სამოქმედო გეგმის შესრულება და ახალი პრიორიტეტები OGP-საქართველოსთვის

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 4 ნოემბერი 2013

 

1 ოქტომბერს, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში 2014-2015 წლების განახლებული პრიორიტეტების განსაზღვრით მიზნით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინიცირებითა და ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა USAID-ის “დემოკრატიული მმართველობა საქართველოში” (G-3) პროგამის ფარგლებში. შეხვედრის დროს განხილულ იქნა 2012 – 2013 წლების სამოქმედო გეგმის შესრულება და გაანალიზდა ნაკლოვანებები, ასევე, 2014-2015 წლების სამომავლო ხედვის ჩამოყალიბების მიზნით, წარმოდგენილ იქნა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული რეკომენდაციები.

შვიდი სხვადასხვა საჯარო დაწესებულების წარმომადგენლებმა გააკეთეს პრეზენტაციები მათი დაწესებულებების მიერ „პარტნიორობის ღია მმართველობისთვის“ სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიღწეული შედეგების შესახებ. ეს დაწესებულებებია: კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მონაცემთა გაცვლის სააგენტო, საჯარო სამსახურის ბიურო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სახლი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

 

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

 

პარტნიორობის ღია მმართველობისათვის და საქართველოს მთავრობის #775 დადგენილების ფარგლებში კონკურენციისა და სახელწმიფო შესყიდვების სააგენტოს აღებული ჰქონდა ვალდებულება გაეუმჯობესებინა და უფრო გამჭვირვალე და მოსახერხებელი გაეხადა სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემა.

სააგენტომ დიდ ძალისხმევას მიმართა ამ მიზნის მისაღწევად. რეფორმირებული შესყიდვების სისტემა ამჟამად არის სრულიად ელექტრონული, რაც ნიშნავს მეტ გამჭვირვალობას, სანდო მონაცემებს, დისკრიმინაციის აღმოფხვრასა და უკეთეს პირობებს ჯანსაღი კონკურენციისთვის. 2010 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულმა სისტემამ შესაძლებელი გახადა 100%-ით ელექტრონულ ტენდერებზე გადასვლა.

2010 წლის 10 დეკემბერს შეიქმნა დავების განხილვის საბჭო. საბჭოს საქმიანობაში თანაბრად იღებენ მონაწილეობას როგორც მთავრობის, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. საბჭოსთან დაკავშირება მარტივად შეუძლიათ ჩვეულებრივ მომხმარებლებს, თუ მათ გააჩნიათ რაიმე პრეტენზიები ტენდერთან დაკავშირებით.

 

მონაცემთა გაცვლის სააგენტო

 

ინიციატივის ფარგლებში მონაცემთა გაცვლის სააგენტო ძირითადად მუშაობდა სამოქალაქო ვებ-პორტალის, my.gov.ge-ს შექმნასა და განვითარებაზე. ამ პორტალით მოქალაქეებისათვის სხვადასხვა სახელმწიფო სერვისები თავმოყრილია ერთიან სივრცეში. ის მარტივად ხელმისაწვდომს ხდის სახელმწიფო სერვისებს სხვადასხვა სფეროებიდან, როგორიცაა, მაგალითად, პირადი მონაცემების მართვა, ჯანდაცვა, განათლება, ქონება და ა.შ.

პორტალის რამდენიმე სექცია ჯერ კიდევ მზადების პროცესშია.

 

საჯარო სამსახურის ბიურო

 

შეხვედრაზე საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენელმა, რეფორმისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, თამთა ცოცხალაშვილმა ისაუბრა საჯარო მოსამსახურეთა ელექტრონული დეკლარაციების სისტემის შესახებ, რომელიც არის საქართველოს მთავრობის მიერ მეტი გამჭვირვალობისაკენ გადადგმულ ნაბიჯთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. თანამდებობის პირები – საერთო ჯამში დაახლოებით 3000 ადამიანი – ავსებენ ქონების დეკლარაციებზე ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge.

 

ელექტრონული დეკლარაციების სისტემის გაუმჯობესება ამ წლის დასაწყისში სამოქალაქო საზოგადოების მიერ მთავრობისთვის წარდგენილი რეკომენდაციების ერთ-ერთი ქვაკუთხედი იყო. საჯარო სამსახურის ბიუროს განცხადებით, „პარტნიორობა ღია მმართველობისთვის“ ინიციატივის ფარგლებში, შემდგომში იგი განხილული ცვლილებების იმპლემენტაციას მოახდენდა.

 

სისტემის მთავარი მიღწევა არის თანამდებობის პირების ფინანსური აქტივობების მეტი გამჭვირვალობა, რადგან დეკლარაციების ნახვა შეუძლიათ ჩვეულებრივ მოქალაქეებს. ეს, თავის მხრივ, ზრდის მთავრობის ანგარიშვალდებულებას, რაც, გამჭვირვალობასთან ერთად, OGP-ს ერთ-ერთი ცენტრალური პრინციპია.

