დასუფთავების გადასახადის ცვლილებები 2011 და 2013 წლებში: შემოსავლის შემცირება, ხარჯების ზრდა და ძველი პრობლემების დაბრუნება

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | ანალიზი 13 მაისი 2014

ავტორი: თამარ იაკობიძე 

შესავალი

2006 წლიდან 2010 წლამდე თბილისში დასუფთავების საკითხი შედიოდა თბილისის მერიის დასუფთავების საქალაქო სამსახურის კომპეტენციაში, რომელიც გაუქმდა თბილისის მერის 2010 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №33-ით. იმავე დღეს, 2010 წლის 29 დეკემბერს, ბრძანება №34-ით დამტკიცდა თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის ახალი დებულება. აღნიშნული დებულების თანახმად, სამსახურის კომპეტენციაში გადავიდა ქალაქის დასუფთავებასთან დაკავშირებული საკითხები. 2011 წლის ივლისამდე დასუფთავების მოსაკრებელი მთლიანად ირიცხებოდა ქ. თბილისის თვითმმართველობის ბიუჯეტში.

 

2011 წლის 1 ივლისიდან ქ. თბილისში დასუფთავების მომსახურებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა ძალაში. კერძოდ, შეიცვალა დასუფთავების ტარიფი, ტარიფის ჩარიცხვის წესი და დასუფთავების უფლებამოსილების განმახორციელებელი პირი.

 

თუკი 2011 წლის ივნისის ჩათვლით მოქმედი ტარიფი ეფუძნებოდა ოჯახებში სულადობის პრინციპს, დასუფთავების ახალი საფასური დადგინდა თვეში ერთ აბონენტზე 1 კვტსთ-ში მოხმარებული ელექტრო-ენერგიის პროპორციულად. კერძოდ, ფიზიკური პირებისთვის 1 კვტსთ ელექტროენერგიაზე 0,05 ლარის ოდენობით. საფასურის დაანგარიშების წესი განსხვავებულიიყო დაწესებულებებისთვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისა და ინდ. მეწარმეებისთვის, მათ შემთხვევაში ხდებოდა სხვადასხვა ფაქტორების  - ნარჩენების მოცულობის, ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავალის, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის და ა.შ. გათვალისწინება.

 

IDFI-მ დასუფთავების საკითხზე პირველი სტატია 2012 წლის ოქტომბერში მოამზადა, თუმცა მაშინ ვერც ბიუჯეტში ჩარიცხული თანხების, და ვერც შპს „თბილსერვის ჯგუფი“-ს ანგარიშზე დარიცხული თანხების გარკვევა ვერ მოხერხდა. ამას გარდა, თბილისის მერიამ უპასუხოდ დატოვა მოთხოვნა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ანგარიშების შესახებ. 

 

2014 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით განახლებული მოთხოვნების შედეგად IDFI-მ არაერთი საინტერესო დოკუმენტი მიიღო თბილისის დასუფთავებას საკითხთან დაკავშირებით. ინსტიტუტის ხელთ არსებული ინფორმაციით პირველად გაირკვა, რა სახის ფულადი ნაკადი მიემართებოდა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ანგარიშზე დასუფთავების გადასახადის სახით, რა თანხა შედიოდა თბილისის ბიუჯეტში მოსაკრებლის სახით, რა დოკუმენტაციას ეყრდნობოდა 2011 წელს მიღებული ცვლილებები და რა სახის ფინანსური ანგარიშები წარუდგინა შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ თბილისის მერიას 2011 და 2012 წლებში.  

