ავტორი: დემნა დევდარიანი
სტატია დაიწერა პროექტ "სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება"-ს ფარგლებში და გამოქვეყნდა პროექტის ბლოგზე "საქართველო 2020".
2013 წელს, საქართველოს მთავრობის მიერ, გაცხადებული პოლიტიკის ფორმით, შემუშავებულ იქნა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია – „საქართველო 2020“[1]. სტრატეგიული დოკუმენტი მიზნად ისახავს სწრაფი, ეფექტიანი და ინკლუზიური ტიპის ეკონომიკის ჩამოყალიბებას, რომლითაც ისარგებლებს საზოგადოების თითოეული წევრი და რომელიც მდგრადი იქნება თანამედროვე ეკონომიკური გარდაქმნების მიმართ.
ზემოხსენებული სტრატეგია მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტია, რომელიც იძლევა წარმოდგენას საქართველოს მთავრობის ეკონომიკური ხედვის შესახებ დარჩენილი 4 წლის მანძილზე (სტრატეგია მთლიანობაში მოიცავს 7 წელს, 2013-2020). „საქართველო 2020“-ის დამტკიცების იდეას არაერთი ოპონენტი გამოუჩნდა პროფესიული წრეებიდან[2], რომელთა თქმით, დოკუმენტში ასახული მაკროეკონომიკური პარამეტრები, რის მიხედვითაც დაგეგმილია ეკონომიკური ზრდა, არ ქმნის მსგავსი ვარაუდის ლეგიტიმურ საფუძველს.
სტრატეგიით გათვალისწინებული ეკონომიკური გარდაქმნების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. 85 გვერდიან დოკუმენტში საპენსიო სისტემის კონცეფციის შესახებ მსჯელობას 3-დან 4 გვერდამდე ეთმობა, სადაც ძირითადად მოცემულია რეფორმასთან დაკავშირებული ზოგადი ხასიათის ინფორმაცია.
„საქართველო 2020“-ში ასახული, დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვის მიზნით, 2014 წელს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში შეიქმნა საპენსიო რეფორმის სამსახური, რომლის მიზანია, საქართველოს საპენსიო სისტემის რეფორმის კონცეფციის შემუშავება და დანერგვა[3].
წარმოდგენილ ანალიტიკურ ნაშრომში შემოთავაზებულია ინტერვიუ საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსთან, ბატონ ოთარ ძიძიკაშვილთან, რომელიც დეტალურად განმარტავს რეფორმის კონცეფციასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს. აგრეთვე, დასკვნის სახით, ნაშრომი აანალიზებს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმა საქართველოში.
დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმა
საქართველოში, ბოლო წლების მანძილზე, აქტიურად განიხილებოდა არსებული საპენსიო სისტემის რეფორმირების საკითხი, რომელიც გასცდა ვიწრო პროფესიულ ჯგუფებს და გადაიზარდა საზოგადოებრივ განხილვებში[4]. როგორც წინა ანალიტიკურ ნაშრომში[5] იქნა აღნიშნული, რეფორმის საჭიროება დღის წესრიგში დააყენა ისეთმა აქტუალურმა საკითხებმა, როგორიცაა საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესება[6], ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება ამერიკულ დოლართან მიმართებაში და სხვა.
საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსის, ბატონი ოთარ ძიძიკაშვილის განმარტებით, არსებული (სახელმწიფო) საპენსიო სისტემა არ არის შესაბამისობაში თანამედროვე ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტთან და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა ღირსეულ სიბერეს:
„დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმა მნიშვნელოვანია მაკროეკონომიკური პერსპექტივითაც, რადგან ქვეყანაში გაჩნდება დანაზოგების სისტემა, რაც დღეს ფაქტობრივად არ არსებობს, საქართველოს არ გააჩნია რესურსი ინვესტირებისათვის, რაც საკმაოდ მტკივნეულია ეკონომიკური თვალსაზრისით. დანაზოგების სისტემის ჩამოყალიბება ქმნის ეკონომიკის განვითარების მყარ საფუძველს, რითიც იგებს როგორც ქვეყანა, ასევე დამზოგავი“ – აცხადებს ოთარ ძიძიკაშვილი.
