13 მაისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ბუდაპეშტის ღია საზოგადოების ინსტიტუტის (OSI) მხარდაჭერით უმასპინძლა კონფერენციას: „სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეფასება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.“
კონფერენციაში მონაწილე შესყიდვების თემაზე მომუშავე საერთაშორისო ექსპერტებმა, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნიდან (უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო) წარმოადგინეს ამ ქვეყნებში სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეფასების შედეგები, იმსჯელეს არსებულ პრობლემებსა და მათ მოგვარების გზებზე.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს - სახელმწიფო უწყებებმა (სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, კონკურენციის სააგენტო), უკრაინისა და მოლდოვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოების წარმომადგენლებმა, არასამთავრობო სექტორის წარმოამდგენლებმა საქართველოდან, ცენტრალური აზიიდან (ყირგიზეთი) და ევროპის ქვეყნებიდან (უნგრეთი, ალბანეთი), სახელმწიფო შესყიდვების საერთაშორისო ექსპერტებმა EBRD-დან და მსოფლიო ბანკიდან.
ღონისძიებაზე ასევე გაიმართა ახალი ვებგვერდის - www.tpp-rating.org - სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობების რეიტინგის პრეზენტაცია, რომელიც მომზადდა პროექტ „გამჭვირვალე საჯარო შესყიდვების რეიტინგის“ ფარგლებში. ორენოვანი (ინგლისურ-რუსულ) ვებგვერდის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის შეფასება და რეიტინგის წარმოდგენა. ქვეყნების შესადარებლად ვებგვერდი იყენებს მარტივ, ინტერაქტიულ ვიზუალიზაციებს. შედარებითი მონაცემების გარდა, თითოეული ქვეყნის შემთხვევაში ასევე შესაძლებელია შესყიდვების კანონმდებლობისა და მათი აღსრულების შესახებ ექსპერტული შეფასებისა და რეკომენდაციების გაცნობა.
კონფერენცია გახსნა IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა პროექტის მნიშვნელობის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სფეროში. გიორგი კლდიაშვილის თანახმად, ეს ინიციატივა სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების (Freedom of Information Center of Armenia, Transparency International - Azerbaijan, BIPART - Belarus, Expert-Grup - Moldova and Transparency International - Ukraine) მიერ შესყიდვების სფეროში ერთობლივი პროდუქტის შექმნის ერთ-ერთი პირველი მცდელობაა. მან ასევე ხაზი გაუსვა პროექტის თანამშრომლობით ხასიათს, ვინაიდან პროექტის მეთოდოლოგიის შემუშავებაში პარტნიორი ორგანიზაციების გარდა ჩართულები იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები შესყიდვების სფეროში (ტატო ურჯუმელაშვილი, დავით მარღანია და ერიკს მეზალესი), ისევე როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოების წარმომადგენლები სამიზნე ქვეყნებიდან (გიორგი გიდორა - მოლდოვა და ნატალია შიმკო - უკრაინა).
კონფერენცია წარიმართა სესიების ფორმატში (სულ 3 სესია). პირველ სესიაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეფასების შედეგები, ისაუბრეს ქვეყნებს შორის მსგავსებებზე და განსხვავებებზე, სახელმწიფო შესყიდვების სისტემების სუსტ და ძლიერ მხარეებზე.
მეორე სესიაზე, შესყიდვების სფეროში საერთაშორისო ექსპერტმა დავით მარღანიამ, ისევე როგორც უკრაინისა და მოლდოვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ევროკავშირის შესყიდვების დირექტივებთან ეროვნული კანონმდებლობების ჰარმონიზაციის პროცესსა და მნიშვნელობაზე. დავით მარღანიას აზრით, ევროკავშირის დირექტივების ჰარმონიზაციის პროცესი საკმაოდ რთული და კომპლექსური საკითხია, რომელიც საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს შემთხვევაშიც. ექსპერტის თანახმად, ყველა ცვლილება შესაძლოა საჭირო არც იყოს და ადგილობრივ კონტექსტს არ ითვალისწინებდეს.
შესყიდვების სფეროში საერთაშორისო ექსპერტის ერიკს მეზალესის თქმით, ევროკავშირის ახალ დირექტივებს დადებითის გარდა აქვთ უარყოფითი მხარეებიც, კერძოდ, ახალი დირექტივები არ აძლევს ქვეყნებს საშუალებას, აირჩიონ, თუ რომელ შესყიდვის პროცედურას დანერგავენ კანონმდებლობაში; შესაბამისად, დირექტივებით გათვალისწინებული ყველა პროცედურა სავალდებულოა. ამგვარი მიდგომა არ ითვალისწინებს ადგილობრივ კონტექსტს და იმ პრობლემებს, რომლებიც შეიძლება ყველა პროცედურის დანერგვამ გამოიწვიოს.
მესამე სესია მთლიანად დაეთმო სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ღია მონაცემების არსებობის საკითხსა და მათ მნიშვნელობას. სესიაში მონაწილე ექსპერტების აზრით, თანამედროვე სახელმწიფო შესყიდვების სისტემის არსებობა შეუძლებელია ღია მონაცემების გამოყენების გარეშე. შესყიდვების სფეროში საერთაშორისო ექსპერტის ტატო ურჯუმელაშვილის თქმით, ღია მონაცემები სახელმწიფო შესყიდვების ფუნდამენტური ნაწილია, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობას და ეფექტიანობას. მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა, ლუის ველესმა, ისაუბრა ღია კონტრაქტების მონაცემთა სტანდარტზე (OCDS) და იმ პოზიტიურ გამოცდილებაზე, რომელიც მსოფლიო ბანკს ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნებში შესყიდვების შესახებ მონაცემების ღია ფორმატით გამოქვეყნებისას.
უნგრული არასამთავრობო ორგანიზაცია K-monitor-ის წარმომადგენელმა, შანდორ ლედერერმა, ისაუბრა წითელი დროშების სისტემაზე და ღია მონაცემების მნიშვნელობაზე რისკიანი შესყიდვების იდენტიფიცირების პროცესში. ასევე, მესამე პანელის მსვლელობისას, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელმა, მარიკა ნაცვლიშვილმა, წარადგინა აუდიტის სამსახურის ახალი პორტალი ბიუჯეტის მონიტორი, რომელიც ღია მონაცემებზე დაყრდნობით, ამარტივებს სახელმწიფო ხარჯების მონიტორინგის პროცესს.