ცვლილებები მდგრადი განვითარების მიზნების უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობის რეგულირებაში

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 21 თებერვალი 2020

23 იანვარს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა მდგრადი განვითარების მიზნების უწყებათაშორისი საბჭოს დებულება. დებულებაში ახლებურად არის ჩამოყალიბებული საბჭოს დაკომპლექტებისა და საქმიანობის რიგი საკითხები. მათ შორის გათვალისწინებულია ის შენიშვნები და რეკომენდაციები, რომლებზეც IDFI გასულ წლებში მიუთითებდა. მიუხედავად აღნიშნულისა, კვლავაც რჩება გამოწვევები ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის საბჭოსსამუშაო ჯგუფთა დაკომპლექტება, საბჭოსა და სამუშაო ჯგუფთა საქმიანობის გამჭვირვალობა, მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის პროცესში ბიზნეს სექტორის ჩართულობა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება მდგრადი განვითარების მიზნებზე.

 

პრობლემურია ისიც, რომ პრემიერ-მინისტრის ბრძანება, რომლითაც დამტკიცებულ იქნა მდგრადი განვითარების მიზნების უწყებათაშორისი საბჭოს დებულება, არ არის ხელმისაწვდომი მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე, პრემიერ-მინისტრის 2020 წლის ბრძანებებს შორის. მისი მოძიება შესაძლებელია მხოლოდ მდგრადი განვითარების მიზნების ვებსაიტის -  sdg.gov.ge ერთ-ერთ შიდა ვებგვერდზე. იქიდან გამომდინარე, რომ მოცემული ვებსაიტი დღეის მდგომარეობით ჯერ კიდევ სრულყოფის პროცესშია (მიმდინარეობს ინფორმაციის ატვირთვა/დამატება), მის შესახებ საზოგადოებრივი ცნობადობის დონე არ არის მაღალი.  მომავალში ვებგვერდის სწორი გამოყენების შემთხვევაში ის უნდა ჩამოყალიბდეს მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის პროცესის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად, თუმცა მოცემულ ეტაპზე, როდესაც დაინტერესებულ პირთა მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს ინფორმაცია აღნიშნული ვებგვერდის არსებობის შესახებ,  საბჭოს დებულების ვებსაიტის ერთ-ერთ შიდა ვებგვერდზე გამოქვეყნება ვერ დააკმაყოფილებს დოკუმენტზე  დაინტერესებულ პირთა ხელმისაწვდომობის მაღალ სტანდარტს. 

 

რა იცვლება?

 

- საბჭოს სახელწოდება და მანდატი

პრემიერ-მინისტრის 23 იანვრის ბრძანებით, მდგრადი განვითარების მიზნების საბჭო გაიმიჯნა საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოსგან და ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ ერთეულად. მანამდე, მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობის უფლებამოსილება ევალებოდა საჯარო მმართველობის რეფორმის და მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს. აღნიშნულთან დაკავშირებით IDFI მიუთითებდა, რომ შინაარსობრივი თავლსაზრისით მოცემული ორი საკითხის ერთი საბჭოს ქვეშ გაერთიანება არარაციონალური იყო, რადგან საჯარო მმართველობის რეფორმის ამოცანები მხოლოდ SDG-ის ერთ-ერთი ამოცანის მოცულობის იყო. ამასთან, პრაქტიკაში მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს და საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს შეკრება ცალ-ცალკე ხდებოდა. შესაბამისად მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს გამიჯვნა საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოსგან უდავოდ დადებით ცვლილებად უნდა მივიჩნიოთ.

 

მიუხედავად ზემოთქმულისა პრობლემურია საბჭოს სახელწოდებაში არსებული ჩანაწერი „უწყებათშორისი“. აღნიშნული მიუთითებს, იმაზე რომ საბჭოს უპირველეს მანდატს მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის პროცესის საჯარო უწყებათა შორის უკეთესი კოორდინაცია წარმოადგენს. მიუხედავად აღნიშნულისა დებულების თანახმად საბჭოს ერთ-ერთ ფუნქციას მდგრადი განვითარების მიზნების განხორიცელების პროცესში დაინტერესებული მხარეების ინფორმირებისა და ჩართულობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამასთან მის წევრებს სათათბირო ხმის უფლებით წარმოდგენენ ასევე შესაბამის სამუშაო ჯგუფთა თავმჯდომარე სამოქალაქო/კერძო სექტორის წარმომადგენლები. ვფიქრობთ აუცილებლია აღნიშნული ასახული იყოს ასევე საბჭოს სახელწოდებაში და ამ მიზნით მის დასახელებაში არ იყოს მითითება საბჭოს მხოლოდ ვიწრო უწყებათშორის ხასიათზე. 