 

დასუფთავების სფეროს პრობლემები 2011 წლისთვის

პროექტის ავტორი და ინიციატორი იყო ქ. თბილისის მერი. ტარიფის შეცვლის მთავარ მიზეზად დასახელდა ის, რომ მობინადრეთა რეგისტრაციის ოფიციალური მაჩვენებელი არ შეესაბამებოდა ფაქტიურ მდგომარეობას, ადამიანების დიდი ნაწილი არ ცხოვრობდა რეგისტრაციის ადგილას, რაც იწვევდა ქალაქში არსებული რეალური სურათის დამახინჯებას. აღნიშნულის გამო ვერ ხდებოდა დედაქალაქში აბონენტების ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა. საკრებულოს ინფორმაციით, დღის განმავლობაში მერიაში, გამგეობებსა და მუნიციპალიტეტებში შემოდიოდა ათასამდე განცხადება, სადაც მოქალაქეები აპროტესტებდნენ კონკრეტულ მისამართზე გადასახადის რაოდენობას და ითხოვდნენ მონაცემთა ბაზის დაზუსტებას. ამას გარდა, საკრებულოს სხდომაზე პროექტის განხილვისას აღინიშნა, რომ მოსახლეობის მიერ გადასახადის გადაუხდელობის გამო დაგროვილი დავალიანების დასაფარად ქალაქის მერს უწევდა თვეში მილიონიანი სუბსიდიების განხორციელება.

 

ქ. თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, პრობლემის გადასაჭრელად ქალაქის სხვადასხვა უბანში დამონტაჟდა ნარჩენების წარმოქმნის ქრონომეტრაჟი და დაანგარიშდა ელ-ენერგიის ხარჯის ოდენობა თითოეულ აბონენტზე. მიღებული მონაცემებით დადგინდა წარმოქმნილი ნარჩენებისა და ელ-ენერგიის ხარჯის ურთიერთპროპორციულობის საშუალო კოეფიციენტი, რამაც შეადგინა 0,05 ლარი 1 კვტ. სთ-ზე.

 

დასუფთავება ტარიფი თბილისი

გაანგარიშების თანახმად, დედაქალაქის დასუფთავების წლიური ხარჯი შეადგენდა 36,419,144 ლარს, რაც შემდეგნაირად ნაწილდებოდა:

 

თბილისი დასუფთავება ხარჯები

თუკი თვალს გადავავლებთ ქ. თბილისის ბიუჯეტში დასუფთავების მოსაკრებლის სახით შესულ თანხებს, აშკარა ხდება ქ. თბილისის მთავრობის მხრიდან სუბსიდირების აუცილებლობაც:

 

დასუფთავება მოსაკრებელი ბიუჯეტი

 

2011 წლის ცვლილებები

დასახელებული პრობლემების მოგვარების მიზნით, იქიდან გამომდინარე რომ დედაქალაქში ელ-ენერგიის მომხმარებელი აბონენტები უფრო ზუსტად იყო დაანგარიშებული, ვიდრე დასუფთავების აბონენტები (სულადობის პრინციპით), გადაწყდა [1] დასუფთავების საფასურის დაკავშირება ელ-ენერგიის მომხმარებლებთან.

 

ამას გარდა, ასევე შეიცვალა დასუფთავების საფასურის ჩარიცხვის წესი და დედაქალაქის დასუფთავების უფლებამოსილების შემსრულებელი პირი. კერძოდ, თუკი 2011 წლის ივნისამდე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული მოსაკრებლები მთლიანად ირიცხებოდა შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, 2011 წლის 24 ივნისს დადგინდა, რომ ტარიფი მთლიანად ჩაირიცხება დედაქალაქში დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი პირის მიერ მითითებულ ანგარიშზე. ხოლო ამ გადაწყვეტილებიდან 3 დღეში ასევე განისაზღვრა, რომ დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების განხორციელება ქ. თბილისის მთავრობას შეუძლია მათ შორის ქ. თბილისის მთავრობის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით. იმავე დღეს, 2011 წლის 27 ივნისს ქ. თბილისის მთავრობასა და შპს „თბილსერვის ჯგუფს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება და კომპანიას გადაეცა საქართველოს დედაქალაქში დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების, ტარიფის ამოღებისა და პერსონალურ ანგარიშზე მიღების უფლებამოსილება.

