საქართველოს‌ ‌მთავრობის‌ ‌სარეზერვო‌ ‌ფონდის‌ ‌ხარჯვა‌ ‌პანდემიის‌ ‌დროს‌ ‌

სიახლეები | კვლევები | აქტუალური თემები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 26 აგვისტო 2021

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელია შეიქმნას საქართველოს მთავრობისა და  საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდები. თუმცა, 2019 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისთვის თანხები აღარ გამოიყოფა და სარეზერვო ფონდებისთვის გათვალისწინებული ფინანსური რესურსი სრულად მიემართება მთავრობის სარეზერვო ფონდში.

 

საქართველოს კანონმდებლობით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყოფა მხოლოდ ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფინანსებლად. შესაბამისად, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის მნიშვნელოვან წინაპირობას შესაძლებელია წარმოადგენდეს სტიქიური უბედურებები, ეპიდემიები, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფები. 2020 წელს კოვიდ-19 ვირუსის პანდემიით შექმნილი მდგომარეობა, წარმოშობდა სარეზერვო ფონდებიდან ვირუსთან ბრძოლისთვის გარკვეული ღონისძიებების დაფინანსების საჭიროებას. 

 

პანდემიის დაწყების შემდეგ, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის განკარგვის არსებული პრაქტიკის შესწავლის მიზნით, IDFI-მ გაანალიზა  2020 წელს და 2021 წლის საწყის 6 თვეში სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯების მიზნობრიობა. ამ მიზნით, IDFI-მ შეისწავლა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში ასახული მონაცემები, ხოლო სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი კონკრეტული თანხების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით, განმკარგავ უწყებებს მიმართა შესაბამისი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მთავრობის ადმინისტრაცია პანდემიის დაწყების შემდეგ ვებ-გვერდზე აღარ აქვეყნებს მთავრობის განკარგულებებს, მათ შორის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ. 2020 წლის სექტემბერში, IDFI-ის მოთხოვნაც მთავრობის განკარგულებების მოწოდების შესახებ, უპასუხოდ იქნა დატოვებული, რის შემდეგაც 2020 წლის 18 დეკემბერს IDFI-მ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. სამწუხაროდ, სასამართლო პროცესი მნიშვნელოვანი შეფერხებით მიმდინარეობს და სასამართლო სხდომა დღემდე არ ჩანიშნულა. 

 

2020 წელს საქართველოს მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ 12 განკარგულება მიიღო, რომლის მიხედვით გამოყოფილი ასიგნებების მოცულობამ ჯამში 56 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო საკასო შესრულებამ -  54.6 მილიონი ლარი.  2021 წლის პირველ და მეორე კვარტალში, საქართველოს მთავრობის  9 განკარგულებით სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 11 მილიონი ლარი, რომლის საკასო შესრულებამ 7 მილიონი ლარი შეადგინა. შედეგად, 2020 წელს და 2021 წლის საწყის 6 თვეში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან  ჯამში გამოიყო 67 მილიონი ლარი, საიდანაც დაიხარჯა 61 მილიონ ლარზე მეტი (61.8 მილიონი ლარი). მათ შორის, უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნობრიობით დახარჯულია მხოლოდ 13% - (7.9 მილიონი ლარი). მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ყველაზე მეტი თანხა - 37% (22.7 მილიონი ლარი) - დაიხარჯა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში მიმდინარე საქმეების წარმართვის პროცესებზე. 10% (6.5 მილიონი ლარი) დაიხარჯა არჩევნების მეორე ტურისთვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად, 9% (5.6 მილიონი ლარი) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ დახარჯა ლობისტური საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისთვის. 23% (14.4 მილიონი ლარი) დაიხარჯა თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებაში. დანარჩენი 7% (4.2 მილიონი ლარი) მოხმარდა სხვადასხვა მიზნებს, რომლებიც ნაკლებად კავშირშია პანდემიის გამოწვევებთან. ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ ნახევარ მილიონ ლარამდე თანხას მინიჭებული აქვს გრიფით საიდუმლო. 

 

გრაფიკი 1:

 

 

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კორონავირუსთან ბრძოლის მიზნობრიობით დახარჯული 7.9 მილიონი ლარიდან,  საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს  გამოეყო 4 მილიონი ლარი. ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, სამინისტრომ ამ თანხიდან ყველაზე დიდი - 2.8 მილიონი ლარის ოდენობის შესყიდვა განახორციელა შპს ეროიო პროდაქშენთან, ახალი კორონავირუსით გამოწვეულ COVID ინფექციასთან დაკავშირებით სპეციალური ტანსაცმლის (კომბინიზონი, ნიღაბი, სათვალე გუგლის ტიპის BayMax S1551Q) შესყიდვის მიზნით. 271 ათასი ლარის შესყიდვა გაფორმდა შპს Made To Make-თან, ასევე სპეციალური დანიშნულების ტანსაცმლის (ბიო-ქიმიური კომბინიზონები,  მიკროფოროვანი, მაღალყელიანი ბახილი) შესასყიდად. 145 ათასი ლარი მოხმარდა COVID ინფექციასთან დაკავშირებით ხელის სადეზინფექციო ხსნარის შესყიდვას შპს ფარმასთან განხორციელებული შესყიდვის საფუძველზე, ხოლო 105 ათასი ლარი გადაირიცხა შპს GEONET EXPO-სთვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებით ვიზიტორის ხალათების შესყიდვის მიზნით. 96.6 ათასი ლარი გადაერიცხა შპს გრინ სისტემსს - COVID ინფექციასთან დაკავშირებით ცხელი ხაზისთვის  CISCO საკონტაქტო ცენტრის სისტემის  (მრავალწლიანი) ლიცენზიის და სატელეფონო საუბრების ჩაწერის სისტემის ერთწლიანი ლიცენზიის შესყიდვისთვის. 

