ემოციური უსაფრთხოება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში - მოსწავლეთა დარღვევებისა და ჩაგვრის შემთხვევების სტატისტიკის ანალიზი

ბლოგპოსტები 20 მარტი 2020

ანალიტიკური სტატიის ავტორია ირინა გურგენაშვილი და ის დაიწერა კონკურსისთვის "მონაცემები ცვლილებებისთვის". კონკურსი ჩატარდა IDFI-ის მიერ ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პოზიციას.

 

ირინა გურგენაშვილი არის კონკურსის გამარჯვებული - I ადგილის მფლობელი.

 

___

 

ძალადობისგან თავისუფალი სკოლა, რომელიც მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლისმომსახურე პერსონალის ფიზიკურ და ემოციურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მონაპოვარია. ის არის ფუნდამენტი სხვა ყველა იმ აქტივობის და ღირებულების, რომელსაც მომავალში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ქმნიან. შესაბამისად, თითოეული ქვეყნის საგანმანათლებლო პოლიტიკის შემმუშავებლები და აღმასრულებლები მოწოდებულნი უნდა იყვნენ, რომ უსაფრთხო სკოლის იდეა მხოლოდ სასკოლო საორიენტაციო დოკუმენტების შაბლონური ჩანაწერი არ იყოს და მისი რეალური იმპლემენტაცია ხდებოდეს. უსაფრთხო სკოლის კონცეფცია ორ მიმართულებას ფიზიკურ და ემოციურ უსაფრთხოებას მოიცავს, რაც შეეხება უსაფრთხოების პოლიტიკას, წარმატებულ საგანმანათლებლო სისტემებში ის ორ ძირითად მოქმედებას - პრევენციასა და პრეემფციას ეფუძნება. პრევენცია გამოვლენილი ფიზიკური და ემოციური უსაფრთხოების ხელისშემშლელ ფაქტორებზე მყისიერი რეაგირება და აღმოფხვრაა, ხოლო პრეემფცია წინმსწრებ ღონისძიებათა ერთობლიობაა, რომელიც მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში, აფერხებს ფიზიკური და ემოციური უსაფრთხოების ხელისშემშლელი ფაქტორების დადგომას.

 

უსაფრთხო სკოლის კონცეფცია, პოლიტიკის დონეზე, საქართველოს სახელმწიფოსთვის, რომ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამაზე მეტყველებს, როგორც „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ჩანაწერები და განსხვავებულ დროს სხვადასხვა განათლების მინისტრის ბრძანებები, ისე - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი, სადაც წლიდან - წლამდე სულ უფრო იზრდება უსაფრთხო სკოლის უზრუნველყოფის პროგრამების დაფინანსება. თუმცა, მიუხედავად პრიორიტეტისა, საქართველოს სკოლებში უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობის შეფასებითი კვლევები სამინისტროს მხრიდან პრაქტიკულად არ ტარდება, საკითხისადმი აშკარა ინტერესს არც აკადემიური სივრცე და მესამე სექტორი იჩენს, შესაბამისად, ამ მიმართულებით ცოდნა მწირია და ნებისმიერი გატარებული ღონისძიება მეტწილად სიღრმისეული სიტუაციური ანალიზის გარეშე ხორციელდება, რამაც, საბოლოო ჯამში, შესაძლოა რესურსების არაეფექტიან ხარჯვა, უფრო მეტიც, ფლანგვა გამოიწვიოს. ცალკეული საზოგადოებრივი აზრის კვლევები და ისეთი შემთხვევები, როგორიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიაა აჩვენებენ, რომ საქართველოს სკოლებში ფიზიკური და ემოციური უსაფრთხოების საკითხის პრობლემა მწვავედ დგას, მძიმედ დგას, ასევე, მოსწავლეთა მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელების შემთხვევები, რომელთა სტატისტიკას სამინისტრო მხოლოდ 2015 წლიდან აწარმოებს და რომელიც სრულად არ ასახავს საქართველოს სკოლებში ამ მიმართულებით არსებულ რეალურ სურათს.