 

შესაბამისად, 2011 წლის ივლისიდან თბილისის დასუფთავების საკითხში შემდეგი ცვლილებები შევიდა:

 

  • დადგინდა დასუფთავების ახალი ტარიფი - ნაცვლად სულადობისა, ახალი საფასური ანგარიშდებოდა აბონენტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის  პროპორციულად;
  • თბილისის დასუფთავების უფლებამოსილება გადაეცა ქ. თბილისის მთავრობის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ იურიდიულ პირს, შპს „თბილსერვის ჯგუფს“;
  • თბილისის დასუფთავების ტარიფის ჩარიცხვის წესი შეიცვალა და ნაცვლად პირდაპირ ბიუჯეტში ჩარიცხვისა, მთლიანად ჩაირიცხებოდა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ანგარიშზე.

 

პროექტის დადებითი შედეგები უნდა ყოფილიყო:

 

  • ქ. თბილისის მთავრობის მიერ ნაკლები სუბსიდირება დასუფთავების სფეროში
  • აბონენტების მონაცემთა ბაზის დაზუსტება
  • იმ მოქალაქეების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, რომლებიც სეზონურად იმყოფებიან ქალაქგარეთ, საზღვარგარეთ, დაკეტილი, გაქირავებული ან დაგირავებული აქვთ ბინა და ა.შ.
  • იტალიურ ეზოებში მცხოვრები ოჯახების პრობლემის მოგვარება, სადაც ბინების მისამართები არ არის გამიჯნული
  • დედაქალაქის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის საფასურის დარიცხვის, დასუფთავების მომსახურების ორგანიზებისთვის აუცილებელი ხარჯების და მომსახურების საფასურის ამოღების სისტემის გამარტივება

 

2011 წლის ცვლილებების შედეგად მიღებული მდგომარეობა

 

მიღებული საჯარო ინფორმაციით პირველად გახდა ცნობილი შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ანგარიშზე დასუფთავების გადასახადის სახით შესული თანხების შესახებ:

 

დასუფთავების ტარიფი თბილსერვისი 

ასევე ირკვევა, რა თანხები შედიოდა ქ. თბილისის ბიუჯეტში დედაქალაქის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის სახით:

 

დასუფთავება მოსაკრებელი ბიუჯეტი 2011 2013

 

დედაქალაქის დასუფთავების უფლებამოსილების მიღებიდან პირველი ექვსი თვის განმავლობაში დასუფთავების ტარიფის სახით შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ანგარიშზე ჩაირიცხა 18,982,702.1 ლარი, რაც 2008 და 2009 წლებში დასუფთავების მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში ჩარიცხულ მთლიან თანხებზე საგრძნობლად მეტია. თუკი ნახევარი წლის განმავლობაში შემოსული თანხა 18 მილიონ ლარზე მეტს შეადგენდა, სავარაუდოა, რომ მთელი წლის განმავლობაში გადახდილი საფასურის ჯამი სულ მცირე 37 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო, რაც თბილისის ბიუჯეტში მოსაკრებლის სახით 2010 წელს შესულ თანხასაც აღემატება. მოსახლეობის მიერ გადახდილი თანხის ზრდა აშკარაა 2012 წლის შემთხვევაში - სულ თბილისელებმა და თბილისში მოქმედმა ორგანიზაციებმა დასუფთავებისთვის გადაიხადეს 52,744,300.4 ლარი - ეს ყველაზე დიდი ოდენობის თანხაა რისი მობილიზაციაც მოხერხდა 2008 წლიდან. 2013 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ანგარიშზე ჩაირიცხა 25,073,647.4 ლარი - შესაბამისად, იანვრიდან ივნისამდე ქალაქის დასუფთავების საფასური ყოველთვიურად დაახლოებით 4 მლნ ლარს შეადგენდა.

 