 

საჯარო სამსახურის ბიურო ამჟამად აქტიურად იკვლევს დეკლარაციების მონიტორინგის სხვადასხვა მეთოდსა და მექანიზმებს. ამდაგვარი მონიტორინგი კიდევ უფრო გაზრდის სისტემის ეფექტურობას კორუფციის პრევენციის მხრივ. დღეისათვის რამდენიმე მოდელი იქნება შემოთავაზებული, მათ შორის შემთხვევითი შერჩევის მეთოდი, რუტინული შემოწმება, გარედან მიღებულ ინფორმაციაზე ან სახელმწიფო უწყებებიდან მიღებულ ცნობებზე დაფუძნებული მიდგომა და ა.შ.

ბიურო მიიჩნევს, რომ მონიტორინგის სისტემის იმპლემენტაცია მოხერხდება 2014 წლის ბოლომდე. ამასთან ერთად, დეკლარაციების ვებ-გვერდი გახდება ხელმისაწვდომი სხვადასხვა მობაილ პლატფორმაზეც, და დეკლარაციების შევსების ვალდებულება დაეკისრება დამატებით 400-ზე მეტ საჯარო პირს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განიცადა მნიშვნელოვანი პროგრესი სერვისების უკეთესი მიწოდების მიმართულებით. კერძოდ კი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სამინისტრომ მოახდინა სისხლის სამართლის საქმეთა ელექტრონული წარმოებისა და ელექტრონული სტატისტიკის იმპლემენტაცია.

 

სისხლის სამართლის საქმეთა ელექტრონული წარმოების პროექტის, ე.წ. “Crimcase”-ს საპილოტე ვერსია არსებობდა 2011 წელს და მას კოორდინაციას უწევდა იუსტიციის სამინისტრო, ხოლო მისი სრული იმპლემენტაცია მოხდა 2012 წელს. თავდაპირველი სტატისტიკის მოდული საკმაოდ არასრულყოფილი იყო და გააჩნდა მნიშვნელოვანი ხარვეზები, რომელთა შესწორება სხვადასხვა უწყებებიდან მიღებულ უკუკავშირზე დაყრდნობით ხდებოდა. იუსტიციის სამინისტროდან მიღებული მონაცემები მაშინაც არასრული იყო და ვერ აკმაყოფილებდა სისრულის სათანადო დონეს. სწორედ ამიტომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განიზრახა ახალი სისტემის შექმნა, რომლის ტექნიკური იმპლემენტაციის ვალდებულებაც აიღო იუსტიციის სამინისტრომ.

Crimcase-ის სისტემას გააჩნია განვითარების დიდი პოტენციალი, განსაკუთრებით მონაცემთა ვიზუალიზაციის ფორმებისა და მეთოდების მიმართულებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საშუალებას მისცემს მკვლევარებს უკეთესად განახორციელონ კრიმინოლოგიური კვლევები, რაც არის სისხლის სამართლის ზოგადი პოლიტიკის შემუშავებისა და წარმართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი. სამინისტრო გეგმავს მონაცემების სქემატურ-გრაფიკული ვიზუალიზაციის იმპლემენტაციას, რაც სტატისტიკის ინტუიტიურ დონეზე აღქმად და მოსახერხებელ ასახვას იძლევა. დასავლეთის ქვეყნებში ამ მხრივ განსაკუთრებულად პოპულარულია ინტერაქტიული რუკები. Crimcase-ის პროექტის მეორე ეტაპი სწორედ საქართველოს ამგვარი რუკის შექმნაა. მისი შექმნის ტექნიკური ნაწილი უკვე დასრულებულია, და პროექტი განხორციელდება ახლო მომავალში, მას შემდეგ რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოები აღიჭურვებიან GPS პოზიციონირების მოწყობილობებით.

 

ამას გარდა, სამინისტროს „უსაფრთხო უბნის“ პროექტის ფარგლებში ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.police.ge) მოხდა „გვითხარით, როგორ გემსახუროთ უკეთ“ განყოფილების დამატება. აღნიშნული პროექტი გულისხმობს მოქალაქეების მხრიდან სამართალდამცველებთან ონლაინ კონტაქტს და მათთვის კონკრეტულ უბნებში არსებული პრობლემური საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. ახალი გვერდი ასრულებს მოქალაქეთა მხრიდან უკუკავშირის პლატფორმის ფუნქციას. მასზე განთავსებულია დეტალური კითხვარი, რომელშიც მოქალაქეებს შეუძლიათ მიუთითონ, თუ კონკრეტულად რა პრობლემები იმსახურებენ მეტ ყურადღებას პოლიციის მხრიდან. იგივე ვებ-გვერდი აპლიკაციის სახით განთავსდა სამინისტროს ოფიციალურ Facebook გვერდზეც.

