Cellebrite: მასობრივი კონტროლის თანამედროვე საშუალება

სიახლეები | ანალიზი 28 თებერვალი 2025

2025 წლის 26 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, “ქართული ოცნების” მთავრობის განკარგულებითა და სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე, ისრაელის კომპანია Cellebrite-ისგან 6,796,092 ლარის ღირებულების მოწყობილობებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას ყიდულობს, რომლებიც მობილურ ტელეფონებში, კომპიუტერებსა და სხვა ციფრულ აპარატურაში დაცული ინფორმაციის წაკითხვის შესაძლებლობას იძლევა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს არქივის თანახმად, სახელმწიფო კომპანია Cellebrite-თან 10 წელზე მეტია თანამშრომლობს, აქამდე გაფორმებული ყველაზე მსხვილი შესყიდვა ეკუთვნოდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, რომლის ღირებულებაც 900 ათას ლარს შეადგენდა.

 

მთავრობისთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც შესყიდვის განცხადებას ახლავს თან, Cellebrite-ის გაყიდვების მენეჯერი ალბერტ კაცირი აღნიშნავს, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა კავკასიის რეგიონში, რომლისთვისაც მათ აპარატურის მიყიდვის უფლება გააჩნიათ, თუმცა კაცირი აცხადებს, რომ ეს შესაძლოა შეიცვალოს. შესაბამისად, ის მთავრობას სთავაზობს აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა შეიძინოს იქამდე, სანამ საქართველოში მომსახურების მიწოდების შეზღუდვის შესახებ იქნება გადაწყვეტილება მიღებული.

 

რას წარმოადგენს Cellebrite პროგრამული უზრუნველყოფა?

 

საკომუნიკაციო მოწყობილობების გატეხა და მონაცემების მოპოვება დღესდღეობით სპეცსამსახურების ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობაა. ამ პროცესში გამოყენებული ტექნოლოგიები საშუალებას აძლევს სამართალდამცავებს მიიღონ წვდომა არა მხოლოდ ტელეფონის ზარების ისტორიაზე ან შეტყობინებებზე, არამედ სრული ინფორმაცია მესენჯერებზე, ელ-ფოსტებზე, ფოტოებზე, გეოლოკაციებზე, ინტერნეტ-სერვისების პაროლებსა და სხვა მონაცემებზე. ეს ყველაფერი ხდება სპეციალური პროგრამული და ტექნიკური საშუალებებით. ამ სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია “Cellebrite”-ია, რომლის პროდუქტს – “Cellebrite Ufed”-ს “ჯადოსნურ ჩემოდანსაც” უწოდებენ. 

 

“Cellebrite” 1999 წელს ისრაელში დაარსებული კომპანიაა. მისი პროდუქტი, UFED (Universal Forensic Extraction Device) საშუალებას აძლევს სამართალდამცავებს “გატეხონ” მათ შორის დაშიფრული ან პაროლით დაცული მობილური მოწყობილობები და იქიდან მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია. ეს კომპლექსი მოიცავს სრულ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც ავტომატურად ახორციელებს მონაცემების მოპოვებას. UFED-ის გამოყენება ძალიან  მარტივია: მომხმარებელმა უნდა დააკავშიროს მოწყობილობა სხვა მოწყობილობაში ჩაყენებულ პროგრამასთან, აირჩიოს სასურველი მონაცემები (მაგალითად, ფოტოები, ვიდეოები, მესენჯერების ისტორია ან Cloud, Drive და სხვა) პროგრამა კი  დამოუკიდებლად შეასრულებს დარჩენილ სამუშაოს და გადმოიწერს ყველა სახის ინფორმაციას. 