საინტერესოა აღნიშნული თანხების შედარება ქ. თბილისის საკრებულოს მიერ ტარიფის ცვლილების პროექტში წარდგენილ დედაქალაქის დასუფთავების წლიურ ხარჯებთან. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, 5 თეთრიანი ტარიფის შემოღება ეყრდნობოდა ერთი მხრივ თბილისის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელ-ენერგიის რაოდენობას, ხოლო მეორე მხრივ - დასუფთავებაზე წლის განმავლობაში გაწეულ ხარჯებს, რაც, ქ. თბილისის საკრებულოს გაანგარიშებით, დაახლოებით 36 მლნ. ლარს შეადგენდა. ხოლო ტარიფის შემოღების შემდეგ 2012 წელს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ანგარიშზე დასუფთავების საფასურის სახით დარიცხულმა თანხამ 16,325,156.4 მლნ. ლარით მეტი შეადგინა. საინტერესოა, რომ დასუფთავების გადასახადის ჯამური რაოდენობა გაიზარდა 2012 წელს შემოღებული შეღავათების მიუხედავად. კერძოდ, ქ. თბილისის საკრებულოს 2012 წლის 26 ოქტომბრის №12-42 გადაწყვეტილების მიხედვით დედაქალაქის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფი (საფასური) თვეში ერთ აბონენტზე 1 კვტსთ-ში მოხმარებულ ელექტროენერგიაზე განისაზღვრა პირველი აპრილიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით - 0,05 ლარის ოდენობით, ხოლო პირველი ნოემბრიდან 31 მარტის ჩათვლით - 0,025 ლარის ოდენობით. ამას გარდა, 2013 წლის ბიუჯეტის მიხედვით თითოეულ აბონენტს (ფიზიკურ პირებს) ქ. თბილისის მერიამ გამოუყო 100-ლარიანი კომუნალური ვაუჩერი, ხოლო სოციალურად დაუცველ ოჯახებს - 250 ლარიანი ვაუჩერები. [2]

 

სავარაუდოდ, მოსახლეობის მიერ დასუფთავებისთვის გადახდილი თანხის გაზრდა განაპირობა 2012 წლის მანძილზე მოხმარებული ელ-ენერგიის ზრდამ, რასაც სხვა კვლევებიც ადასტურებს.[3] [4] აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუკი ტარიფის დაზუსტება ყოველი წლის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის პროპორციულად მოხდებოდა, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის შემთხვევაში ტარიფი შემცირდებოდა. ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ ტარიფი ერთხელ დაანგარიშდა პროპროციულად, შემდგომ კი ირიცხებოდა ფიქსირებულად (0.05 თეთრი), ელექტროენერგიის მოხმარების ზრდამ გამოიწვია მოსახლეობის მიერ გადახდილი დასუფთავების საფასურის ზრდაც.

 

ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების მიუხედავად, სავარაუდოა, რომ დედაქალაქის დასუფთავების ხარჯები საგრძნობლად არ უნდა გაზრდილიყო. შესაბამისად, თუკი თბილისის დასუფთავება ყოველწლიურად კვლავაც დაახლოებით 36 მლნ. ლარის ხარჯებს მოითხოვდა, არსებული განსხვავება უნდა დარჩენილიყო ან დასუფთავების განმახორციელებელი კომპანიის ანგარიშზე მოგების სახით, ან ქ. თბილისის ბიუჯეტში გადარიცხული მოსაკრებლის სახით. თუმცა, დედაქალაქის დასუფთავებაზე გაწეული ფაქტობრივი ხარჯები საპირისპიროს მეტყველებს. იქიდან გამომდინარე, რომ რეალური ხარჯები დაანგარიშებულ თანხას საგრძნობლად აჭარბებს, კითხვები ჩნდება ერთი მხრივ ტარიფის ცვლილებამდე დათვლილი ხარჯების სისწორის შესახებ, ხოლო მეორე მხრივ გაზრდილი ხარჯების აუცილებლობის თაობაზე. ამასთან, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ 2011 და 2012 წლების ფინანსურ ანგარიშებს თუ გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ დიდ მოგებაზე ლაპარაკი ზედმეტია.

 

2011 წელს, როდესაც თბილისის მერიამ შპს „თბილსერვის ჯგუფს“ გადასცა დედაქალაქის დასუფთავების უფლებამოსილება, კომპანიას უკვე გააჩნდა დაახლოებით 9 მლნ. ლარის ოდენობის ზარალი. ამას 2011 წელს დაემატა კიდევ 2,7 მლნ. ლარი - სწორედ ამდენით გადააჭარბა კომპანიის 2011 წლის ხარჯებმა შემოსავლებს. უნდა აღინიშნოს, რომ 2011 წლის ხარჯების უდიდესი ნაწილი, 56% (24 578 079 ლარი) შეადგინა დარიცხულმა ხელფასმა. მიუხედავად ზარალისა, კომპანიის მთლიანი კაპიტალი 2010 წელთან შედარებით თითქმის 10 მილიონი ლარით გაიზარდა და 52 201 055 ლარი შეადგინა. მთლიანი შემოსავალი 2011 წელს შეადგენდა 38,868,977.70 ლარს, საიდანაც 2011 წლის 1 ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით დასუფთავების გადასახადის სახით ჩარიცხული თანხა იყო 18,982,702.1 ლარი.

