საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის გამოწვევები

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ბლოგპოსტები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 11 აგვისტო 2017

ავტორი: გიორგი ლომთაძე

 

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია - საზოგადოებას შესთავაზოს პოლიტიკური და კომერციული გავლენისგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი პროგრამები.


კანონით განსაზღვრული ეს ფუნქცია და გარანტირებული საბიუჯეტო დაფინანსება მას აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, კომერციული ტელეკომპანიებისგან განსხვავებით, შექმნას შესაძლებელია ნაკლებად პოპულარული, მაგრამ ღირებული და საჭირო პროდუქტი; ანუ - იყოს საჯარო სიკეთე.


სამწუხაროდ, 2004 წლიდან მოყოლებული, ფინანსური პრობლემების, პოლიტიკური გავლენისა და შიდა კრიზისების გამო, იგი ვერ ახერხებდა ამ ფუნქციის სათანადოდ შესრულებას.


საზოგადოებრივი უნდობლობის უახლესი ტალღა მოჰყვა 2017 წლის 6 იანვარს მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ხელისუფლებასთან დაახლოებული პირის ვასილ მაღლაფერიძის დანიშვნას და ახალი მენეჯმენტის მიერ მომდევნო თვეებში მიღებულ გადაწყვეტილებებს.


ახალმა გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ მაუწყებელი იდგა ტექნიკური კოლაფსის საფრთხის წინაშე და აუცილებელი იყო თანხების დაზოგვა-მობილიზება. დაანონსდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მასშტაბური რეფორმა, რომლის ფარგლებშიც 2017 წლის ივლისის ეთერამდე, უნდა დახურულიყო ყველა გადაცემა, გარდა საინფორმაციო პროგრამა „მოამბისა“.


მოგვიანებით, გეგმები შეიცვალა და ყველა გადაცემის დახურვის ნაცვლად, მენეჯმენტმა გადაცემები სამ ბლოკად დაჰყო: 1. მაღალ რეიტინგული; 2. საშუალო რეიტინგული; და 3. დაბალ რეიტინგული. მესამე კატეგორიაში მოხვედრილი გადაცემები 2017 წლის ივლისიდან ეთერში აღარ გავიდოდა. ამის მიზეზად დასახელდა ფინანსური რესურსების არაეფექტიანი გამოყენება და გადაცემების დაბალი რეიტინგი. იმის გამო, რომ მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა ვერ შეძლო, თანმიმდევრულად დაესაბუთებინა კონკრეტული გადაცემების (მაგ. „რეალური სივრცე“, „წითელი ზონა“ და „ინტერვიუ“) დახურვა, მათმა გადაწყვეტილებამ მწვავე საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია.


აღნიშნული პროტესტის ფონზე, მაუწყებლის მენეჯმენტმა, კიდევ ერთხელ შეცვალა ზოგიერთი გადაცემის დახურვის ოფიციალური მიზეზი. ამჯერად აქცენტი არა მათ რეიტინგზე, არამედ სხვა საფუძვლებზე გაკეთდა (მაგალითად რადიო თავისუფლების პროექტების „წითელი ზონა“ და „ინტერვიუ“ დახურვის მიზეზად დასახელდა გარე სტუდიებთან თანამშრომლობის ფორმატის ცვლილება და გადაცემების მომზადებაში საზოგადოებრივი მაუწყებლის უფრო აქტიური ჩართულობის სურვილი). საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა ასევე უარი თქვა დაბალი რეიტინგის საბაბით „რეალური სივრცის“ დახურვაზე, ხოლო ახალი საეთერო სეზონისთვის გამოაცხადა 9 ახალი გადაცემის შესარჩევი კონკურსი. თუმცა, ბოლო მონაცემებით ღია კონკურსის საფუძველზე შერჩეული გადაცემები, ისევე როგორც შიდა რესურსით მომზადებული გადაცემები ეთერში 2018 წლის იანვრიდან გავა, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი კვლავ თავდაპირველ გეგმას დაუბრუნდა.


იქიდან, გამომდინარე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის ძირითად მიზეზად მისი ტექნიკური განახლება, ფინანსური რესურსების ეფექტიანი გამოყენება და გადაცემების რეიტინგის გაუმჯობესება სახელდება IDFI-ი შეეცადა ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ჩაეტარებინა საკუთარი ანალიზი.