 

- საბჭოს შემადგენლობა

IDFI წლების გამავლობაში მიუთითებდა მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის პროცესში საკანონმდებლო და ადგილობრივ ხელისუფლებათა წარმომადგენლების მეტად აქტიურად ჩართვის აუცილებლობაზე.  ამ თვალსაზრისით საბჭოს ახლებურად ჩამოყალიბებული დებულება შეიცავს დადებით ცვლილებებს. კერძოდ ის მიუთითებს, რომ საბჭოს შემადგენლობაში (გარდა ცენტრალური აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა წარმომადგენლებისა და სამუშაო ჯგუფთა თანათავმჯდომარეებისა), შედიან ასევე მუნიციპალიტეტთა მერები ან მათი მოადგილეები. საბჭოს შემადგენლობას დაემატა ასევე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი. მიუხედავად აღნიშნულისა საბჭოს წევრებს შორის არ არიან საკანონმდებლო ორგანოთა წარმომადგენლები ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლებიდან. საბჭოს დებულების თანახმად პარლამენტის კომიტეტთა თავმჯდომარეებს უფლება აქვთ მიიღონ მონაწილეობა საბჭოს საქმიანობაში, თუმცა ხმის უფლების გარეშე.

 

- დაკომპლექტება

მდგრადი განვითარების უწყებათშორისო საბჭოს სამუშაო ჯგუფთა დაკომპლექტების საკითხთან დაკავშირებით IDFI პრობლემურად მიიჩნევდა, იმას, რომ სამუშაო ჯგუფთა ტექნიკურ დავალებებში არ იყო განსაზღვრული ის პროცედურები და კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც უნდა მომხდარიყო არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის წარმომადგენლების და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართვა პროცესში, რაც მათი შემთხვევითი შერჩევის შესაძლებლობას იძლეოდა. ამ თვალსაზრისით დადებითად უნდა შეფასდეს საბჭოს ახალი დებულების თანმდევი თემატური სამუშაო ჯგუფთა სახელმძღვანელო წესებით სამუშაო ჯგუფთა წევრების შერჩევის  კრიტერიუმების განსაზღვრა, თუმცა პრობლემურია წესებში მოცემული ფორმულირება, რომლის თანახმადაც სამუშაო ჯგუფის წევრობის კანდიდატს უნდა ქონდეს კონკრეტულ სფეროში მუშაობის სულ მცირე ხუთ-წლიანი გამოცდილება. ვფიქრობთ, სამუშაო ჯგუფთა საქმიანობის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ პირებს რომელთა სამუშაო გამოცდილებაც შესაძლოა ჩამოუვარდებოდეს 5 წელს. ამასთან სახელმძღვანელო წესები მიუთითებს, რომ სამუშაო ჯგუფის წევრობის კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი რესურსი სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში სტაბილური მონაწილეობისთვის. მოცემული ფორმულირება იძლევა ძალზედ ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას და წარმოშობს საბჭოს მიერ სუბიექტურ გადაწყვეტილებათა მიღების საშიშროებას.

 

- საბჭოს/სამუშაო ჯგუფების საქმიანობის გამჭვირვალობა და პერიოდულობა

საბჭოს/სამუშაო ჯგუფების საქმიანობის გამჭვირვალობის მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა საბჭოს თემატურ სამუშაო ჯგუფთა სახელმძღვანელო წესებში და განისაზღვრა, რომ სამუშაო ჯგუფთა შემადგენლობა ქვეყნდება ვებგვერდზე (sdg.gov.ge). მიუხედავად აღნიშნულისა არ არის გათვალიწინებული საბჭოსა და სამუშაო ჯგუფების სხდომათა დღის წესრიგისა და ოქმების გამოქვეყნების ვალდებულება. ვფიქრობთ, რომ მოცემული ინფორმაციის გამოქვეყნება მნიშვნელოვანია, საბჭოსა და სამუშაო ჯგუფთა საქმიანობის შესახებ ფართო საზოგადოების პროაქტიული ინფორმირების მიზნებისთვის.

 

- ეროვნული ნებაყოფლობითი მიმოხილვის ანგარიში

ეროვნულ ნებაყოფლობითი მიმოხილვის ანგარიშთან (VNR) დაკავშირებით საბჭოს დებულებაში მითითებულია, რომ  მის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს VNR-სა და მისი მონიტორინგის ყოველწლიური ანგარიშის განხილვა, დამტკიცება და მთავრობისთვის წარგდენა. დებულებაში არ არის მოცემული ჩრდილოვანი ანგარიშების მომზადების პროცესში დაინტერსებულ მხარეთა ჩართვის პროცედურა, მაგალითად ანგარიშის გაგზავნა დაინტერესებულ პირებთან კომენტარებისთვის, მათი ასახვის პროცედურა, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა კომენტარებისთვის ცალკე სვეტის არსებობა და ა.შ.

