საქართველოს ანტიკორუფციული მაჩვენებლები უარესდება

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 31 იანვარი 2020

 

2019-2020 წლებში საქართველო რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში მოხვდა. ყველა მათგანი მიუთითებს ქვეყანაში კორუფციის მდგომარეობის გაუარესებაზე, რის ერთ-ერთ მიზეზად მაღალი დონის კორუფცია სახელდება.

 

Trace International-ის მიერ გამოქვეყნებული ბიზნესის კორუფციის რისკის ინდექსის მიხედვით 2019 წელს საქართველო 200 ქვეყანას შორის 27-ე ადგილზეა 26 ქულით, რომელიც ბიზნესის რისკს განსაზღვრავს. აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წლის იდენტურია  და გაუარესებულია 2017 წლის მონაცემებთან შედარებით, როცა საქართველო 200 ქვეყანას შორის 25-ე ადგილს იკავებდა 23 ქულით. ამ მონაცემების მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ბიზნესის კორუფციის რისკმა ქვეყანაში 3 ქულით მოიმატა, ხოლო საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს მდგომარეობა ორი ადგილით გაუარესდა.

 

 

საერთაშორისო დონეზე ბიზნესში კორუფციული რისკების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ახალ ზელანდიაში გამოვლინდა და 4 ქულით შეფასდა, ხოლო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა სომალიში, სადაც ბიზნესის კორუფციული რისკი 94 ქულით იქნა შეფასებული.

 

Trace International-ის ბიზნესის კორუფციის რისკის მატრიცა კორუფციის მრავალმხრივ ბუნებას შეისწავლის ოთხი მიმართულებით, საიდანაც თითოეულს ორი ან სამი ქვე-მიმართულება აქვს:

 

 - პირველი მიმართულება: კორუფციის შესაძლებლობის რისკი(საქართველო - 16 ქულა) – მოიაზრება ბიზნესის ურთიერთობა ხელისუფლებასთან, ხელისუფლებისთვის ქრთამის გადახდის მოლოდინი და რეგულირების ტვირთი.

 

- მეორე მიმართულება: კორუფციული რისკების აღკვეთა(საქართველო - 37 ქულა) - მოაზრება კორუფციის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება და ხელისუფლების მიერ ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარება.

 

- მესამე მიმართულება: გამჭვირვალობა(საქართველო - 31 ქულა) - მოიაზრება ხელისუფლების მმართველობითი ფუნქციების გამჭვირვალობის ხარისხი, სამოქალაქო სექტორის გამჭვირვალობა და სიჯანსაღე.

 

- მეოთხე მიმართულება: ზედამხედველობა(31 ქულა) - მოიაზრება სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობები (ადამიანური რესურსი და სხვა), რომ განახორციელოს ზედამხედველობა, სამოქალაქო ჩართულობა, მედიის ხარისხი და დამოუკიდებლობა.

 

საქართველომ ზემოთ განხილული ოთხი მიმართულებიდან ყველაზე დაბალი ქულა (16) კორუფციის შესაძლებლობაში აიღო, რაც ნიშნავს, რომ ამ მიმართულებაში ყველაზე დაბალი რისკი ფიქსირდება. ყველაზე მაღალი რისკი ფიქსირდება და, შესაბამისად, ოთხიდან ყველაზე მაღალი ქულით შეფასდა კორუფციული რისკების აღკვეთის მიმართულება (37 ქულა). რაც შეეხება გამჭვირვალობისა და ზედამხედველობის მიმართულებებს, ორივე მათგანი თანაბარი ქულით შეფასდა (31-31 ქულა).

 

 

Trace International-ის ბიზნესის კორუფციის რისკის ინდექსის მიხედვით ყველაზე დაბალი კორუფციული რისკის ქვეყნებად შეფასდნენ და პირველ ათეულში მოხვდნენ ახალი ზელანდია, ნორვეგია, დანია, შვედეთი, ფინეთი, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, კანადა, გერმანია და ჰონგ-კონგი.