 

თბილსერვისი გამოქვითვები 2011

 

2012 წელს გამოქვითვების რაოდენობას არ გადაუჭარბებია ერთობლივი შემოსავლისთვის, პირიქით, ერთობლივმა შემოსავალმა გამოქვითვებზე 5 198 054,00 ლარით მეტი შეადგინა. თუმცა 2012 წელს წინა წლების ზარალი 12 143 836 ლარამდე იყო გაზრდილი.

 

შპს „თბილსერვის ჯგუფი“-ის ერთობლივმა შემოსავალმა 2012 წელს 57 762 978,00 ლარი შეადგინა. აქედან 52 744 300,40 ლარი, თანხის 91%  შპს „თბილსერვის ჯგუფი“-ის საბანკო ანგარიშზე დაირიცხა დასუფთავების ტარიფის (საფასური) სახით. 2012 წელს, სულ კომპანიის გამოქვითვებმა 52 448 191 ლარი შეადგინა, საიდანაც ყველაზე დიდი რაოდენობა, 53% კვლავაც გაცემულ ხელფასებზე მოდის. ხოლო თბილისის მერიაში დასუფთავების მოსაკრებლის სახით გადაირიცხა 678,956.85 ლარი.

 

თბილსერვისი გამოქვითვები 2012

 

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ ქ. თბილისის მერიაში წარდგენილი 2011 და 2012 წლების ანგარიშები რამდენიმე დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს.

 

პირველ რიგში, როგორც კომპანიის წლიური გამოქვითვებიდან ირკვევა, დედაქალაქის დასუფთავებაზე გაცილებით მეტი ხარჯი იქნა გაწეული, ვიდრე ქ. თბილისის საკრებულოს მიერ მომზადებული პროექტის გაანგარიშების მიხედვით ნავარაუდევი დაახლოებით 36 მლნ. ლარია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის მიერ გაცემული თანხის უდიდესი ნაწილი მოდის ხელფასებზე - დაახლოებით 24 მლნ. ლარი 2011 წელს და 27 მლნ. ლარი 2012 წელს. იქიდან გამომდინარე, რომ უცნობია შპს „თბილსერვის ჯგუფში“ დასაქმებულთა რაოდენობა და თანამდებობრივი სარგო, შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ რამდენად მიზანშეწონილია აღნიშნული თანხა.

 

თუმცა, აქ გასათვალისწინებელია, რომ 2013 წლის დასაწყისში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შპს „თბილსერვის ჯგუფის“ საქმიანობით დაინტერესდა მერიის ბიუჯეტიდან 5 245 945 ლარის გაფლანგვასთან დაკავშირებით. როგორც საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, 2009 წლის 31 დეკემბერს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხუჭუამ, მერიის დასუფთავების სამსახურის იმჟამინდელი უფროსის, ტარიელ ხიზანეიშვილის დავალებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამსახურში ფორმალურად შექმნა „საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება,“ სადაც, 2 წლის განმავლობაში, ფიქტიურად დასაქმდა პარტიის 764 აქტივისტი. საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, „უმეტესობას ამ სამსახურში არც ერთი დღე  არ უმუშავია, რადგან ისინი, როგორც წესი, უკვე დასაქმებულები იყვნენ სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში და პარალელურად პარტიულ საქმიანობასაც ეწეოდნენ“. [5]

 

თუკი შევადარებთ 2011 და 2012 წლებს, გამოჩნდება, რომ გაზრდილია როგორც კომპანიის შემოსავალი, ისე გაწეული ხარჯები. ერთ წელიწადში კომპანიის შემოსავალი 49%-ით გაიზარდა, ხოლო ხარჯები - 20%-ით. ორივე წელს გახარჯული თანხის ყველაზე დიდი რაოდენობა მოდის გაცემულ ხელფასებზე.