IDFI-მ მოითხოვა 2012-2016 წლების შემდეგი მონაცემები:


- პირველი არხის, მეორე არხის და რადიო 1-ის ეთერში გასული თითოეული გადაცემის ჩაშლილი ბიუჯეტი და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში (გადაცემის მითითებით).


- პირველი და მეორე არხის ეთერში გასული თითოეული გადაცემის რეიტინგი (გადაცემის მითითებით).

 

- პირველი არხის, მეორე არხის და რადიო 1-ის თანამშრომლების რაოდენობა (სრული და გადაცემების მიხედვით).


საზოგადოებრივ მაუწყებელს პასუხის გასაცემად 78 დღე და IDFI-ის მიერ ადმინისტრაციული სარჩელის შეტანა დასჭირდა.


რაც უფრო მნიშვნელოვანია, მოწოდებული ინფორმაცია არასრული აღმოჩნდა. მაუწყებელმა მოგვაწოდა მხოლოდ 2016 წლის გადაცემების რეიტინგები და ბიუჯეტები (დაგეგმილი და ფაქტობრივი ხარჯები). საპასუხო წერილის თანახმად:


„გადმოგცემთ მხოლოდ იმ მონაცემებს, სადაც მოცემულია 2016 წლის განმავლობაში უშუალოდ გადაცემებზე გამოყოფილი ბიუჯეტი და გაწეული პირდაპირი ხარჯების შედარება. გადმოგცემთ ასევე, 2016 წ. სარეიტინგო მაჩვენებლებს, სადაც ასახულია ყველა გადაცემის მონაცემი 2016 წლიდან. სამწუხაროდ, წინა წლების მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.“


სამწუხაროდ, მაუწყებლის მიერ მოწოდებული 2016 წლის მონაცემებიც არასრული და ხარვეზიანი აღმოჩნდა. ბიუჯეტის შესახებ მონაცემთა ბაზაში რამდენიმე გადაცემა არ არის მითითებული, ხოლო ზოგიერთი გადაცემის შემთხვევაში, არ არის მოცემული დაგეგმილი ბიუჯეტი ან ფაქტობრივი ხარჯები. მაუწყებელმა ასევე ვერ მოგვაწოდა ჩაშლილი ინფორმაცია 2016 წლის ცალკეული გადაცემების ხარჯების (ხელფასები, მივლინებები და სხვა) შესახებ.


არასრულია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ფინანსური მონაცემებიც. მაუწყებლის ვებგვერდზე ხელმისაწვდომია კვარტალური ფინანსური ანგარიშები 2006 წლიდან, თუმცა ანგარიშებში ცალკე არაა მითითებული გადაცემების ბიუჯეტები, რის გამოც შეუძლებელია მათი ხარჯების, დაგეგმილი და ფაქტობრივი ბიუჯეტების შესახებ სრულყოფილი ანალიზის გაკეთება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე განთავსებული 2013,2014 და 2015 წლების ანგარიშების მიხედვით, მაუწყებლის მენეჯმენტმა 2013 წლიდან დაიწყო რეფორმების განხორციელება, რაც მმართველობითი აღრიცხვისა და ტელეწარმოების ხარჯთაღრიცხვის სისტემის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. როგორც ანგარიშებშია აღნიშნული, ჯერ კიდევ 2014 წელს ტელეწარმოებისა და პროდიუსინგის ბიუჯეტები დაიყო ცალკეული გადაცემების ბიუჯეტებად და საფუძველი ჩაეყარა გადაცემების ხარჯისა და ეფექტიანობის კორელაციის კონტროლს.
2016 წლიდან მაუწყებლის ბიუჯეტი ახალ ფორმაზე გადავიდა, რაც დაფინანსების მიმართულებების/პროგრამების მიხედვით გამოყოფას გულისხმობს. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პროგრამულ ბიუჯეტზე გადასვლამდე საზოგადოებრივი მაუწყებელი ცალკეული გადაცემების ბიუჯეტებს არ განსაზღვრავდა.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება


საზოგადოებრივი მაუწყებელი შედგება სამი სატელევიზიო (პირველი არხი, მე-2 არხი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია) და სამი რადიო (რადიო 1, რადიო 2, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიო) არხისგან.


2014 წლიდან მოყოლებული, მისი ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება. 2017 წელს, მაუწყებლის ბიუჯეტმა შეადგინა 45,170,261 ლარი (იხ. სურათი # 1).

