თბილისის საქალაქო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკა რისკის ქვეშ აყენებს დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის ეფექტიანობას

სიახლეები | კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები | კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 16 ნოემბერი 2018

ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი თანამდებობის პირთა საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელების მნიშვნელოვანი სამართლებრივი მექანიზმია. კორუფციის რისკების თავიდან აცილება და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების ხარისხის ამაღლება მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს ემსახურება, შესაბამისად, არსებითად მნიშვნელოვანია დეკლარაციების მონიტორინგის პროცესში ერთგვაროვანი პრაქტიკის უზრუნველყოფა.


საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოცემული განკარგულებების გასაჩივრების შედეგები ცხადყოფს, რომ შესაძლოა საფრთხე შეექმნას მონიტორინგის მექანიზმის ეფექტურად ფუნქციონირებას. ამას ადასტურებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ბიუროს განკარგულებების ბათილად ცნობის ტენდენცია, რაც განსაკუთრებით პრობლემურად გამოიკვეთა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძის საქმეში.


ძირითადი მიგნებები


- 2017 წლის იანვრიდან ამოქმედდა თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. მონიტორინგის მექანიზმის ფარგლებში, საჯარო სამსახურის ბიურო ამოწმებს თანამდებობის პირთა დეკლარაციებში მითითებული ინფორმაციის სისწორეს. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ბიურო აჯარიმებს ან აფრთხილებს თანამდებობის პირს, რომელსაც შეუძლია ბიუროს განკარგულება გაასაჩივროს სასამართლოში.

 

- თბილისის საქალაქო სასამართლოს პრაქტიკა ცხადყოფს, რომ შესაძლოა საფრთხე შეექმნას მონიტორინგის მექანიზმის ეფექტურად ფუნქციონირებას. ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია 8 დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ ბიუროს განკარგულებები გააუქმა იმ საფუძვლით, რომ დეკლარაციაში არსებული დარღვევები არაარსებითი იყო. სასამართლოს გადაწყვეტილებებში არ არის ასახული ის განჭვრეტადი და ცხადი კრიტერიუმები, რის საფუძველზეც სასამართლომ დაადგინა, რომ არ არსებობდა თანამდებობის პირის დაჯარიმების საფუძველი.

 

- თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილება გააუქმა, ორი მათგანი უცვლელად დატოვა, ხოლო ბიუროს დანარჩენი სააპელაციო საჩივრები ამ ეტაპზე განხილვის პროცესშია.

 

- ბიუროს განკარგულებების გაუქმების ტენდენცია განსაკუთრებით პრობლემურად გამოიკვეთა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძის საქმეში. ბიურომ შეისწავლა ლევან მურუსიძის დეკლარაცია და გამოავლინა 3 დარღვევა, რომელიც არ წარმოადგენს კანონის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებულ არაარსებით ცდომილებას. მიუხედავად ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან მურუსიძე პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა. გადაწყვეტილება ბიუროს ამ დრომდე არ ჩაბარებია და ამ ეტაპზე სასამართლოს დასაბუთება ხელმისაწვდომი არ არის.

 

დეკლარაციების მონიტორინგი თანამდებობის პირთა მიერ სრული და სწორი ინფორმაციის წარდგენის მიზანს ემსახურება, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს მათი ანგარიშვალდებულების ხარისხის ამაღლებას და კორუფციის რისკების თავიდან აცილებას. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის ნამდვილობის ლეგიტიმური მოლოდინი, შესაბამისად, მონიტორინგის სისტემის არსებობა ემსახურება სწორედ იმ მიზანს, რომ თანამდებობის პირები პასუხისმგებლობით მოეკიდონ დეკლარაციის შევსების პროცესს და ასახონ ზუსტი და სრული ინფორმაცია.


დადებითად უნდა შეფასდეს კანონში 2018 წლის 4 მაისს განხორციელებული ცვლილება, რომლითაც დადგინდა არაარსებითი ცდომილებების ამომწურავი ჩამონათვალი. მნიშვნელოვანია არაარსებით დარღვევად ჩაითვალოს მხოლოდ ის შეუსაბამობები, რაც კანონით დეტალურად განისაზღვრა. ამგვარმა დაზუსტებამ ხელი უნდა შეუწყოს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას, რამაც, თავის მხრივ, უნდა უზრუნველყოს დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის მიზნების მიღწევა - თანამდებობის პირთა ქონებრივი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა.


ლევან მურუსიძის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება რისკის ქვეშ აყენებს მონიტორინგის სისტემის ეფექტურად ფუნქციონირებას. მიუხედავად იმისა, რომ მის დეკლარაციაში გამოვლენილი ცდომილებები არ წარმოადენს იმ გამონაკლის შემთხვევებს, რაც არაარსებითი დარღვევის არსებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია, თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება ლევან მურუსიძის სასარგებლოდ მიიღო და ბიუროს განკარგულება ბათილად ცნო. მნიშვნელოვანია, ზემდგომმა ინსტანციამ იხელმძღვანელოს კანონით დადგენილი მოთხოვნებით და არაარსებით დარღვევად ჩათვალოს მხოლოდ ის ცდომილებები, რაც კანონით ამომწურავად განისაზღვრა.

 

  

/public/upload/IDFI_Photos_2018/Rule_of_law/monitoring_of_declarations.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023