საპენსიო სისტემის რეფორმის მიმდინარეობის ანალიზი

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | ანალიზი 22 იანვარი 2016

ავტორი: დემნა დევდარიანი

სტატია დაიწერა პროექტ "სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება"-ს ფარგლებში და გამოქვეყნდა პროექტის ბლოგზე "საქართველო 2020".

 

საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების ერთ-ერთ ცენტრალურ მიზანს წარმოადგენს ინკლუზიური და ლიბერალური ტიპის ეკონომიკის ჩამოყალიბება, რომელიც იქნება მდგრადი მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების მიმართ. სწორედ აღნიშნული გარდაქმნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია არსებული საპენსიო სისტემის რეფორმა და მისი ჩანაცვლება დაგროვებითი საპენსიო სისტემით, რაც, თავის მხრივ, ასახულია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში – „საქართველო 2020“[1].

 

2014 წელს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში, ბატონი ოთარ ძიძიკაშვილის ხელმძღვანელობით, შეიქმნა საპენსიო რეფორმის სამსახური[2], რომლის მიზანია, საქართველოს საპენსიო სისტემის რეფორმის კონცეფციის შემუშავება და დანერგვა. როგორც დაგეგმილია[3], საპენსიო სისტემის ახალ მოდელზე საქართველო 2017 წელს გადავა, ხოლო 2016 წელი მთლიანად დაეთმობა საპარლამენტო განხილვებსა და შესაბამისი, საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებას. გამოდის, რომ რეფორმის კონცეფციის შემუშავებასა და დანერგვას საქართველო სულ რაღაც 4 წელიწადში შეძლებს, მაშინ როცა სომხეთს 15 წელი დასჭირდა დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასასვლელად[4].

 

თავისი სოციალურ-ეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე, საპენსიო სისტემის რეფორმის მიმართ მაღალია საზოგადოების ინტერესი, რაზეც მიმდინარე წლის მანძილზე განხორციელებული, სხვადასხვა ფორმატის დისკუსიები[5] თუ სატელევიზიო განხილვები[6] მოწმობს. ქვეყნის მასშტაბით, დარგობრივი კომპეტენციის მიხედვით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ მოიცვან საზოგადოების მაქსიმალურად ფართო სპექტრი და უზრუნველყონ კერძო-საჯარო დიალოგის პრინციპის დაცვა რეფორმის მიმდინარეობის საწყის ეტაპზევე.

 

წარმოდგენილი ანალიტიკური ნაშრომი მკითხველს სთავაზობს საპენსიო სისტემის რეფორმის მიმდინარეობის ანალიზს. აღნიშნული მიზნით, ინტერვიუები ჩატარდა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მონიტორინგის პროგრამების მენეჯერთან, ქალბატონ ირინა გურულთან და კვლევითი ცენტრის PMCG-ის კვლევების ხელმძღვანელთან, ქალბატონ თამარ ჯუღელთან. დასკვნის სახით, ნაშრომი აერთიანებს რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებულ ძირითად გამოწვევებს.

 

  • ნახევრად სავალდებულო, დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმის ანალიზი

 

ბოლო წლებში, საქართველოში აქტიურად განიხილებოდა საპენსიო სისტემის ცვლილების საჭიროება, რომელიც ნაკარნახევია ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული, ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობით[7].

 

ბიზნეს სექტორთან საპენსიო სამსახურის უფროსის შეხვედრის[8] შემდეგ, რომელიც 2015 წლის 11 დეკემბერს შედგა, ცნობილი ხდება რეფორმის კონცეფცია, რაც გულისხმობს შემდეგს:

 

რეფორმის საწყის ეტაპზე, დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩაერთვება ყველა დასაქმებული პირი (გამორიცხება თვითდასაქმებული პირები, რომელთა ხვედრითი წილი მთლიან სამუშაო ძალაში საკმაოდ მაღალია[9]), რომელთაც ექნებათ 6 თვიანი პერიოდი იმისათვის, რათა უარი თქვან დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობაზე. სხვა სიტყვებით, 6 თვიანი ვადა იქნება ის პერიოდი, რა დროშიც მონაწილეს ექნება სისტემიდან გამოსვლის შესაძლებლობა. აღნიშნულიდან ირკვევა, რომ რეფორმა გულისხმობს ნახევრად სავალდებულო ტიპის (ჰიბრიდული) საპენსიო სისტემის შემოღებას დასაქმებულთათვის, თუმცა იგი სრულად სავალდებულოა დამსაქმებლისათვის.

