ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის საჭირო მოწყობილობები ქართულ ბაზარზე

სიახლეები | მედია,ინტერნეტი და ტელეკომუნიკაცია | პუბლიკაციები | სტატია 9 ივნისი 2015

ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის თარიღის მოახლოვებასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება მოსახლეობის მზაობის საკითხი ციფრული საეთერო სიგნალის მისაღებად. მოქალაქეს, რომელიც მაუწყებლობას სახლის ან სახურავის ანტენით იღებს, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ დამატებითი მოწყობილობა დასჭირდება, თუ მისი ტელევიზორი არ არის ადაპტირებული DVB-T2 სტანდარტის სიგნალის მისაღებად.


საქსელო პროვაიდერების ინფორმაციით სახელმწიფო სტრატეგიით დადგენილ ვადებში უნდა დასრულდეს ციფრული ქსელის მშენებლობა. კონტრაქტორი კომპანიის შპს „ვეზირის“ ინფორმაციით, შპს „საქართველოს ტელერადიო ცენტრის“ ციფრული მაუწყებლობისთვის განკუთვნილი ქსელი, დღეის მდგომარეობით ჩართულია სატესტო რეჟიმში და მთელს საქართველოს ტერიტორიაზე ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის და სხვა კომერციული ტელევიზიების პროგრამებს.


თბილისში ჩართულია ასევე კერძო ოპერატორის - „სტერეო+“-ის ქსელიც. ასევე რიგ რეგიონებში ანალოგურთან ერთად ციფრულ ფორმატში ვრცელდება რეგიონული ტელევიზიების პროგრამებიც. ეს კი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ანალოგური მაუწყებლობის გამორთვამდე შეამოწმოს საკუთარი ტელევიზორი. თუ ტელევიზორი ვერ იღებს ციფრულ სიგნალს, შეიძინოს, შეაერთოს სეთ-ტოპ-ბოქსი (რესივერი) და არ დაელოდოს ციფრული სიგნალის გამორთვის დღეს, რადგან ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც ეს პროცესი ანალოგური მაუწყებლობის გამორთვის დღისთვის შესაძლოა გარკვეულ უხერხულობასთან იყოს დაკავშირებული.


ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის წარმატებით დასრულება, გარდა საქსელო მზაობისა - სიგნალის სათანადო ხარისხით და ფართობზე გავრცელებისა, უკავშირდება ამ სიგნალების მიმღები მხარის ანუ ბოლო მომხმარებლების მზაობას, როგორც ინფორმირებულობის, ასევე მათი ტექნიკური მზაობის კუთხით. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ანალოგური სიგნალის გამორთვისათვის საჭიროა საცალო ბაზარზე წარმოდგენილი იყოს სათანადო რაოდენობის მოწყობილობა და მასთან დაკავშირებული ტექნიკური საშუალებები. არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ მოწყობილობების ფასის ხელმისაწვდომობის, მათი მრავალფეროვნების ანუ არჩევანის მრავალფეროვნების და საჭიროების შემთხვევაში მათზე განვადებით წვდომის შესაძლებლობაც, რადგან ერთჯერადი პირველადი ხარჯების გაწევით მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, რომ უფასოდ მიიღოს 30-მდე მაღალხარისხიანი სატელევიზიო არხი.

 

ციფრულ მაუწყებლობაზე წარმატებულად გადასვლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ უფრო აქტიურად იმუშაოს საინფორმაციო კამპანიის კუთხით, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმაცია თუ ვის სჭირდება დამატებითი ტექნიკა მაუწყებლობის სიგნალის მისაღებად, სად შეიძინონ და როგორ მოხდეს მათი შეერთება-ინსტალაცია. მნიშვნელოვანია, რომ ასევე თავად იმპორტიორების მიერ განთავსდეს მონაცემები გაყიდული რესივერების რაოდენობის შესახებ ერთის მხრივ მათი ბიზნესის დაცულობის და მეორეს მხრივ ამ მოწყობილობების კონცენტრაციის მაჩვენებლის შესახებ მონაცემების ხელმისაწვდომობისთვის.


