კომენტარები 2020 წლის ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის ანგარიშზე მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის შესახებ

სიახლეები | ღია მმართველობა | ანალიზი 19 ივნისი 2020

 

 

მიმდინარე წლის მაისის ბოლოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების 2020 წლის  ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის ანგარიშის (VNR) სამუშაო ვერსია. ანგარიშზე მუშაობა მიდინარე წლის 12 ივნისს დასრულდა, რის შემდეგაც ის გაიგზავნა გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტში. ანგარიში მიმოიხილავს მდგრადი განვითარების იმპლემენტაციის კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. ანგარიშის წარდგენა მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე მიმდინარე წლის ივლისს იგეგმება.

 

აღსანიშნავია, რომ მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს სამდივნომ ანგარიში სამუშაო ჯგუფის წევრებთან მხოლოდ მის პირველად ვერსიაზე მუშაობის დასრულების შემდეგ გააზიარა. IDFI-მ საკუთარი  კომენტარები მიაწოდა საბჭოს, თუმცა უკუკავშირი  ჩვენს მიერ გაგზავნილ კომენტარებზე არ მიგვიღია. ნაცვლად ამისა გვეცნობა, რომ დაინტერესებულ მხარეთა მიერ „წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შემოთავაზებების უმეტესობა, შესაძლებლობების ფარგლებში, ასახული იქნა ანგარიშში“. იქიდან გამომდინარე, რომ ანგარიშის სამუშაო და საბოლოო ვერსიები მცირე ცვლილებების გარდა იდენტურია, უცნობია თუ რა სახით მოხდა მასში ჩვენს მიერ გაგზავნილი კომენტარების ასახვა. ალტერნატივის სახით, კომენტარები არც დანართის სახით არის წარმოდგენილი VNR ანგარიშში.

 

ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის ანგარიშის მომზადების, ისევე როგორც მასზე კომენტარების მიღებისა და განხილვის პროცედურული რეგულირების ნაკლებობაზე IDFI ჯერ კიდევ წლის დასაწყისში მიუთითებდა, როდესაც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცდა მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს ახალი დებულება.

 

საქართველოს მთავრობამ ნებაყოფლობითი შეფასების პირველი ანგარიში 2016 წლის სექტემბერში, მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე (HLPF) წარადგინა. ანგარიში მოიცავდა ინფორმაციას მდგრადი განვითარების მიზნების ეფექტური იმპლემენტაციის მიზნით ქვეყნის მიერ გაწეული თავდაპირველი ძალისხმევისა და არსებული საჭიროებების შესახებ, მათ შორის ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის ინსტიტუციური გაძლიერება,  არსებული მდოგმარეობის შეფასება, მოცემულ პროცესში ფართო საზოგადოების აქტიური ჩართვა და სხვა.

 

2020 წლის ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის ანგარიში მოიცავს ინფორმაციას 2016 წლიდან დღემდე მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის მიზნით გადადგმული ნაბიჯების შესახებ.

 

საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების 2020 წლის  ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის ანგარიშზე IDFI-მ კომენტარები წარადგინა ქვემოთ ჩამოთვლილ რამდენიმე საკითხებზე, რომლებიც ორგანიზაციის საქმიანობის მნივშენლოვან მიმართულებებს წარმოადგენენ. IDFI-ის მიაჩნია რომ ჩამოთვლილი მიმართულებებით არსებობს რიგი ხარვეზები, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის პროცესზე.

 

-    მდგრადი განვითარების მიზნების უწყებათშორისი საბჭოს ინსტიტუციური მოწყობა და ცნობიერების ამაღლება მდგრადი განვითარების მიზნებზე

 

მიმდინარე წლის 23 იანვარს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა მდგრადი განვითარების მიზნების უწყებათაშორისი საბჭოს დებულება. დებულებაში ახლებურად არის ჩამოყალიბებული საბჭოს დაკომპლექტებისა და საქმიანობის რიგი საკითხები. მათ შორის გათვალისწინებულია ის შენიშვნები და რეკომენდაციები, რომლებზეც IDFI გასულ წლებში მიუთითებდა. მიუხედავად აღნიშნულისა, კვლავაც რჩება გამოწვევები ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის საბჭოს სამუშაო ჯგუფთა დაკომპლექტება, საბჭოსა და სამუშაო ჯგუფთა საქმიანობის გამჭვირვალობა, მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის პროცესში ბიზნეს სექტორის ჩართულობა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება მდგრადი განვითარების მიზნებზე.

