მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზების საბაზისო კვლევა: ლოკალიზების პერსპექტივები საქართველოში

სიახლეები | კვლევები | ადგილობრივი მმართველობა 12 ივლისი 2022

2015 წლის სექტემბერში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ A/RES/70/1 რეზოლუციით მიიღო „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის“ [1]. დოკუმენტი იმავე წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში. რეზოლუციაში გაიწერა მდგრადი განვითარების 17 მიზანი (SDG) და 169 ამოცანა, რომლებიც ურთიერთდაკავშირებულია და თანაბრად ეხება ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით  საკითხებს. 

 

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, ვინც შეუერთდა აღნიშნულ რეზოლუციას და დაიწყო მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის და განხორციელების პროცესი.  მიზნების დანერგვისა და მათი შესრულების მონიტორინგის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, შეიქმნა მდგრადი განვითარების მიზნების უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში - საბჭო) და თემატური სამუშაო ჯგუფები (შემდგომში - სამუშაო ჯგუფები), რომლებიც დახმარებას უწევენ საბჭოს. ამასთანავე, შემუშავდა 2030 წლის დღის წესრიგის ეროვნული დოკუმენტი − SDG-ების მატრიცა, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრა ეროვნული მიზნები, ამოცანები და  ინდიკატორები.

 

მდგრადი განვითარების მიზნების უნივერსალური და ინკლუზიური ბუნების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია მათი განხორციელების პროცესში ჩართული იყოს როგორც ცენტრალური, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლება, რადგან მიზნების სიკეთეების მიტანა მოსახლეობამდე ყველაზე ეფექტურად და მყისიერად სწორედ ადგილობრივ თვითმმართველობას შეუძლია. სწორედ ამ მიზნით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ახორციელებს საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების ადგილობრივი არქიტექტურის ყოვლისმომცველ ანალიზს. კერძოდ, ანგარიში ფარავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

 

- ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ეროვნულ მექანიზმებში;

 

- ძირითადი მუნიციპალური სტრუქტურების იდენტიფიცირება ადგილობრივ დონეზე SDG-ის დანერგვისა და განხორციელების მიზნით;

 

- კავშირების დადგენა მუნიციპალიტეტების პროგრამულ ბიუჯეტსა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისთვის საჭირო ბიუჯეტს შორის.

 

2019 წელს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული SDG-ების განხორციელებისათვის მზადყოფნის აუდიტის [2] შედეგად დადგინდა, რომ SDG-ების მატრიცა არ იყო ინტეგრირებული მუნიციპალიტეტების პრიორიტეტების დოკუმენტებში, ვინაიდან მუნიციპალიტეტები არ იყვნენ ჩართული SDG-ების განხორციელების პროცესში. ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესების შეფასების მიზნით, IDFI-მ შეარჩია 14 მუნიციპალიტეტი [3] და მათ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილებით მიმართა. წერილი მოიცავდა შემდეგი სახის კითხვებს: შექმნილია თუ არა მდგრადი განვითარების საბჭო მერიის ან საკრებულოს ფარგლებში? იღებენ თუ არა მონაწილეობას მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ საბჭოში? ეცნობიან თუ არა მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ დოკუმენტს? იყენებენ თუ არა მდგრადი განვითრების მიზნებს მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის შედგენის დროს? და სხვა თემატური კითხვები. გარდა ამისა, IDFI-მ შერჩეულ მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების ცნობიერების დონის ტენდენციების შესასწავლად, ჩაატარა გამოკითხვა [4] მდგრადი განვითარების მიზნების თემატიკაზე, შედეგების განზოგადების მიზნით. 

 

ამავდროულად, 4 საპილოტე მუნიციპალიტეტის (ქედა, სენაკი, საგარეჯო და ონი) მაგალითზე შესწავლილ იქნა მუნიციპალურ ბიუჯეტებში განსაზღვრული პრიორიტეტები და პროგრამები, და განისაზღვრა მათი შესაძლო მისადაგება ნაციონალიზებულ მიზნებთან. ანალიზის შედეგები ანგარიშის დანართ I-ში დეტალურად არის განხილული [5]. 

