამომრჩეველს შესაძლებლობა აქვს მხარი დაუჭიროს საქართველოს კანონის პროექტს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებით. ხელმოწერამდე ამომრჩეველი ვებგვერდის შესაბამის ველში ელექტრონულად აღნიშნავს ტელეფონის ნომერს, რის შემდეგაც ასრულებს კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას.


კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვების ვადა არ არის დასრულებული. ამასთან, ამომრჩევლის მიერ ცალკეული კანონპროექტის მხარდაჭერა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ.

 

 

 

 

პეტიცია


განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე პეტიციების ელექტრონული ფორმით წარდგენა, რადგან პროცესის სიმარტივე ხელს შეუწყობს მიმართვიანობის და საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ზრდას. პეტიცია არის არანაკლებ 300 პირის ელექტრონული ან წერილობითი მიმართვა, რომელიც უკავშირდება სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი პრობლემიდან გამომდინარე რომელიმე საკითხს.


ვებგვერდზე განთავსდება როგორც ელექტრონულად, აგრეთვე წერილობით საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი პეტიციის განაცხადები, გარდა წერილობით წარდგენილი იმ პეტიციისა, რომელიც წარდგენისას უკვე მხარდაჭერილია არანაკლებ 300 პირის მიერ. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს ვებგვერდზე განთავსებიდან 1 თვის განმავლობაში მხარი დაუჭიროს პეტიციის განაცხადს. ცალკეულ პეტიციის განაცხადზე მხარდაჭერა შესაძლებელია დაფიქსირდეს მხოლოდ ერთხელ, პირის სახელისა და გვარის მითითებით.

 

 

 

 

ელექტრონული პეტიციის წარდენა ხდება გამარტივებული მეთოდით, მხოლოდ მობილურის ნომრით ან ელ-ფოსტით ვერიფიკაციის საშუალებით.

 

რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის და კანონის პროექტის წარდგენის მიზნით მხარდამჭერთა ხელმოწერების ელექტრონული გზით შეგროვებას,  მათზე ელექტრონული ხელმოწერის განხორციელება ხდება კვალიფიციური ელექტრონულ ხელმოწერის მეშვეობით. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება შესაძლებელია პირადობის ელექტრონული მოწმობის გამოყენებით. ხელმოწერის შესასრულებლად აუცილებელია პირადობის ელექტრონული მოწმობის წამკითხველი მოწყობილობა, აგრეთვე ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამები და პირადობის ელექტრონული მოწმობის პინ კოდები.

 

 

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის საპარლამენტო საქმიანობაში არ ფიქსირდება მოქალაქეების აქტიური ჩართულობა, მათ შორის პეტიციების წარდგენისა და მხარდაჭერის თვალსაზრისით, ახალი ელექტრონული შესაძლებლობა გაზრდის საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობას და დადებით გავლენას მოახდენს საპარლამენტო ღიაობაზე. მომდევნო წლებში აუცილებელია გაგრძელდეს მუშაობა პეტიციების გამოქვეყნებისა და განხილვის ფორმატის დახვეწასა და გამარტივებაზე.


2015 წლიდან, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით აქტიურად მონაწილეობს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში, საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო ღიაობის უზრუნველყოფის საკითხებში. IDFI, როგორც ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრი და თავმჯდომარე ორგანიზაცია ჩართულია ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმების (4 სამოქმედო გეგმა) როგორც შემუშავების, ასევე მათი განხორციელების პროცესში.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023