სამინისტროების 2021 წლის 9 თვის ბიუროკრატიული ხარჯების ანალიზი

სიახლეები | კვლევები | კორუფციასთან ბრძოლა | ღია მმართველობა | ანალიზი 15 მარტი 2022

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ყოველწლიურად აქვეყნებს ბიუჯეტის შესრულების 3 თვის, 6 თვის, 9 თვისა და 12 თვის ანგარიშებს. დოკუმენტებში წარმოდგენილია შესაბამისი პერიოდისათვის მხარჯავი დაწესებულებების მიერ გაწეული ხარჯები და ანალიზი. ამ ეტაპზე სამინისტროს გამოქვეყნებული აქვს 2021 წლის მხოლოდ 9 თვის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, მიუხედავად პანდემიისა, 2020 წლის იმავე პერიოდის ხარჯებთან შედარებით გასულ წელს, მივლინების გარდა, ყველა კატეგორიაში მატება აღინიშნება.

 

 

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში, ცალკეული უწყებების მიხედვით, შესაძლებელია მხოლოდ შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ მონაცემების გაცნობა. 

 

ამ მიმართულებით უმეტეს სამინისტროებში, 2020 წელთან შედარებით, ჯამური ანაზღაურების თანხები გაზრდილია. მაგალითად:

 

 

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში სამინისტროების შრომის ანაზღაურების შესახებ მონაცემები წარმოდგენილია ჯამურად და მოიცავს პროგრამის განმახორციელებელი სსიპების თანხებსაც. ამასთან, არ არის ჩაშლილი თანამდებობრივი სარგოს, დანამატისა და ფულადი ჯილდოს შესახებ ინფორმაცია. ასევე, ყველა სხვა ხარჯის კატეგორიაშიც მოცემულია არა მხოლოდ სამინისტროს, არამედ მის დაქვემდებარებაში მყოფი სხვა უწყებების ხარჯებიც.

 

იმის გასარკვევად, თუ რა ბიუროკრატიული ხარჯები გასწიეს 2021 წლის 9 თვეში მხოლოდ სამინისტროებმა,  IDFI-მ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია აღნიშნულ პერიოდში შრომის ანაზღაურების შესახებ ჩაშლილად, მათ შორის თანამდებობის პირებზე გაცემული თანხები ცალ-ცალკე, სამივლინებო ხარჯების, წარმომადგენლობითი ხარჯების, ტრანსპორტის ტექნიკური მომსახურების ხარჯებისა და სამინისტროებში განხორციელებული შიდა აუდიტების შესახებ.

 

ინფორმაცია მივიღეთ 9 სამინისტროსგან. პასუხი არ მოუწოდებიათ, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს. აღნიშნული 9 თვე ემთხვევა 2021 წლის პარლამენტის წინასაარჩევნო პერიოდს. ამასთან, კორონავირუსის პანდემიის პირობებში საჯარო დაწესებულებების დიდი ნაწილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე იყვნენ გადასულები. დროთა განმავლობაში კი მოქმედებდა კომენდანტის საათი და საჯარო ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებული იყო. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, IDFI-მ გაანალიზა 2021 წლის 9 თვეში სამინისტროების მიერ ძირითად მიმართულებებზე გაწეული ხარჯები.

 

ძირითადი მიგნებები

 

სამინისტროების 2021 წლის 9 თვის ბიუროკრატიული ხარჯების ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი მიგნებები:

 

- ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს, გასულ წელთან შედარებით, მივლინების გარდა, ხარჯების ყველა ძირითად კატეგორიაში აღინიშნება ხარჯების ზრდა.

 

- შრომის ანაზღაურების ხარჯი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გარდა, ყველა სამინისტროში გაზრდილია.

 

- სამინისტროებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ყველაზე დიდი შრომის ანაზღაურების, მივლინების, ტრანსპორტის ტექნიკური მომსახურებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს გაწეული.

 

- ზოგიერთ შემთხვევაში შრომის ანაზღაურების შესახებ მონაცემები ვერ მივიღეთ ჩაშლილი სახით (თანამდებობრივი სარგო, დანამატი, ფულადი ჯილდო).

 

- წარმომადგენლობითი ხარჯები, სარესტორნო მომსახურების გამწევი კომპანიების მითითებით, მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტრომ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წარმოადგინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებული დოკუმენტაციიდან ჩანს, რომ ჯამური 26,500 ლარიდან 11,000 ლარზე მეტი მმართველი პარტიის შემომწირველი პირებთან დაკავშირებულ რესტორნებშია გადახდილი.