 

რეფორმის მიხედვით, ახალი მოდელი გულისხმობს სისტემაში ჩართული დასაქმებული პირის მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 22% -ის გადახდას, საიდანაც სახელმწიფო თავის თავზე იღებს ვალდებულებას 2% მიმართოს პირის დაგროვებითი საპენსიო ანგარიშისკენ. აღნიშნულის პარალელურად, დასაქმებული დამატებით 2%-ს რიცხავს საპენსიო ფონდში, დამსაქმებელი კი, თავის მხრივ, დამატებით 2%-ს. ხსენებულ 6%-ს ასევე ემატება წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც სისტემაში ჩართულ პირს წლიურად ურიცხავს საპენსიო ფონდი. აღნიშნულის თანახმად, სახეზეა მოდელი, სადაც ხელფასის 6% დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მხრიდან ირიცხება დასაქმებულის დაგროვებით ანგარიშზე, რომელსაც კერძო საფინანსო კომპანიები მართავენ. აღნიშნულის გარდა, ასევე იარსებებს სახელმწიფო (სოციალური) პენსიაც, რომელიც პირდაპირ საბიუჯეტო სახსრებით დაიფარება, დაეფუძნება საარსებო მინიმუმს და უზრუნველყოფს მხოლოდ მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილებას. რეფორმის მიხედვით, შესაძლებელი იქნება საპენსიო ანგარიშზე არსებული დანაზოგების გადაცემა მემკვიდრეობით, აგრეთვე, აკუმულირებული თანხების დროზე ადრე გატანა გარკვეულ შემთხვევებში (ჯერ-ჯერობით არ კონკრეტდება თუ რა შემთხვევებზეა საუბარი, მაღალი ალბათობით ეს შეეხება უბედურ შემთხვევას და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებულ საკითხებს). სისტემაში ჩართვის ასაკობრივი ცენზი მამაკაცებისათვის განისაზღრა 50 წელი, ხოლო ქალებისათვის – 45 წელი.

 

  • არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მოსაზრებები საპენსიო რეფორმის შესახებ

 

საპენსიო უზრუნველყოფის მთავრობის მიერ შემოთავაზებულმა მოდელმა მწვავე კრიტიკა დაიმსახურა როგორც არასამთავრობო სექტორის[10], აგრეთვე, პოლიტიკური ოპოზიციისა[11] და ზოგადად, დარგის სპეციალისტთა მხრიდან[12].

 

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის[13] მონიტორინგის პროგრამების მენეჯერი, ქალბატონი ირინა გურული თვლის, რომ არსებული საპენსიო განაკვეთი წარმოშობს ძალიან მაღალ საბიუჯეტო წნეხს საჯარო ფინანსების სექტორზე. მისი თქმით, საქართველოში პრობლემას ქმნის დემოგრაფიული მდგომარეობა, მცირე ზომის ფორმალური ეკონომიკა, გადასახადების გადამხდელთა მწირი რაოდენობა, აგრეთვე, მთავრობის მიერ განხორციელებული სოციალური პოლიტიკა. აქედან გამომდინარე, ახალი საპენსიო მოდელის შემუშავების გარკვეული აუცილებობა ნამდვილად დგას დღის წესრიგში, რასაც თან ახლავს მთელი რიგი გამოწვევები. სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში საშემოსავლო გადასახადის გადამხდელთა რაოდენობა შეადგენს 600 000 პირს, რომელთაგან ნახევარი საჯარო სექტორშია დასაქმებული, ანუ ეს კატეგორია იქიდანვე იღებს ხელფასს, საიდანაც ეს გადასახდი შეაქვს, ხოლო დაახლოებით 300 000 კერძო სექტორშია დასაქმებული. ქვეყანაში ცოტაა გადასახადის გადამხდელი და იმის ალბათობა, რომ დაგროვებით საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხები შექმნის ეკონომიკის განვითარებისათვის ხელშესახებ პერსპექტივას-არარეალისტურია. შემდეგი საკითხია აკუმულირებული თანხების ინვესტირების მექანიზმები. საქართველოს ტიპის ქვეყნები, როგორც წესი, იყენებენ დეპოზიტებისა და სახაზინო ობილგაციების მიმართულებას, რადგან ყველაზე დაბალ რისკიანია. ქალბატონი ირინას თქმით, სერიოზული პრობლემაა ინვესტირების მიმართულებით, რადგან საქართველოში განვითარებული არ არის კაპიტალური ბაზარი, ეს ქმნის სერიოზულ წინაღობას აღნიშნული რეფორმისათვის. ასევე გასათვალისწინებულია არასტაბილური გარემო და გრძელვადიანი ხედვის დეფიციტი. ჩნდება მთელი რიგი კითხვები ინფლაციის დონესთან და შეგროვილი თანხების მსყიდველუნარიანობასთან დაკავშირებით წლების შემდეგ. სადაო საკითხია შემოთავაზებული რეფორმის სავალდებულო ხასიათი დამსაქმებლის მიმართ, რაც წარმოშობს ფინანსურ წნეხს კერძო ბიზნესზე, რომელიც გაზრდის არაფორმალური დასაქმების მაჩვენებლის დონეს.