 

ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა და შემუშავდა შემდეგი გამოწვევები და რეკომენდაციები:

 

ძირითადი გამოწვევები და საჭიროებები

 

გამოწვევები საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე

 

- ნაციონალიზებულ მატრიცაში მხოლოდ 4 მიზნის ფარგლებშია ნახსენები ადგილობრივი ხელისუფლება. განსაზღვრული 93 ამოცანიდან თითოეულს მისადაგებული აქვს წამყვანი უწყება, თუმცა ადგილობრივი მმართველობის ორგანო არც ერთი ამოცანის შემთხვევაში არ არის დასახელებული. სამუშაო ჯგუფების შემადგენლობის სრულ ჩამონათვალში  წარმოდგენილია სახელმძღვანელო წესში ნახსენები ყველა სხვა აქტორი, ამ ეტაპისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლის გარდა. აღსანიშნავია, რომ მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზების გეგმით გათვალისწინებულია აღნიშნულ ჩამონათვალში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების დამატება, რაც მოხდება მათი ჩართულობის შემუშავებული მექანიზმების გათვალისწინებით. ამდენად, მნიშვნელოვანია თემატურ სამუშაო ჯგუფებთან ერთად განისაზღვროს ჩართული უწყებების/ორგანიზაციების როლები და პასუხისმგებლობები. შემუშავდეს SDG-ების საბჭოსა და სამუშაო ჯგუფების სამოქმედო გეგმები, სადაც წარმოდგენილი იქნება მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებები, ვადები და საჭირო რესურსები. მდგრადი განვითარების მიზნების უნივერსალური და ინკლუზიური ბუნების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია მათი განხორციელების პროცესში ჩართული იყოს როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება. აღნიშნული რეკომენდაცია ფიგურირებდა 2019 წლის სახელმწიფო აუდიტის ანგარიშშიც. 

 

- მნიშვნელოვანია განისაზღვროს მდგრადი განვითარების მიზნების გათვალისწინების ეფექტური მექანიზმები მუნიციპალიტეტის მიერ ცალკეული პოლიტიკების, სტრატეგიების, სამოქმედო გეგმების, პრიორიტეტების დოკუმენტების ჩამოყალიბებისა თუ ბიუჯეტის მიღების პროცედურებში, რა დროსაც მოხდება ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების მოსაზრებებისა და გამოცდილების გათვალისწინება. ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებასთან ერთად, მუნიციპალიტეტებმა უნდა გაითვალისწინონ ნაციონალიზებული მიზნები და მათ მიღწევაში მათი შესაძლო წვლილი. 

 

- მერს გააჩნია უფლებამოსილება ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად, შექმნას საბჭოები, კომისიები და სამუშაო ჯგუფები. თუმცა, მუნიციპალიტეტებიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამ ეტაპზე არც ერთი მუნიციპალიტეტის ფარგლებში არ არის შექმნილი მდგრადი განვითარების ადგილობრივი საბჭო ან რაიმე ანალოგიური სათათბირო ორგანო. გარდა ამისა, მართალია უკვე არსებული საბჭოების, კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების საქმიანობა უკავშირდება მდგრადი განვითარების ცალკეულ მიზნებს, მაგრამ არ ხდება ნაციონალიზებული მიზნების გათვალისწინება. 

 

- 2019 წელს ჩატარებული აუდიტის ანგარიშის თანახმად, SDG-ების მატრიცას არ ჰქონდა ფორმალური სახე და მასში განსაზღვრული მიზნები, ამოცანები და ინდიკატორები მხოლოდ ფრაგმენტულად იყო ინტეგრირებული 2019-2022 წლების ქვეყნის ძირითად მონაცემებსა და მიმართულებებში (BDD), სტრატეგიულ დოკუმენტებში, სამინისტროების 2019-2022 წლების საშუალოვადიან სამოქმედო გეგმებში და მუნიციპალიტეტების პრიორიტეტების დოკუმენტებში. მიუხედავად იმისა რომ, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში გამოცემული BDD დოკუმენტებში პირდაპირ არის ნახსენები მდგრადი განვითარების რამდენიმე მიზანი, მათი გათვალისწინება კვლავ ფრაგმენტულია, ხოლო მუნიციპალურ პრიორიტეტების დოკუმენტებში დღემდე არ გვხვდება (საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების შედეგად მიღებულ პასუხებზე დაყრდნობით). შესაბამისად, მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების მიზნების გათვალისწინება მოხვდეს პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავების მეთოდოლოგიაში. აღნიშნული გამოწვევების გადასაჭრელად მთავრობას შეუძლია იხელმძღვანელოს GIZ-ის მხარდაჭერით შემუშავებული მდგრადი განვითარების მიზნების ბიუჯეტში ასახვის მეთოდოლოგიითა და პრაქტიკული სახელმძღვანელოთი.  