 

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა სამუშაო ჯგუფთა არცერთი გაფართოებული შეხვედრა. მსგავსი შეხვედრები ორგანიზებულ იქნა მხოლოდ 2018 წლის განმავლობაში, რომლებშიც მონაწილეობას იღებდა დაინტერესებულ მხარეთა ფართო სპექტრი, შეხვედრათა ოქმები კი საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. აუცილებელია, მდგრადი განვითარების უწყებათშორისმა საბჭომ აღადგინოს სამუშაო ჯგუფთა შეხვედრების ჩატარების აღნიშნული პრაქტიკა (მოცემულ პირობებში შესაძლებელია ონლაინ შეხვედრების სახით). მნიშვნელოვანია ასევე აქტიური ნაბიჯების გადადგმა მდგარდი განვითარების მიზნებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით ფართო საზოგადოებაში - მაგ: საჯაო შეხვედრები, საინფორმაციო კამპანია, ვიდეო რგოლების განთავსება სოციალურ ქსელებსა და ტელე-რადიო მედია საშუალებებში და ა.შ.

 

-    მდგრადი განვითრების მიზნების ინტეგრაცია ეროვნულ სტრატეგიულ დოკუმენტებში

 

VNR ანგარიშის თანახმად ე.წ. MAPS-ის (Mainstreaming, Acceleration and Policy Support) მისიის ფარგლებში განხორციელებულმა შეფასებამ დაადგინა, რომ მდგარი განვითარების მიზნების ეროვნულ სტრატეგიულ დოკუმენტებში ინტეგრაციის ხარისხი არის ძალზედ მაღალი (very high). მიუხედავად აღნიშნულისა 2030 წლის დღის წესრიგის ეროვნულ კონტექსტში ინტეგრაციის პრობლემებზე მიუთითებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში და აღნიშნავს, რომ მდგრადი განვითარების მიზნები, მათი შესაბამისი ამოცანები და ინდიკატორები ფრაგმენტულად არის გაბნეული სამინისტროთა შუალედურ სამოქმედო გეგმებში, სტრატეგიებში, მუნიციპალურ პოლიტიკის დოკუმენტებსა და სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

გასათვალისწინებელია, რომ  ე.წ. MAPS-ის (Mainstreaming, Acceleration and Policy Support) მისიის მიერ მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ პოლიტიკის დოკუმენტებში ინტეგრაციის ხარისხი შეფასდა ამოცანების და არა ინდიკატორების დონეზე.  2030 დღის წესრიგის ეროვნულ პოლიტიკის დოკუმენტებში ინტეგრაციის რეალური სურათის მისაღებად აუცილებელია მეტად სიღრმისეული შეფასების განხორცილება ინდიკატორების დონეზე. სწორედ მსგავსი შეფასება განახორციელა IDFI-იმ. ამასთან, კვლევის პროცესში IDFI-იმ გამოიყენა ათეულობით ისეთი პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც არ იქნა გაანალიზებული MAP-ის მისიის მიერ. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომმდგრადი განვითარების მიზნების ამოცანათა შესაბამისი ინდიკატორების თითქმის ნახევარი მხოლოდ ნაწილობრივ იყო ასახული თემატურ სტრატეგიებში, 28% საერთოდ არ იყო ასახული, ხოლო სრული კავშირი მხოლოდ ინდიკატორთა 23% შემთხვევაში იყო სახეზე.  

 

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელია, ყველა ნაციონალიზებული ამოცანის შესაბამისი ინდიკატორი (და არა მხოლოდ ამოცანები) ზუსტად იყოს გაწერილი შესაბამის სახელმწიფო სტრატეგიებში.

 

-     პოლიტიკის შემუშავების თანამონაწილეობითი პროცესი

 

 

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილებით დამტკიცდა  პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგის და შეფასების წესი. წესი მათ შორის მოიცავს პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების ეტაპების აღწერასა და ამ პროცესში დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის რეგულაციებს. მართალია მოცემული დოკუმენტი წარმოადგენს წინგადადგმულ ნაბიჯს, თუმცა ის არ ასახავს პოლიტიკის დოკუმენტთა მომზადების პროცესში ჩართულობის მაღალ სტანდარტს. კერძოდ, დოკუმენტი სავალდებულოდ აწესებს პოლიტიკის დოკუმენტთა შემუშავების პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფას მხოლოდ პოლიტიკის დოკუმენტის საბოლოო პროექტის შემუშავების შემდეგ, შედარებით ადრეულ ეტაპებზე კი ის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს. 