 

 

სახელმწიფო ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში გაწეული ხარჯების მიხედვით, ყოველწლიურად ყველაზე დიდი წილი იხარჯება შრომის ანაზღაურებაზე.  ამასთან, 2013 წლის შემდეგ შრომის ანაზღაურების ხარჯები ყოველწლიურად იმატებს. 2016 წელს, წინა წელთან შედარებით შრომის ანაზღაურებაზე დაახლოებით 4,7 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯა.  შრომის ანაზღაურებასთან ერთად, 2013 წლის შემდეგ ყოველწლიურად იზრდება სამივლინებო და სხვა ადმინისტრაციულ ხარჯებიც. მაგალითად სამივლინებო ხარჯები 2016 წელს 2013 წელთან შედარებით გაორმაგებულია (იხ. სურათი # 2). 

 

 

ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა მათ შორის განპირობებულია საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდით. 2013 წლის 26 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, მაუწყებელში სულ დასაქმებული იყო 899 თანამშრომელი. უკვე 2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის კვარტალური ანგარიშის მიხედვით, მაუწყებელში დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენდა 1138 თანამშრომელს. შესაბამისად, 2013 წლიდან 2016 წლამდე მაუწყებელში თანამშრომელთა რაოდენობა დაახლოებით 25%-ით გაიზარდა. წლიდან წლამდე იზრდებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემებში დასაქმებულთა რაოდენობაც (იხ. სურათი # 3) (მონაცემები არ მოიცავს აჭარის ტელევიზიასა და რადიოს). უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში, პირველ და მე-2 არხებზე, გადაცემებში თანამშრომელთა რაოდენობა გაორმაგდა, ხოლო რადიო 1-ის შემთხვევაში - გაოთხმაგდა.

 

 

2013 წლიდან მოყოლებული, სტაბილურად იზრდებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემების რაოდენობაც (მონაცემები არ მოიცავს აჭარის ტელევიზიასა და რადიოს). 2013 წელთან შედარებით, გადაცემების რაოდენობა 2016 წელს თითქმის 4-ჯერ არის გაზრდილი. ყველაზე დიდი ზრდა 2016 წელს მოხდა, როდესაც რადიო 1-ს 32 გადაცემა დაემატა (იხ. სურათი # 4).

 

 

2016 წლის მონაცემებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ყველაზე მეტი ხარჯი გასწია სპორტულ მიმართულებაზე, ახალ ამბებზე, სერიალებზე და დოკუმენტურ ფილმებზე - გადაცემებზე გამოყოფილი თანხის 44% (იხ. სურათი # 5).

 

 

საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე ცვლილებებიდან, საზოგადოების ყველაზე დიდი პროტესტი გამოიწვია „წითელი ზონის“, „ინტერვიუს“ და „რეალური სივრცის“ შესაძლო დახურვამ. 2017 წლის 13 ივნისს დადასტურდა, რომ „ინტერვიუ“ და „წითელი ზონა“ ივლისის შუა რიცხვებიდან აღარ გავა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.


ეს ორი გადაცემა რადიო თავისუფლებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტია. რადიო თავისუფლებასთან ერთად შექმნილი გადაცემების დახურვის ინიციატივა 2013 წლიდან მოყოლებული ჟღერდებოდა, თუმცა დახურვის მიზეზები ყოველ ჯერზე განსხვავებული იყო.


თავდაპირველად, „წითელი ზონის“ დახურვის ინიციატივა გაჟღერდა 2013 წლის 29 ოქტომბერს, რის მიზეზადაც ფინანსური პრობლემები დასახელდა.

 

უკვე 2017 წლის 16 თებერვალს, როდესაც მაუწყებლის ახალმა აღმასრულებელმა საბჭომ სამეურვეო საბჭოს წარუდგინა განვითარების ახალი გეგმა, „წითელი ზონისა“ და „ინტერვიუს“ შესაძლო დახურვის მიზეზად დასახელდა მათი დაბალი რეიტინგი. თუმცა, ამ შემთხვევაში კითხვები გააჩინა როგორც რეიტინგის დათვლის პრინციპმა, ისე მისმა მასშტაბმა და დეტალიზებამ. ერთი მხრივ, მაუწყებელი ისეთივე პრინციპით ითვლის რეიტინგს, როგორც კომერციული ტელეკომპანია. ამ უკანასკნელის ინტერესი რეიტინგის დათვლის დროს რეკლამის მოზიდვაა, რისი ინტერესიც საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს. მეორე მხრივ, მაუწყებელს როგორც ჩანს არ გააჩნია საკმარისად დეტალიზებული სარეიტინგო მონაცემები (მაგ. 2016 წლამდე სარეიტინგო მონაცემები საერთოდ არ გააჩნია).