 

წინამდებარე სტატიის მიზანი ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ემოციური უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობის და გამოწვევების შეფასებაა, ასევე, იმ მეთოდოლოგიური სისუსტეების გამოვლენა, რომელიც ამ სტატისტიკაში ზედაპირული დაკვირვებითაც კარგად ჩანს.

 

საქართველოს სკოლებში ემოციური უსაფრთხოების სტატისტიკა

 

 

როგორც უკვე აღინიშნა, სკოლის უსაფრთხოების კონცეფცია, ფართო გაგებით, ფიზიკურ და ემოციურ უსაფრთხოებას მოიცავს. ფიზიკური უსაფრთხოების ნაწილში, ძირითადად იგულისხმება ხოლმე სკოლის არქიტექტურა, ინვენტარი, ჯანსაღი კვება, სკოლის ტერიტორიის უსაფრთხოება (უცხო პირების სკოლებში თავისუფალი გადაადგილების კონტროლი/შეზღუდვა), საომარი მოქმედებებისა და კატაკლიზმების დროს მოქმედების გეგმის არსებობა და მისი შესრულების ხარისხი და სხვა ის წინასწარი მოქმედებები, რომელიც მოსწავლეების, მასწავლებლების და პერსონალის ფიზიკური ჯანმრთელობის უზრუნველყოფას უკავშირდება, ხოლო ემოციური უსაფრთხოება სკოლებში არსებული ძალადობრივი გარემოს აღმოფხვრას გულისხმობს. ის აერთიანებს, როგორც მოსწავლეებს შორის ერთმანეთის მიმართ განხორციელებული ძალადობის, ისე მათ მიერ, ზოგადად, არაეთიკური ან/და დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელების საკითხებს. ეს უკანასკნელი - ემოციური უსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარი მსაზღვრელია იმისა, თუ რამდენად მყარია ზოგადსაგანმანათლებლო სისტემა და რამდენად შესწევს მას უნარი, მოსწავლეები განათლების სისტემის შემდეგ საფეხურზე გადაიყვანოს ან/და ისინი პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოაყალიბოს.

 

სკოლებში არსებული არამყარი ემოციური მდგომარეობა, განათლების სამინისტროს მიდგომებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ორ ძირითად ნაწილად განვიხილოთ. პირველი - შევაფასოთ მოსწავლეთა დარღვევების სტატისტიკა უკანასკნელ წლებში, მეორე - ჩაგვრის, ე.წ. ბულინგის (Bullying) სტატისტიკა. აღნიშნულ სტატისტიკებს აწარმოებს სსიპ „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური“.

 

ღია მონაცემთა ლაბორატორიაზე დაყრდნობით (DataLab), მოსწავლეთა დარღვევების სტატისტიკა შეიცავს შემდეგ მონაცემებს: 1. მოსწავლეების მიერ სკოლებში მაღალი რისკის შემცველი საგნების (დანა, ბასრი ან მჩხვლეტავი საგანი და სხვა) ტარება; 2. აკრძალული ნივთების (თამბაქო, სანთებელა ან ასანთი, ბანქო და სხვა) მოხმარება; 3. მოსწავლეთა შორის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა; 4. გაკვეთილების ჩაშლადა 5. სკოლიდან გაპარვისა ამ გზით, გაკვეთილის ჩაშლის სტატისტიკა. მონაცემებზე დაკვირვება აჩვენებს, რომ წლიდან წლამდე მოსწავლეთა მხრიდან ამ ტიპის დარღვევების სტატისტიკა სკოლებში უარესდება, მაგალითად, თუ 2015-2016 სასწავლო წელს მოსწავლეების მიერ გაკვეთილის ჩაშლის 4,495 შემთხვევა გამოვლინდა, 2017-2018 სასწავლო წელს იგივე ქმედება 6,653-ჯერ განხორციელდა, თუ 2015-2016 წლებში მოსწავლეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის 2,582 შემთხვევა იყო, 2017-2018 სასწავლო წლებში იგივე ფაქტი 3,673-ჯერ დაფიქსირდა (დეტალური მონაცემებისთვის იხ. გრაფიკი 1).