 

- სამინისტროების შიდა აუდიტორული ანგარიშები მხოლოდ სამმა სამინისტრომ მოგვაწოდა, 6 სამინისტროს მხრიდან უმეტეს შემთხვევაში უარის საფუძვლად მიეთითა ის გარემოება, რომ შიდა აუდიტის დოკუმენტაცია არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, ან, რომ შეიცავს პერსონალურ თუ სხვა სახის სენსიტიურ ინფორმაციას, რის გამოც საჯარო უწყებას არ აქვს უფლება გასცეს მსგავსი დოკუმენტაცია.

 

დასკვნა

 

2021 წლის საწყის 9 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების ანალიზი აჩვენებს, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისული მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაცია. ამასთან, ცალკეული სამინისტროების მიხედვით მონაცემების ანალიზი მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს ბიუროკრატიული ხარჯების შესაბამისობას არსებულ გამოწვევებთან. მაგალითად, 2021 წლის 9 თვის მდგომარეობით, სამინისტროებს შორის, მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს არ გაეზარდა შრომის ანაზღაურების ხარჯი, რომელიც უშუალოდ ჩართული და პასუხისმგებელი იყო პანდემიის მართვაზე. 

 

მნიშვნელოვან პრობლემად შესაძლებელია შეფასდეს, მთელი რიგი სამინისტროების მიერ  ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავის არიდება და ბიუროკრატიული ხარჯების განკარგვასთან დაკავშირებული პროცესის გამჭვირვალობის დაბალი ხარისხი.

 

კვლევის პროცესში გამოიკვეთა, რომ სამინისტროების მცირე ნაწილმა საერთოდ არ გასცა, ნაწილმა კი არასრულყოფილად გასცა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, რაც აფერხებს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ეფექტური მონიტორინგის პროცესს. ხშირ შემთხვევაში, მიუხედავად მოთხოვნილი ჩაშლილი ინფორმაციისა, სამინისტროები გასცემენ მხოლოდ ჯამურ მონაცემებს, რაც შეუძლებელს ხდის სრულყოფილ კვლევას და ანალიზს.

 

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ სამინისტროების შიდა აუდიტორული ანგარიშები კვლავ შეზღუდულად არის ხელმისაწვდომი და მათ გაცემაზე უარი ხშირად დასაბუთებულია კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემის შეუძლებლობით. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს დადგენილი პრაქტიკა ცალსახად მიუთითებს,  „ანგარიშგება და კონტროლი საბიუჯეტო პროცესის განუყოფელი ნაწილია და ყველას აქვს უფლება იცოდეს საჯარო დაწესებულების საქმიანობის შესახებ აუდიტორული დასკვნებისა და რევიზიების შედეგები”, სამინისტროები კვლავ თავს არიდებენ მსგავსი ინფორმაციის გაცემას.

 

IDFI კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას უზრუნველყოფილ იქნას საბიუჯეტო ხარჯების  მაქსიმალური გამჭვირვალობა. კერძოდ, კანონის მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოფილი იყოს საჯარო ინფორმაციის დროული და სრულყოფილი გაცემა, მთავრობის დადგენილების შესაბამისად ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება,  ხოლო შიდა აუდიტორული ანგარიშების საჯაროობის საკითხზე იხელმძღვანელონ სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტებით.

 

/public/upload/Analysis/analysis_of_the_bureaucratic_expenditures_for_the_9_months_of_2021.pdf

 

 

კვლევა მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია Luminate-ის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და ბლოგპოსტში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს Luminate-ის პოზიციას

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მა კვლევის „რუსული კაპიტალი საქართველოში“ პრეზენტაცია გამართა

28.11.2022

რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში

28.11.2022

DRIVE-ის საპროექტო წინადადებების პრეზენტაცია საქართველოში ციფრულ გამოწვევებზე საპასუხოდ

28.11.2022

IDFI-ს პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ღია ლექცია ჩაატარა

24.11.2022
განცხადებები

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ჯერ არ შეუერთდა ანტიკორუფციული გარემოს შესახებ OECD-ის შეფასების პროცესს

21.11.2022

IDFI შემოსავლების სამსახურის განცხადებას პასუხობს

11.11.2022

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიმართავს პრეზიდენტს შეიწყალოს ნიკა გვარამია

03.11.2022

ნიკა გვარამიას შეწყალების ყველა კონსტიტუციური წინაპირობა არსებობს

03.11.2022
ბლოგპოსტები

რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკა 2008 წლის ხუთდღიანი ომის კონტექსტში

03.11.2022

ქაოტური მშენებლობები ბათუმში ახალ მასშტაბებს იძენს

18.10.2022

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უფლება სამართლიან სასამართლოზე

11.07.2022

ქართული პრესისა და ბეჭდვითი მედიის ცენზურის ისტორია

03.05.2022