საარჩევნო სისტემაზე მმართველი პარტიის გადაწყვეტილება მიუღებელია

განცხადებები 21 ივნისი 2017
 
19 ივნისს ცნობილი გახდა მმართველი გუნდის გადაწყვეტილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეინარჩუნოს შერეული საარჩევნო სისტემა და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მოხდეს 2024 წლის არჩევნებისთვის. ამასთან, უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით 2020 წლის არჩევნებისთვის ბარიერი ერთჯერადად 3%-მდე შემცირდება. ამავე დროს, ძალაში დარჩება გადაწყვეტილება საარჩევნო ბლოკების გაუქმების შესახებ.
 
ცალსახად და ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელია.
 
მიუხედავად ჩვენი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებისა საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებულ პაკეტში შემოთავაზებული გაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის მიკუთვნების წესისა და ბლოკების გაუქმებისადმი 5% ბარიერის შენარჩუნების პირობებში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მაინც დადებითად შევაფასეთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ეს მოსაზრება გაიზიარა ასევე ვენეციის კომისიამ და პოზიტიურ ნაბიჯად შეაფასა პროპორციული სისტემის შემოღება.
 
საკონსტიტუციო კომისიაში გამართული 4 თვიანი მუშაობის, ვენეციის კომისიასთან შემდგარი შეხვედრების და მისი შეფასების გამოქვეყნების შემდეგ, სრულიად არაადეკვატურია მმართველი პარტიის მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება პროპორციული სისტემის ძალაში შესვლის კიდევ უფრო გადავადების შესახებ. მსგავსი მიდგომა აზრს უკარგავს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას, რომლის უმთავრესი მიზანი საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდირება და კონსენსუსზე დამყარებული კონსტიტუციის მიღება უნდა ყოფილიყო. ამის სანაცვლოდ, „ქართულმა ოცნებამ“ დაინტერესებული მხარეების ყოველგვარი ჩართულობის გარეშე და მათი მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ერთპიროვნულად, ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, შეცვალა გადაწყვეტილება 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ. 
 
მმართველი პარტიის მიერ მოყვანილი არგუმენტი, პარტიის შიგნით აზრთა სხვადასხვაობის შესახებ, რამაც აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია, დაუსაბუთებელი და არადამაჯერებელია. რჩება შთაბეჭდილება, რომ შერეული სისტემის შენარჩუნებით, მმართველი გუნდი ცდილობს შეიქმნას გარანტიები, რომელიც ხელს შეუწყობს უპირატესობის მოპოვებაში 2020 წლის არჩევნებზე. 
 
გვსურს შევახსენოთ მოქმედ საპარლამენტო უმრავლესობას, რომ წინა მოწვევის პარლამენტში, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეეცვალა საარჩევნო სისტემა. ამის ნაცვლად, მათ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოახდინეს, რომელიც ითვალისწინებდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 2020 წლის არჩევნებისთვის. მათი განცხადებით ეს გადაწყვეტილება იყო კომპრომისის შედეგი კოალიციაში, რისი საბოლოოდ განხორციელება ვერ მოხერხდა ოპოზიციის მხარდაჭერის არ არსებობის გამო. დღეს, უკვე საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში, „ქართული ოცნება“ კვლავაც აჭიანურებს საკუთარი ინიციატივის მიღებას, ამჯერად პარტიის შიგნით უთანხმოების მიზეზით. მსგავსი ლავირება და საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის მუდმივად თავის არიდება, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ფართო კონსესუსის პირობებში, არასერიოზული და გაუმართლებელია.
 
სამწუხაროდ, ასეთი მიდგომა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არასამთავრობო სექტორის და სხვა დაინტერესებული მხარეების სამომავლო თანამშრომლობას უმრავლესობასთან ამ თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რადგან იქმნება შთაბეჭდილება, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა მოჩვენებითია და  თანამშრომლობის კონსტრუქციული ფორმატების მიუხედავად, არსებითი ცვლილებების მიღწევა ვერ ხერხდება. 
  
გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით 19 ივნისს გაცხადებული გადაწყვეტილების კონსტიტუციაში ასახვის შემთხვევაში, განხორციელებული ცვლილებები იქნება არა კონსენსუსის და ფართო საზოგადოების შეთანხმების საგანი, არამედ ერთი პარტიის მიერ დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილების შედეგი. მივიჩნევთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, ყოველგვარი გადავადების გარეშე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით. 
 
 
აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოვუწოდებთ მმართველ პარტიას:
 
 
გაითვალისწინოს ვენეციის კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები, ასევე საკუთარი დაპირება საზოგადოების მიმართ და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღოს მაქსიმალური კონსესუსის შედეგად და აუჩქარებლად, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები არ ტოვებდეს ერთი პარტიის ინტერესებზე მორგებულის შთაბეჭდილებას. 
 
 
 
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
 
საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო (TI-Georgia)
 
ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF)
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
 
ლიბერალური აკადემია
 
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი
 
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
 
მედიის განვითარების ცენტრი (MDF)
 
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
 
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
 
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
 
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
 
ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
 
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
 
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
 
 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024