რუსეთის მოქალაქეების ფინანსები საქართველოს ბანკებში

სიახლეები | კვლევები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | აქტუალური თემები | ანალიზი 6 ოქტომბერი 2022

ძირითადი მიგნებები

 

- რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან  31 აგვისტომდე პერიოდში საქართველოს  კომერციულ ბანკებში ახალი ანგარიშები გახსნა რუსეთის 45,349 მოქალაქემ;

 

- 31 აგვისტოს მდგომარეობით კომერციულ ბანკებში  აქტიური ანგარიშის მფლობელი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი მიახლოებით  60 ათასს აჭარბებს;

 

- 2022 წლის 24 თებერვლიდან 31 აგვისტომდე პერიოდში საქართველოს კომერციულ ბანკებში საკუთარი ანაგარიში გახსნა რუსეთში რეგისტრირებულმა 19-მა იურიდიულმა პირმა;

 

- 2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები შეადგენს 1,88 მილიარდ ლარს;

 

- საქართველოს კომერციულ ბანკებში  რუსეთის  მოქალაქეების მიერ  დეპოზიტებზე განთავსებული თანხების ნაშთი, ომამდე პერიოდთან (2022 წლის 24 თებერვლამდე) შედარებით, დაახლოებით 1,2 მილიარდი ლარით (+ 170%) გაიზარდა; 

 

- 2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეების მიერ განთავსებული დეპოზიტების მხოლოდ 26% წარმოადგენს ვადიან დეპოზიტებს,   რაც  ომამდე პერიოდში 60%-ს აღწევდა;

 

- 2022 წლის მეორე კვარტალში ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა იყიდეს 949,8 მილიონი რუბლი, ხოლო გაყიდეს 929,4 მილიონი რუბლი, რაც დაახლოებით სამჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით;

 

- 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში რუსეთის მოქალაქეებზე გაცემულია 482,8 მილიონი ლარის მოცულობის სესხი რაც დაახლოებით 6%-ით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მიუხედავად სესხების თანხის შემცირებისა 1,118-ით მეტი სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. 

 

რუსეთის  უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში აქტიური შემოსვლა განიხილება. IDFI  პერიოდულად სწავლობს და აქვეყნებს საზღვრის კვეთის და რუსეთის მოქალაქებიის საქართველოში დამკვიდრებასთან დაკავშირებულ  სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემებს. ამჯერად, IDFI-ს მიერ წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნული ბანკიდან გამოთხოვილი და მიღებული მონაცემების ანალიზი, რომელიც დაკავშირებულია  ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეების  მიერ საქართველოს ფინანსურ ორგანიზაციებში განხორციელებულ  სხვადასხვა აქტივობებთან.  კერძოდ, წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილია 2021-2022 წლებში რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში  საბანკო ანგარიშების გახსნის,  საბანკო დეპოზიტებზე თანხის განთავსების,  სესხების  აღების და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში რუსული რუბლის ბრუნვის სტატისტიკური მაჩვენებლების ანალიზი.   

 

რუსეთის მოქალაქეების საქართველოს საზღვრის კვეთის მონაცემების ანალიზისას IDFI გამოთქვამდა ვარაუდს რომ, ჯერ კიდევ მარტი-ივნისის პერიოდში ქვეყანაში შემოსული რუსეთის 42 ათასზე მეტი მოქალაქის ვიზიტი  ნაკლებად იყო დაკავშირებული ტურისტულ მიზნებთან, ვინაიდან, მათ ქვეყანა არ დატოვეს მინიმუმ 1 თვის (30 ივლისის მდგომარეობით) დაყოვნების შემდეგაც. რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მიგრაციის სავარაუდო შემთხვევებს, კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის კომერციულ ბანკებში ანგარიშების გახსნის თანმხვედრი მაჩვენებლები.     

 

- საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან  31 აგვისტომდე პერიოდში საქართველოს  კომერციულ ბანკებში ახალი ანგარიშები გახსნა რუსეთის 45,349 მოქალაქემ. 

 

- ყოველთვიურად გახსნილი ანაგრიშების რაოდენობა  6,000 დან 10,000 მდე მერყეობდა. 

 

- რისკის ზედამხედველობის AML ანგარიშგების ფორმების მიხედვით, მთლიანად საბანკო სექტორში 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აქტიურ ანგარიშს ფლობდა 28,221 რუსეთის რეზიდენტი პირი. ეს მაჩვენებელი 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 58,162-მდე გაიზარდა. 

 

- თუ გავითვალისწინებთ, რომ მომდევნო ორ თვეში ახალი ანგარიშები გახსნა კიდევ 13,375 რუსთის მოქალაქემ, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ 31 აგვისტოს მდგომარეობით აქტიური ანგარიშის მფლობელი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი 60 ათასს აჭარბებს.    

 

ეროვნული ბანკის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ასევე მოიცავს იურიდიული პირების შესახებ მონაცემებსაც. როგორც ირკვევა 24 თებერვლიდან 31 აგვისტომდე პერიოდში საქართველოს კომერციულ ბანკებში საკუთარი ანაგარიში გახსნა რუსეთში რეგისტრირებულმა 19-მა იურიდიულმა პირმა.



