ხელოვნური ინტელექტი: არსი, საერთაშორისო სტანდარტები, ეთიკური ნორმები და რეკომენდაციები

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პოლიტიკის დოკუმენტები 22 თებერვალი 2021

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT) სწრაფად განვითარებადი და მზარდი სფეროა, რომელიც IV ინდუსტრიული რევოლუციის - ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს გლობალური დღის წესრიგის ფორმირებაში, მსოფლიო ეკონომიკურ მოვლენებში, საზოგადოებრივ განვითარებაში, საჯარო ადმინისტრირებასა და მართვაში. თანამედროვე ადამიანისთვის კი, მისი მოღვაწეობის ინტერესებისა თუ საქმიანობის სტილის მიუხედავად, ციფრულ სამყაროში ადაპტირება და ამისთვის უნარ-ჩვევების შეძენა-გაუმჯობესება სასიცოცხლოდ აუცილებელი ფაქტორია.

 

გვჭირდება კი ტექნოლოგიების გამოყენება საჯარო მმართველობის განხორციელების პროცესში? ამაზე პასუხი ცალსახაა - თანამედროვე გამოწვევები საჭიროებს არსებული შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებით თანამედროვე გადაწყვეტილებების მიღებას. ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის საჯარო სექტორი ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში აქტიურად უნდა ეცნობოდეს და იკვლევდეს ახალ ტექნოლოგიებს, თანამედროვე ინოვაციურ მიღწევებს, და ცდილობდეს ამ ტექნოლოგიური ნოვაციების გამოყენებით გაზარდოს საჯარო სექტორის ეფექტიანობა, ეფექტურობა, ანგარიშვალდებულება, ღიაობა და მომხმარებელზე ორიენტირებული, სანდო და საიმედო სერვისები შესთავაზოს ინფორმაციულ საზოგადოებას.

 

,,ციფრული“ არ არის მხოლოდ ტექნოლოგიის აღმნიშვნელი ტერმინი, არამედ ის განსაზღვრავს თუ რა შეუძლია ICT-ის სოციალურ-ეკონომიკური პროცესებისა და სხვადასხვა სფეროს ტექნოლოგიური ტრანსფორმაციით. „ციფრული ტრანსფორმაცია“ გულისხმობს პრობლემების გადაჭრის ახალ გზებს, უნიკალური გამოცდილების შექმნას და ბიზნეს-პროცესების გაუმჯობესებას.

 

დღეს უკვე არსებობს ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, რომლებიც სრულიად შეცვლის ჩვენს ცხოვრებას! რომელია ეს  ტექნოლოგიები? მსოფლიოში ამგვარად აღიარებულია რვა ტექნოლოგიური გადაწყვეტილება, მათ შორის პირველ ადგილს იკავებს ხელოვნური ინტელექტი (შემდგომში - “AI”).  

 

თანამედროვე მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის მიმართ ინტერესი სწრაფად იზრდება. საერთაშორისო საინფორმაციო მედიასაშუალებები ხელოვნურ ინტელექტს კოლოსალურ სივრცეს უთმობს. მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსები და მკვლევარები თავიან დებატებში სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ AI-სა და მასთან დაკავშირებულ კაცობრიობის მომავალზე. ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული თემატიკა დომინირებს ასევე საჯარო სექტორის მომავლისა და ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ საერთაშორისო მოთამაშეების კვლევებსა და პოლიტიკურ-სამართლებრივ შეთანხმებებში. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში,  მეცნიერები, მკვლევარები, აქტივისტები თუ საჯარო პოლიტიკის განმახორციელებელნი სულ უფრო და უფრო მეტად ინტერესდებიან ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიით.

 

მოცემული კვლევა მიზნად ისახავს მსმენელს გადასცეს ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის, როგორც არა მხოლოდ ტექნოლოგიური გადაწყვეტის, არამედ როგორც ბიზნესის/საჯარო ადმინისტრაციის პროცესების განვითარების სრულიად განსხვავებული მეთოდოლოგიის, გადაწყვეტილების მიღების, მართვისა და ზედამხედველობის მექანიზმის თანამედროვე ინსტრუმენტის, ძირითადი ასპექტების შესახებ.

 

კვლევა შემუშავდა  „გამჭვირვალობისა და ეთიკური სტანდარტების ხელშეწყობა ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებაში“  პროექტის ფარგლებში, რომელსაც, არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრის (ICNL) მხარდაჭერით, ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). აღნიშნული ინიციატივის მიზანია, საჯარო უწყებების მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას მეტი გამჭვირვალობის, ეთიკური სტანდარტების შემუშავებისა და დანერგვის ხელშეწყობა.

 

რეკომენდაციები

 

ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენებასთან დაკავშირებით შემდეგი გამოწვევები შეიძლება გამოიყოს:

 

- ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების, კანონის უზენაესობის, სამართლიანობისა და დემოკრატიული, კარგი მმართველობის პრინციპების დაცვა;

- ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ალგორითმების სანდოობა, პასუხისმგებლობა, უსაფრთხოება, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება;

- საჯარო სექტორი „ნაწილობრივ იყენებს“ ხელოვნურ ინტელექტს მიზნობრივად და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაინც საკადრო რესურსს იყენებს ან/და მენეჯმენტის ნებას ემორჩილება, დელეგირების პრობლემა;

- გარკვეული დისბალანსი ხელოვნური ინტელექტის პოტენციურ შესაძლებლობებსა და არსებული მაგალითების შედეგობრივ მაჩვენებლებს შორის;

- ნაკლებად ტრანსფორმაციული, უფრო მეტად წარმადობის ზრდაზე, უფრო სწრაფად, ეფექტურად სერვისის მიწოდებაზე ორიენტირებული მაგალითები და ნაკლებად ზრუნვა ღიაობასა და საჯაროობაზე.

