თბილისის მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა რაოდენობა და ადმინისტრაციული ხარჯები

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 19 ოქტომბერი 2017

მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ფონზე,  თბილისის მერობის კანდიდატები საკუთარი წინაასაარჩევნო კამპანიისას,  მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუროკრატიის ოპტიმიზაციის და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის რაციონალური განკარგვის საკითხებს.

 

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, გვსურს წარმოგიდგინოთ ქალაქ თბილისის მერიიდან და საკრებულოდან მიღებული მონაცემების ანალიზი, რომელიც ასახავს 2011-2016 წლებში თბილისის მერიის სისტემისა და საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯების მიმოხილვას. კვლევის განხორციელებას  სამწუხაროდ მნიშვნელოვნად აფერხებდა ქალაქ თბილისის მერიის სისტემიდან  სხვადასხვა საკითხებზე მოწოდებული არასრულყოფილი და არაკლასიფიცირებული მონაცემები. შედეგად, გარკვეულ  საკითხებზე  ვერ იქნა დეტალურად  შესწავლილი კონკრეტული წლის მონაცემები.

 

კვლევის ძირითადი მიგნებები:

 

-   2016 წლის მდგომარეობით თბილისის მერიასა და საკრებულოში, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 8 000 თანამშრომელს ითვლის;

 

-   2011-2016 წლებში ქალაქ თბილისის მერიაში (ადმინისტრაცია და საქალაქო სამსახურები) ყველაზე მეტი ადამიანი  2016 წელს იყო დასაქმებული - 1198 საშტატო და 80 შტატგარეშე თანამშრომელი;

 

-   თბილისის მერიაში დასაქმებულ თანამშრომელთა მკვეთრი მატება უმეტესწილად განაპირობა 2012 წელს თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის შექმნამ, სადაც 2016 წლის მდგომარეობით დასაქმებულია დაახლოებით 480 თანამშრომელი;

 

-   7 რაიონული გამგეობიდან მიღებული მონაცემების მიხედვით 2013 წლის მდგომარეობით დასაქმებული იყო 524 თანამშრომელი, ხოლო 2015 წლის მდგომარეობით - 641 თანამშრომელი;

 

-   2016 წლის ივლისის მდგომარეობით თბილისის მერიის დაფუძნებულ 7 სსიპ-ში დასაქმებული იყო 2144 თანამშრომელი, ხოლო 79 არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირში - 3 684 თანამშრომელი;

 

-   2011 წლის მდგომარეობით, თბილისის საკრებულოს აპარატში დასაქმებული იყო 171 საშტატო და არცერთი შტატგარეშე თანამშრომელი, ხოლო 2016 წლის მდგომარეობით - 247 საშტატო და 69 შტატგარეშე თანამშრომელი.

 

-   2011-2016 წლებში ქალაქ თბილისის მერიაში და რაიონულ გამგეობებში დასაქმებული საშტატო თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე ყველაზე მაღალი ხარჯი გაწეულია 2013 წელს - 41 მილიონი ლარი, ეს მაჩვენებელი 2014 წელს 40 მილიონ ლარამდე, ხოლო 2015 წელს 35,6 მილიონ ლარამდე შემცირდა. 2016 წელს წინა წელთან შედარებით დაახლოებით 2 მილიონი ლარით გაიზარდა და 37,4 მილიონი ლარი შეადგინა.

 

-   2013 წლის შემდეგ შრომის ანაზღაურების ხარჯების შემცირება განპირობებულია პრემიებზე გაწეული ხარჯების შემცირებით. კერძოდ, 2013 წელს  პრემიის სახით გაცემულია 14,2 მილიონი ლარი, ხოლო 2016 წელს -  6,7 მილიონი ლარი.  სახელფასო დანამატის სახით 2013 წელს გაიცა 3,1 მილიონი ხოლო  2016 წელს 3,6 მილიონი ლარი.   