„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), რომელიც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მხარდაჭერას და მონიტორინგს ახორციელებს და ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული 2012 წლის დეკემბრიდან, დაინტერესდა, თუ რა მდგომარეობაა ბაზარზე, სად იყიდება ეს მოწყობილობა, რა რაოდენობის აპარატურაა შემოტანილი საცალო ვაჭრობის ქსელში და როგორია მათი ფასები. ბოლო 15 დღის განმავლობაში ორგანიზაციის წარმომადგენლები პირადად იმყოფებოდნენ ტექნიკის მაღაზიებსა თუ ბაზრობებზე, შეისყიდეს აპარატურა და შეამოწმეს უშუალოდ მათი რეალიზაციის წერტილებში. მონიტორინგმა ძირითადად მოიცვა თბილისი, თუმცა IDFI-ს პარტნიორი ორგანიზაციის „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ დახმარებით მოიძია ინფორმაცია რამდენიმე დიდ ქალაქშიც.


2015 წლის 2 ივნისის მდგომარეობით საცალო ვაჭრობის ბაზარზე უმეტესად ორი ტიპის მოწყობილობაა შემოტანილი - Eurostar-ი და TV Star-ი. მისი ფასი 55-65 ლარამდე მერყეობს. Eurostar-ის წარმოებული სხვა მოდელები დაახლოებით 70-80 ლარი ღირს. ბაზარზე ასევე წარმოდგენილია Sven-ის ფირმის 95 ლარის ღირებულების მოწყობილობა“. ეს უკანასკნელი „არაი თუმოროუს“ მაღაზიათა ქსელში იყიდება. „ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ“ სოციალურად დაუცველი პირებისთვის Konka-ს ფირმის რისივერები შეიძინა. IDFI-ის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში Konka ამ მოწყობილობის შემოტანას საცალო ბაზარზეც გეგმავს.


ტექნიკის დიდ მაღაზიებში, როგორიცაა „ელიტ ელექტრონიქსი“, „მეგატექნიკა“, „ზუმერი“, „ბეკო“ მხოლოდ TV Star-ის “სეტ ტოპ ბოქსები” იყიდება. ამ მაღაზიების კონსულტანტების თქმით, აღნიშნულ ტექნიკას დღის განმავლობაში ოცამდე მომხმარებელი კითხულობს. მაღაზიებში რამდენიმე ცალი აქვთ წარმოდგენილი, მისი ამოწურვის რისკები არ არსებობს, რადგან, მათივე თქმით, შემდეგ საწყობიდან შეუძლიათ რამდენიმე ასეული „სეტ ტოპბოქსის“ დამატება. ამავე მაღაზიებში შესაძლებელია განვადების სერვისითაც სარგებლობა.


ტექნიკის დიდი ნაწილი სავაჭრო ცენტრ „კიდობანშია“ წარმოდგენილი, სადაც იყიდება როგორც TV Star-ის, ისე Eurostar-ის მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის „სეტ ტოპ ბოქსები“.

 

2 ივნისის მონაცემებით, ბაზარზე ძირითადად წარმოდგენილია TV Star-ის მიერ წარმოებული მოწყობილობის ორი მოდელი - TV STAR DVB-T2 516 და TV STAR DVB-T2 525. პირველ მათგანს, რომელიც შედარებით იაფი, 55 - 60 ლარი ღირს, არ აქვს RCA კაბელის შესაერთებელი. RCA იგივე სამფერიანი კაბელია, რომელსაც მოსახლეობა „ტულპანებს“ ეძახის. სწორედ ამგვარი კაბელი სჭირდება ძველ ტელევიზორებს მოწყობილობის მისაერთებლად (დაახლოებით 1-2 ლარად მომხმარებელმა შესაძლოა შეიძინოს SCART-ის სამფერა კაბელზე გადამყვანი მოწყობილობა). აღნიშნულ მოწყობილობას აქვს ასევე HDMI გამოსასვლელი ახალი ტელევიზორებისთვის ამგვარი კაბელით მისაერთებლად. TV Star-ის მოწყობილობას მართალია HDMI კაბელის შესაერთებელი აქვს, თუმცა ეს კაბელი არ მოჰყვება და მისი შეძენა მომხმარებელს ცალკე მოუწევს.