 

იუსტიციის სახლი

 

იუსტიციის სახლი გახდა ბოლო ორი წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე უკეთესი სერვისებისა და ამ სერვისების მოქალაქეებისათვის უფრო ეფექტური მიწოდების მხრივ. იუსტიციის სახლის ძირითადი პრინციპია „ყველაფერი ერთ სივრცეში“. სამასზე მეტი სერვისი სხვადასხვა დაწესებულებებიდან, როგორც მაგალითად განათლების სამინისტრო, ეროვნული არქივი და სხვა, ხელმისაწვდომია მხოლოდ ერთ შენობაში, და მათი მიწოდება ხდება რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად. ამ მომენტისათვის, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში გახსნილია რვა იუსტიციის სახლი, მათ შორის დედაქალაქში, თბილისში, და მეტის გახსნა იგეგმება მომავალში.

ბოლო პერიოდში იუსტიციის სახლები კიდევ უფრო გაუმჯობესდნენ JustDrive პროგრამით, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს იუსტიციის სახლების სერვისები მიიღონ მანქანიდან გადმოსვლის გარეშე, და JustCafe-ით, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ შეიტანონ მოთხოვნები და მიიღონ მზა დოკუმენტაცია. იუსტიციის სახლებმა, ასევე, გახსნეს ცხელი ხაზი, რომელიც მუშაობს 24 საათი, კვირაში 7 დღე.

 

სამომავლოდ იგეგმება სერვისების მიწოდების პროცესის კიდევ უფრო გაუმჯობესება, მეტი სახელმწიფო თუ კერძო სერვისის ინტეგრაცია, იუსტიციის სახლების კონცეფციის საიმპორტოდ გამზადება და სხვადასხვა სახელმწიფო პროექტებში ჩართვა.

 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების სამინისტრო

 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ძირითადად ჯანდაცვის სფეროს როგორც უკვე დანერგილი, ასევე სამომავლოდ დაგეგმილი სიახლეების შესახებ ისაუბრა. სამინისტრომ ორი პრეზენტაცია წარმოადგინა. პირველ მათგანში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრევენციულ ზრუნვას, რომელიც ძირითადად მონაცემთა შეგროვებას ეყრდნობა. ეს პაციენტებს დაეხმარებათ უკეთესად ინფორმირებულები არჩევნის გაკეთებაში.

 

სამინისტროს უკეთეს სერვისებზე მიმართული პოლიტიკის ქვაკუთხედია პაციენტების ჯანმრთელობის შესახებ ჩანაწერების ელექტრონული სისტემა. ასეთი სისტემა მონაცემებს პაციენტების შესახებ ადვილად ხელმისაწვდომს გახდის ექიმებისათვის, რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს მათივე მომსახურების ხარისხს. არქივი შეიქმნება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და შეიცავს სხვადასხვა სახის სასარგებლო მონაცემებს, მათ შორის პაციენტის შესახებ ჩანაწერებს, ფინანსურ მონაცემებს, ელ. ჯანდაცვის სერვისების ინტეგრაციას, ა.შ.

 

ინტეგრირებული მონაცემთა ბაზა სამედიცინო ჩანაწერების ვიზუალიზაციას და გაზიარებას გახდის შესაძლებელს. მასზე განთავსებული იქნება პაციენტების შესახებ ინფორმაციის ვირტუალური ბაზა. სამინისტრო, ასევე, გეგმავს სამედიცინო ჩანაწერები ხელმისაწვდომი გახადოს სხვადასხვა მობაილ პლატფორმებიდან. ეს იძლევა სწრაფი წვდომას ისეთ ინფორმაციასთან, როგორიცაა დანიშნული მედიკამენტების სია პირდაპირ მობილურ ტელეფონებზე, GPS-ით შეგროვებული ინფორმაცია და ვირტუალური რუკებით, რომლებზეც აღნიშნული იქნება საავადმყოფოებისა და აფთიაქების ადგილმდებარეობა. საერთო ჯამში, ეს არის პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს მომსახურებას და უფრო მარტივად ხელმისაწვდომს გახდის მას მოქალაქეებისათვის.