 

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში აქტიური შემოსვლის და საბანკო ანაგარიშების გახსის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა კომერციულ ბანკებში მათ მიერ განთავსებული დეპოზიტების მაჩვენებელი. კერძოდ, როგორც ირკვევა 2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები შეადგენს 1,88 მილიარდ ლარს, რაც 1,18 მილიარდი ლარით აღემატება ომის დაწყებამდე არსებულ (2022 იანვრის) მაჩვენებელს, ხოლო 1,2 მილიარდი ლარით აღემატება წინა წლის იგივე აგვისტოს თვის მაჩვენებელს. შესაბამისად, აგვისტოს თვის მდგომარეობით რუსეთის  მოქალაქეების მიერ საქართველოს კომერციულ ბანკებში დეპოზიტებზე განთავსებული თანხების ნაშთი, ომამდე პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 170%-ით გაიზარდა.

 

 

2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეების მიერ განთავსებული დეპოზიტების 53% წარმოადგენს მოთხოვნამდე დეპოზიტებს, 21% მიმდინარე ანგარიშებს, ხოლო 26% ვადიან დეპოზიტებს.  აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ომამდე პერიოდში ვადიანი დეპოზიტების წილი 60%-ს აღწევდა. 

 

კომერციულ ბანკებში  რუსეთის მოქალაქეების  მიერ 1,88 მილიარდ ლარის ღირებულების დეპოზიტებიდან  72% (1,36 მილიარდი) განთავსებულია აშშ დოლარის ვალუტაში, ხოლო რუსულ რუბლში განთავსებულია მხოლოდ 0,06% (1,2 მილიონი). 



                                     

 

 

რუსეთის-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში აქტიურ შემოდინებას მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია,  რუსეთის მოქალაქეების მიერ  საქართველოს ფინანსურ ორგანიზაციებში  მიღებული სესხების მოცულობაზე. მაგალითად, 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში რუსეთის მოქალაქეებზე გაცემულია 482,8 მილიონი ლარის მოცულობის სესხი რაც დაახლოებით 6%-ით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიუხედავად სესხების თანხის საერთო მოცულობის შემცირებისა 2022 წლის მარტი აგვისტოს პერიოდში, რუსეთის მოქალაქეებთან წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 1,118-ით მეტი სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. 

 

საქართველოს ეროვნული ბანკი არ ფლობდა სესხის მიმღები უნიკალური პირების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას. 

 

 

 

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი კვარტალური მონაცემების მიხედვით რუსეთ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოში ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში რუსული რუბლის ბრუნვის მაჩვენებლები. კერძოდ, 2022 წლის მეორე კვარტალში სართველოს ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა იყიდეს 949,8 მილიონი რუბლი (დღევანდელი კურსით დაახლოებით 45 მილიონი ლარის ან  16 მილიონი აშშ დოლარის  ექვივალენტი რუბლი), ხოლო გაყიდეს 929,4 მილიონი რუბლი, რაც დაახლოებით სამჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 

 

რუსეთის უკრაინის შეჭრის შემდეგ, სართველოს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში რუსული რუბლის ბრუნვის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი ზრდის განმაპირობებელ ფაქტორად შესაძლებელია განხილული იქნას, რუსეთის მოქალაქეების მიერ ქვეყანაში რუსული რუბლის აქტიური შემოდინება, სანქციების მოსალოდნელი შედეგების გათვალისიწნებით რუსული რუბლით ვაჭრობის გააქტიურება და სხვა. 

 

 

საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიღებული მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ რუსეთ- უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის გააქტიურებამ, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს  კომერციულ ბანკებში  რუსეთის მოქალაქეების განკარგვაში არსებული ფინანსების ზრდას. მაგალითად, ახალი საბანკო ანგარიშები გახსნა რუსეთის 45,349 მოქალაქემ, 170%-ით გაიზარდა დეპოზიტების ნაშთი, სამჯერ გაიზარდა რუსული რუბლის ბრუნვის მაჩვენებლები.  ასევე, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით, მნიშვნელოვნად გაიზარდა  რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში  ფულადი გზავნილების მაჩვენებლები. შესაბამისად,   მონაცემების ანალიზი აჩვენებს რომ,  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად შექმნილმა გარემოებებმა ხელი  შეუწყო რუსეთიდან  საქართველოში მნიშვნელოვანი  ფინანსური რესურსის შემოდინებას, რამაც თავის მხრივ  მოკლევადიან პერიოდშივე  გავლენა იქონია ქვეყნის სხვადასხვა ეკონომიკურ მაჩვენებელზე. მათ შორის, ეკონომიკურ  ზრდაზე, სავალუტო კურსის გამყარებაზე და სხვა. 

 

IDFI მიიჩნევს რომ, რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში აქტიური შემოსვლით მოკლევადიან პერიოდში მიღებული  გარკვეული დადებითი ეკონომიკური ეფექტის მიუხედავად, მათი ქვეყანაში დარჩენის მზარდი ტენდენცია შესაძლოა წარმოადგენდეს გამოწვევას სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაც საჭიროებს შესაბამის ღონისძიებებს რისკების შემცირების კუთხით. 

 

___

 

 

ანალიზი  მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, Luminate-ის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში. მის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს Luminate-ის პოზიციას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024

მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ქართველ ხალხს აუხსნან, ავალებდნენ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას

07.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023