 

სტატიის მომზადების ფარგლებში, უახლესი და დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, განათლების სამინისტროდან გამოთხოვილ იქნა 2018-2020 წლის მონაცემებიც, გარდა ამისა, ინტერესის საგანი იყო დამატებით რა დარღვევათა კატეგორია შედიოდა მანდატურის სამსახურის მიერ წარმოებულ სტატისტიკაში. განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2018-2019 კალენდარულ წლებში  მაღალი რისკის შემცველი საგნების ტარების 118 და 137 შემთხვევა გამოვლინდა, თამბაქოს მოხმარების - 1,760 და 890 შემთხვევა, გაკვეთილის ჩაშლის ან/და ჩაშლის მცდელობის - 6,442 და 6,304 შემთხვევა. დამატებით, მანდატურის სამსახური კალენდარული წლების მიხედვით აწარმოებს შემდეგ სტატისტიკას: ალკოჰოლის მოხმარება; არაეთიკური ქმედება; თანხის შეგროვება და დილით დაგვიანება; მოსწავლის მიერ სკოლიდან გაპარვა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მონაცემებში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განმეორებადი ქმედება სწორედ ეს უკანასკნელი - გაკვეთილიდან გაპარვაა (დამატებით, წლების მიხედვით სტატისტიკა შეგიძლიათ იხილოთ ცხრილ 1-ში).  

 

 

 

 

რაც შეეხება ბულინგის სტატისტიკას, აღნიშნულის წარმოება მანდატურის სამსახურმა 2015 წელს დაიწყო. ოფიციალური ინფორმაციით, 2015-2019 კალენდარულ წლებში, ჯამში, ბულინგის  1,011 შემთხვევა გამოვლინდა. ისევე როგორც სხვა დარღვევათა სტატისტიკა, წლიდან წლამდე ბულინგის შემთხვევათა რაოდენობაც იზრდება. სტატისტიკის მიხედვით, თუ 2015 წელს ბულინგის 86 შემთხვევა იყო, 2019 წელს ეს მონაცემი 343 შემთხვევამდე გაიზარდა (იხ. გრაფიკი 2).

 

 

 

როგორც განათლების სამინისტრო განმარტავს, მოსწავლეთა დარღვევების და ბულინგის შემთხვევათა მზარდ სტატისტიკას განაპირობებს ერთი მხრივ, მანდატურის სამსახურის მიერ მეთოდოლოგიის დახვეწა, ხოლო მეორე მხრივ, მანდატურებისადმი ნდობის ზრდა, რაც  შესაბამისად, მიმართვიანობის ზრდაში გამოიხატება. რა თქმა უნდა, აღნიშნული მოსაზრება ლოგიკას არ არის მოკლებული და მართლაც, შესაძლოა მზარდი სტატისტიკა სკოლებში არა გაუარესებული ფონის, არამედ წარსულში მისი განსხვავებული, არასრულყოფილი აღრიცხვის მიზეზით ხდებოდეს. სამწუხაროდ, არც მანდატურის სამსახური და არც განათლების სამინისტრო არ აქვეყნებს და არ გასცემს ინფორმაციას ამ ორი სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგიების შესახებ, შესაბამისად, საზოგადოება მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს არსებული მეთოდოლოგია და დაინახოს მისი უპირატესობები გასულ წლებთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მიზეზიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მეთოდოლოგიის შეფასება შეუძლებელია, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ის ხარვეზებით დგება. ამის თვალსაჩინო მაგალითია მოსწავლეთა დარღვევებისა და ბულინგის ამდენად განსხვავებული სტატისტიკა.

