კოალიცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს განახორციელოს კონსტიტუციური მართლმსაჯულება

სიახლეები | განცხადებები 13 სექტემბერი 2016

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეხმაურება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს. მიგვაჩნია, რომ შექმნილი ვითარება ქმნის ე.წ. გახმაურებულ საქმეებზე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების მიზანმიმართული შეფერხების მცდელობის შთაბეჭდილებას, რაც გავლენას ახდენს საქმის შედეგით დაინტერესებული პირების მდგომარეობაზე. ასევე განვითარებული მოვლენები მნიშვნელოვნად აისახება საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ საზოგადოების განწყობასა და ნდობაზე.

 

საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. გახმაურებულ საქმეების განხილვის დაწყებამ გამოიწვია სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერება. ამასთან, საკანონმდებლო ცვლილებებმა, რომელიც კოალიციის მიერ არაერთხელ უარყოფითად შეფასდა, მნიშვნელოვნად შეამცირა საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტურობა.

 

ბოლო პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენჯერმე მოუწია საქმის განხილვის გადადება კვორუმის არარსებობის გამო. ამის პარალელურად საქართველოს პარლამენტმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა ათზე მეტი შუამდგომლობით სხვადასხვა გახმაურებული საქმიდან რიგი მოსამართლეების აცილების თაობაზე, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთმა მოსამართლემ მოითხოვა გახმაურებული საქმეებიდან თვითგანრიდება. ამავდროულად, გავრცელებული განცხადებები ქმნის ვარაუდის საფუძველს, რომ სარჩელების ე.წ. „გამოცვლის“ მოტივით გარკვეული მოსამართლეები თავს (შე)იკავებენ შესაბამისი საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებისაგან. ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ 2016 წლის პირველი სექტემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩანიშნული სხდომა ე.წ. უგულავა-კაბელების საქმეზე გადაიდო კვორუმის არარსებობის გამო, მაშინ როდესაც საჯაროდ გავრცელდა და დადასტურდა ინფორმაცია საქმის განმხილველი ერთერთი მოსამართლის არასაქმიან ვითარებაში ყოფნის შესახებ.

 

ზოგადად კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მოსარჩელესა და სასამართლოს შორის ორდინალურ ურთიერთობას წარმოადგენს, არ უნდა იწვევდეს სასამართლოს საქმიანობის შეფერხებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საკითხი მისი მცირე მნიშვნელობით რეალურ და არსებით გავლენას არ ახდენს სამართალწარმოების პროცესსა და შედეგზე.

 

ამავე დროს, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს მოკვლევა სარჩელების ე.წ. „შეცვლასთან“ დაკავშირებით. თუმცა, ამ დრომდე ეს პროცესი საჯაროობის გარეშე მიმდინარეობს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ სიტუაციაში, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა და საზოგადოებას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია.

 

შექმნილი დაძაბული ვითარების განმუხტვა უნდა უზრუნველყოს საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა მართლმსაჯულება განახორციელოს იმგვარად, რომ არ შექმნას პროცესზე გარე ზეგავლენების განცდა. გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საკითხის მოკვლევის პარალელურად მოსამართლეებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა საქმეების განხილვაში და საფრთხე არ უნდა შეექმნას კონსტიტუციური მართლმსაჯულების უწყვეტობას. ამასთან, ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს პროცესების დამატებითი პოლიტიზირებისგან და იმგვარი თავდასხმებისგან, რაც მიზნად მხოლოდ სასამართლოს, როგორც ინსტიტუტის დისკრედიტაციას ისახავს.

 

ასევე, აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 30 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს 4 მოსამართლეს ეწურება უფლებამოსილების ვადა. მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების არჩევაზე პასუხისმგებელმა სახელმწიფო ორგანოებმა სათანადოდ გაანალიზონ შექმნილი ვითარება და გაითვალისწინონ ზემოხსენებული პრობლემური საკითხები ახალი მოსამართლეების არჩევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024