 

- მუნიციპალიტეტებში დაგზავნილ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილებზე პასუხებიდან ირკვევა, რომ მათ უმრავლესობას არ მიუღიათ ოფიციალური წერილი მდგრადი განვითარების მიზნების უწყებათაშორისი საბჭოდან და შესაბამისად, მონაწილეობას არ იღებენ მის მუშაობაში. ასევე აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტები ამ ეტაპზე მდგრადი განვითარების მიზნებს არ იყენებენ სტრატეგიების, საშუალო ვადიანი გეგმებისა და ბიუჯეტის შემუშავების პროცესში, და ადგილობრივ დონეზე არ არის დანერგილი სამოქმედო გეგმების და სტრატეგიების შესრულების მონიტორინგის და შეფასების სისტემები.

 

- IDFI-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილე მუნიციპალურ საჯარო მოხელეთა თითქმის ნახევარს არ სმენია მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ, ხოლო 80% აცხადებს, რომ მათ ამ თემატიკაზე არასდროს გაუვლიათ ტრენინგი. აღნიშნული მიუთითებს ცნობიერების ამაღლების აქტივობების ჩატარების აუცილებლობაზე, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ მონაწილეთა სრული უმრავლესობა დაინტერესებულია ამგვარი ინიციატივით და გამოხატავს მზადყოფნას.

 

მთავარი საჭიროებები ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან დაკავშირებით

 

- ადგილობრივ დონეზე მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზების პროცესში ძირითადი როლი თავად მუნიციპალიტეტებს ეკისრებათ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მერის, მისი მოადგილეების და სხვა გადაწყვეტილების მიმღები პირების ჩართულობა, ვინაიდან ფინანსთა მინისტრის № 385 ბრძანებაში მოცემული მეთოდოლოგიის თანახმად სწორედ მერი აყალიბებს  მუნიციპალური საბიუჯეტო პროცესის ხელმძღვანელ სამუშაო ჯგუფს. ხოლო რიგითი თანამშრომლებისთვის მიზანშეწონილია ცნობიერების ამაღლების აქტივობების ჩატარება. 

 

- ადგილობრივ დონეზე მიზნების ლოკალიზების დროს, მნივშენლოვანია მუნიციპალიტეტებმა უზრუნველყონ სხვადასხვა დაინტერესებული მხარის პროცესში მონაწილეობა - როგორც ახალი სამუშაო ჯგუფების თუ საკონსულტაციო მექანიზმების შექმნით, ასევე, უკვე არსებული ჯგუფების საქმიანობის მიმართულებებში მდგრადი განვითარების მიზნების საკითხების შეტანით. 

 

- SDG ლოკალიზების პროცესში ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ჩართულობა, ორგანიზაცია რომელიც აერთიანებს საქართველოს ყველა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულს. ასოციაციის მიზანია, ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის სრულყოფა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება, სახელმწიფო ძალაუფლების დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციების განვითარება. ამ და სხვა ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან ერთად კონსულტაციების გავლა, დამატებითი ინფორმაცია და ანალიზი უზრუნველყოფს ლოკალიზების პროცესის უფრო სრულყოფილ და ყოვლისმომცველ მიმდინარეობს.

 

- დაბოლოს, მუნიციპალიტეტმა უნდა იზრუნოს მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვასა და მონიტორინგის პროცესში  ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობაზე და მათი ცნობიერების ამაღლებაზე, ვინაიდან არჩეული პოლიტიკური თანამდებობის პირების ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე წარმოადგენს ძლიერ დემოკრატიულ მექანიზმს ადგილობრივ დონეზე SDG-ების დანერგვის მისაღწევად.