 

ქალბატონი ირინას თქმით, დაგროვების ნებაყოფლობითი კომპონენტი ისედაც არსებობს საქართველოს რეალობაში, იგივე ბანკებისა და სადაზღვევი კომანიების მხრიდან, თუმცა რამდენად აქვს ქვეყნის მოსახლეობას დაგროვებისა და თვითდისციპლინის კულტურა ეს სხვა საკითხია, რაც, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია სტაბილურობის განცდასთან, განსაკუთრებით ეროვნული ვალუტის მიმართ.

 

ქალბატონი ირინა თვლის, რომ დაგეგმილი რეფორმის მიმართ არსებობს სერიოზული საინფორმაციო დეფიციტი, რაც აუცილებლად შეუქმნის პრობლემებს კერძო სექტორის წარმომადგენლებს. მნიშვნელოვანი სამუშაოა ჩასატარებელი საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, რათა ბიზნესს ჰქონდეს სტაბილურობის განცდა და თავიდან იქნას აცილებული ის შედეგები, რაც სომხეთის მაგალითმა აჩვენა, როცა რეფორმის კრახი, მნიშვნელოვანწილად, სწორედ საინფორმაციო კამპანიის არარსებობამ გამოიწვია.

 

მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, კვლევითი ცენტრის PMCG-ის[14] ორგანიზებით გაიმართა კვლევის – სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა – გამოწვევები და საერთაშორისო პრაქტიკა პრეზენტაცია[15], რომელზეც წარმოდგენილი იყო კვლევის ძირითადი მიგნებები, ხოლო დისკუსიის ფორმატში განხილულ იქნა საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ასპექტები. კვლევითი ცენტრის PMCG-ის კვლევების ხელმძღვანელი, ქალბატონი თამარ ჯუღელი თვლის, რომ საქართველოში, დღეს არსებული სოციალურ-ეკონომიკური გარემო არ იძლევა საპენსიო სისტემის რეფორმირების წარმატების საფუძველს და ის მოლოდინი, რომელიც არსებობს კაპიტალის ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებით, გადაჭარბებულია.

 

ზემოაღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით, რომელიც ყურადღებას ამახვილების რეფორმის სავალდებულო ხასიათზე, ქალბატონი თამარი აცხადებს, რომ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ვერ უზრუნველყოფს „ღირსეულ პენსიას“, რადგან დაბალი შემოსავლების გამო მოსახლეობა ვერ შექმნის მაღალ საპენსიო დანაზოგებს. მისივე განცხადებით, სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს მოიცავს (მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის გადამხდელებს) და მომავალში ვერ შეამცირებს საბიუჯეტო წნეხს.

 

ქალბატონი თამარი თვლის, რომ მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორის ჩართულობის უზრუნველყოფა და საზოგადოების/ბიზნეს სექტორის ინფორმირებულობის დონის ამაღლება ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელების ყველა ეტაპზე, როგორიცაა საპენსიო სისტემა, რაც სამწუხაროდ არ ხორციელდება და კერძო-საჯარო დიალოგის ფორმატი, ფაქტობრივად, არაეფექტურია.

 

ქალბატონი თამარის განცხადებით, გამომდინარე რეფორმის მასშტაბისა და მნიშვნელობისა, კვლევითი ცენტრი მომავლშიც გააგრძელებს აქტიურ მუშაობას საპენსიო სისტემის რეფორმის საკითხზე.

 

  • დასკვნა – რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევები.