 

-   2013-2014 წლებში, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროგრამული ფორმატით შედგენის მეთოდოლოგიის დარღვევით, ადმინისტრაციის ასიგნებებიდან პრემიები ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, ასევე გაცემულია თბილისის მერიის სხვა საქალაქო სამსახურების და რაიონული გამგეობების თანამშრომლებზე.

 

-   თბილისის საკრებულოს შემთხვევაში შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წელს ფიქსირდება - 8,2 მილიონი ლარი, საიდანაც თანამდებობრივი სარგო შეადგენს დაახლოებით 4 მილიონ ლარს, ხოლო პრემია 4,2 მილიონ ლარს. 2015 წელს საკრებულოში პრემიები გარკვეულწილად ჩაანაცვლა სახელფასო დანამატებმა და პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით სულ გაცემულია 2,8 მილიონი ლარი, ხოლო 2016 წელს - 3 მილიონი ლარი.

 

-   2011 წლის შემდეგ ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იმატებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შტატგარეშე მოსამსახურეების შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები. ეს რიცხვი 2016 წელს 2011 წელთან შედარებით დაახლოებით 4,5 -ჯერ არის გაზრდილი.

 

-   2017 წლის ივნისის მდგომარეობით ქალაქ თბილისის მერიის ბალანსზე ირიცხება 289 ავტომობილი, ხოლო თბილისის საკრებულოს ბალანსზე - 35 ავტომობილი. თბილისის მერიის ადმინისტრაციის ინფორმაციით 2014 წლის შემდეგ ავტოპარკის განახლებაზე ხარჯები არ გაწეულა; 

 

- 2015 წლის შემდეგ როგორც თბილისის მერიის ასევე საკრებულოს შემთხევაში საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა;

 

- თბილისის საკრებულოს წარმომადგენლობითი ხარჯებზე ყველაზე მეტი გახარჯა 2014 წელს - 140,4 ათასი ლარი. 2016 წლის მდგომარეობით მსგავსი ხარჯები შეადგენს 42,1 ათას ლარს.

 

თბილისის მერიიდან და საკრებულოდან მიღებული 2011-2016 წლების მონაცემების ანალიზი ნათლად აჩვენებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  ბიუროკრატიული აპარატი მნიშვნელოვან ოპტიმიზაციას საჭიროებს. სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ წლების განმავლობაში თბილისის მუნიციპალურ დაწესებულებებში იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა. შედეგად, 2016 წლის მდგომარეობით თბილისის მერიასა და საკრებულოში, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ  სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში  დასაქმებულთა რაოდენობა  დაახლოებით 8 000 თანამშრომელს ითვლის. კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით, ეს მაჩვენებელი, ვერ ჩაითვლება ბიუროკრატიული აპარატის იმ ოპტიმალურ ზომად, რაც საკმარისია მუნიციპალიტეტის სტრატეგიული მიზნების ეფექტიანი შესრულებისათვის.

 

2011-2016 წლებში თბილისის მერიის და საკრებულოს მიერ ადმინისტრაციული ხარჯების ანალიზი,  აჩენს კითხვებს საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ განკარგვასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ 2015-2016  წლებში შეინიშნება კონკრეტული ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის ტენდენციები (2013-2014 წლებთან შედარებით გარკვეულწილად  შემცირებულია პრემიებისა და დანამატების საერთო ხარჯი, მინიმუმამდეა დაყვანილი ავტოპარკის განახლების ხარჯები, შემცირებულია საწვავის მოხმარების  ხარჯი) IDFI მიიჩნევს, რომ  თბილისის მუნიციპალიტეტის სისტემის ბიუროკრატიული აპარატის ზომა და მის უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯები მნიშვნელოვნად აჭარბებს მუნიციპალიტეტის  საჭიროებებს  და აუცილებელია მისი შემდგომი ოპტიმიზაცია, რაც ხელს შეუწყობს  მუნიციპალიტეტის მაქსიმალურად ეფექტიანი და  მოქნილი ბიუროკრატიული სისტემის ჩამოყალიბებას. 

  

იხილეთ სრული კვლევა: 

 

/public/upload/IDFI_Photos_2017/idfi_general/administrative_expenses_2011_2016.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024