შეუსაბამოდ დაბალი ხელფასები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 24 აპრილი 2015

2015 წლის 21 აპრილს ტელეკომპანია რუსთავი 2 -ის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც უკავშირდებოდა პრობლემებს სსიპ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. სიუჟეტში ცენტრის დირექტორის მიერ აღნიშნული იქნა, რომ დაბალი თანამდებობრივი სარგოების მიუხედავად ცენტრს არ ეძლეოდა საშუალება თანამშრომლებისათვის გაცემულიყო მინიმალური სახელფასო დანამატები თუ პრემიები.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული პრობლემების გასარკვევად IDFI-იმ აღნიშნულ უწყებას მიმართა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, მათ შორის, ჩვენს მიერ მოთხოვნილი იქნა: ცენტრის მოქმედი საშტატო ნუსხა თანამდებობრივი სარგოების მითითებით, 2013-2015 წლებში გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაცია, 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, ცენტრის სახელფასო ფონდთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის არსებული მიმოწერის ასლები და სხვა.

ხელნაწერის ეროვნული ცენტრიდან სრულყოფილად მოწოდებული დოკუმენტაცია ნათლად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აღნიშნულ უწყებაში დასაქმებული თანამშრომლების შრომის ანაზღაურება ყოვლად შეუსაბამოა საქართველოს საჯარო სექტორში არსებულ სახელფასო პოლიტიკასთან.

სსიპ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, სადაც შტატით გათვალისწინებულია 113 თანამშრომელი, მაქსიმალური თანამდებობრივი სარგო (დირექტორის ანაზღაურება) შეადგენს 490 ლარს (ხელზე 392 ლარი), ხოლო მინიმალური - 175 ლარს, საშუალო ხელფასი შეადგენს 300 ლარს.

IDFI-ის მონაცემებით სსიპ-ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ერთ-ერთი ყველაზე დაბალია საქართველოს საჯარო სექტორში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებს შორის. მაგალითისათვის, თუ ცენტრის სახელფასო ნუსხას შევადარებთ იგივე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში დასაქმებული თანამშრომლების შრომის ანაზღაურებასთან, აღმოვაჩენთ, რომ აღნიშნულ უწყებებში მინიმალური თანამდებობრივი სარგო 700 ლარიდან იწყება. მაგალათად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის შტატით გათვალისწინებულია 168 ადამიანი, რომელთა შრომის ანაზღაურების ფონდი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შრომის ანაზღაურების ფონდს 10-ჯერ აღემატება, განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის თანამშრომელთა რაოდენობის ნახევარი მუშაობს, თუმცა მათი შრომის ანაზღაურების ფონდი დაახლოებით ორჯერ მეტია.

ის თუ რამდენად შეუსაბამოა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არსებული შრომის ანაზღაურება საჯარო სექტორში არსებულ სახელფასო სტანდარტებთან შედარებით შესაძლებელია კონკრეტული სამუშაო პოზიციებზე არსებული ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების შედარებით სხვა საჯარო დაწესებულებებთან. მაგალითად, შეფასებისა დ გამოცდების ეროვნული ცენტრში მძღოლის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო ორჯერ აღემატება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობრივ სარგოს. იმავე დაწესებულებაში დასაქმებული დამლაგებელის, მეეზოვის, მებაღის თუ დამხმარე მუშის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოები, დაახლოებით ორჯერ აღემატება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულთა თუ მეცნიერ თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოს.