 

ეროვნულ ნებაყოფლობითი მიმოხილვის ანგარიში წარმოადგენს მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის პროცესში ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ ინფორმაციის მნივშენლოვან წყაროს. ვფიქრობთ, უმნიშვნელოვანესია საბჭოს დებულებით იყოს გათვალისწინებული VNR ანგარიშის მომზადების პროცესში სამოქალაქო და კერძო სექტორის ჩართულობის (მათ შორის სამოქალაქო და კერძო სექტორის იმ წარმომადგენლების, რომლებიც არ არიან თემატურ სამუშაო ჯგუფთა წევრები) საკითხი და მისი პროცედურები.

 

- ცნობიერების ამაღლების კამპანიები

საბჭოს დებულებაში არ არის ნახსენები მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით აქტივობათა განხორიცელების საკითხი. მოცემული არ წარმოადგენს საბჭოს ერთ-ერთ ფუნქციას. ნაცვლად ამისა სამუშაო ჯგუფების სახელმძღვანელო წესებში მითითებულია რომ მათ ერთ-ერთ მანდატს ცნობიერების ამაღლების კამპანიების წარმოება წარმოადგენს, თუმცა ეს არის მათი დისკრეციული უფლებამოსილება და არა ვალდებულება. მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ არსებული დაბალი ცნობიერების დონის გათვალისწინებით ვფიქრობთ, უმნიშვნელოვანესია აღნიშნული საკითხი გათვალისწინებული იყოს თავად საბჭოს დებულებაში და წარმოადგენდეს საბჭოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიზანს.

 

- კერძო სექტორი/ბიზნესი 

საბჭოს დებულება არ მოიცავს რაიმე სახის მითითებას მისი საქმიანობის პროცესში კერძო/ბიზნეს სექტორის ჩართვის მიმართულებით. დებულება მიუთითებს, მხოლოდ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და დარგის სპეციალისტების საბჭოს სხდომებზე მოწვევის შესაძლებლობაზე სათათბირო ხმის უფლების გარეშე. დებულებაში არ არის მითითება არც საბჭოს სამუშაო ჯგუფებში კერძო/ბიზნეს სექტორის მონაწილეობის შესახებ. მიუხედავად აღნიშნულისა პრაქტიკაში სამუშაო ჯგუფის წევრებს წარმოადგენენ, როგორც არასამთავრობო ისე ბიზნეს სექტორის წარომადგენლები. ვფიქრობთ აუცილებელია არსებული პრაქტიკა ასახული იყოს ასევე საბჭოს დებულებაში. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ბიზნეს სექტორის ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იქნება მდგრადი განვითარების იმ მიზანთა განხორცილება, რომლებიც გაერთიანებულია სოციალურ-ეკონომიკურ თუ გარემოსდაცვითი კლასტერებში.

 

დასკვნა

 

მდგრადი განვითარების მიზნების უწყებათაშორისი საბჭოს დამოუკიდებელ, საჯარო სამსახურის რეფორმის საბჭოსგან გამოცალკევებულ ერთეულად ჩამოყალიბება უდავოდ მნიშნველოვან დადებით ცვლილებად უნდა ჩაითვალოს. აღნიშნული ცვლილების საჭიროება გამომდინარეობდა დანერგილი პრაქტიკიდანაც, რადგან მდგრადი განვითარების მიზნებისა და საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოთა შეკრება და საქმიანობა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობდა.  IDFI მიესალმება ასევე, დებულებით საბჭოს საქმიანობის პროცესში ადგილობრივ თვითმმარველობათა, ისევე როგორც სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლთა ჩართვის შესაძლებლობის განმტკიცებას.  მიუხედავად აღნიშნულისა დებულება მოიცავს რიგ ხარვეზებს, რომელთა აღმოფხვრაც აუცილებლია საბჭოსა და მის სამუშაო ჯგუფთა საქმიანობის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის. ამასთან მნიშვნელოვანია საბჭოს დებულება წარმოაჩენდეს მდგრადი განვითარების ნაციონალიზაციის პროცესში კერძო სექტორთან აქტიური თანამშროლობის პრიორიტეტულობას და განამტკიცებდეს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების საჭიროებას.

 

 

_____

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024