 

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხებით განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვებზე. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ  მსგავსი  სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას არ იყო სავალდებულო კონკურენციის უზრუნველყოფა, რაც მნიშნელოვნად ზრდიდა საბიუჯეტო სახსრების არაოპტიმალური განკარგვის რისკებს.  

 

სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებულ შესყიდვებში, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულ ცალკეულ კომპანიებთან დაკავშირებით IDFI-ის მიერ ყურადღება გამახვილებულია სხვადასხვა კვლევაში. მაგალითად,  შპს GEONET EXPO პანდემიამდე მოღვაწეობდა სამშენებლო და უძრავი ქონების სფეროში. აღნიშნული კომპანია ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული იყო ორჯერ და ორივე  შემთხვევაში დაჯარიმდა ვადების დარღვევისთვის.  ამის ფონზე 2020 წლის მაისში ჯანდაცვის სამინისტრომ ნახევარ მილიონამდე კონტრაქტი გაუფორმა გამარტივებული გზით ქირურგიული ხალათების მოწოდებისათვის.  

 

ამასთან საინტერესოა ის ფაქტიც, რომ შპს ეროიო პროდაქშენი, რომელთანაც სარეზერვო ფონდიდან მიღებული დაფინანსების ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტრომ გააფორმა ყველაზე ძვირადღღირებული (სულ 2,8 მილიონი ლარი) ხელშეკრულებები,  დაფუძნდა 2019 წელს და სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა მიღებული არ ქონდა. კომპანიის წესდების მიხედვით, საქმიანობის კონკრეტული სფერო განსაზღვრული არ არის და მითითებულია, რომ კომპანიას შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის.

 

იხილეთ ტოპ-10 კომპანიის ჩამონათვალი, რომელთანაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სარეზერვო ფონდიდან მიღებული დაფინანსების ფარგლებში ყველაზე დიდი ოდენობის შესყიდვები განახორციელა:

 

 

 

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კორონავირუსთან ბრძოლის მიზნობრიობით დახარჯული დანარჩენი 3.9 მილიონი ლარიდან 3 მილიონი ლარი მოხმარდა საზღვარგარეთიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეებისათვის სავალდებულო კარანტინის მომსახურებას. აღნიშნული თანხის ფარგლებში გაწეული ხარჯების შესახებ დეტალური ინფორმაციის შესახებ IDFI-ის მოთხოვნა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უპასუხოდ დატოვა.  სარეზერვო ფონდიდან ასევე 613 ათასი ლარი მოხმარდა იტალიის რესპუბლიკიდან საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირებას, 110 ათასი ლარი მოხმარდა პანდემიის დროს აშშ-ში მყოფი მოსწავლეების და სტუდენტების საქართველოში დაბრუნებას, ხოლო 200 ათასი ლარი გამოეყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის “144”-ის გამართული ფუნქციონირებისათვის.

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სარეზერვო ფონდიდან ყველაზე დიდი თანხა (23 მილიონი  ლარი) გამოეყო იუსტიციის სამინისტროს, რომელიც ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, დაკავშირებული იყო საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებთან და უცხო ქვეყნის სასამართლოებში მიმდინარე საქმეებთან.  IDFI-მ სამინისტროს მიმართა ამ თანხის ფარგლებში გაწეული ხარჯების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოთხოვნით, თითოეული საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის და უცხო ქვეყნის სასამართლოში მიმდინარე საქმის მიხედვით, თუმცა სამინიტრომ ინსტიტუტის მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა.

 

2020 წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 13 მილიონი ლარი გამოეყო თავდაცვის სამინისტროს წლის ბოლომდე აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით. თავდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით,  ამ თანხიდან  9.7 მილიონი ლარი გაიხარჯა სამხედრო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებაზე, ხოლო 3.3 მილიონი ლარი - საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მივლინებაზე. აღსანიშნავია, რომ შრომის ანაზღაურების ნაწილში დამატებითი თანხის საჭიროება განაპირობა სამხედრო მოსამსახურეების ხელფასის ზრდამ, ხოლო საერთაშორისო მისიების ფარგლებში მივლინებისთვის საჭირო თანხების დეფიციტი დაკავშირებულია სავალუტო კურსის ცვლილებასთან, კერძოდ, აშშ დოლარის კურსის მატებასთან.  2021 წელს სამინისტროს  დამატებით ასევე გამოეყო 1.5 მილიონი ლარი,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი - 26 მაისისადმი მიძღვნილი ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსებისთვის. 