 

ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის თანახმად, რომელსაც ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, სკოლაში ბულინგი (ქართ. დაშინება) განიმარტება, როგორც არასასურველი, აგრესიული ქცევა მოსწავლეებს შორის და რომელიც მიზნად ისახავს, ადრესატის რეალურ ან/და წარმოსახვით ძალაუფლების დამორჩილებას. ეს ქცევა, როგორც წესი, განმეორებით ხასიათს ატარებსდა წარმოშობს არამდგრად ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ გარემოს. ამავე დეპარტამენტის მიხედვით, დღეისათვის ოთხი ძირითადი სახის ბულინგია გავრცელებული: ვერბალური, სოციალური, ფსიქოლოგიური და კიბერ ბულინგი, თითოეული მათგანი კი დაშინების მრავალფეროვან მეთოდებს აერთიანებს. ამ მეთოდებში, სხვა მრავალ ქმედებასთან ერთად, მათ შორის, შეიძლება განვიხილოთ  როგორც მოსწავლეებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ისე, მოსწავლეების მხრიდან ფულის გამოძალვის შემთხვევები. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბულინგის სტატისტიკა კიდევ უფრო ფართო უნდა იყოს, იმ ფონზე, რომ მაგალითად 2017-2018 წლებში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის 3,673 შემთხვევა გამოვლინდა, იგივე 2017 და 2018 წლებში ბულინგის მხოლოდ 449 შემთხვევა ერთობ საეჭვო სტატისტიკას ქმნის და სამართლიანად აჩენს განცდას, რომ სამინისტროს და მანდატურის სამსახურს აღრიცხვის გამართული მეთოდოლოგია არ გააჩნია.

 

გარდა ამისა, ერთგვარ დისკომფორტს ქმნის და ეჭვებს აღძრავს სამინისტროს მიერ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ორგანიზაციისა და ფიზიკური პირისადმი გაცემული სტატისტიკის ერთმანეთთან შეუსაბამობა. თუ მაგალითად, შევხედავთDataLab-თვის გაცემულ მონაცემებს, ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციისთვის“ მიწოდებულ მონაცემებსა და სტატიის მომზადების ფარგლებში, ავტორისათვის მოწოდებულ მონაცემებს - მათ შორის აშკარა სხვაობას დავინახავთ როგორც დარღვევათა სტატისტიკის ტიპებს, ისე მათ რაოდენობებს შორის.

 

საყურადღებოა კიდევ ერთი საკითხი, მონაცემები მეთოდოლოგიურად აბსოლუტურად გამართულად რომც აღირიცხებოდეს, იგი არ ფარავს მთლიან საქართველოს და საქმე მაინც ფრაგმენტულ ინფორმაციასთან გვაქვს. 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 2,313 სკოლაა, აქედან, 2,086 სკოლა საჯაროა, ხოლო კერძო - 227. სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მანდატურის სამსახური, რომელიც აღრიცხავს ზემოთ წარმოდგენილ სტატისტიკას, მუშაობს 596 საჯარო სკოლაში, რაც სკოლათა საერთო რაოდენობის 25.7%-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლათა 74.3%-ში ამ მიმართულებით რა ვითარებაა არ ვიცით. სამინისტროს მტკიცებით, 596 სკოლის 1,531 მანდატური საქართველოს მოსწავლეთა საერთო რაოდენობის ( 593,018 მოსწავლე) 80%-ს ფარავს. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, სამინისტროს იმავე წერილში ვთხოვეთ იმ სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მოწოდება, სადაც მანდატურები მუშაობენ, თუმცა სამინისტრომ არ მოგვაწოდა რიცხვი და მოგვაწოდა მხოლოდ პროცენტული მაჩვენებელი (ზემოთ ნახსენები 80%), რაც ამ ინფორმაციის სარწმუნოებას, გარკვეულწილად, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მანდატურის სამსახური სკოლის მოსწავლეთა 80%-ს რომც ემსახურებოდეს, ყურადღების მიღმა გვრჩება მოსწავლეთა 20%-ში არსებული მდგომარეობა და იქ არსებული დარღვევათა და ბულინგის სტატისტიკა.

