კოალიცია ეხმიანება სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლედ ასარჩევ კანდიდატთა სიის მთავრობის მიერ გადასინჯვას

სიახლეები | განცხადებები 29 ივლისი 2016

კოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“, სურს, გამოეხმაუროს საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე, კანდიდატთა სიაში ნანა მჭედლიძის კანდიდატურის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ევა გოცირიძის კანდიდატურით ჩანაცვლებას.

 

იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, ცვლილება გამოწვეულია ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოს რეკომენდაციით, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი წარდგენილი კანდიდატი ნანა მჭედლიძე, მისი კარიერული წინსვლის ამ ეტაპზე, აშკარად ვერ აკმაყოფილებს მოსამართლის კრიტერიუმებს. მიუხედავად იმისა, რომ საკონსულტაციო ორგანოს მიერ გაკეთებული რეკომენდაციის დასაბუთება კონფიდენციალურია, იუსტიციის სამინისტრომ, ასევე, გაახმოვანა დასაბუთების კონკრეტული დეტალები.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილება „2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის წესის შესახებ“ არ ითვალისწინებს კანდიდატურის ცვლილების ამგვარ პროცედურას. დადგენილების თანახმად, საქართველოს მთავრობის მიერ სამზე ნაკლები კანდიდატის დამტკიცების შემთხვევაში, კომისია, ხელახლა ატარებს შერჩევის პროცესს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სიის სამ კანდიდატამდე შევსების მიზნით. ამ კუთხით, გასათვალისწინებელია, რომ ევა გოცირიძე პირველ ჯერზე არ იქნა დამტკიცებული მთავრობის მიერ და იგი ვერ მოხვდა სამ კანდიდატს შორის.

 

კოალიციამ უკვე დააფიქსირა თავისი უარყოფითი პოზიცია და გამოკვეთა ის ხარვეზები, რომლებიც მოსამართლეთა კანდიდატების კონკურსის მიმდინარეობას თან ახლდა. კერძოდ, მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კომისიის საქმიანობაში ჩვენმა უშუალო მონაწილეობამ თვალნათლივ გვაჩვენა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მმართველ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი წევრების მიერ გაკეთებული შეფასებები, ეფუძნებოდა არა დადგენილებით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან კანდიდატთა შესაბამისობის დადგენას, არამედ - მიზნად ისახავდა წინასწარ განსაზღვრული კანდიდატების უპირობო მხარდაჭერას და მათ მთავრობისადმი წარსადგენ კანდიდატთა შორის მოხვედრის უზრუნველყოფას. ამიტომაც, მიგვაჩნდა, რომ ფაქტობრივად აზრი დაეკარგა კომისიის მუშაობას და ამ მნიშვნელოვან ინიციატივას შინაარსი გამოეცალა.

 

ზემოაღნიშნულის თვალსაჩინო გამოვლინებაა ის ფაქტი, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, საუკეთესო საბოლოო 3 კანდიდატს შორის მოხვდა ქ-ნ ევა გოცირიძე, რომელიც კომისიის შემადგენლობაში შემავალი არასახელისუფლებო წარმომადგენლების (სახალხო დამცველი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, კოალიციის წარმომადგენელი) მხრიდან უკიდურესად დაბალი შეფასებები დაიმსახურა.

 

აღსანიშნავია, რომ ევა გოცირიძე 2013 წლიდან დღემდე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. სამოქალაქო საზოგადოების ღია პროტესტის მიუხედავად, მან 2015 წლის 25 დეკემბერს, მხარი დაუჭირა ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში არჩევას. მისი განმარტებით, მთავარი არგუმენტი მურუსიძის სასარგებლოდ, მოსამართლეთა კორპუსის მხარდაჭერა იყო. ამ საკითხზე მისი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა არამოსამართლე წევრების მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, ფაქტობრივად, დაადასტურა ის ეჭვები, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა დანიშვნისას არ ხელმძღვანელობდა კანონით განსაზღვრული კრიტერიუმებით, არამედ გადაწყვეტილება მიიღებოდა საბჭოს წევრებს შორის გარკვეული ფარული გარიგებების საფუძველზე.

 

ასევე, ევა გოცირიძე, მწვავე განცხადებებს აკეთებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებულ მოვლენებზე და ამ ჭრილში მას მიაჩნდა, რომ მართლმსაჯულების დასაცავად, შეიძლება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. მისი აზრით, არ შეიძლება სასამართლოშიც და მედიაშიც თავისუფლება ვულგარულად ესმოდეთ. მას მიაჩნდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებაში მოსამართლის მიერ დამოუკიდებელი ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის შეფასება და ამის გათვალისწინებით, ტელევიზიის მენეჯმენტის ცვლილების დასაბუთება არ წარმოადგენდა მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას. აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო სექტორის მხრიდან, გამოხატვის თავისუფლებაზე მისი განცხადებები, რუსთავი 2-ის საქმის კონტექსტში, კრიტიკულად იქნა შეფასებული.

 

სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა კონკურსში ჩართული სამოქალაქო საზოგადოების პოზიციები, რაც აჩენს განცდას, რომ საჯარო კონკურსის მთლიანი პროცესი ფორმალურ ხასიათს ატარებდა და გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით მოხდა. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული არ შეესაბამება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის „მოსამართლეთა ნომინირების და არჩევის შესახებ“ რეზოლუციის მოთხოვნებს, რომლის თანახმად, მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში თავიდან უნდა იქნეს აცილებული პროცესის პოლიტიზირება. ამასთან, არჩეული კანდიდატები მათი პროფესიული კვალიფიციურობის გარდა, ასევე უნდა იყვნენ მაღალი მორალური თვისებების მატარებელი.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ბენეფიციარ მესაკუთრეთა მონიტორნიგის გზამკვლევი

26.11.2021

აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნების პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლები IDFI-ის ესტუმრნენ და მის საქმიანობას გაეცვნენ

26.11.2021

კიბერსივრცეში პერსონალური მონაცემების დაცულობის უზრუნველყოფა: გამოწვევები და საჭიროებები საქართველოსთვის

25.11.2021

ონლაინ ინფორმაციული მანიპულირება: გამოცდილება, გამოწვევები და საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითები

25.11.2021
განცხადებები

კოალიცია პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების დაწყებას ეხმაურება

24.11.2021

კოალიცია მოუწოდებს პარლამენტს ჯეროვნად და დროულად აღასრულოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

22.11.2021

საქართველოს მთავრობა ანტიკორუფციული გარემოს შესახებ OECD-ის ანგარიშის მიღებას აფერხებს

19.11.2021

IDFI-ის შეფასებით მიხეილ სააკაშვილის საქმეთა განხილვა ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით მიმდინარეობს

17.11.2021
ბლოგპოსტები

ონლაინ ინფორმაციის მანიპულირების ეფექტები: ვინ უნდა შეიმუშავოს და განახორციელოს საჭირო მექანიზმები

20.10.2021

სამთავრობო OGP-ის რეგრესი საქართველოში

06.10.2021

სიკვდილი, როგორც საარჩევნო კამპანიის ძირითადი ნარატივი საქართველოში

29.09.2021

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა - სისტემური გამოწვევა საქართველოსთვის

16.09.2021