 

ამ გამოწვევების საპასუხოდ, წარმოდგენილია შემდეგი რეკომენდაციები:

 

- საჯარო სექტორის, როგორც ხელოვნური ინტელექტის დანერგვის ფასილიტატორისა და ინიციატორის როლების განსაზღვრა.

- ხელოვნური ინტელექტის ხელშემწყობი ჩარჩოების კვლევა-ანალიზი.

- საქართველოში უნდა შეიქმნას ხელოვნური ინტელექტის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზა, ეროვნული კონცეფცია, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

- ეროვნულ დონეზე, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით,     აკადემიურ-კვლევითი ცენტრების, ბიზნეს ორგანიზაციების, საჯარო უწყებებისა და დონორი პარტნიორების მონაწილეობით, თემატური სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბება.

- საჯარო სექტორში პოტენციური სერვისების/სფეროების იდენტიფიცირება.

- ალგორითმების მიერ მიკერძოებისა და დისკრიმინაციული მიდგომების მაქსიმალური შეზღუდვა.

- ხელოვნური ინტელექტის გამოყენება თაღლითობის, კორუფციის და სხვა გავრცელებული „მავნე პრაქტიკის“ წინააღმდეგ.

- პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვა ხელოვნური ინტელექტის სისტემების იმპლემენტაციისას.

- ეკონომიკური უთანასწორობის, სოციალური დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მაქსიმალურად თანაბარუფლებიანი გარემოს შექმნა.

- იმისთვის, რომ საზოგადოებამ აირჩიოთ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული საჯარო მმართველობა და შეძლოს მის ავ-კარგიანობაზე კრიტიკული და არგუმენტებზე დაფუძნებული მსჯელობა, მას უნდა შევუქმნათ ამ ტექნოლოგიის შესახებ ცოდნის მიღების შესაძლებლობა.

 

დასკვნები

 

ციფრული ტრანსფორმაცია არ არის არჩევანი, არამედ ეს არის გარდაუვალი გზა  თანამედროვე განვითარებული ქვეყნების წინსვლისა და წარმატებისთვის.

 

თანამედროვე ტექნოლოგიები, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტი ვერ გახდება დადებითი გავლენის მომხდენი და საზოგადოებრივი კეთილდღეობის წინაპირობა, თუკი სახელმწიფო მაღალეთიკური პრინციპებით, კონფლიქტურ ინტერესთა ბალანსის დაცვით, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, საუკეთესო პრაქტიკისა და საერთაშორისო მარეგულირებელი სტანდარტების  გათვალისწინებით, გამჭვირვალე პროცედურებითა და ტრანსპარენტული მართვის სისტემით არ უზრუნველყოფს ციფრული ტრანსფორმაციის რეფორმების განხორციელებას.

 

ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილ სერვისებს არაერთი სიკეთის მოტანა შეუძლია კაცობრიობისთვის, საქართველოს საჯარო თუ კერძო სექტორში ამ ტექნოლოგიის ფართომასშტაბიანი გამოყენებით ეფექტიანობის, ეფექტურობის, რესურსების დაზოგვისა და მაღალწარმადობის დადასტურებულ მაჩვენებელს მივიღებთ. ამისთვის კი ტექნოლოგიურ მზაობასთან ერთად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხელშემწყობი ჩარჩოების ჩამოყალიბება და საზოგადოებისგან ნდობის მოპოვება, რაც მხოლოდ ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პროცესებით გახდება მიღწევადი.

 

საქართველოს საჯარო სექტორმა აქტიურად უნდა იზრუნოს თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სტიმულირებისთვის როგორც თავად საჯარო უწყებებში, ასევე ფართომასშტაბიანად  - მთელ ქვეყანაში. საქართველომ დროულად და ეფექტურად უნდა გამოიყენოს ყველა ის სარგებელი, რაც ხელოვნური ინტელექტის დანერგვას ახლავს, რათა საგრძნობლად არ ჩამორჩეს ხელოვნური ინტელექტით ინსპირირებულ ეკონომიკურ-სოციალურ ტრანსფორმაციას და არ დაკარგოს ამ პროცესით უზრუნველყოფილი სარგებელი.

 

/public/upload/Article/1111Artificial-Intelligence-GEO_Web Version.pdf

 

/public/upload/Analysis/Artificial Inteligence Brochure_WEB GEO.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობის შეფასება

25.07.2024

საზაფხულო სკოლა მასწავლებლებისთვის - წინააღმდეგობრივი მეხსიერება

22.07.2024

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების “გამჭვირვალობის” კვლევით დაკავებული ხელისუფლების გამჭვირვალობა

18.07.2024

ონლაინ ტრენინგი საჯარო პოლიტიკის ანალიზის საკითხებზე

15.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024