 

Celebrite-ის ტექნოლოგიას მსოფლიოს მასშტაბით 6900 კლიენტი ჰყავს. მათ შორის, ბანკები, ფარმაცევტული კომპანიები და კავშირგაბმულობის სისტემები, თუმცა Cellebrite-ის მომხმარებელთა შორის უდიდესი ნაწილი სახელმწიფოთა ძალოვანი სტრუქტურებია. მას იყენებდნენ მათ შორის ისეთი ავტორიტარული ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი, ბელარუსი, ჩინეთი, ბანგლადეში, ვენესუელა, მიანმა, არაბთა გაერთიანებული საამიროები. ტექნოლოგია ასევე გამოიყენება აშშ-სა და ევროკავშირის 25 ქვეყანაში. მაგალითად, 2020 წელს ჰონგ-კონგში პროტესტების დროს ჩინეთის პოლიციამ “Cellebrite”-ის სისტემა გამოიყენა 4,000 მოქალაქის მოწყობილობების გასატეხად. რუსეთში UFED-ის გამოყენება დოკუმენტირებულია 2011 წლიდან. მაგალითად, მხოლოდ 2019 წელს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ამ სერვისით 26,000-ზე მეტი მოწყობილობა გახსნა.

 

სხვადასხვა დროს, ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტები ღია წერილებით მიმართავდნენ კომპანიას იმის შესახებ, რომ ტექნოლოგიები უქმნიდა საფრთხეს პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობას. მაგალითად, ტექნოლოგია გამოიყენეს რუსი ოპოზიციონერის ლიუბოვ სობოლის წინააღმდეგ, რის შემდეგაც ისრაელში მოქმედმა ადამიანის უფლებადამცველმა აქტივისტმა – ეითაი მაკმა კომპანიას ისრაელის სასამართლოში უჩივლა. ამ ამბებისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გამო კომპანიამ შეაჩერა რუსეთთან და ბელარუსთან თანამშრომლობა. მაგრამ, როგორც ირკვევა, რუსეთს დარჩა ეს ტექნოლოგია, განახლებების მიღება კი შესაძლებელია “ნაცრისფერი” სქემების მეშვეობით, მესამე ქვეყნის გავლით. კომპანიამ რუსეთიდან გასვლის შესახებ 2021 წლის 18 მარტს განაცხადა, თუმცა როგორც ირკვევა, რომ რუსული სპეცსამსახურები, ტექნოლოგიას უკრაინის ომის დაწყების შემდეგაც იყენებენ

 

2025 წლის თებერვალში “Cellebrite”-მა, შეაჩერა პროდუქტის მხარდაჭერა სერბეთში. ეს გადაწყვეტილება “Amnesty International”-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ მიიღეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ტექნოლოგია გამოიყენებოდა სერბეთში ჟურნალისტებისა და აქტივისტების უკანონო თვალთვალისათვის

 

“Cellebrite Ufed” - “ჯადოსნური ჩემოდანი”

 

“Cellebrite Ufed” მარტივ მოწყობილობას წარმოადგენს USB-თა და პლანშეტით, ნოუთბუქით ან მონიტორით, კომპანია ასევე ამზადებს დასადგამ პროცესორს, რომელიც იგივე ფუნქციებს ითავსებს. მუშაობის პრინციპი მარტივია, მოწყობილობაზე დაყენებული Cellebrite-ს ტექნოლოგია USB პორტით უნდა დაუკავშირდეს იმ მოწყობილობას (მაგალითად მობილურ ტელეფონს), რომლიდანაც საჭიროა ინფორმაციის ამოღება. უფლებადამცველი ორგანიზაციის, “Первый отдел”-ის ადვოკატი ევგენი სმირნოვი ამბობს, რომ ტექნოლოგია შექმნილია ინფორმაციის ანალიზისთვის, შეუძლია გაარკვიოს ვისთან ურთიერთობს ადამიანი, რომელ აპლიკაციებს იყენებს, სად გადაადგილდებოდა – გადაღებული ფოტოების მიხედვით შესაძლებელია გაარკვიოს მდებარეობა და მოქალაქის მოწყობილობაში საკვანძო სიტყვების ჩაწერით შეუძლია მოძებნოს საჭირო ინფორმაცია. 