ბატონი ოთარის განცხადებით, რეფორმის საწყის ეტაპზე, დაგროვებით საპენსიო სისტემაში ავტომატურად ჩაერთვება ყველა დასაქმებული პირი, თვითდასაქმებულ პირთა გამორიცხვით, რომელთაც ექნებათ საშუალება, ნებისმიერ ეტაპზე, გამოვიდნენ სისტემიდან. აღნიშნულიდან ირკვევა, რომ რეფორმა გულისხმობს ნახევრად სავალდებულო ტიპის (ჰიბრიდული) საპენსიო სისტემის შემოღებას დამსაქმებელთათვის, თუმცა იგი სრულად სავალდებულოა დამსაქმებლისა და სახელმწიფოსთვის. შეკითხვაზე, თუ რა მოლოდინები არსებობს სისტემაში ჩართულ პირთა ოდენობაზე, ბატონო ოთარი აცხადებს, რომ მთლიანი რაოდენობის 50% დარჩება სისტემით მოსარგებლე (დაახლოებით 350 000 პირი), რომელთა მოცულობა, დროთა განმავლობაში, მოიმატებს. რაც შეეხება ანგარიშებზე განთავსებულ თანხებს, რესპოდენტის განცხადებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებიდან, პირველ პერიოდში, საპენსიო ანგარიშებზე მოხდება დაახლოებით, 400 მილიონი ლარის აკუმულირება.
საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსის ცნობით, დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმის პროექტი საქართველოს მთავრობას განსახილველად წარდგინება მიმდინარე წლის იანვრის თვის მეორე ნახევარში.
რეფორმის კონცეფციის თანახმად, ახალი მოდელი გულისხმობს სისტემაში ჩართული დასაქმებული პირის მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტში, საერთო ჯამში, 22% -ის გადახდას, საიდანაც სახელმწიფო დასაქმებული პირის ყოველთვიური ხელფასის 2%-ს მიმართავს პირის დაგროვებითი საპენსიო ანგარიშისკენ, დასაქმებული დამატებით 2%-ს რიცხავს საკუთარ საპენსიო ფონდში, დამსაქმებელი კი, თავის მხრივ, დამატებით 2%-ს. აღნიშნულის თანახმად, სახეზეა მოდელი, სადაც ყოველთვიური ხელფასის 6% დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით ირიცხება დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო ანგარიშზე, რომელსაც ორი კერძო საფინანსო კომპანია მართავს. ხსენებულ 6%-ს ასევე დაემატება საპენსიო აქტივების მმართველი კოპანიების მიერ დარიცხული სარგებელი, რომლის რეალური მოგების კოეფიციენტიც, სავარუდოდ, 3.5% იქნება. ამასთან, ბატონი ოთარის ინფორმაციით, კერძო საპენსიო ფონდების შერჩევა მოხდება ღია კონკურსის წესით, რის საფუძველზეც გამოვლინდება 2 კერძო კომპანია, რომლებიც ადგილობრივ დონეზე უზრუნველყოფენ აკუმულირებული თანხების განკარგვასა და ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტირებას, ხოლო საერთაშორისო დონეზე ინვესტირებისათვის უცხოური კომპანია იქნება შერჩეული (outsourcing). ხსენებული, ორი საპენსიო კომპანიისათვის დადგინდება საინვესტიციო პარამეტრები და მათ საქმიანობას გააკონტროლებს მარეგულირებელი იმავე პრინციპით, რა პრინციპითაც ხდება საბანკო სექტორის ზედამხედველობა, ხოლო საინვესტიციო დაბანდებები განხორციელდება საბანკო დეპოზიტებზე აქტივების განთავსებით, სახელმწიფო ობლიგაციების შეძენით და ა.შ. დაგროვებითი საპენსიო სისტემის პარალელურად, შენარჩუნდება სახელმწიფო (სოციალური) პენსიაც, რომელიც პირდაპირ საბიუჯეტო სახსრებით დაიფარება, დაეფუძნება საარსებო მინიმუმს და ფიქსირებულად უზრუნველყოფს მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილებას.
როგორც საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსი აცხადებს, დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილე პირთა მინიმალურ ასაკად განისაზღვრება 16 წელი, ამასთან მონაწილეთა ასაკის ზედა ზღვარის დაწესება არ არის დაგეგმილი. რაც შეეხება რეფორმის განხორციელების ვადებს, როგორც ბატონი ოთარი აცხადებს, დაგროვებით საპენსიო სისტემის მოდელზე საქართველო 2017 წლის მეორე ნახევრიდან გადავა, ხოლო 2016 წელი მთლიანად დაეთმობა საპარლამენტო განხილვებსა და შესაბამისი, საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბებას.