 

ზოგადი რეკომენდაციები

 

- მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ დოკუმენტში მოცემული ინდიკატორები უნდა ჩაიშალოს ტერიტორიულ დონეზე. მისასალმებელია, რომ აღნიშნულის განხორციელება გათვალისწინებულია მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზების გეგმითაც. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სტატისტიკის სამსახურის შესაძლებლობები და მონაცემები საკმაოდ ძლიერია რეგიონულ და მუნიციპალურ ჭრილში, აუცილებელია არსებული სტატისტიკის ანალიზი და მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორების დისეგრეგირება მუნიციპალიტეტების დონეზე. ამისთვის საჭირო იქნება ცალკე დოკუმენტის შექმნა ცენტრალური მთავრობის, რაც გეოგრაფიული რუკის მიხედვით საშუალებას მისცემს ყველა დაინტერესებულ და გადაწყვეტილების მიმღებ პირს, იხილოს და გაანალიზოს საბაზისო და სამიზნე მონაცემები ყველა მხარის/მუნიციპალიტეტის ჭრილში. (მაგალითისთვის: თუკი ცენტრალური დოკუმენტის მიზანი 1 მოიცავს სტატისტიკურ მონაცემებს მთელი ქვეყნის მასშტაბით: „უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის პროპორციული ოდენობა: 2015 წელი ‐ 3.8%“, სამხარეო დონეზე ჩაშლილი დოკუმენტი უნდა იძლეოდეს ინფორმაციას აღნიშნული ინდიკატორის ჩაშლილ მონაცემებზე (მაგ. სიღარიბის მაჩვენებელი 2015 - გურია, კახეთი, რაჭა და ა.შ). აღნიშნული რეკომენდაციის ადრესატია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების კოორდინაციაზე და რეკომენდაციით შემოთავაზებული რეგიონული დოკუმენტის შექმნაზე.  

 

- მდგრადი განვითარების  მიზნების ეროვნულ საბჭოში უნდა გააქტიურდეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ჩართულობა, როგორც გადაწვეტილების მიმღებ (საბჭო) ისე სამუშაო დონეზე (საბჭოს სამუშაო ჯგუფები). მისასალმებელია, რომ აღნიშნულის განხორციელება გათვალისწინებულია მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზების გეგმითაც. ამისთვის საჭირო იქნება სახელწიფო აუდიტის  სამსახურის რეკომენდაციების შესრულება და მუნიციპალიტეტების ჩართვის ეფექტური უზრუნველყოფა ცენტრალური მთავრობის მდგრადი განვითარების მიზნების პლატფორმებში. ეფექტური უზრუნველყოფა შესაძლებელია გამოიხატოს მათი შეხვედრებზე მოწვევით და მონაწილეობით, მათთან SDG-თან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის და სიახლის გაზიარებით, მუნიციპალიტეტებს შორის SDG ინფორმაციის მიმოცვლის საერთო პლატფორმის შეთავაზების, მუნიციპალური SDG ცნობიერების ამაღლების კამპანიების და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობის გზით.

 

- მუნიციპალური სტატისტიკის წარმოების განვითარების მხარდაჭერა, როგორც ცენტრალურ ისე მუნიციპალურ-ადმინისტრაციულ დონეზე. ვინაიდან სტატისტიკური ინფორმაცია წარმოადგენს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის მონიტორინგისა და შეფასების მთავარ წყაროს, აუცილებელია მუნიციპალური სტატისტიკის წარმოების გაძლიერება და ამისთვის დამატებითი ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყოფა. ამავდროულად, საჭიროა განსაკუთრებით ნაციონალიზებული მდგრადი განვითარების მიზნების ჭრილში, ადგილობრივ დონეზე სტატისტიკის წარმოების საერთო სახელმძღვანელო პრინციპებისა და სტანდარტების მიღება, რაშიც მნიშვნელოვანია საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობა. არანაკლებ მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის ორგანოების საჯარო მოხელეების გადამზადება სტატისტიკის წარმოების მიმართულებით, განსაკუთრებით კი მუნიციპალიტეტებისთვის შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპებისა და სტანდარტების მიხედვით. ეს ყოველივე ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია დეცენტრალიზაციის რეფორმის ფარგლებში.  ამისთვის ცენტრალურ დონეზე საჭირო იქნება სტატისტიკური წარმოების კუთხით იმ მხარეებისა და მუნიციპალიტეტების იდენტიფიცირება, სადაც მონაცემების შეგროვება ან არ ხდება ან მოპოვებული მონაცემების ხარისხი და რაოდენობა ძალიან დაბალია. 