ნებისმიერი ტიპისა და მასშტაბის რეფორმა დგას გარკვეული რისკებისა და გამოწვევების წინაშე, რომელიც მოითხოვს რეფორმის კონცეფციის ღრმა ანალიზს, შესაძლო შედეგების გათვალისწინებას, საფრთხეების კომპლექსურ გააზრებასა და ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად ეფექტური მექანიზმების შემუშავებას. საპენსიო სისტემის რეფორმა, თავისი არსით, ფართომასშტაბიანი ეკონომიკური პროექტია, რომელსაც მაღალი სოციალური მნიშვნელობა აქვს, მოწყვლადია ქვეყნის ფინანსური შესაძლებლობების მიმართ და ხასიათდება მაღალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინტერესით.

 

ქვემოთ მოცემულია ის ძირითადი გამოწვევები, რომელიც საქართველოში დაგეგმილ საპენსიო სისტემის რეფორმას ახლავს თან:

 

საქართველო ისევ ღარიბი ქვეყნების სიაშია[16], რაც იმას ნიშნავს რომ ჩვენს მოსახლეობას არ აქვს დოვლათის გადანაწილებისა და დაზოგვის პრობლემა იმდენად, რამდენადაც არ არსებობს გადასანაწილებელი/დასაზოგი დოვლათი. აქედან გამომდინარე, მოლოდინი, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღებით, პენსიაზე გასვლის შემდეგ, მიიღწევა მაღალი სოციალური კეთილდღეობა (საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსის განცხადების[17] თანახმად) არაადეკვატურია და არ ასახავს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური/ფინანსური მდგომარეობის რეალურ სურათს;


საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსის, ბატონი ოთარ ძიძიკაშვილის განმარტებით[18], ახალი საპენსიო სისტემა იქნება ნებაყოფლობით ელემენტზე დაფუძნებული და კონკრეტულ ადამიანს შეეძლება უარი თქვას სისტემაში მონაწილეობაზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ნებაყოფლობითი ელემენტი შეეხება დასაქმებულს, მაგრამ სისტემაში მონაწილეობა სრულად სავალდებულოა დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მიმართ, რაც ქმნის დამაბრკოლებელ გარემოებას ბიზნესისათვის, რადგან დამსაქმებელს უწევს დასაქმებულის ყოველთვიური სარგოს 2%-ის მიმართვა მისი დაგროვებითი ანგარიშისაკენ. ფინანსური წნეხის შესამსუბუქებლად შესაძლოა დამსაქმებელმა მიმართოს სხვადასხვა გზებს, შეუმციროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება და ამის ხარჯზე მოახდინოს 2%-ის გადარიცხვა დაგროვებით ანგარიშზე, რასაც საბოლოო ჯამში, კვლავ დასაქმებულის უფლების შეზღუდვასთან მივყავართ;


„ღირსეული სიბერის“ უზრუნველსაყოფად საჭიროა მაღალი შენატანების განხორციელება ყოველთვიურად, რაც შეუძლებელია მიიღწეს დაგეგმილი, 6%-ანი კონტრიბუციით. აღნიშნული ნათლად ჩანს პირველ გრაფიკზე: სავალდებულო საპენსიო დანაზოგების ადეკვატურობა – სცენარის სიმულაცია.


1 გრაფიკი: სავალდებულო საპენსიო დანაზოგების ადეკვატურობა – სცენარის სიმულაცია

 

წყარო: „სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა – გამოწვევები და საერთაშორისო პრაქტიკა“. www.pmcg-i.com

 

საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსის, ბატონი ოთარ ძიძიკაშვილის განცხადებით[19], დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვას, პარალელურ რეჟიმში, მოყვება კაპიტალის ბაზრის განვითარება საქართველოში, რაც ვფიქრობ, არასარწმუნოა, რადგან დღეს არსებული მდგომარეობით, საქართველოში კაპიტალის ბაზარი ჩანასახობრივ მდგომარეობაშია და 2017 წლისათვის ის კვლავ არ იქნება მზად იმისათვის, რომ კერძო საპენსიო ანაბრებზე არსებული თანხები საპენსიო ფონდმა, სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, განათავსოს კაპიტალის ბაზარზე;


რეფორმისათვის სერიოზულ გამოწვევას ქმნის საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საკითხი სისტემური ცვლილებების შესახებ, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც თუ წარმატებით ხორციელდება, რადგან მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი (დარგის სპეციალისტები) ფლობს ადეკვატურ ინფორმაციას რეფორმის თაობაზე. ვფიქრობ, სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას საპენსიო რეფორმის სამსახური, რომელმაც უნდა შეძლოს საზოგადოების სწორი ინფორმირებულობა რეფორმის აუცილებლობის, სარგებლისა და რისკების შესახებ.


სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), ბრემენის უნივერსიტეტის ან გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას. შესაბამისად, აღნიშნული ორგანიზაციები არ არიან პასუხისმგებელნი სტატიის შინაარსზე.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

[1] საქართველოს მთავრობა, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია – „საქართველო 2020“, 2014 წელი. http://static.mrdi.gov.ge/551018320cf24147438b16fd.pdf

[2] საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საპენსიო რეფორმის სამსახური – http://www.economy.ge/ge/sapensio-reformis-samsaxuri

[3] ბექა დანელია, „დაგროვებითი პენსია 2017 წლიდან „დაგროვდება““, 2015 წელი. http://www.for.ge/view.php?for_id=39407&cat=1

[4] A.Karabekian, USAID CONTINUES SUPPORT TO PENSION REFORM IMPLEMENTATION IN ARMENIA, 2013. https://www.usaid.gov/armenia/press-release/PRIP-official-launch

[5] ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, დისკუსია დაგროვებითი საპენსიო სისტემისა და განვითარებული საფონდო ბირჟის შესახებ, 2015 წელი. https://idfi.ge/ge/discussion-on-accumulative-pension-system

[6] გადაცემა ბიზნეს კონტაქტი – საპენსიო რეფორმის კოცეფცია – ოთარ ძიძიკაშვილი და დემნა დევდარიანი ”ბიზნესკონტაქტში“, 2015 წელი. http://maestro.ge/menu_id/70/id/30503/lang/1/

[7] ჟურნალი „ქართული პოლიტიკა“, 2015 წელი. http://www.georgianpolitics.com/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1/

[8] გადაცემა „ბიზნეს კონტაქტი“ – საპენსიო დანაზოგები – სავალდებულო თუ ნებაყოფლობითი, 2015 წელი. https://www.youtube.com/watch?v=0AunJncZP94

[9] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. http://geostat.ge/?action=page&p_id=145&lang=geo

[10] გადაცემა „ბიზნეს კონტაქტი“, 2015 წელი. https://www.youtube.com/watch?v=Eo4POJqCjko

[11] ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის წარმომადგენელი ზურაბ ჯაფარიძე გადაცემაში თეორემა, 2015 წელი. http://www.tabula.ge/ge/verbatim/102834-jafaridze-sapensio-reformaze-nebismier-shemtxvevashi-tvirti-gadava-dasaqmebulze

[12] კომერსანტი – რომან გოცირიძე საპენსიო რეფორმაზე: ამ ფულს ან ინფლაცია შეჭამს, ან დევალვაცია, ან ფონდის ადმინისტრაცია, 2015 წელი. http://commersant.ge/?m=5&news_id=30318&cat_id=5

[13] ირინა გურული – მონიტორინგის პროგრამების მენეჯერი – ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი. http://www.eprc.ge/index.php?a=main&pid=40&lang=geo

[14] http://www.pmcg-i.com/ourstory/our-team

[15] ინტერპრესნიუსი – სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმა – გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება, 2015 წელი. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/357607-savaldebulo-dagrovebithi-sapensio-reforma-gamotsvevebi-da-saerthashoriso-gamocdileba.html

[16] მარიამ ჩაჩუა, GRASS, 2014 წელი. http://factcheck.ge/article/saqarthvelo-dghesats-gharibi-qveqhanaa-gdp-per-capita-aris-6-athasi-118-qveqhana-dgas-saqarthvelos-tsin-chven-119-e-varth-chven-gavaormageth-gdp-per-capita-2003-tslidan-moqholebuli-imisathvis-rom-a/

[17] გადაცემა „ბიზნეს კონტაქტი“ – არჩილ გაჩეჩილაძე და ოთარ ძიძიკაშვილი ”ბიზნესკონტაქტში“, 2015 წელი. https://www.youtube.com/watch?v=brji84Y0kcY

[18] ინტერპრესნიუსი – დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვის შემთხვევაში, მსურველი საპენსიო ფონდში ყოველთვიურად 2%-იან შენატანს განახორციელებს“, 2015 წელი. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/357866-dagrovebith-sapensio-sistemashi-charthvis-shemthkhvevashi-msurveli-sapensio-fondshi-yovelthviurad-2-ian-shenatans-ganakhorcielebs.html?ar=A

[19] გადაცემა „ბიზნეს კონტაქტი“ – საპენსიო რეფორმის კონცეფცია – ოთარ ძიძიკაშვილი და დემნა დევდარიანი ”ბიზნესკონტაქტში“, 2015 წელი. https://www.youtube.com/watch?v=qB9s8sJAwvg

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024