აღსანიშნავია, რომ 2016 წლის რეიტინგებით, გადაცემა „ინტერვიუ“ მოხვდა საშუალორეიტინგიან გადაცემებს შორის (იხ. სურათი # 6), ხოლო განვითარების გეგმის მიხედვით, მხოლოდ დაბალრეიტინგული გადაცემების დახურვა იგეგმებოდა.

 


სურათი # 6 - პირველი არხის გადაცემები რეიტინგის კატეგორიების მიხედვით

 

2017 წლის 13 ივნისს, როდესაც გადაცემების დახურვა დადასტურდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიული სამსახურის უფროსმა ია ანთაძემ განაცხადა, რომ რეფორმის ფარგლებში საზოგადოებრივი მაუწყებელი გარე სტუდიებთან თანამშრომლობას წყვეტდა და გადაცემების დახურვის მიზეზიც ეს იყო. 

 

2017 წლის 19 ივნისს, არხის გენერალურმა დირექტორმა გადაცემების დახურვის სხვა მიზეზები დაასახელა. ვასილ მაღლაფერიძის თანახმად:


- „ეს ორი გადაცემა არ გახლავთ რადიო „თავისუფლებისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროდუქცია, ამ გადაცემებს თავიდან ბოლომდე ამზადებს რადიო თავისუფლება და საზოგადოებრივ მაუწყებელს მხოლოდ მისი გაშვება ევალება.“


- „ჩვენ გადაცემები კი არ დავხურეთ, არამედ როცა ამის დრო მოვიდა, უარი ვთქვით ხელშეკრულების გაგრძელებაზე, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივ მაუწყებელს მხოლოდ უტყვი პლატფორმის ფუნქცია რჩება... ამავე დროს, მზად ვართ, ვაწარმოოთ ერთობლივი პროდუქცია სხვა სტუდიებთან და მედიასაშუალებებთან ერთად და, რასაკვირველია, რადიო თავისუფლებასთან ერთადაც, თუ მათ ამის სურვილი ექნებათ.“
შესაბამისად, არხის ხელმძღვანელობა არათანმიმდევრულ განცხადებებს აკეთებდა ზოგიერთი გადაცემის დახურვის მიზეზებზე.


IDFI ასევე დაინტერესდა, თუ საშუალოდ რა უჯდება საზოგადოებრივ მაუწყებელს სხვადასხვა გადაცემის თითო გამოშვება. დაანგარიშებისას გათვალისწინებული იყო 2016 წელს გადაცემებზე გამოყოფილი თანხისა და ეთერში გასვლის სიხშირის შეფარდება.


„წითელი ზონის“ ერთი გამოშვება მაუწყებელს საშუალოდ უჯდებოდა 3,292 ლარი, ხოლო სალომე ასათიანის „ინტერვიუ“ – 348 ლარი. 2016 წელს, „წითელი ზონა“ ეთერში გადიოდა ყოველ შაბათს, ხოლო „ინტერვიუ“ გადიოდა ხუთშაბათსა და სამშაბათს. ამის ფონზე. 5 ყველაზე რეიტინგიანი გადაცემიდან, საშუალოდ ყველაზე ძვირი პირველ არხს უჯდებოდა „შაბათს საღამოს ლიზასთან“ – 19,932 ლარი თითო გამოშვება (იხ. სურათი # 7).

 

 

ყველაზე „დაბალრეიტინგიანი“ გადაცემებიდან მაუწყებელს ყველაზე ძვირი უჯდებოდა „რეალური სივრცე“ – 2,616.30 ლარი თითო გამოშვება (იხ. სურათი # 8). რეალური სივრცე ეთერში გადიოდა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

 

 


მონაცემთა ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ 2016 წელს, საზოგადოებრივ მაუწყებელს მაღალრეიტინგიანი გადაცემები დაახლოებით 4-ჯერ მეტი დაუჯდა დაბალრეიტინგიან გადაცემებთან შედარებით. შესაბამისად, გადაცემების რეიტინგზე საუბრისას აუცილებელია მხედველობაში იქნეს მიღებული მათზე გამოყოფილი დაფინანსება, ისევე როგორც ის თუ რა საეთერო დროს გადის ეს კონკრეტული პროგრამები.