 

- აუცილებელია მუნიციპალიტეტის მიერ საბიუჯეტო პროცესის დროს მომზადებული საბიუჯეტო დოკუმენტაციის სტრუქტურის და შინაარსის გათვალისწინებით, მდგრადი განვითარების მიზნებთან მუნიციპალიტეტების პროგრამების და ქვეპროგრამების კავშირები აისახოს პრიორიტეტების დოკუმენტში და პროგრამულ ბიუჯეტში, რაც საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტებს დათვალონ თითოეული მიზნის განხორციელების ბიუჯეტი. დეფიციტის არსებობის დადგენის შემთხვევაში, დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიება დაიწყონ როგორც კერძო, ისე საერთაშორისო სექტორის ჩართულობით. აღნიშნული პროცესი უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს ღიად, ინკლუზიურობის პრინციპის მაქსიმალური დაცვით. ეს დამატებით მისცემთ შესაძლებლობას,  განსაზღვრონ თუ რა ღირს 1 მუნიციპალიტეტის მიერ 1 მიზნის მიღწევა.

 

- მნიშვნელოვანია, მუნიციპალური პოლიტიკის წარმოების პროცესში მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრაციის ზრდა. ვინაიდან მიზნების განხორციელება არ არის პარალელური პროცესი და არ გამოეყოფა ქვეყნის შიდა პოლიტიკის წარმოებას, აუცილებელია მუნიციპალურ დონეზე შესამუშავებელი ცალკეული პოლიტიკის დოკუმენტების: სტრატეგიების, სამოქმედო გეგმების, კონცეფციებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის და შექმნის პროცესში მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრაცია. აღნიშნული გულისხმობს შემდეგს: ყველა პრიორიტეტი და გეგმა შეესაბამება მდგრადი განვითარების მიზნებსა და ამოცანებს, და პირდაპირ თუ ირიბად ეხმიანება მათ განხორციელებას, ხოლო ხსენებული კავშირისა და შესაბამისობის გადამოწმება შესაძლებელია მუნიციპალიტეტის პოლიტიკის ყველა შესაბამის დოკუმენტში. 

 

- რეკომენდირებულია მერიების დონეზე ჩამოყალიბდეს მდგრადი განვითარების მიზნების სათათბირო ორგანოები, რომლებიც დაკომპლექტდება საჯარო, კერძო, საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებით. აღნიშნული სათათბირო ორგანოების ფუნქცია იქნება  მუნიციპალური პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების შესაბამისობის დადგენა და მიზნების განხორციელების ზედამხედველობა. ორგანოები მჭიდრო თანამშრომლობით უნდა გამოირჩეოდნენ ეროვნულ დონეზე არსებულ საბჭოსთან. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქტიურობა და ჩართულობა აღნიშნული სათათბირო ორგანოებისა და უწყებათაშორისი საბჭოს ურთიერთთანამშრომლობის პროცესში ძალიან მნიშნველოვანია. 

 

- რეკომენდირებულია საკრებულოების დონეზე მდგრადი განვითარების მიზნების საზედამხედველო საბჭოების შექმნა, რომლის ძირითადი ფუნქცია იქნება მერიის მიერ მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგის განხორციელების მონიტორინგი, ამ პროცესში გამოწვევების იდენტიფიცირება და საპასუხო საკანონმდებლო თუ სხვა ტიპის ინიციატივების დაყენება. აღნიშნული მოდელი გაზრდის მიზნების განხორციელების მუნიციპალური ძალისხმევის შესახებ ღიაობას და მეტად გამჭირვალეს გახდის პროცესს.