 

თბილსერვისი შემოსავალი გამოქვითვები 2011 2012

 

2013 წლის ცვლილებები

 

2013 წლის 31 მაისს, პირველი ცვლილებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ ქ. თბილისის საკრებულომ მიიღო ახალი გადაწყვეტილება[6], რომლის მიხედვითაც დედაქალაქში დასუფთავების საფასური და მისი დარიცხვის წესი კიდევ ერთხელ შეიცვალა. მოხმარებული ელ-ენერგიის პროპორციულად დაანგარიშებული ტარიფის სანაცვლოდ საკრებულომ შემოიღო კვლავ სულადობის პრინციპით დაანგარიშებული გადასახადი - კერძოდ, ერთ სულ მოსახლეზე 2,5 ლარი თვეში (სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 2 ლარი თვეში). კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც ტარიფის დაანგარიშების წესს მოჰყვა, იყო ის, რომ დასუფთავების მოსაკრებელი კვლავ მთლიანად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ჩაირიცხება.

 

წინამდებარე ანალიზისთვის ყველაზე საინტერესოა განმარტებითი ბარათი, რომელიც დართული აქვს 2013 წლის ცვლილებას. კერძოდ, პროექტის საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშების თანახმად, დასუფთავების საფასურის ცვლილება და ფიქსირებული მოსაკრებლის დაწესება უარყოფით გავლენას მოახდენს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტზე, რადგან გამოიწვევს შემოსავლების შემცირებას.

 

ქ. თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, 2011 წლის ივნისიდან ელექტროენერგიაზე მიმაგრებული ტარიფის შემოღების შემდეგ დასუფთავების ტარიფიდან წლიური შემოსავალი შეადგენდა 51 000 000 ლარს (ფიზიკური პირებიდან - 39 000 000 ლარი, იურიდიული პირებიდან - 12 000 000 ლარი), ხოლო ფიქსირებული ტარიფის დაბრუნებით სავარაუდო შემოსავალი იქნება 33 600 000 ლარი (21 600 000 ლარი ფიზიკური პირებიდან, 12 000 000 ლარი იურიდიული პირებიდან, სულ - 383 000 აბონენტი, რაც შეადგენს 800 000 მოქალაქეს).

 

ქ. თბილისის საკრებულო პროექტში ასევე აღნიშნავს, რომ უკანასკნელ წლებში თბილისში დასუფთავების დონის ზრდამ გამოიწვია ხარჯების მოცულობის 55,5 მლნ. ლარამდე ზრდაც. ქ. თბილისის საკრებულო დასუფთავების ხარჯების შემდეგნაირ გაშლას გვთავაზობს:

 

დასფუთავების ხარჯები 2013

 

როგორც აღნიშნული ინფორმაციიდან ჩანს, 2013 წლის ივნისისთვის კვლავ გაიზარდა თბილსერვის ჯგუფის სახელფასო ფონდი, შეადარეთ დაახლოებით 27 მლნ. ლარი 2012 წელს. აქ გასათვალისწინებელია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილი შემთხვევა 5 მლნ ლარზე მეტის გაფლანგვასთან დაკავშირებით. თუკი, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელფასებიდან ფინანსდებოდა 800-მდე ფიქტიურად დასაქმებული პარტიის აქტივისტი, საფიქრალია, რომ დასუფთავების რეალური ხარჯები გაცილებით ნაკლები უნდა ყოფილიყო. ამ პირობებში განსაკუთრებით საინტერესოა, რამ გამოიწვია და რამდენად მიზანშეწონილი იყო სახელფასო ბიუჯეტის 33 მლნ ლარამდე ზრდა აღნიშნული დარღვევის გამოვლენის შემდეგაც.