ამავე დროს, არსებული სახელფასო ფონდის პირობებში მიმდინარე წელს ცენტრს, როგორც ჩანს არ ეძლევა საშუალება განვლილი წლების მსგავსად, გასცეს მინიმალური სახელფასო დანამატები თუ პრემიები. ამ შემთხვევაშიც საუბარია წახალისების მინიმალურ სახსრებზე, რომელიც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში არსებულ სავალალო მდგომარეობის რეალურ სურათს ვერ ცვლის. კერძოდ, 2014 წელს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სახელფასო დანამატის სახით სულ გაცემულია 88 876 ლარი. აღნიშნული თანხა გადანაწილებულია 46 თანამშრომელზე რაც ყოველთვიურად საშუალოდ 160 ლარს შეადგენს.  ამავე დროს, 2014 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს მაია მიმინოშვილს (57 400 ლარი) და მის მოადგილეს ივანე მინდაძეს (34 994 ლარი) ერთად დაახლოებით იგივე თანხა აქვთ მიღებული პრემიისა თუ სახელფასო დანამატის სახით, რაც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის 113 თანამშრომელს ერთად აღებულს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორს ბუბა კუდავას, მიუხედვად არსებული მინიმალური ანაზღაურებისა (490 ლარი, ხელზე 392 ლარი) 2013-2014 წლებში სახელფასო დანამატები და პრემიები არ აუღია.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დასაქმებული თანამშრომლების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება არა მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში არსებულ შრომის ანაზღაურებას, არამედ მსგავსი პროფილის სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში არსებულ სახელფასო განაკვეთებსაც. შედარებისათვის შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემული ცხრილი, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა უწყებებში კონკრეტულ პოზიციებზე არსებული სახელფასო განაკვეთები.

როგორც საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის აღნიშნულ საკითხებთან არსებული ოფიციალური მიმოწერით ირკვევა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში არსებული შრომის ანაზღაურების პრობლემა წლების განმავლობაში დგას დღის წესრიგში. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სახელზე გაგზავნილ წერილებში ხაზგასმით აღნიშნავს, თუ რამდენად არაადეკვატურია ხელნაწერების ეროვნული ცენტრის მეცნიერებსა, თუ სხვა საპასუხისმგებლო პოზიციებზე მომუშავე თანამშრომლების შრომის ანაზღაურება.

ერთ-ერთი წერილიდან მაგალითად ჩანს, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ბიუჯეტის სიმწირის და შესაბამისი რეგულაციების გამო, 2015 წლის 24 მარტს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მიმართავს სამინისტროს თხოვნით არსებული საბიუჯეტო დაფინანსების პირობებში, „საქონელი და მომსახურება“ მუხლიდან 118 000 ლარი გადაიტანონ შრომის ანაზღაურების მუხლში, რადგან მიეცეთ თანამშრომლებზე გარკვეული მინიმალური ოდენობის სახელფასო დანამატების გაცემის შესაძლებლობა.

წერილის გაგზავნიდან ერთი თვის შემდგომ, 2015 წლის 23 აპრილს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს განუმარტა, რომ მათი მოთხოვნის შესაბამისად არსებული დაფინანსების პირობებში საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის ცვლილების შეტანის მოთხოვნით მიმართეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. რაც მისასალმებელი ფაქტია თუმცა, რეალურად ვერ აღმოფხვრის ხელნაწერთა ცენტრის ძირითად პრობლემას, დაბალ სახელფასო ფონდს.

ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არსებული დაფინანსების პირობებში, ბიუჯეტის კლასიფიკაციის მუხლების ნებისმიერი ცვლილებით, შეუძლებელია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისათვის ადეკვატური შრომის ანაზღაურების გაცემა. უძველესი წიგნებისა და ისტორიული საბუთების საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საცავში დასაქმებულ მეცნიერებისათვის შრომის 175-490 ლარამდე ანაზღაურება ყოვლად გაუმართლებელია და საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მხრიდან მეცნიერებისათვის ხელფასი 250%-ით გაიზრდა, არ შეეხო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დასაქმებულ მეცნიერებს და ისინი კვლავ არსებული დაფინანსების პირობებში ბიუჯეტის კორექტირების მოლოდინში არიან, რომელიც თანამშრომლების შრომის ანაზღაურებას საშუალოდ დაახლოებით 100 ლარით გაზრდის.

IDFI მოუწოდებს ხელისუფლებას, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოიძიონ შესაბამისი სახსრები, რათა შეუქმნან ღირსეული პირობები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დასაქმებულ მეცნიერ-მუშაკებს, მითუმეტეს, რომ მსგავსი მხარდაჭერა და დაფასება საჯაროდ იქნა დაანონსებული ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მისი ცენტრში ვიზიტის განმავლობაში, 2014 წლის 15 აგვისტოს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024