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კომისიისთვის გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში ჯამში დახარჯა 6.5 მილიონი ლარი, საიდანაც 5.4 მილიონი მოხმარდა არჩევნების ჩატარების ღონისძიებებს (მათ შორის, შრომის ანაზღაურება - 2.87 მილიონი ლარი, სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯები - 1.9 მილიონი ლარი), 1 მილიონი ლარი - საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო კამპანიის ხარჯების დაფინანსებას, ხოლო 28 ათასი ლარი არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადებას.     

 

2020 წელს და 2021 წლის საწყის 6 თვეში მთავრობის ადმინისტრაციის მიერ, სარეზერვო ფონდიდან ლობისტური საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისთვის გაწეული 5.4 მილიონი ლარის ხარჯის გარდა, 2021 წლის ივნისში საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოეყო 282 ათასი ლარი საინფორმაციო პორტალ EURACTIV.COM-ის მომსახურების შესყიდვის მიზნით.

 

ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2021 წლის მაისში 889 ათასი ლარი დახარჯა საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით და ასევე, საერთაშორისო ტურისტული გამოფენა-ბაზრობის „FITUR 2021-ის“ მსვლელობისას ქვეყნის მარკეტინგული კამპანიის დაფინანსების მიზნით.

 

ზემოთ განხილული ხარჯების გარდა, სარეზერვო ფონდიდან კვლევის პერიოდში გაწეული ხარჯების 7% დაიხარჯა სხვადასხვა მიზნობრიობით. მათ შორის,  საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის გამოიყო 2.6 მილიონი ლარი საქართველოს ახალი ევროობლიგაციების გამოშვებასთან დაკავშირებული ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების და მასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების დასაფინანსებლად. 205 ათასი ლარი გამოიყო ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისათვის ზამთრის პერიოდში გათბობით უზრუნველყოფის მიზნით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელის სახელმწიფოში ქართული დიასპორისა და საქართველოს საელჩოს საჭიროებისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებული (3 შენობა-ნაგებობა) დავალიანების დაფარვის მიზნით სარეზერვო ფონდიდან დახარჯა 200 ათასი ლარი.  იუსტიციის უმაღლეს საბჭომ მედიაციის სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის - 200 ათასი ლარი, ჯანდაცვის სამინისტრომ - მოქალაქე მაია გომურისა და მოქალაქე გიორგი სულაშვილისთვის შეუფერხებელი სამედიცინო დახმარების მიღების უზრუნველსაყოფად - 66,700 ლარი, ხოლო  2021 წლის 7 აპრილს ოკუპაციის ხაზთან მდინარე ენგურის გადმოკვეთისას ტრაგიკულად დაღუპულ პირთა ოჯახების დახმარების მიზნით გამოიყო 40,000 ლარი.

 

დასკვნა

 

2020 წელს და 2021 წლის საწყის 6 თვეში საქართველოს მთავრობის  სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯების ანალიზი აჩვენებს, რომ ამ პერიოდში სარეზერვო ფონდის განკარგვის პრაქტიკა ნაკლებად არის შესაბამისობაში როგორც ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამოწვევებთან, ასევე სარეზერვო ფონდის განკარგვის პრინციპებთან,  რაც ფორს-მაჟორული ან გაუთვალისწინებელი სიტუაციების დაფინანსებას გულისხმობს.  მაგალითად,  ქვეყანაში Covid-19 პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ამ პერიოდში სარეზერვო ფონდის მხოლოდ 13% მოხმარდა უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლას. ასევე, სარეზერვო ფონდიდან სოლიდური თანხები გამოიყო ისეთ ღონისძიებებზე, რომელთა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში გათვალისწინება შესაძლებელი იყო. მაგალითად, ლობისტური საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა, სამხედრო მოსამსახურეების ხელფასების ზრდა, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების დაფინასნება, არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება  და სხვა. 

 

სარეზერვო ფონდიდან მსგავსი ხარჯების გაწევის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს არასათანადო საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც ერთმნიშვნელოვნად არ ზღუდავს სარეზერვო ფონდის არაფორსმაჟორული სიტუაციებისათვის გამოყენების შესაძლებლობას.  

 

ასევე, მნიშნელოვან პრობლემად შესაძლებელია შეფასდეს ცალკეული უწყებების მიერ სარეზერვო ფონდიდან მიღებული დაფინანსების ფარგლებში გაწეული ხარჯების შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავის არიდება. მსგავსი ინფორმაციის დაფარვა, განსაკუთრებით პრობლემურია იმ ფონზე, როდესაც სარეზერვო ფონდიდან მიღებულ დაფინანსებაზე არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების კანონის მოქმედება  და  არსებობს საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი განკარგვის მაღალი რისკი. 

 

____

 

 

სტატია მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ პროექტის - კარგი მმართველობისთვის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ბენეფიციარი მესაკუთრეების ღიაობის სტანდარტების გაუმჯობესება - ფარგლებში.

პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ, ვიშეგრადის გრანტების პროგრამით, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების თანადაფინანსებით. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული იდეების წახალისება.

სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის პოზიციას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024