IDFI რამდენიმე ადგილობრივი და საერთაშორისო ქსელის წევრია
2018 წლის 6 ნოემბერს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი 25 ორგანიზაცია შეთანხმდა კოალიციურ მუშაობაზე და ხელი მოაწერა ახალი გაერთიანების პოზიციონირების დოკუმენტს.
ინფორმაციის თავისუფლების მხარდამჭერთა ქსელი (FOIAnet) არის ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო ქსელი, რომლის წევრი ორგანიზაციები და ინდივიდები ცდილობენ დაამკვიდრონ და დაიცვან ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება. იგი მოიცავს 240-ზე მეტ ორგანიზაციასა და 700-ზე მეტ კერძო პირს. IDFI, როგორც ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების აქტიური მხარდამჭერი, FOIAnet- ის წევრი 2010 წლიდან არის.
IDFI არის საერთაშორისო ფორუმის – OpeningParliament.org-ის წევრი ორგანიზაცია. ფორუმის მიზანია დააკავშიროს მსოფლიოს მასშტაბით საპარლამენტო მონიტორინგსა და ღიაობაზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციები.
20-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის დააფუძნა. კოალიციის მიზანი თავისუფალი, დამოუკიდებელი, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრულ პატივისცემაზე დაფუძნებული, ეფექტიანი დემოკრატიული ინსტიტუტების მქონე სახელმწიფოს მშენებლობაა. წევრი ორგანიზაციები მჭიდროდ ითანამშრომლებენ ერთმანეთთან საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციის მხარდასაჭერად.
პროექტის „ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერა“ ფარგლებში შეიქმნა საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფი.
2015 წლის 15 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშრისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) ინიციატივით შეიქმნა „ეკონომიკური პოლიტიკის ადვოკატირების კოალიცია“ (EPAC). კოალიცია აერთიანებს ორმოცდათვრამეტ (58) ორგანიზაციას, მათ შორის საქართველოში მოქმედ ბიზნესასოციაციებს, სავაჭრო პალატებს, სტრატეგიულ-კვლევით ცენტრებსა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭო (ანტიკორუფციული საბჭო) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი ორგანოა. მის ფუნქციებში შედის ქვეყანაში ანტიკორუფციული საქმიანობის კოორდინაცია, ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლება და მათი შესრულების კონტროლი, საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ანგარიშგების კონტროლი, შესაბამისი საკანონმდებლო საქმიანობის ინიცირება და რეკომენდაციების მომზადება.
2011 წლის 29 აპრილს ჩამოყალიბებული კოალიცია დამოუკიდებელ და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის შედგება 31 არასამთავრობო ორგანიზაციისგან. კოალიციის შექმნის მიზანია მიმდინარე სასამართლოს რეფორმების მონიტორინგისა და დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლოსთვის ადვოკატირების პროცესში პროფესიული იურიდიული ასოციაციების, იურიდიული უფლებების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს და პროფესიული ასოციაციების ძალისხმევის გაერთიანება.
ევროპის კომისიის ინიციატივით შეიქმნა აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი. ფორუმის შემადგენლობაში შედიან სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, მოლდავეთიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან; ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან; ასევე, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის კოორდინაციისათვის თითოეულ ქვეყანაში იქმნება ეროვნული პლატფორმა.