მოპოვებითი დარგების გამჭირვალობის ინიციატივა საქართველოში

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | პოლიტიკის დოკუმენტები 2 ოქტომბერი 2019

საქართველო გამოირჩევა წიაღისეული მადნების მრავალფეროვნებით. მართალია, საქართველოში მინერალური მადნები უხვად არ მოიპოვება, თუმცა ისეთ ნედლეულს, როგორიცაა: ნავთობი, ნახშირი, მანგანუმი, ფერადი და იშვიათი ლითონები, ასევე ქიმიური ნედლეული და ინერტული მასალები, კომერციული გამოყენება აქვს. მიუხედავად მათი ეკონომიკური მნიშვნელობისა, მოპოვებითი დარგები გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების არასაკმარისი დონით ხასიათდებიან. საზოგადოებას და განსაკუთრებით ადგილობრივ თემებს, რომლებზეც მოპოვებითი დარგები უშუალოდ ზემოქმედებენ, უფლება აქვთ სრულად ფლობდნენ ინფორმაციას მოპოვებითი დარგების საქმიანობის წესზე, იმ სტანდარტებზე, რომელთა მიხედვითაც ისინი იმართებიან, ასევე საზოგადოების კეთილდღეობაში მათ ეკონომიკურ წვლილზე და იმ სარგებელზე, რასაც ადგილობრივი თემები იღებენ ან უნდა იღებდნენ.


წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი აფასებს საქართველოს შესაძლებლობებს და პერსპექტივებს მოპოვებითი დარგების გამჭირვალობის ინიციატივის (Extractive Industries Transparency Initiative - EITI) გლობალურ სტანდარტთან მიერთებისა, რადგან იგი უზრუნველყოფს და განამტკიცებს ბუნებრივი რესურსების მართვას ღიაობის და ანგარიშვალდებულების პრინციპების შესაბამისად.

 

ბუნებრივი რესურსების მოპოვება და გამოყენება განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას, მაგრამ ამავდროულად მათი არამართებული გამოყენების და მათთან დაკავშირებით კორუფციული გარიგებების წარმოების რისკი საკმაოდ მაღალია. დარგის არაეფექტიანობა ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და ბუნებრივი გარემოსთვის მეტად მძიმე შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს კიდეც.


დოკუმენტში აღწერილია EITI-ის სტანდარტი, მისი მუშაობის წესი და ის სარგებელი, რაც მასთან მიერთებამ შეიძლება მოგვიტანოს. შემდეგ უფრო კონკრეტულად განვიხილავთ ქართულ მოპოვებით დარგებს და ვისაუბრებთ EITI-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაზე.

 

რას წარმოადგენს EITI?

 

EITI-ი წარმოადგენს გლობალურ სტანდარტს, რომელიც აყალიბებს კარგი მმართველობის (Good Governance) პრინციპებს ნავთობის, გაზის და მინერალური რესურსების მოპოვების და გამოყენების სფეროში. იგი უზრუნველყოფს გამჭირვალობას და ანგარიშვალდებულებას ბუნებრივი რესურსების მართვაში. იოჰანესბურგის მდგრადი განვითარების 2002 წლის მსოფლიო სამიტზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტონი ბლერმა გაახმოვანა იმ მრავალმხრივი ინიციატივის დაწყების შესახებ, რომელსაც ხელი უნდა შეეწყო მოპოვებითი დარგების მწარმოებლურობის და გამჭირვალობის ზრდისთვის. 2004 წელს G8 ფორმატის წამყვანმა ქვეყნებმა მიიღეს და სახელმძღვანელოდ დაამტკიცეს EITI-ის სტანდარტი და იმ დღიდან მან ოფიციალური სახე მიიღო. რამდენიმე წლიანი მუშაობის შედეგად საბოლოოდ დამტკიცდა აღნიშნული სტანდარტი და მასთან დაკავშირებული საპროცედურო საკითხები.


EITI-ის მიხედვით წევრ სახელმწიფოებს მოეთხოვებათ ბუნებრივი რესურსების მართვის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გასაჯაროება, დროული და სრული წესით, მათ შორის ისეთი ინფორმაციისა, როგორიცაა: ლიცენზიების გაცემის წესი, საწარმოების მიერ გადასახადების, როიალტის და სოციალური შენატანების ოდენობა, ასევე თუ როგორ ნაწილდება აღნიშნული თანხები მთავრობის მიერ ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე და სხვ. ამით დასახელებულ სტანდარტს სურს ნათელი შეიტანოს ბუნებრივი რესურსების მართვის სისტემაში, რაც ერთის მხრივ აამაღლებს საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხს, ხოლო მეორეს მხრივ კი შეაფერხებს კორუფციის განვითარებას მოპოვებით დარგებში.