 

აღნიშნული ვერ პასუხობს პოლიტიკის შემუშავების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის საერთაშორისო სტანდარტებს. ის ვერ აკმაყოფილებს, ვერც ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თემატური მოკვლევის ანგარიშის - „სახელმწიფო უწყებებში არსებული სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტები და პრაქტიკები“ რეკომენდაციებს. კერძოდ, საპარლამენტო თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციას წარმოადგენდა პოლიტიკის შემუშავების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ერთიანი სტანდარტის შექმნა, რომლის დაცვაც სავალდებულო იქნებოდა პოლიტიკის შემუშავების ადრეული ეტაპიდანვე ე.ი. მანამ, სანამ დაიწყება პოლიტიკის დოკუმენტის ტექსტზე მუშაობის პროცესი და მიმდინარეობს მსჯელობა კონკრეტული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის შესახებ.

 

შესაბამისად ცხადია, რომ პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგის და შეფასების ახალი წესი ვერ უზრუნველყოფს, ჩართულობის მაღალი სტანდარტის დაცვას პოლიტიკის დოკუმენტების მომზადების პროცესში.

 

-      მართლმსაჯულების სისტემა

 

ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში აქტიურად მიმდინარეობდა სასამართლო სისტემის რეფორმა. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლების განმავლობაში სასამართლო სისტემის რეფორმირების მიზნით მრავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, IDFI თვლის რომ არსებობს მნიშვნელოვანი გამოწევები რიგი მიმართულებებით.

 

რეფორმის ოთხი ტალღის მიუხედავად, მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის არსებული რეგულირება კვლავ ვერ აკმაყოფილებს ობიექტურობის, დასაბუთებულობის, დამსახურების პრინციპისა და გამჭვირვალობის მოთხოვნებს. კანონმდებლობასა და პრაქტიკაში კვლავაც რჩება გამოწვევები მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის მიმართულებით, მათ შორის ხარვეზიანია დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე არჩევის წესი, არ ქვეყნდება დამოუკიდებელი ინსპექტორის მომზადებული დასკვნები და მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. კვლავაც პრობლემურია სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის საკითხი. აუცილებლია, სასამართლო გადაწყვეტილებებში პერსონალური მონაცემების ღიაობის საკითხის კონსტიტუციური სტანდარტის შესაბამისად განსაზღვრა და ახალი სტანდარტის პრაქტიკაში დანერგვა.

 

-    კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

 

VNR ანგარიშში საუბარია მაღალი დონის კორუფციის აღმოფხვრასთან დაკავშირებით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე, თუმცა ასევე ხაზგასმულია, რომ პროგრესი არ იყო თანმიმდევრული და რომ კორუფციის სრული აღმოფხვრისთვის აუცილებელია საკითხისადმი სისტემური და ყოვლისმომცველი მიდგომა.

 

IDFI იზიარებს მოცემულ მოსაზრებას. მეტიც 2019-2020 წლების განმავლობაში საქართველოში კორუფციის დონე შეფასებულ იქნა არაერთი საერთაშორისო რეიტინგით (Business Bribery Risk Index, World Justice Project, Corruption Perception Index, Economic Freedom Index), ყველა მათგანი კი მიუთითებდა საქართველოს მაჩვენებლების გაუარესებაზე. ევროკავშირის პარლამენტის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მაღალი დონის კორუფცია ქვეყანაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამასვე აღნიშნავს საერთაშორისო გამჭვირვალობა აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ანტიკორუფციული მექანიზმების შესახებ კვლევაში და მიუთითებს, რომ საჭიროების მიუხედავად, ხელისუფლებამ დღემდე არ შექმნა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო.

 

საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ კორუფციასთან მებრძოლ არსებულ უწყებებში სწორედ მათი დამოუკიდებლობის საკითხია ყველაზე პრობლემური. არსებული ანტიკორუფციული სისტემის ხარვეზების შესახებ IDFI უკვე დიდი ხანია საუბრობს სხვადასხვა ფორმატში.

 

IDFI-ის მოსაზრებები მდგრადი განვითარების მიზნების 2020 წლის  ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის ანგარიშზე დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ დოკუმენტში.

 

/public/upload/Sida/IDFI-Comments-SDG-VNR-2020.pdf

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024

მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ქართველ ხალხს აუხსნან, ავალებდნენ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას

07.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023