აქვე შეგიძლიათ იხილოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი და მეორე არხების, ისევე როგორც რადიო 1-ის გადაცემების ბიუჯეტები და თანამშრომელთა რაოდენობა 2016 წელს.

 

1 არხზე გასული გადაცემები, ბიუჯეტები და თანამშრომელთა რაოდენობა 2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით.

 

 

 

 

მე-2  არხზე გასული გადაცემები, ბიუჯეტები და თანამშრომელთა რაოდენობა 2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით

 

 

 

რადიო 1-ზე გასული გადაცემები, ბიუჯეტები და თანამშრომელთა რაოდენობა 2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით

 

 

ჩვენ მიერ მოყვანილი ფინანსური მონაცემები ადასტურებს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირების საჭიროებას, პირველ რიგში საკადრო ოპტიმიზაციისა და ხარჯების რაციონალური განკარგვას. რა თქმა უნდა, აუცილებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა, მისი ტექნიკური გადაიარაღება და აღჭურვაც, რისთვისაც დაგეგმილია დაახლოებით 15 მილიონი დოლარის სესხის აღება. თუმცა, ბიუჯეტის და ადმინისტრაციული ხარჯების ანალიზი ასევე აჩვენებს, იმას, რომ თანხების გამოთავისუფლება ნაწილობრივ შესაძლებელია არსებული დაფინანსების ფარგლებშიც. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მოხდეს მაუწყებლის პროგრამებისა და გადაცემების დაფინანსების შესწავლა მათი ხარჯ ეფექტურობის დასადგენად.

 

დასკვნა


საზოგადოებრივ მაუწყებელში მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. ამ რეფორმის წარმატებაზე დამოკიდებულია, თუ რამდენად შეძლებს მაუწყებელი, შეასრულოს მასზე კანონით დაკისრებული ფუნქცია - შექმნას და იყოს საჯარო სიკეთე, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დაიბრუნოს საზოგადოებრივი ნდობა.


თუმცა, ჩვენ მიერ მიღებულმა ინფორმაციამ დაადასტურა ის სამწუხარო რეალობა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების დროსაც კი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, დიდ წილად, ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფება. მას არ გააჩნია 2016 წლამდე არსებული ფინანსური და სარეიტინგო მონაცემები, ხოლო არსებული მონაცემები მხოლოდ ზოგადი ხასიათისაა. ასეთ პირობებში, შეუძლებელია რეალური პრობლემების გამოვლენა და მათთვის სწორი გადაწყვეტილებების შერჩევა.


იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილებების მიღება ინფორმაციულ ვაკუუმში გაგრძელდება, ყოველთვის იარსებებს ეჭვები იმის შესახებ, რომ ეს გადაწყვეტილებები, მაგალითად, გადაცემების დახურვა, არა ობიექტურ გათვლებს, არამედ სუბიექტურ და პოლიტიკურ ფაქტორებს შეიძლება ემყარებოდეს.


თუმცა, იმის მაგივრად, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა აღიაროს ეს პრობლემა და იმუშაოს მის მოსაგვარებლად, მას საპირისპირო, ჩაკეტილობის მიდგომა აქვს არჩეული - საქართველოს პარლამენტში იგი ლობირებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებელი აღარ იქნება ვალდებული გასცეს გარკვეული ტიპის საჯარო ინფორმაცია და გამოიყენოს სახელმწიფო შესყიდვების კონკურენტული პროცედურები.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მოწოდებული იფორმაცია:

 

ინფორმაცია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" 2016 წლის გადაცემების ბიუჯეტისა და მათზე გაწეული ხარჯების შესახებ 

 

- 2016 წლის გადაცემების რეიტინგები (1)

 

- 2016 წლის გადაცემების რეიტინგი (2)

 

- ინფორმაცია გადაცემებზე დასაქმებული თანამშრომლების შესახებ (2012-2016)

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არასათანადო რეაგირება საპოლიციო ძალების მიერ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე

09.12.2024

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024
განცხადებები

IDFI-ის განცხადება გიორგი დავითურის უკანონო დაკავების შესახებ

02.12.2024

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024