 

- ადგილობრივი საჯარო და სამოქალაქო სექტორის ცნობიერების ამაღლება რეგულარული ტრეინინგებისა და საინფორმაციო კამპანიების გზით. მისასალმებელია, რომ აღნიშნულის განხორციელება გათვალისწინებულია მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზების გეგმითაც. სასურველია რომ თემატური მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლებამ მიიღოს ადგილობრივი კამპანიური ხასიათი და იგი ეფუძნებოდეს მუნიციპალურ საჭიროებებს. მაგალითად, მუნიციპალიტეტში, სადაც პრობლემად იკვეთება სუფთა სასმელი წყალი, მნიშვნელოვანია თემატურად მდგრადი განვითარების შესაბამისი მიზნებისა და ამოცანების შესახებ ინფორმაციის გავრცელება - რას გვთავაზობს საერთაშორისო სტანდარტი? რას გვეუბნება მდგრადი განვითარების მიზნები აღნიშნულ პრობლემაზე? როგორია ადგილობრივი მთავრობის მიერ პრობლემის გადაჭრის გეგმა 2030 წლისთვის? ვინ არის პასუხისმგებელი პრობლემის მოგვარებაზე? 

 

- გარდა ამისა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია თვითმმართველობაში დასაქმებული საჯარო მოხელეების, განსაკუთრებით კი გადაწყვეტილების მიმღებ პირთა გადამზადება და მათი მხარდაჭერა მდგრადი განვითარების მნიშვნელობის გააზრებაში. მისასალმებელია, რომ აღნიშნულის განხორციელება გათვალისწინებულია მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზების გეგმითაც. მიზნების სიღრმისეული და შინაარსობრივი ცოდნა ადგილობრივ სახელმწიფო მოხელეების მიერ საკითხის მიმართ ყურადღების გამახვილების, პოლიტიკურ დღის წესრიგში ჩასმის და მნიშვნელობის მინიჭების ბუნებრივი და შეუცვლელი ბერკეტია. ამას გარდა, პროექტის ფარგლებში ჩატარებული მოკვლევის თანახმად, მოხელეთა უმრავლესობას აქვს სურვილი ჩაერთოს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო ღონისძიებებში.

 

რეკომენდაციები მუნიციპალიტეტისთვის

 

კვლევის საფუძველზე შემუშავებულ ზოგად რეკომენდაციებთან ერთად, დამატებით შემუშავდა რეკომენდაციები მუნიციპალიტეტებისთვის, რომლებიც კვლევის სამიზნე 4 მუნიციპალიტეტის ანალიზის შედეგებს ეყრდნობა. შესაბამისად, შეიძლება გამოიყოს რამდენიმე ღონისძიება, რომლებიც მუნიციპალიტეტებს ადგილობრივ დონეზე მდგრადი განვითარების მიზნების ეფექტურ ლოკალიზებაში დაეხმარებათ:

 

- უნდა გაანალიზდეს აღნიშნული მუნიციპალიტეტების ადგილობრივი პრობლემები და საჭიროებები, რომელთა საფუძველზე, მუნიციპალიტეტის სპეციფიკის გათვალისწინებით უნდა ადაპტირდეს მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი (SDG მატრიცა).

 

- მიზნები და ამოცანების შერჩევა მუნიციპალიტეტის დისკრეციაა და უნდა მოხდეს ადგილობრივ დონეზე არსებული გამოწვევების შესაბამისად. აღნიშნულ პროცესში რეკომენდირებულია მუნიციპალიტეტის მიერ შეირჩეს ეროვნულ დოკუმენტში არსებული ამოცანების სრული რაოდენობის მინიმუმ 10%. მიზნებისა და ამოცანების შერჩევის მიზნით აუცილებელია მუნიციპალიტეტის შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მოხდეს მუნიციპალური სოციალურ-ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, ინსტიტუციური  და გენდერული შეფასება, რადგან მდგრადი განვითარების მიზნების და ამოცანების პრიორიტეტიზაცია ეფუძნებოდეს მტკიცებულებებს და გამყარებული იყო ობიექტური მოკვლევის შედეგებით. 