პრეზენტაციის მიხედვით, სამინისტრო 2013 წელს გეგმავს ახალი საავადმყოფოების აშენებას და IT-ს ინტეგრაციას, 2014 წელს – საპილოტე სისტემების ტესტირებას, და 2015 წელს შეიქმნება პაციენტების პორტალი.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, როგორც გამოკვეთილი იყო პრეზენტაციაში, „პარტნიორობის ღია მმართველობისათვის“ ფარგლებში ძირითადად დაკავებული იყო რეგიონული განვითარების პროექტებით. ამ ინიციატივების მიზანი გახლდათ ადგილობრივი თვითმმართველობების ეფექტიანობის გაზრდა, ელექტრონული მმართველობის იმპლემენტაციისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის წახალისების მეშვეობით. ამ მიზნით შემუშავდა სამი პროექტი: საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება, ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის იმპლემენტაცია და საჯარო ბიბლიოთეკების განვითარება.

 

საზოგადოებრივი ცენტრები, იუსტიციის სახლების მსგავსად, შეიქმნა სხვადასხვა სერვისების ერთიან სივრცეში თავის მოსაყრელად. დაახლოებით ორასი მომსახურების მიღება შესაძლებელია სოფლიდან გაუსვლელად, როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულებებიდან: საბანკო, სადაზღვევო და მობილური კავშირი და სერვისები, რომლებიც მოწოდებულია ისეთი დაწესებულებების მიერ, როგორცაა სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ და სხვა. ცენტრებში, ასევე, არის უფასო ინტერნეტი და კომპიუტერული მომსახურება, საკონფერენციო, საპრეზენტაციო და სხვა საშუალებები. მოხდა მუნიციპალური მომსახურების სოფლის დონეზე გატანა.

ამას გარდა, სამოქალაქო თვითცნობიერების გაზრდის მიზნით, ჩატარდა ტრენინგები და სასწავლო კურსები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, კონსულტაციები სხვადასხვა სფეროში (სოფლის მეურნეობა, ბიზნესი და ა.შ.) და სამოქალაქო აქტივობები (ფოტო გალერეა, გამოფენები, წიგნების პრეზენტაციები, ა.შ). შეიქმნა თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა.

სულ თორმეტი სოფელი შეირჩა პროექტების თავდაპირველი განხორციელებისთვის, და კიდევ რამდენიმე შერჩეულია სამომავლოდ.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, შეიმუშავა სერვისებისა და სისხლის სამართლის საქმეების წარმოების ელექტრონული სისტემა, რომლის საპილოტე ვერსიის იმპლემენტაცია მოხდა ექვს მუნიციპალიტეტში. მუნიციპალური მომსახურების მართვის პროექტი მოიცავს ათ პროცესს, რომლებიც დაკავშირებულია ქონების მართვასთან, სისხლის სამართლის საქმეების წარმოებასთან, მუნიციპალური პრიორიტეტების კვლევასა და სოციალურ დახმარებასთან.

 

აღნიშნული პროექტებიდან ბოლო, საჯარო ბიბლიოთეკების განვითარება, ჯერ არ განხორციელებულა. თავდაპირველად ეს ვალდებულება სამოქალაქო საზოგადოების მიერ ამ წლის დასაწყისში დაწერილ რეკომენდაციებში დაკისრებული ჰქონდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. შემდგომში პროექტის განხორციელების ვალდებულება აიღო სააგენტომ. დაგეგმილი აქტივობები მოიცავს 3-5 ბიბლიოთეკის გარემონტებასა და აღჭურვას, საპილოტე ბიბლიოთეკების უზრუნველყოფას თანამედროვე ლიტერატურითა და საინფორმაციო რესურსებით, ბიბლიოთეკარების გადამზადებას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებასა და ელ. სერვისების გაცემაში.

კიდევ ერთი პროექტი ელექტრონული ხელმოწერების განვითარებაა, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს ყველა პროცესს და სერვისის მიღებას და დაზოგავს დროს და ფინანსურ რესურსებს.

 

შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, ისაუბრეს 2014-2015 წლის კორუფციასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის თერთმეტი პრიორიტეტის შესახებ, რომელთაგანაც ხუთი ახლო კავშირშია პარტნიორობის მიზნებთან. ესენია:

 

პრიორიტეტი 2. საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენცია;

 

პრიორიტეტი 3. ღიაობა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და მოქალაქეთა ჩართულობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში;

 

პრიორიტეტი 4. განათლება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება კორუფციის პრევენციის მიზნით;

 

პრიორიტეტი 7. გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და კორუფციული რისკების შემცირება საჯარო დაფინანსებისა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში

 

პრიორიტეტი 9. კორუფციის პრევენცია კერძო სექტორთან მიმართებით.

 

 

OGP-ს ყოველწლიური სამიტი შედგება 31 ოქტომბერს-1 ნოემბერს ლონდონში. სამიტზე სიტყვით გამოვა IDFI-ს დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სახელით, და ისაუბრებს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების კანონმდებლობის შესახებ, რაც იყო სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის მთავარი მიღწევა „პარტნიორობის ღია მმართველობისათვის“ ფარგლებში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023