აღნიშნული სტანდარტის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მახასიათებელია მისი მრავალმხრივი მიდგომის წესი, რაც მოიაზრებს საზოგადოების სხვადასხვა ფენების ჩართულობას. წევრ ქვეყნებში, EITI-ის სტანდარტის დანერგვის ხელშეწყობის პროცესში მონაწილეობას იღებენ როგორც მთავრობის, ისე კერძო და სამოქალაქო სექტორების წარმომადგენლები კოალიციური წესით, განამტკიცებენ რა ურთიერთანამშრომლობის პლატფორმას ნდობის მოპოვებისა და მრავალმხრივი დიალოგის წარმართვის მიზნით. აღნიშნული ჯგუფი განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა წარიმართოს სტანდარტის დანერგვის პროცესი თავიანთ კონკრეტულ ქვეყანაში. ამ მხრივ, აღსანიშნავია ასევე კიდევ ერთი სხვა ინიციატივა, რომელიც ბოლო 7 წელია წარმატებით ინერგება და ვითარდება, კერძოდ კი ღია მმართველობის პარტნიორობა (Open Government Partnership – OGP).


ამჟამად EITI-ის სტანდარტი აერთიანებს 52 ქვეყანას სხვადასხვა რეგიონიდან. ეს რეგიონებია:


- ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა


- ევროპა


- ცენტრალური აზია


- სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია


- აფრიკა

 

 

 დასკვნა

 

EITI-ი წარმოადგენს გამჭირვალობის საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც მოპოვებითი დარგების ღიაობის და ანგარიშვალდებულების მოსურნე სახელმწიფოებს სთავაზობს ცოდნის, გამოცდილების და ექსპერტიზის გაზიარებას. სტანდარტი უზრუნველყოფს იმას, რომ საქმიანობა მოპოვებით დარგებში მიმდინარეობდეს გამჭირვალედ, ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვით და საზოგადოების დაინტერესებული მხარეების ჩართულობით. ეს სტანდარტი ყველა დაინტერესებული მხარისთვის სარგებლის მიმცემია და შეუძლია მთლიანად მოპოვებითი სექტორის ეფექტიანობის გაზრდა.


მოპოვებითი დარგები საქართველოში გამჭირვალობის დაბალი დონით ხასიათდებიან და აღნიშნულ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ. ეს გარემოება დარგის ჩამორჩენილობას უწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ მოპოვებით დარგებს საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წილი უკავიათ, საზოგადოებას არ ფლობს საკმარის ინფორმაციას საწარმოების, მათი შემოსავლების, ასეთი შემოსავლების განაწილების და მათი ხარჯვის შესახებ.


საქართველო EITI-ის ინიციატივასთან და მისი სტანდარტის დანერგვის საკითხს 2012 წლიდან განიხილავს, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების არაერთი ორგანიზაცია მისი ადვოკატირების პროცესში იყო თავიდანვე ჩართული. მიუხედავად ამისა, არსებითად არაფერი არ შეცვლილა. საქართველოს უპირობოდ ესაჭიროება აღნიშნული სტანდარტის დანერგვა, რაც გაზრდიდა მის მიმზიდველობას ინვესტორებისთვის. მეტ გამჭირვალობას შედეგად მოჰყვება მეტი ნდობა და მეტი პირდაპირი ინვესტიცია, რაც ეკონომიკურად და ტექნოლოგიურად დარგის განვითარებას შეუწყობდა ხელს. EITI-ი წარმოადგენს მოპოვებითი დარგების სპეციალისტების დიდ ქსელს, რაც დაგვეხმარებოდა საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაში ლიცენზირების, აღრიცხვიანობის და გადასახადების აკუმულირების კუთხით. გარდა იმისა, რომ აშკარაა სტანდარტთან მიერთების ეკონომიკური სარგებელი, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართულ საზოგადოებას სრული უფლება აქვს იცოდეს თუ რა შემოაქვს ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ეკონომიკურ დარგს და თუ როგორ ნაწილდება იქიდან მიღებული სიმდიდრე.


საზოგადოების სხვადასხვა სექტორებს შორის თანამშრომლობა OGP-ის პლატფორმის მეშვეობით უკვე კარგადაა გამოცდილი. სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესს და სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის ინსტიტუციური მექანიზმები გამობრძმედილია. ამდენად, საქართველოს ყველა შესაძლებლობა აქვს, რომ გახდეს EITI-ის წევრი და დაამტკიცოს, რომ ქვეყანა ერთგული რჩება გამჭირვალობის, ანგარიშვალდებულების და კარგი მმართველობის პრინციპებისადმი.

 

პოლიტიკის დოკუმენტი მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ პროექტის - სადამკვირვებლო ჯგუფების გაძლიერება მთავრობის ანგარიშვალდებულებისთვის - ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ, ვიშეგრადის გრანტების პროგრამით, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების თანადაფინანსებით. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული იდეების წახალისება. დოკუმენტის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის პოზიციას. 

 

 

 

 

 

/public/upload/IDFI_2019/visegrad/EITI_Georgia_GEO_Final.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია

22.10.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024