 

- მუნიციპალიტეტის მიერ შერჩეული და ადაპტირებული მიზნების/ამოცანების/ინდიკატორების ინტეგრირება უნდა მოხდეს მუნიციპალურ სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებში, ვინაიდან დადგენილი სამიზნე ინდიკატორების გათვალისწინებულ იქნას მუნიციპალური თემატური დაგეგმვის პროცესში. მაგალითად: სიღარიბისა და უმუშევრობის ინდიკატორების გათვალისწინება და გააზრება, მუნიციპალური სოციალური პოლიტიკის უზრუნველყოფის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში; სკოლის ინფრასტრუქტურული ინდიკატორების გათვალისწინება მუნიციპალური საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პოლიტიკასა და გეგმაში; ნარჩენების მართვის ინდიკატორების გათვალისწინება მუნიციპალური გარემოსდაცვითი პოლიტიკის პრიორიტეტებში და ა.შ. ამის მსგავსად, უნდა მოხდეს ეროვნული მიზნების დაკავშირება მუნიციპალიტეტების მიერ უკვე მიღებულ სტრატეგიებთან, მათ სამოქმედო გეგმებთან და შედეგების ინდიკატორებთან, განსაკუთრებით, აღნიშნული დოკუმენტების გადახედვისა და მათი შესრულების მონიტორინგის / შეფასების დროს. 

 

- აუცილებელია მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალურ ადაპტირებულ დოკუმენტში გაწერილი იყოს თუ რომელი ადმინისტრაციული ორგანოა პასუხისმგებელი ამა თუ იმ ამოცანის შესრულებაზე.

 

- მუნიციპალიტეტის მიერ უნდა შემუშავდეს აღნიშნული დოკუმენტის მონიტორინგისა და შეფასების სისტემა, რომელიც დასაწყისში შეიძლება იყოს მხოლოდ მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოგია, რომლისა საფუძველზე პასუხისმგებელი საჯარო დაწესებულება უზრუნველყოფს მიზნების და ამოცანების მიღწევის მონიტორინგს და შეაფასებს შედეგებს რეალურ დროში. სამომავლოდ უმჯობესია გაკეთდეს მონიტორინგის ელექტრონული პროგრამა (ე.წ. „სოფტი“): ელექტრონული მართვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემების ავტომატურ გენერირებას, ხოლო ელექტრონული სისტემის უნივერსალური ბაზა კი საშუალებას მისცემს სხვა მუნიციპალიტეტებსაც ჩაერთონ და იმუშავონ აღნიშნული პროგრამის მეშვეობით. ამავდროულად, მნიშვნელოვანია აღნიშნული პროგრამის ინტეგრირება ან/და დაკავშირება მდგრადი განვითარების მიზნების მონიტორინგის ეროვნულ პლატფორმასთან, რაც გაამარტივებს მუნიციპალურ დონეზე მიღწეული შედეგების ასახვას ეროვნულ ანგარიშში. 

 

- სასურველია მიზნების მონიტორინგისა და შეფასების  საკითხზე პასუხისმგებელ საჯარო დაწესებულებად დასახელდეს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.

 

- ცალკეული მუნიციპალიტეტის მერია ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე და ახდენს აღნიშნული დოკუმენტის შესრულებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელების სისტემური მონიტორინგის შედეგების შესახებ ანგარიშგებას. ხოლო, საკრებულოს რეკომენდაციები სავალდებულოა მერიისთვის გასათვალისწინებლად.

 

- სასურველია მერია მიზნების/ამოცანების/ინდიკატორების პრიორიტეტიზაციის და განხორციელების პროცესში რთავდეს ადგილობრივ თემატურ სამოქალაქო საზოგადოებას, აკადემიურ წრეებს და კერძო სექტორს შესაბამისი თემატური საბჭოს პლატფორმის ფარგლებში.

 

- მუნიციპალური პრიორიტეტების, სტრატეგიების, სამოქმედო გეგმებისა და მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრაციის მიზნით აუცილებელია ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში გათვალისწინებულ იქნას ყველა ის ინდიკატორი, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას გაზომავს. მიზნის მიღწევას - განხორციელების პროცესს ჭირდება შესაბამისი ფინანსური რესურსი, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს მუნიციპალიტეტის მიერ ბიუჯეტის შედგენის დროს. აღნიშნულ პროცესში მუნიციპალიტეტმა უნდა იხელმძღვანელოს „მუნიციპალიტეტების მიერ მდგრადი განვითარების მიზნების ბიუჯეტში ასახვის მეთოდოლოგიით“. ფინანსური დანაკლისის შემთხვევაში, აუცილებელია მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობდეს საერთაშორისო დონორული ფონდების მოსაძიებლად.