საქართველოს მეზობელ ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში საუკეთესო ქულა ჩეხეთის რესპუბლიკამ მიიღო და საერთაშორისო რეიტინგში 34-ე ადგილზე მოხვდა, ხოლო ყველაზე მაღალი რისკი დაფიქსირდა თურქეთში, რომელმაც 123-ე ადგილი დაიკავა.

 

World Justice Project (WJP)-ის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით საქართველო 2019 წელს 126 ქვეყანას შორის 41-ე ადგილზეა 0.61 ქულით, კორუფციისგან თავისუფლების მიმართულებაში კი - 24-ე ადგილზეა 0.70 ქულით.

 

WJP კანონის უზენაესობის ინდექსის შეფასება ეყრდნობა ადგილობრივი მოსახლეობის და ექსპერტების აღქმას და გამოცდილებას და შეფასებას ახდენს რვა ფაქტორის გათვალისწინებით, საიდანაც ერთ-ერთს კორუფციისგან თავისუფლება წარმოადგენს. ქვეყნები ფასდება 0-დან 1-მდე ქულით, საიდანაც ერთი ქულა საუკეთესო შეფასებაა.

 

კორუფციისგან თავისუფლების მიმართულებაში ხელისუფლების ოთხი შტო შეფასდა, საიდანაც საქართველოში კორუფციისგან ყველაზე ნაკლებად თავისუფალ შტოდ იქნა მიჩნეული და შესაბამისად ყველაზე დაბალი ქულით შეფასდა საკანონმდებლო ხელისუფლება (0.55 ქულა), ხოლო კორუფციისგან ყველაზე თავისუფალ ინსტიტუტებად პოლიცია და ჯარი იქნა მიჩნეული და 0.90 ქულით შეფასდა. სასამართლო ხელისუფლებამ 0.74 ქულა მიიღო, ხოლო აღმასრულებელმა ხელისუფლებამ - 0.66.

 

 

2017-2018 წლების WJP-ის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით საქართველო 113 ქვეყანას შორის 38-ე ადგილს იკავებდა 0.61 ქულით, ხოლო კორუფციისგან თავისუფლების მიმართულებაში 23-ე ადგილზე იყო 0.71 ქულით. როგორც ვხედავთ, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ქულა კორუფციისგან თავისუფლების მიმართულებაში შემცირდა და ქვეყანამ საერთაშორისო რეიტინგშიც ერთი საფეხურით უკან გადაინაცვლა.

 

 

WJP – ის შეფასებით ათ საუკეთესო შედეგის მქონე ქვეყანას წარმოადგენს დანია, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი, ნიდერლანდები, გერმანია, ავსტრია, ახალი ზელანდია, კანადა და ესტონეთი.

 

საქართველოს მეზობელ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საუკეთესო ქულა ჩეხეთის რეპუბლიკამ აიღო (0.73) და საერთაშორისო რეიტინგში მე-19 ადგილზე მოხვდა, ხოლო ყველაზე დაბალი შეფასებით (0.42) თურქეთი 109-ე ადგილზეა.

 

Transparency International (TI)-ის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით 2019 წელს საქართველო 180 ქვეყანას შორის 44-ე ადგილზეა 56 ქულით, რაც გაუარესებული მაჩვენებელია წინა წელთან შედარებით, როცა საქართველო 180 ქვეყანას შორის 58 ქულით 41-ე ადგილს იკავებდა.  

 

 

კორუფციის აღქმის ინდექსი მონაცემებს იღებს და ამუშავებს სხვადასხვა წყაროდან, რომლებიც შეისწავლიან მეწარმეების და ექსპერტების აღქმებს საჯარო სექტორში კორუფციასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინდექსის მიხედვით ქვეყნები 0-დან 100 ქულამდე სისტემით ფასდება, საიდანაც 100 ნიშნავს კორუფციის არარსებობას, 0 კი - კორუფციის მაღალ დონეს. საერთაშორისო რეიტინგში საშუალო ქულაა 43, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში - 35.

 

საერთაშორისო დონეზე საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ და შესაბამისად, პირველ ათეულში შედიან დანია, ახალი ზელანდია, ფინეთი, სინგაპური, შვედეთი, შვეიცარია, ნორვეგია, ნიდერლანდები, გერმანია და ლუქსემბურგი.  