 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელსაც Celebrite მომხმარებელს სთავაზობს, არის "გასაღები", რომელიც საშუალებას აძლევს UFED-ის მომხმარებლებს გატეხონ დაბლოკილი მოწყობილობები. ეს ფუნქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამართალდამცავებისთვის, რომლებსაც ხშირად უწევთ ბლოკირებული მოწყობილობების გახსნა. UFED-ის მუშაობა ეფუძნება მოწყობილობის იმ დაუცველ მხარეზე შეტევას (ე.წ. Zero-day vulnerability), რომელიც ჯერ არ არის ცნობილი მოწყობილობების ან პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებისთვის. ამ დაუცველობების წყალობით, UFED-ს შეუძლია გატეხოს თუნდაც უახლესი iOS და Android ვერსიები, მათ შორის ისეთი მოწყობილობები რომლებზეც მომხდარია სრული reset-ი . 

 

Cellebrite-ის მუშაობა იწვევს როგორც დადებით, ასევე უარყოფითი რეაქციებს.  სამართალდამცავი  ორგანოები აღნიშნავენ, რომ Cellebrite-ის ინსტრუმენტები ეფექტურია დანაშაულის გამოძიებისას, ტერორიზმსა და კიბერტერორიზმთან ბრძოლაში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. პროგრამა ასევე გამოიყენება დაკარგული ან მოპარული მოწყობილობებიდან მონაცემების აღდგენისთვის. კრიტიკოსები კი გამოხატავენ შეშფოთებას პირადი მონაცემების კონფიდენციალურობასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. არსებობს შიში, რომ Cellebrite-ის ტექნოლოგიები შეიძლება გამოიყენონ არალეგიტიმური მიზნებისთვის, მაგალითად, ხელისუფლების მიერ დისიდენტების ან ოპოზიციური ძალების მონიტორინგისთვის. 

მიუხედავად Cellebrite-ს განცხადებისა, რომ კომპანია არ თანამშრომლობს სანქცირებულ და ავტორიტარული მმართველობის ქვეყნებთან, და გასცა დაპირება, რომ არ ითანამშრომლებდა რუსეთთან, ჩინეთთან, ბანგლადეშთან, ვენესუელასთან და ბელარუსთან,  კომპანიის მიმართ კვლავ ბევრი შეკითხვა რჩება. ბევრ ავტორიტარულ რეჟიმს უკვე აქვს ეს ტექნოლოგია, ხოლო ე.წ. “შავი ხვრელებით” განახლებების მიღება სხვა ქვეყნების გავლით შეუძლიათ (Third Party Resellers).  ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს მკაცრი რეგულაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ  პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვას.




დასკვნის სახით: როგორ დავიცვათ თავი? 

 

ციფრული უსაფრთხოების ექსპერტები გვირჩევენ:

 

  1. გამოვიყენოთ ძლიერი პაროლები: გრაფიკული გასაღებების ან PIN-კოდების ნაცვლად.

  2. განვაახლოთ პროგრამული უზრუნველყოფა: რათა დაუცველი არეები დროულად გამოსწორდეს.

  3. გამოვიყენოთ დამატებითი დაცვის ზომები: მაგალითად, Apple-ის მოწყობილობებზე “Lockdown Mode”, რომელიც ამცირებს შესაძლო თავდასხმების რაოდენობას.

  4. გამოვიყენოთ სხვა მოწყობილობები: თუ იგეგმება მონაწილეობა საპროტესტო აქციებში ან თუ იგეგმება ავტორიტარული ქვეყნების საზღვრის კვეთა (მაგ. რუსეთი, ბელორუსი), უმჯობესია "სუფთა" მოწყობილობის გამოყენება, რომელზეც არ იქნება მონაცემები კომპრომატებისთვის.

  5. მიმოწერისთვის გამოვიყენოთ მხოლოდ მაღალი დაცულობის აპლიკაციები (მაგ. Signal-ი) შეტყობინებების ავტომატური წაშლის ფუნქციით და ისეთი პარამეტრებით, რომლებიც არ ინახავს მიმოწერის ისტორიას მოწყობილობებში.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024