 

ქ. თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ზემოთ მოყვანილი ხარჯების დასაფარად, ფიქსირებული გადასახადი უნდა შეადგენდეს ფიზიკურ პირებზე 4,5 ლარს (55 000 000 – 12 000 000)/800 000/12). შესაბამისად, თვეში ერთ სულ მოსახლეზე 2,5 ლარიანი ტარიფის დაწესებით მიღებული თანხა (დაახლ. 33 600 000 ლარი) ვერ დაფარავს დასუფთავების მიმდინარე ხარჯებს და წარმოშობს ქ. თბილისის მერიის მხრიდან დამატებით 21 900 000 ლარის სუბსიდიის აუცილებლობას.

 

2011 და 2013 წლების ცვლილებების შედარებითი ანალიზი

 

თუკი გავიხსენებთ 2011 წლის ცვლილებებამდე გაცხადებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის ეფექტიანობის საფინანსო-ეკონომიკურ გაანგარიშებას, და შევადარებთ ორი წლის შემდეგ განხორციელებულ ცვლილებებს, აშკარაა, რომ თბილისი დიდწილად ძველ მდგომარეობას დაუბრუნდა.

 

იმ პირობებში თუკი თბილისის დასუფთავების ხარჯები 2011 წლამდე მართლაც 36 მლნ. ლარს შეადგენდა, თბილისის მთავრობას ყოველწლიურად ესაჭიროებოდა დამატებითი სუბსიდიების განხორციელება, რადგან მოსახლეობიდან შემოსული თანხა ხარჯებზე ნაკლები იყო (2008 წელს 15,111,300 ლარი, 2009 წელს 14,598,000 ლარი, და მხოლოდ 2010 წელს - 33,520,300 ლარი). ორი წლის შემდეგ ქ. თბილისის საკრებულო აცხადებს, რომ ერთი მხრივ გაზრდილი ხარჯებისა და მეორე მხრივ შემცირებული შემოსავლის გათვალისწინებით თბილისის მთავრობის მხრიდან თითქმის 22 მლნ. ლარის სუბსიდია გახდება საჭირო.

 

საინტერესო იქნება 2011 წლის პროექტის გაცხადებული მიზნებისა და 2013 წლის პროექტის შედეგად მიღებული მდგომარეობის შედარება:

 

დასუფთავება ცვლილება 2011 2013 მიზანი შედეგი

 

2011 და 2013 წლების მდგომარეობის შედარება საინტერესო დასკვნების გამოტანის საშუალებას გვაძლევს:

 

  • დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ქ. თბილისის მოსახლეობა საგრძნობლად მეტს იხდიდა დასუფთავების გადასახადის სახით, ვიდრე წინა წლებში. მაგ. 2012 წლის შემოსავალი ელ-ენერგიაზე მიმაგრებული საფასურიდან 1,5-ჯერ აღემატება 2010 წლის შემოსავლებს, და 3,4-ჯერ - 2008 წლის შემოსავლებს.
  • 2013 წლის ცვლილებებით, ფიქსირებული ტარიფის დაბრუნების პირობებში, თბილისის მოსახლეობა გაცილებით ნაკლებს იხდის დასუფთავებაში - წელიწადში დაახლ. 33 მლნ. ლარს 51 მლნ. ლარის სანაცვლოდ.
  • ქ. თბილისის დასუფთავების ოფიციალურად გაანგარიშებული ხარჯები ბოლო ორი წლის განმავლობაში 19 მლნ. ლარით გაიზარდა (შეადარეთ 36,419,144 ლარი 2011 წელს და 55 505 049 ლარი 2013 წელს). ხარჯებში უდიდეს ნაწილს შეადგენს გაცემული ხელფასი, დასუფთავების სფეროში დასაქმებულ პირთა ზუსტი რაოდენობის არცოდნის გამო რთულია ხელფასებზე გაცემული თანხის მიზანშეწონილობის დადგენა. ეს საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ 2013 წელს გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებითაც.
  • ერთი მხრივ დასუფთავების გაზრდილი ხარჯები, ხოლო მეორე მხრივ შემცირებული შემოსავალი წარმოშობს ქ. თბილისის მერიის მხრიდან გაზრდილი სუბსიდიების აუცილებლობას.
  • აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის მთავრობის მიერ სუბსიდირება არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს არსებული პრობლემის მოგვარების ეფექტურ გზას. ერთი შეხედვით, მოსახლეობისთვის მცირე შვების მომგვრელი უნდა გამხდარიყო 2013 წლიდან შემცირებული დასუფთავების გადასახადი. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თითქმის 22 მლნ. ლარი, რომელიც თბილისის მთავრობამ სუბსიდიის სახით უნდა გადაიხადოს დასუფთავების ხარჯების დასაფარად, ასევე ქ. თბილისის მოსახლეობიდან შესული თანხაა. დასუფთავების სფეროს უფრო ეფექტიანი მართვის შემთხვევაში შესაძლებელი გახდებოდა აღნიშნული თანხის დაზოგვა სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად.
  • გასარკვევია, რამდენად სწორად ხდება დასუფთავების ხარჯების დაანგარიშება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ფაქტობრივი ხარჯები დიდად აჭარბებდა 2011 წლის პროექტში წარმოდგენილ სავარაუდო ხარჯებს. გასარკვევია, არის თუ არა მიზანშეწონილი ხარჯების, განსაკუთრებით გაცემული ხელფასების ზრდა, ხომ არ იქნება შესაძლებელი რომელიმე მუხლით ხარჯების დაზოგვა. დასუფთავების ხარჯების სწორი გაანგარიშება ამოსავალი წერტილია თბილისის მთავრობის მხრიდან ეფექტიანი დასუფთავების პოლიტიკის დაგეგმვისთვის.
  • ასევე საინტერესოა, განიხილა თუ არა ქ. თბილისის მთავრობამ დასუფთავების სფეროში არსებული პრობლემების მოგვარების ალტერნატიული გზები; თუკი ჩათვალა რომ ელექტროენერგიაზე მიბმული ტარიფი არაეფექტიანია, მოიძია თუ არა სხვა გამოსავალი, სანამ დაუბრუნებოდა ძველ მდგომარეობას - და ძველ პრობლემებს.

 

დასკვნა

 

როგორც 2011 წლამდე და 2013 წლისთვის არსებული მდგომარეობის მცირე ანალიზიდან ირკვევა, ერთადერთი თვალშისაცემი ცვლილება ორი წლის შემდეგ არის დასუფთავების ხარჯების, მათ შორის გაცემული ხელფასების ზრდა, და შემოსავლების შემცირება, რაც თავის მხრივ იწვევს ქ. თბილისის მერიის მხრიდან გაზრდილი სუბსიდიის აუცილებლობას. გაურკვეველი რჩება, რა გახდა ორი წლის შემდეგ ძველი ტარიფის დაბრუნების მიზეზი, თუკი ამით შემცირდა საერთო შემოსავალი და გაიზარდა თბილისის მთავრობის სუბსიდირების საჭიროება. დღევანდელი მდგომარეობით თბილისი დაუბრუნდა ძველ პრობლემებს, ყოველგვარი აშკარა წინსვლის გარეშე. დასუფთავების გადასახადის ცვლილება ერთი მცირე მაგალითია საჯარო პოლიტიკის მრავალი სფეროდან, სადაც ყველაზე ეფექტიანი და რაციონალური გზების მოძიებით შესაძლებელი გახდება საჯარო ფინანსების დაზოგვა და მეტი პრობლემის მოგვარება. როგორც ამ კონკრეტული მაგალითიდან ჩანს, მთავრობის მიერ სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად აუცილებელია სიტუაციის სიღრმისეული ანალიზი და   მოგვარების ალტერნატიული გზების გათვალისწინება, რაც საზოგადოებისა და საკითხის სპეციალისტების მეტი და შედეგიანი ჩართულობით უნდა ხდებოდეს, და არა მხოლოდ მმართველი პირების სურვილის მიხედვით.

 

[1] http://www.sakrebulo.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=82&info_id=2050

[2] http://www.netgazeti.ge/GE/105/News/15731/

[3] http://www.aypeg.ge/2012/03/energy-consumption/

[4] http://www.energy.gov.ge/projects/pdf/news/2012%20Tslis%20Elektroenergiis%20Balansi%20334%20geo.pdf

[5] http://www.is.ge/News/2233

[6] https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1933999

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024