 

- მუნიციპალიტეტი აქტიურად უნდა ჩაერთოს მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული საბჭოს მუშაობაში, დაესწროს სხდომებსა და სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს, გაუზიაროს მათ მუნიციპალურ დონეზე განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია და მდგრადი განვითარების ჩარჩოს ფარგლებში გააჟღეროს მუნიციპალური საჭიროებები და საპასუხო სამოქმედო გეგმები. აღნიშნული პროცესი ბუნებრივად აჩენს ჯანსაღი კონკურენციის საფუძველებს მუნიციპალიტეტებს შორის და ახდენს მუნიციპალური სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის გააქტიურებასა და ჩართვას მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში. ვინაიდან მიზნების განხორციელება არ არის მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია რომ  ადგილობრივი მეწარმეებისა და არასამთავრობო ორგანზაციების დახმარებით პროცესი გახდეს უფრო აქტიური, ქმედითი და შედეგზე ორიენტირებული SDG მთავარი პრინციპის დაცვით:  „არავინ დარჩეს მიღმა“, რაც ხელს  უწყობს მიზნების განხორციელების პროცესში მუნიციპალურ დონეზე მოწყვლადი მოსახლეობის შესახებ შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციის წარმოებას, ანალიზს და აღნიშნულის გათვალისწინებას მუნიციპალურ სახელმწიფო პროგრამების შემუშავებისა და გაფართოების პროცესში.

 

/public/upload/00_studies/SDG baseline study - GEO_compressed.pdf

 

 

[1] გაეროს რეზოლუცია - Transforming our world: the 2030 Agenda for Sustainable Development

[2]სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში

[3]  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტი, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტი, თელავის მუნიციპალიტეტი, მცხეთის მუნიციპალიტეტი, ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ცაგერის მუნიციპალიტეტი, ახალციხის მუნიციპალიტეტი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, გორის მუნიციპალიტეტი, ქედის მუნიციპალიტეტი, სენაკის მუნიციპალიტეტი, ონის მუნიციპალიტეტი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. შერჩევის მეთოდოლოგია იხილეთ დანართი II-ში.

[4] კითხვარი იხილეთ დანართი III-ში

[5] ამგვარი ანალიზი მნიშვნელოვანია ლოკალიზების პროცესის ცნობიერების ამაღლებისა და ადვოკატირების კამპანიების დასაგეგმად.

 

________

 

ანგარიში მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში.  

 

GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას სტატიის/სახელმძღვანელოს/კვლევის, ა.შ. შინაარსობრივი მხარის სისწორესა და ავტორთა მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მუნიციპალიტეტების საპრივატიზებო ქონების საფასურის განსაზღვრის პრაქტიკა და ტენდენციები

11.08.2022

IDFI-ს წარმომადგენელმა, კამპანიის - „რუსეთს უნდა ომი, და არა დასავლეთს“ - ფარგლებში, გორში მოხსენება წარადგინა

08.08.2022

ქალაქ გორში, კონკურსის “ომის მეხსიერება ქალაქში” გამარჯვებულების დაჯილდოება და მიურალის გახსნა შედგა

07.08.2022

IDFI-ის მიმდინარე პროექტის ფარგლებში “ ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის”, ვებ-გვერდი შეიქმნა: www.gorimaps.ge

07.08.2022
განცხადებები

ვეხმიანებით იოსებ გოგაშვილის საქმეს და ბრალდებულის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტს

12.08.2022

ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო კოალიციის განცხადებას ეხმიანება

12.08.2022

"შინ ევროპისკენ" კლიპის განთავსების გამო კრიტიკული მედიის სანქცირების მოთხოვნა პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი ნიშანია

10.08.2022

სახელმწიფო უწყებებმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინონ რეაგირება სასამართლო ხელისუფლებაში სისტემური კორუფციის ნიშნებზე

10.08.2022
ბლოგპოსტები

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უფლება სამართლიან სასამართლოზე

11.07.2022

ქართული პრესისა და ბეჭდვითი მედიის ცენზურის ისტორია

03.05.2022

9 მაისის აღნიშვნა რუსეთში

02.05.2022

ციფრული უფლებები ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში

15.04.2022