 

კორუფციის აღქმის ინდექსის თანახმად, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში, რომელსაც მიეკუთვნება საქართველოც, პრობლემას წარმოადგენს ძალაუფლების არასათანადო გამიჯვნა, სახელმწიფო რესურსების არამიზნობრივი ხარჯვა საარჩევნო მიზნებისთვის, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობის ნაკლებობა. სახელმწიფო ხელისუფლების კერძო პირის ხელში თავმოყრა რეგიონის ქვეყნებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება.

 

Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით 2019 წელს საქართველო 180 ქვეყანას შორის 75.9 ქულით მე-16 ადგილს იკავებს, ხოლო ევროპის ქვეყნებს შორის მე-8 ადგილზეა. მართალია, 2018 წელს საქართველო საერთაშორისო რეიტინგში იმავე ადგილს იკავებდა, თუმცა, მისი ქულა წინა წელთან შედარებით მცირედით გაუარესდა (-0.3).

 

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ქვეყნებში ოთხი მნიშვნელოვან ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას: კანონის უზენაესობა, მთავრობის ზომა, რეგულირების ეფექტიანობა და ბაზრის ღიაობა.

 

Heritage Foundation-ის ანალიზის მიხედვით, საქართველოს ქულის კლება გამოიწვია სასამართლო ხელისუფლების ეფექტიანობის მკვეთრმა შემცირებამ, ხელისუფლების კეთილსინდისიერების მიმართულებაში აღებულმა დაბალმა ქულამ და მონეტარული თავისუფლების სიდიდემ, რომელიც აღემატება ფინანსური თავისუფლების სარგებელს. ამავე დოკუმენტის თანახმად, მართალია, საქართველომ წვრილმანი კორუფციის ბრძოლის მიმართულებით წარმატებას მიაღწია, მაგრამ ქვეყანში ოფიციალურ პირებთან დაკავშირებული მაღალი დონის კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება.

 

2019 წელს საუკეთესო შედეგების მქონე ქვეყნების პირველ ათეულში მოხვდნენ ჰონგ-კონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია, შვეიცარია, ავსტრალია, ირლანდია, გაერთიანებული სამეფო, კანადა, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და ტაივანი.

 

IDFI კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი უწყებების დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტანდარტი, რასაც საერთაშორისო ხელშეკრულებები, კონვენციები, სახელმძღვანელოები, თუ რეკომენდაციები აწესებენ. სწორედ ასეთი უწყებების დამოუკიდებლობა უზრუნველყოფს კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს და, შესაბამისად, მაღალ საზოგადოებრივ ნდობას.

 

საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ კორუფციასთან მებრძოლ არსებულ უწყებებში სწორედ მათი დამოუკიდებლობის საკითხია ყველაზე პრობლემური. არსებული ანტიკორუფციული სისტემის ხარვეზების შესახებ IDFI უკვე დიდი ხანია საუბრობს სხვადასხვა ფორმატში.

 

უფრო მეტიც, ევროკავშირის პარლამენტის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მაღალი დონის კორუფცია ქვეყანაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამასვე აღნიშნავს საერთაშორისო გამჭვირვალობა აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ანტიკორუფციული მექანიზმების შესახებ კვლევაში და მიუთითებს, რომ საჭიროების მიუხედავად, ხელისუფლებამ დღემდე არ შექმნა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო.

 

აქედან გამომდინარე, IDFI აუცილებლად მიიჩნევს ისეთი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნას, რომელსაც ექნება საზოგადოების ნდობა, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და შესაბამისი კვალიფიკაცია იმისათვის, რომ გამოიძიოს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები და პასუხი გასცეს საზოგადოებაში დაგროვილ ლეგიტიმურ შეკითხვებს. 

 

IDFI მიიჩნევს, რომ კორუფციის პრევენციის მიზნით ასევე უმნიშვნელოვანესია საქართველომ პირნათლად შეასრულოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო ინსტიტუტების რეკომენდაციები. 2019 წლის მდგომარეობით ევროსაბჭოს კორუფციის წინაღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის კორუფციის პრევენციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების 70% საქართველოს მიერ სრულად შესრულებული არ არის.


სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024