 

აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ბულინგის შემთხვევათა გამოვლენა საკმაოდ რთული და კომპლექსური საკითხია, მისი გარე თვალისგან შემჩნევა რთულია, ხოლო მიმართვიანობა დაბალი. სამწუხაროდ, ძალადობის მსხვერპლები ხშირად გაჩუმებას ამჯობინებენ. მიმართვიანობის უზრუნველსაყოფად და მოსწავლეთა ემოციური უსაფრთხოებისთვის, წარმატებული საგანმანათლებლო სისტემები სკოლის ფსიქოლოგთა პროგრამას ახორციელებენ, საქართველოს სკოლებში კი ფსიქოლოგები არ არიან წარმოდგენილნი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საქმე არ ეხება სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს.

 

ინფორმაციისთვის, უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი (საბიუჯეტო კოდი 32 02 03) წლიდან წლამდე მზარდია, მაგალითად თუ 2015 წელს ამ პროგრამისთვის განათლების სამინისტროს ბიუჯეტში 11,445 000 ლარი იყო გამოყოფილი, 2020 წელს პროგრამის ბიუჯეტი 19,340,000 ლარს შეადგენს (წლების მიხედვით ბიუჯეტი იხილეთ ცხრილ 2-ში).

 

 

 

დასკვნა

 

ფიზიკური და ემოციური უსაფრთხოების უზრუნველყოფა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. როგორც წესი, განათლების პოლიტიკის შემმუშავებლები და აღმასრულებლები ძალისხმევას არ იშურებენ ხოლმე, რომ სკოლები ძალადობისგან მაქსიმალურად თავისუფალი, უსაფრთხო და საიმედო მომავალზე ორიენტირებულნი იყვნენ. მით უმეტეს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების უმთავრესი დანიშნულება ცოდნის რეალიზებასთან ერთად, პასუხისმგებლიანი მოქალაქის ჩამოყალიბებაა. საქართველოს სახელმწიფოსთვის უსაფრთხო სკოლის კონცეფციის მნიშვნელობა და პრიორიტეტულობა ცალსახად იკვეთება, როგორც შესაბამის კანონმდებლობაში და პოლიტიკის დოკუმენტებში, ისე განათლების სამინისტროს ბიუჯეტში, თუმცა ცალკე მსჯელობის საკითხია როგორ ითარგმნება ეს პოლიტიკა რეალურ მოქმედებებში.

 

როგორც არაერთხელ აღინიშნა, უსაფრთხო სკოლის კონცეფცია მოსწავლეების, მასწავლებლებისა და პერსონალის ფიზიკურ და ემოციურ უსაფრთხოებას გულისხმობს. როგორც წესი, საგანმანათლებლო სისტემები ფიზიკური უსაფრთხოების ნაწილში გაცილებით უფრო ეფექტურები არიან ხოლმე, ვიდრე ემოციური უსაფრთხოების მიმართულებით. ემოციური უსაფრთხოება მრავალასპექტიანია და ამ ასპექტებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს მოსწავლეთა დარღვევები და ბულინგის (იგივე დაშინება) შემთხვევები იკავებს. იმისათვის, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება და ზოგადად სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები ამ მიმართულებით ეფექტიან და ეფექტურ პოლიტიკას ატარებდნენ, აუცილებელია, ისინი ფლობდნენ შესაბამის ინფორმაციას თუ რა მდგომარეობაა აღნიშნულის თვალსაზრისით სკოლებში. შესაბამისად, მოსწავლეთა დარღვევებისა და ბულინგის შემთხვევათა სტატისტიკის წარმოება, მომავალში მათი პრევენციის მიზნით, ძალზე გამოსადეგი ინფორმაცია და ინსტრუმენტია. დარღვევებისა და ბულინგის შემთხვევათა სტატისტიკის წარმოება სსიპ „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა“ 2015 წელს დაიწყო. ინფორმაციის შეგროვებას საჯარო სკოლებში არსებული მანდატურები ახდენენ, ხოლო ერთიანი მონაცემები განათლების სამინისტროში აკუმულირდება. 

