2017 წლის 23 მაისს IDFI-იმ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციებს მიმართა 2011-2016 წლებში მათი საკადრო პოლიტიკის და გაწეული სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით. ამ უწყებებიდან მიღებული ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს წარმოგიდგინოთ 2011-2016 წლებში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობრივი მაჩვენებლების და მათი შრომის ანაზღაურების, სამივლინებო, წარმომადგენლობით, სატელეკომუნიკაციო და ავტოპარკის ხარჯების ტენდენციების ანალიზი.
- 2016 წელს 2011 წელთან შედარებით აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობის აპარატის შრომის ანაზღაურების ხარჯები 24%-ით არის გაზრდილი, ხოლო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის 30%-ით არის შემცირებული;
- 2013 წლიდან სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა დაახლოებით 40%-ით არის შემცირებული;
- აფხაზეთის ა/რ-ის აპარატის შტატგარეშე თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები 2016 წელს 2011 წელთან შედარებით დაახლოებით 3-ჯერ არის გაზრდილი;
- 2017 წლის მდგომარეობით აფახაზეთის ა/რ-ის მთავრობის აპარატის ბალანსზე ირიცხება 4, ხოლო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ბალანსზე 22 ავტომობილი;
- როგორც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, ასევე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე განპიროვნებულია ორ-ორი ავტომობილი;
- 2011-2016 წლებში როგორც აფხაზეთის მთავრობის, ასევე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ გაწეული სამივლინებო და საწვავის მოხმარების ხარჯების თვალსაზრისით კლების ტენდენციები შეინიშნება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატიდან და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციიდან მიღებული 2011-2016 წლის მონაცემთა ანალიზი ცხადყოფს, რომ დასაქმებულ თანამშრომელთა და სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯების რაოდენობის თვალსაზრისით, ბოლო წლებში არაერთგვაროვანი პრაქტიკა დამკვიდრდა. მაგალითად, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში 2013 წლიდან დასაქმებულ თანამშრომელთა კლების შედეგად, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირებულია მათ შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები, ხოლო აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობის აპარატში მსგავსი ხარჯები ყოველწლიურად იზრდება.
მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის შემდეგ ადმინისტრაციული ხარჯების თვალსაზრისით (სამივლინებო, საწვავის მოხმარების ხარჯი), როგორც აფხაზეთის მთავრობის, ასევე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შემთხევაში კლებადი ტენდენციით ხასიათდება, კვლავ რჩება კითხვები (მაგ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ავტოპარკის მოცულობა, აფხაზეთის მთავრობის ადმინისტრაციაში დასაქმებულ შტატგარეშე თანამშრომელთა მზარდი ანაზღაურება და. სხვა) ამ უწყებებში საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ განკარგვასთან დაკავშირებით.
ანალიზი მომზადებულია პროექტის - საზოგადოების გაძლიერება კარგი მართველობის ხელშეწყობისთვის - ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. კვლევის შინაარსზე პასუხისმგებელია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას.
/public/upload/IDFI/LOGO/expenses of republic of abkhazia.pdf