შედარებით ძვირი - 60-ლარი ღირს მეორე მოდელი TV STAR DVB-T2 525, რომელსაც TV Scart-ის შეერთების შესაძლებლობაც აქვს, სამფერიანი (RCA) კაბელი არც მას უერთდება პირდაპირ, ამისთვის მომხმარებელს დამატებითი გადამყვანი დასჭირდება. გადამყვანის ფასი დაახლოებით ერთი ლარია.


TV Star-ის მიერ წარმოებული მოწყობილობის დისტრიბუტორი საქართველოში კომპანია accdistribution-ია. მათ მიერ IDFI-სთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემოტანილი აქვთ ოთხი ტიპის რესივერი -


TV Star DVB-T2 517
TV Star DVB-T2 516
TV Star DVB-T2 525
TV Star DVB-T2 525+Dolby

 

სამ მოდელს გააჩნია ქართული მენიუ და ინსტრუქცია. კომპანიის მიერ მოწოდებული მონაცემებით დღემდე ბაზარზე შემოტანილი აქვს 62 340 ცალი მოწყობილობა. 17 ივნისამდე კი დამატებით 133 368 ცალის შემოტანას გეგმავს. საგარანტიო ვადა პროდუქტზე არის 12 თვე, სერვის ცენტრში მიღებიდან 24 საათში ნივთი იცვლება ან შეკეთდება.


საცალო ბაზარზე განთავსდება ასევე ქართულ - აზერბაიჯანული კომპანია „AG მიკროელექტრონიქსი“-ს მიერ საქართველოში დამზადებული სეთ-ტოპ-ბოქსები. კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით 23 ათასი ცალი რესივერს უახლოეს პერიოდში გამოუშვებენ საცალო ვაჭრობის ქსელში.


„კიდობანში“ 65 ლარი ღირს Eurostar-ის მიერ წარმოებული მოწყობილობები, რომელსაც უერთდება RCA კაბელი, აქვე იყიდება უფრო ძვირადღირებული მოწყობილობები, რომელთა ფასი 70-80 ლარია.


„კიდობანში“ განთავსებული მაღაზიების თქმით, გეგმავენ უახლოეს დღეებში შემოიტანონ Eurostar-ის მიერ წარმოებული უფრო იაფიანი რესივერები, რომელსაც ქართულ ენაზე ინსტრუქცია და RCA კაბელის გადამყვანის გარეშე მიერთების საშუალებაც ექნება.


„კიდობანის“ მსგავსად ეწ „ლილოს ბაზრობაზეც“ ძირითადად Eurostar-ის მოწყობილობები იყიდება. მისი ღირებულება უფრო იაფი, 65 ლარია. როგორც დისტრიბუტორები აღნიშნავენ, მოქალაქეები ინტერესდებიან აღნიშნული ტექნიკით, რამდენიმე მაღაზიის წარმომადგენელის თქმით, ბოლო ორ კვირაში დაახლოებით 70 ცალი გაყიდეს. საბითუმო მიმწოდებლის თქმით, ამჟამად საწყობში 200 ცალი მოწყობილობაა განთავსებული, რომელიც შემდეგ „ლილო მოლის“ საცალო მოვაჭრეებთან რიგდება. მომავალ კვირას კი ელოდებიან ახალი პარტიის შემოტანას დუბაიდან.