კაპიტალის ბაზრის მიერ, საპენსიო დეპოზიტებზე აკუმულირებული თანხების ათვისებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, ბატონმა ოთარმა განაცხადა, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვას ექნება ერთგვარი კატალიზატორის როლი კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის, რომელსაც, თავის მხრივ, შესაფერისი მომზადება სჭირდება. საპენსიო რეფორმის სამსახური აქტიურად მუშაობს კაპიტალის ბაზრის რეფორმის კონცეფციის შემუშავებაზე, რომლის დანერგვაც, დაგროვებით საპენსიო სისტემასთან ერთად, პარალელურ რეჟიმში განხორციელდება.
რეფორმის დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ დასმულ შეკითხვაზე, ბატონმა ოთარმა აღნიშნა, რომ ისევე როგორც ყველა მასშტაბურ რეფორმას, დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლის პროცესსაც ახლავს გარვეული რისკები, მათ შორის, მნიშვნელოვანია თუ რამდენად შეძლებს ეკონომიკა აითვისოს საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხები, რამდენად მდგრადი იქნება სისტემა ინფლაციური პროცესების მიმართ, აგრეთვე, გასათვალისწინებელია პოლიტიკური რისკიც, რათა არ მოხდეს რომელიმე პოლიტიკური ესტაბლიშმენტის მიერ, ფონდში არსებული თანხების მითვისება. შეკითხვა იქნა დასმული საინფორმაციო კამპანიის შესახებ, როგორც ბატონმა ოთარმა აღნიშნა, ამ ეტაპისათვის შემუშავების პროცესშია ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ჩასატარებელი კამპანიის კონკრეტული სახეები.
დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებული გამოწვევები საქართველოში
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული შრომის ბაზრის კომპონენტის კვლევის[7] თანახმად, საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენს 908, 374 პირს, ხოლო საჯარო სამსახურის ბიუროს 2015 წლის ანგარიშის[8] მიხედვით, საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა რაოდენობა შეადგენს 53,109 ადამიანს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის მესამე კვარტლის მიხდვით, კერძო სექტორში დასაქმებულ პირთა რაოდენობა შეადგენს 568, 633 ათას პირს[9]. სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საპენსიო ფონდებში აკუმულირებული თანხები იქნება მსხვილი და შექმნის ეკონომიკის განვითარებისათვის ხელშესახებ საფუძველს.
საქართველოს ეკონომიკა კვლავ რეგრესიას განიცდის[10], 2015 წელს შემცირებულია ტურისტთა ნაკადი[11], ხოლო ეროვნული ვალუტის რყევამ დაამძიმა მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა. საქართველოში, დღეს არსებული ეკონომიკური სინამდვილის გათვალისწინებით, არ არსებობს ფინანსური დოვლათის დაზოგვის შესაძლებლობა, იმედენად, რამდენადაც არ არსებობს დასაზოგი დოვლათი, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ აქვს ამის რეალური შესაძლებლობადაგროვებითი საპენსიო სისტემის წარმატებით ოპერირებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეროვნული ბიუჯეტის პროფიციტი, უცხოური კაპიტალ-დაბანდებების მზარდი შემოდინება ქვეყანაში, ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემო, განვითარებული კაპიტალის ბაზარი, რაც დღეს საქართველოში არ არსებობს ან ვითარდება ძალიან დაბალი ტემპით და ვერ ქმნის ხსენებული სისტემის მუშაობისათვის ადეკვატურ ნიადაგს. დაგროვებითი საპენსიო სისტემის მიზანია პენსიაზე გასულ მოსახლეობას შეუქმნას მაღალი სოციალური გარანტიები, რაც მიღწევადია საპენსიო ფონდებში მაღალი შენატანებითა და ადეკვატური დანაზოგების გაკეთებით მთელი სამუშაო დროის მანძილზე. საქართველოს მოსახლეობის ობიექტური რეალობა არ იძლევა მაღალი საპენსიო შენატანების გაკეთების დამაიმედებელ პროგნოზს;
პოლონეთის მაგალითზე[13] (2014 წელს პოლონეთის მთავრობამ მიითვისა კერძო საპენსიო ფონდებში რიცხული 51 მილიარდი ამერიკული დოლარი, რათა მოეხდინა მისი ინვესტირება სახელმწიფო ობლიგაციებში) ცხადი ხდება, რომ საპენსიო ფონდების მიერ აკუმულირებული თანხები ხშირად იქცევა ხოლმე მთავრობათა ყურადღების ცენტრში, როდესაც ხელისუფლება ვერ ახერხებს ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე არსებულ კრედიტორთა წინაშე აღებული ვალდებულებების დაკმაყოფილებას ან გამოიყენოს ფონდში არსებული ფინანსური სახსრები პოლიტიკურად მომგებიანი მიზნებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის კონცეფციაში ჩაიდოს ადეკვატური, საკანონმდებლო გარანტიები, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ზემოხსენებული, პოლიტიკური რისკები.
