მთავრობის და პრეზიდენტის ადმინისტრაციების მიმოწერა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 1 ივლისი 2015

ქ. თბილისში, ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის რეზიდენციის (ყოფილი აშშ-ის საელჩოს შენობა) საკითხი მთავრობასა და პრეზიდენტს შორის უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არჩევნებამდე გაკეთებული განცხადების მიხედვით, არ აპირებდა მისი წინამორბედის, მიხეილ სააკაშვილის მიერ აშენებულ რეზიდენციაში გადასვლას, არჩევნების შემდეგ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება სწორედ ამ შენობაში გააგრძელა. პარალელურად, ათონელის ქუჩაზე მიმდინარეობდა ახალი რეზიდენციის მშენებლობა.  აღნიშნული მშენებლობის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილი ახალ შენობაში არ გადავიდა. პრეზიდენტის განცხადების თანახმად, მან აცნობა მთავარობას რომ არ აპირებდა ავლაბრის რეზიდენციის დატოვებას და ათონელზე გადასვლას.

საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით წარმოშობილ უთანხმოებაზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) როგორც პრეზიდენტის, ისე მთავრობის ადმინისტრაციიდან გამოითხოვა პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ამ თემაზე არსებული მიმოწერის ასლები.

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ჯერ კიდევ 2014 წლის 28 მარტს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა აბაშიძემ ტელეფონით მთავრობის კანცელარიის უფროსს, მაია ცქიტიშვილს აცნობა, რომ პრეზიდენტი ათონელის ქუჩაზე მშენებარე შენობის პრეზიდენტის რეზიდენციად გამოყენებას არ გეგმავდა. მაია ცქიტიშვილმა ამ საუბრის წერილობით დადასტურება მოითხოვა, რომ მთავრობას ემსჯელა სამუშაოების გაგრძელების მიზანშეწონილობაზე და შენობის შემდგომ ბედზე.

 

 

აღნიშნული წერილის მიღების შემდგომ, 2014 წლის 10 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა აბაშიძემ პრეზიდენტის ინფორმირების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მიმართა როგორც ავლაბრის, ასევე ათონელის ქუჩაზე მშენებარე რეზიდენციების ექსპლუატაციისათვის საჭირო წლიური ხარჯების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით. სავარაუდოდ აღნიშნული ინფორმაცია პრეზიდენტს ესაჭიროებოდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის რომელ რეზიდენციაში გაეგრძელებინა მას მოღვაწეობა.

 

 

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, პრეზიდენტის რეზიდენციების ექსპლუატაციისათვის საჭირო ხარჯების შესახებ მოთხოვნაზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან პასუხი დღემდე არ მიუღია, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გადმოგზავნილი წერილი დაცულია გრიფით „საიდუმლო“, შესაბამისად IDFI-თვის უცნობია რა ფინანსური მონაცემები იქნა სამინისტროდან მიწოდებული საქართველოს პრეზიდენტისთვის.

 

 

მანამდე, 2014 წლის 14 აპრილს, მთავრობამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას კიდევ ერთი წერილი გაუგზავნა და აცნობა, რომ დამატებითი ხარჯების თავიდან აცილების მიზნით, შენობის სტატუსის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იძულებული იყო შეეწყვიტა მიმდინარე სარეკონსტრუქციო- სამშენებლო სამუშაოები.

 

 

თავის მხრივ, 2014 წლის 14 აპრილს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ აცნობა, პრეზიდენტის გადაწვეტილების შეცვლის გამო თუ რა პრობლემები შეექმნა მშენებლობას, რომელიც გეგმით 2014 წლის სექტემბრის თვეში უნდა დამთავრებულიყო.

 

 

ზემოთ წარმოდგენილი მიმოწერის შემდგომ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2014 წლის 14 ივლისს, 3 თვის დაგვიანებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას წერილობით ოფიციალურად დაუდასტურა, რომ ათონელის ქუჩაზე არსებულ შენობას პრეზიდენტის რეზიდენციად არ გამოიყენებდა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას შეეძლო ემსჯელა სამშენებლო სამუშაოების მიზანშეწონილობასა და მისი შემდგომი განკარგვის თაობაზე.

 

 

IDFI-სთვის მიწოდებული კორესპონდენციიდან ირკვევა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 2014 წლის 14 ივლისს მთავრობის ადმინისტრაციისათვის გაგზავნილი წერილი, ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტის არ გადასვლის შესახებ, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროს 2014 წლის 4 აგვისტოს გაეგზავნა.

მშენებლობის სამუშაოები გაგრძელდა და საკითხი 2015 წლის აპრილში გააქტიურდა, როდესაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აცნობა, რომ საპრეზიდენტო რეზიდენციის მშენებლობა დასრულებულია, ჰქონდათ კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და ყველაფერი არის გაკეთებული სტანდარტების შესაბამისად.

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეუთანხმებელი მოქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა შენობის მშენებლობა, რომლის დანიშნულება მშენებლობის დასრულების შემდგომაც უცნობია. ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ ყოვლად დაუშვებელია საბიუჯეტო სახსრების დაუგეგმავად ხარჯვა, განსაკუთრებით, როდესაც საუბარი ათობით მილიონ ლარს ეხება. ამასთან, მნიშვნელოვანია გასაჯაროვდეს, პრეზიდენტის როგორც ავლაბრის, ასევე ათონელის ქუჩის რეზიდენციების მშენებლობის, მათი ყოველწლიური შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯები, რომ საზოგადოებამ იმსჯელოს, თუ რამდენად მიზანშეწონილი იყო როგორც ძველი, ისე ახალი რეზიდენციის აშენება საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023