 

ციფრული სიგნალის მიმღები მოწყობილობების კონცენტრაციის საკითხი რეგიონებშიც გამოიკითხა. მაღაზიათა ქსელის „ბეკოს“ განცხადებით, 12 ივნისისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გაიყიდება მათ ქსელში „სეტ ტოპ ბოქსები“.


TV star-ის მიერ წარმოებული „სეტ ტოპ ბოქსების“ რეალიზაცია ზუგდიდში ადგილობრივმა ტელეკომპანია „ოდიშმა“ დაიწყო და მისი შეძენა ამ მაუწყებელთან არის შესაძლებელი. მათი ცნობით, დღეში 30-50 ცალი იყიდება.


ბათუმში მაღაზია „KTM ელექტრონიქსში“ არის შესაძლებელი „სეტ ტოპ ბოქსის“ ყიდვა. მისი ფასი 55 ლარია. ოზურგეთში სამ მაღაზიაში იყიდება აღნიშნული მოწყობილობა. მათი საერთო რაოდენობა დაახლოებით 150 ცალია. რესივერს არ მოჰყვება ტელევიზორთან მისაერთებელი კაბელები. TV Star-ის მიერ წარმოებული „სეტ ტოპ ბოქსები“ იყიდება გურჯაანშიც. მისი შეძენა „ელიტ ელექტრონიქსისა“ და „ბეკოს“ მაღაზიებში არის შესაძლებელი.

 


ნებისმიერი ტიპის ასეთი მოწყობილობის შეძენისას აუცილებელია მომხმარებელმა მოითხოვოს:


- მოწყობილობის შემოწმება ადგილზე - მოწყობილობა უნდა იჭერდეს ქართულ არხებს და უნდა ჰქონდეს მეტრულ და დეციმეტრულ დიაპაზონებში სიგნალის მიღების შესაძლებლობა;
- დამატებითი კაბელების მიერთება და მისი შემოწმება - მოწყობილობის არჩევისას მომხმარებელი უნდა დარწმუნდეს, რომ სწორად შეარჩია ის კაბელი, რაც მის ტელევიზორს მოწყობილობასთან დააკავშირებს. ასეთი სულ სამი ტიპის კაბელია - RCA (სამფერიანი, მოძველებული ტელევიზორებისთვის), HDMI (თანამედროვე ტელევიზორებისთვის) და Scart გადამყვანი. ადგილზევე უნდა მოხდეს გადამყვანი მოწყობილობების შეძენა და გატესტვა.


დეტალური ინფორმაციისთვის მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ცხელ ხაზზე - 1480.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

გაერომ 28 სექტემბერი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა

18.10.2019

საქართველოს პარლამენტმა IDFI-ის რეკომენდაციით საკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის ელექტრონული პლატფორმა შექმნა

16.10.2019

IDFI-მ ჟურნალისტებისა და პროკურორებისთვის მორიგი ტრენინგი ჩაატარა

14.10.2019

სტალინიზმი საბჭოთა სკოლებში და სკოლის მოსწავლეების საქმე

11.10.2019
განცხადებები

კვლავ არსებობს კითხვები გენერალური პროკურორის დიპლომთან დაკავშირებით

17.10.2019

განცხადება სახელმწიფო ავტოპარკის ოპტიმიზაციის აუცილებლობის შესახებ

18.09.2019

იურიდიული კომიტეტის მიერ სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტების შეფასება

17.09.2019

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა

15.09.2019
ბლოგპოსტები

ღია მმართველობის პარტნიორობა - გასაღები მდგრადი განვითარების მიზნების შენელებული პროგრესის საპასუხოდ

20.09.2019

ინტერესთა შეუთავსებლობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში

05.08.2019

რა საფრთხე ემუქრება გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში

13.05.2019

დამოკიდებულება პროკურორებისა და მოსამართლეების ქმედებების მიმართ

22.04.2019