საქართველოში კაპიტალის ბაზარი ჩანასახობრივ მდგომარეობაშია[14], რაც ქმნის არაადეკვატურ საფუძველს საპენსიო ფონდებში აკუმულირებული სახსრების ეკონომიკაში ეფექიანი ინვესტირებისათვის. ინტერვიუს დროს, ბატონმა ოთარ ძიძიკაშვილმა განაცხადა, რომ საპენსიო რეფორმის სამსახური მუშაობს კაპიტალის ბაზრის განვითარების გეგმაზე, რომელიც პარალელურ რეჟიმში განხორციელდება დაგროვებით საპენსიო სისტემასთან ერთად. ნიშანდობლივია, რომ საპენსიო ფონდებს დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლიათ კაპიტალის ბაზარზე, თუმცა, როგორც 2010 წელს, National Graduate Institute for Policy Studies–ის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაშია[15] აღნიშნული, საპენსიო ფონდებს კაპიტალის ბაზარზე დადებითი გავლენის მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, როდესაც ქვეყნის ფინანსური სისტემა ძლიერია, დაბალი ეკონომიკური განვითარების მქონე ქვეყნებში საპენსიო ფონდები ხელს ვერ უწყობენ კაპიტალის ბაზრის განვითარებას. საქართველოს ეკონომიკური რეალობის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საპენსიო ფონდების არსებობამ ხელი შეუწყოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, სწორედ არადამაიმედებელი ეკონომიკური პერსპექტივების ფონზე.
რეფორმისათვის სერიოზულ გამოწვევას ქმნის საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიების არ არსებობა, რადგან სწორ, საზოგადოებრივ ინფორმირებულობას რეფორმის აუცილებლობის, რისკებისა და სარგებლის შესახებ, აქვს უდიდესი მნიშვნელობა სისტემის წარმატებულობისათვის. დღვანდელი მდგომარეობით, დაგეგმილი რეფორმის შესახებ მხოლოდ ვიწრო, პროფესიულ წრეებში ფლობენ ინფორმაციას, ხოლო როგორც ბატონი ოთარი აცხადებს, აღნიშნული კომპონენტი არ არის გათვალისწინებული რეფორმის კონცეფციაში, თუმცა აღნიშნული მიმართულებით, საპენსიო რეფორმის სამსახურის მიერ, აუცილებლად გადაიდგება კონკრეტული ნაბიჯები.
ზემოთ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ვფიქრობ, დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა ჯერ ნაადრევია საქართველოს ეკონომიკისათვის და მეტიც, რეფორმა ვერ განხორციელდება წარმატებით, რადგან რეფორმის არსებული კონცეფცია ვერ პასუხობს ეროვნული ეკონომიკის დღეს არსებულ ნიადაგს. ამასთან, შემოთავაზებული კონცეფცია არის არა სოციალური, არამედ მეტწილად ეკონომიკური პროექტი. აღნიშნულს ცხადყოფს ის ფაქტიც, რომ მის ადმინისტრირებას ახდენს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და არა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. არსებული კონცეფცია ემყარება „გრძელი ფულის“ მასის შექმნის იდეას, რის განკარგვასაც მოახდენენ კერძო, საპენსიო კომპანიები, რომლებიც, თუ კი მსოფლიო გამოცდილებას[16][17][18] გადავხედავთ, ხშირად იქცევიან, მთავრობათა მიერ, პოლიტიკური მანიპულაციის ინსტრუმენტად.
ვფიქრობ, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მოხდეს არსებული, სახელმწიფო პენსიის მიზნობრიობის განსაზღვრა იმგვარად, რომ სოციალური პენსია მიიღოს მხოლოდ ამის საჭიროების მქონე პენსიონერმა და არა ყველამ, განურჩევლად ეკონომიკური მდგომარეობისა და სამუშაო პერიოდის მოცულობისა.