 

2015-2019 წლის სტატისტიკა აჩვენებს, რომ წლიდან - წლამდე იმატებს, როგორც მოსწავლეთა დარღვევების, ისე ბულინგის შემთხვევათა სტატისტიკა. სამინისტროს პოზიციით, სტატისტიკის ცვლილება და შემთხვევათა მატება გამოწვეულია ერთი მხრივ, აღრიცხვის მეთოდოლოგიის დახვეწით, ხოლო მეორე მხრივ,  მანდატურებისადმი ნდობის ჩამოყალიბებით და შესაბამისად, მიმართვიანობის გაზრდით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პოზიცია აბსოლუტურად მისაღებია, ის გარკვეული ეჭვების საფუძველს მაინც ქმნის. კერძოდ, საზოგადოებას არ აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს აღრიცხვის მეთოდოლოგიას და დაინახოს მისი უპირატესობა გასულ წლებთან შედარებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ ვფლობთ სრულყოფილ მონაცემებს და არ ვიცით რა ვითარებაა იმ სკოლებში, სადაც მანდატურის სამსახური არ მუშაობს. ეჭვებს აღძრავს ის ფაქტორიც, რომ დარღვევათა სტატისტიკას სხვადასხვა ორგანიზაციებისა თუ ფიზიკური პირებისთვის სამინისტრო განსხვავებული ფორმატით, შინაარსითა და რიცხვებით გასცემს. არასრულყოფილი სტატისტიკის გაანალიზების საფუძველზე კი, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წლიდან - წლამდე, საქართველოს სკოლებში ემოციური უსაფრთხოების თვალსაზრისით, ვითარება სულ უფრო მძიმდება, ხოლო ბუნდოვანი სტატისტიკა, აჩენს განცდას, რომ, რეალურად, სამინისტრო და საზოგადოება მოკლებულია უსაფრთხოების თვალსაზრისით სკოლებში არსებული ვითარების რეალური სურათის ცოდნას. სავარაუდოა, რომ სკოლებში მოსწავლეთა ემოციური უსაფრთხოება, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე ეს ფრაგმენტული სტატისტიკიდან ჩანს.

 

 

სრული სტატია - ემოციური უსაფრთხოება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში - მოსწავლეთა დარღვევებისა და ჩაგვრის შემთხვევების სტატისტიკის ანალიზი

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველო კანონის უზენაესობის 2020 წლის ინდექსში

26.03.2020

ინფექციური დაავადებების სტატისტიკა საქართველოში

25.03.2020

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ვადის განმავლობაში ელექტრონული საქმისწარმოების, ადმინისტრაციული წარმოებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემის განსხვავებული წესები იმოქმედებს

23.03.2020

კორუფციასთან ბრძოლის საგანმანართლებლო პროგრამა დისტანციურად გრძელდება

17.03.2020
განცხადებები

საზოგადოებრივი ორგანიზაციები აჭარის მაუწყებელში მიმდინარე საგანგაშო პროცესებზე საერთაშორისო ორგანიზაციებს კოლექტიურად მიმართავენ

17.03.2020

კოალიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად ნინო ქადაგიძის წარდგენას ეხმიანება

13.03.2020

კოალიციის განცხადება მოსამართლეთა დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ხარვეზების თაობაზე

05.03.2020

კოალიცია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესების თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ მიმართავს

14.02.2020
ბლოგპოსტები

ქალაქ ფოთში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასა და თევზის გადამუშავებასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემების ანალიზი - ანუ ცხოვრება ზღვისპირა ქალაქში ჰაერის გარეშე

20.03.2020

არაგადამდები (ქრონიკული) დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის მიმოხილვა

20.03.2020

სოციალური დახმარებები VS არჩევნები

02.03.2020