და ბოლოს, დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვისათვის აუცილებელია მთავრობის ეკონომიკური გუნდის მხრიდან გააქტიურდეს შესაბამისი სამუშაოები ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისათვის, გრძელვადიანი ინვესტიციების მოსაზიდად, რომელიც შეამცირებს უმუშევრობის დონეს და გაზრდის მოსახლეობის ეკონომიკურ პოტენციალს, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს როგორც ქვეყანაში, ასევე მოსახლეობაში დანაზოგების გაჩენას.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), ბრემენის უნივერსიტეტის ან გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას. შესაბამისად, აღნიშნული ორგანიზაციები არ არიან პასუხისმგებელნი სტატიის შინაარსზე.
გამოყენებული ლიტერატურა :
[1] საქართველოს მთავრობა – საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო-2020“, 2014 წელი. http://static.mrdi.gov.ge/551018320cf24147438b16fd.pdf
[2] ზაზა წულაძე – საქართველო 2020: ოპტიმისტური და პესიმისტური პროგნოზები, 2014 წელი. http://www.amerikiskhma.com/content/georgia-economic-forecast-to-2020/1867802.html
[3] საპენსიო რეფორმის სამსახური, საქართველოს ეკონომიკსა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. http://www.economy.ge/ge/sapensio-reformis-samsaxuri
[4] Inews.ge: საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა. http://news.vitube.ge/index.php?page=single&id=4759&posttitle=sapensio_reformasTan_dakavshirebiT_eqspertebTan_shexvedra_gaimarTa
[5] დემნა დევდარიანი – საპენსიო სისტემის რეფორმის მიმდინარეობის ანალიზი, 2015 წელი. http://georgia2020blog.org/2016/01/22/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9D-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B/
[6] ჟურნალი „ქართული პოლიტიკა“: „საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობა“, 2015 წელი. http://www.georgianpolitics.com/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1/
[7] საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – შრომი ბაზრის კომპონენტის კვლევა, 2015 წელი. http://www.moh.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=29&info_id=2590
[8] საჯარო სამსახურის ბიუროს 2015 წლის ანგარიში. http://csb.gov.ge/uploads/2015_GEO_web.pdf
[9] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ბიზნეს სექტორში დასაქმებულ პირთა რაოდენობა 2015 წლის მესამე კვარტლის მიხედვით. http://www.geostat.ge/?action=page&p_id=211&lang=geo
[10] ტაბულა: ივლისში ეკონომიკურმა ზრდამ წინა წელთან შედარებით 2.4-ჯერ იკლო, 2015 წელი. http://www.tabula.ge/ge/story/99169-ivlisshi-ekonomikurma-zrdam-tsina-tseltan-shedarebit-24-jer-iklo
[11] ტაბულა: 2015 წელს საქართველოში შემოსული ტურისტების რიცხვი 0.7%-ით შემცირდა, 2015 წელი. http://www.tabula.ge/ge/story/99241-2015-tsels-saqartveloshi-shemosuli-turistebis-ricxvi-07-it-shemcirda
[12] მარიამ ჩაჩუა, Fact check, 2014 წელი: http://factcheck.ge/article/saqarthvelo-dghesats-gharibi-qveqhanaa-gdp-per-capita-aris-6-athasi-118-qveqhana-dgas-saqarthvelos-tsin-chven-119-e-varth-chven-gavaormageth-gdp-per-capita-2003-tslidan-moqholebuli-imisathvis-rom-a/
[13] Martin Amstrong, 2014 – Polish Pension Funds Seized by Government – Who is Next? http://www.armstrongeconomics.com/archives/25144
[14] მარი ჯავახიშვილი: Businesspressnews: როგორ უნდა განვითარდეს კაპიტალის ბაზარი საქართველოში, 2015 წელი. http://www.bpn.ge/finansebi/13823-rogor-unda-ganvithardes-kapitalis-bazari-saqarthveloshi.html?lang=ka-GE
[15] Channarith Meng, National Graduate Institute for Policy Studies (GRIPS): The Role of Pension Funds in Capital Market Development, 2010. http://www.grips.ac.jp/r-center/wp-content/uploads/10-17.pdf
[16] http://www.bloomberg.com/bw/articles/2014-08-18/russia-seized-citizens-pension-funds-dot-could-that-happen-in-the-u-dot-s-dot
[17] http://blogs.telegraph.co.uk/finance/ambroseevans-pritchard/5504137/Argentina_seizes_pension_funds_to_pay_debts_Whos_next/
[18] http://www.institutionalinvestor.com/article/3336830/investors-pensions/can-polands-private-pension-funds-survive-governments-bond-grab.html