პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებები ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეს უქმნის

განცხადებები 14 მაისი 2016

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის განსაკუთრებულ აღშფოთებას გამოხატავს საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებების გამო და მივიჩნევთ, რომ საკანონმდებლო ორგანოს ქმედება მიმართულია არამხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი შემადგენლობის ან/და კონკრეტული მოსამართლეების წინააღმდეგ, არამედ - მთლიანად საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზებისა და მისი უმნიშვნელოვანესი როლის დაკნინებისკენ, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიული სახელმწიფოსთვის აუცილებელ ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიცაა: კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების აღიარება და დაცვა, ხელისუფლების დანაწილება და კონსტიტუციური მართლმსაჯულების ჯეროვნად, ეფექტურად და მიუკერძოებლად განხორციელება.

 

ცვლილებების მიღების პროცესი

 

აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა ხსენებული ცვლილებები მიიღო განსაკუთრებით შემჭიდროვებულ ვადებში, დახურული და გაუმჭვირვალე პროცესის პირობებში. კერძოდ, კანონპროექტში განხორციელებული ცვლილებები, კომიტეტის სხდომამდე საჯაროდ არ იყო ხელმისაწვდომი, რაც, ფაქტობრივად, გამორიცხავდა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის მქონე საკითხებზე საზოგადოებრივი დისკუსიების წარმართვას და პოზიციის დაფიქსირებას.

 

აღნიშნულის პარალელურად, 2016 წლის 11 მაისს, საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა გამოაქვეყნეს განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი მიესალმებიან საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განზრახვას, საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები გადაეგზავნოს ვენეციის კომისიას, რათა მომზადდეს შესაბამისი დასკვნა კანოპროექტის მე-2 მოსმენით განხილვამდე.

 

საკანონმდებლო ორგანომ, არამხოლოდ დაარღვია აღნიშნული პირობა, არამედ კანონპროექტის პლენარულ სესიაზე მე-2 მოსმენით მიღებიდან მხოლოდ რამდენიმე საათში (არასამუშაო საათებში), ხსენებულმა კომიტეტმა უკვე მე-3 მოსმენით მიიღო ცვლილებები, რაც შემდგომ, პლენარულ სესიაზე დამტკიცდა.

 

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ კანონპროექტის ინიცირება და მისი მიღება, წარმოადგენდა ხელისუფლების ერთგვარ ნეგატიურ რეაქციას სასამართლოს მიერ მიღებულ, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ, თუმცა ხელისუფლებისთვის არასასურველ გადაწყვეტილებებზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესებამდე გარკვეული ჯგუფების მხრიდან ადგილი ქონდა სასამართლოს წევრების მიმართ განხორციელებულ სამართალდარღვევის ფაქტებს, რაც ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეაგირების გარეშე რჩებოდა.

 

პრობლემური საკითხები

 

აღნიშნული ცვლილებები საფრთხეს უქმნის:

 

- პლენუმის (სასამართლოს სრული შემადგენლობის) მიერ გადაწყვეტილების დროულად მიღებას - სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია, თუ მას ესწრება 9 მოსამართლიდან 7 მოსამართლე, ხოლო გადაწყვეტილება (მათ შორის ნორმის შეჩერების თაობაზე) მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სრული შემადგენლობის 2/3. გადაწყვეტილების მისაღებად ამგვარი მაღალი კვორუმის დადგენა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის ვენეციის კომისიის შეფასებებს და დიდი ალბათობით, გამოიწვევს სასამართლოს პარალიზებას.

 

- 4 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიის უფლებამოსილებების ჯეროვან განხორციელებას - კოლეგიის თითოეული მოსამართლე, რომელიც არ ეთანხმება უმრავლესობის გადაწყვეტილებას, უფლებამოსილი იქნება, მოითხოვოს საქმის პლენუმისადმი გადაცემა, რაც საფრთხეს უქმნის კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების დროულად და ეფექტურად მიღებას

 

-კონკრეტულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებას - შემოთავაზებული ვერსიით, ნებისმიერი დავა, რომელიც შეეხება ორგანული კანონის კონსტიტუციურობას ადამიანის უფლებებთან მიმართებით, უნდა განიხილოს პლენუმმა ზემოხსნებული კვორუმის გათვალისწინებით. აღნიშნულ საკითხებში მოიაზრება საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული დავები, თავად საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა, ასევე სადავო ნორმის შეჩერების და მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მოითხოვს სასამართლოს მხრიდან სწრაფ და ეფექტურ მოქმედებას.

 

-სამართალწარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლებებს და ინტერესებს - სასამართლოს წევრის 10-წლიანი ვადის ამოწურვისას, იგი ავტომატურად წყვეტს საქმიანობას, რაც გულისხმობს იმას, რომ წინა შემადგენლობის მიერ არსებითად განხილული საქმეები, საწყის ეტაპზე უნდა დაბრუნდეს, რაც საკონსტიტუციო მართლმსაჯულების სპეციფიკის გათვალისწინებით, სამართალწარმოებაში მონაწილე მხარეებს მნიშვნელოვნად დააზარალებს. ამან ასევე შეიძლება გადატვირთოს სასამართლო, რადგან ახლად დანიშნულ მოსამართლეებს ახალი სარჩელების პარალელურად მოუწევთ უკვე განხილული საქმეების ხელახალი განხილვაც.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ მოცემული საკანონმდებლო ცვლილებები უხეშად არღვევს დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებს და საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას, მიზნად ისახავს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებების დასუსტებისა და პროცედურათა გართულების გზით მისი ეფექტურობის შემცირებას და ფაქტობრივ პარალიზებას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის სტატისტიკა

11.10.2024

საჯარო მმართველობის რეფორმა ევროკავშირში გაწევრების კონტექსტში

07.10.2024

“ლიზიკო აბზიანიძის მოგონებების” პრეზენტაცია

03.10.2024

საქართველოს შედეგები გაეროს ელექტრონული მმართველობის ინდექსში

03.10.2024
განცხადებები

საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი მოვალეობა არ შეასრულა

09.10.2024

პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს

24.09.2024

კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევას ეხმიანება

19.09.2024

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024
ბლოგპოსტები

საქართველოს ევროპული მომავალი: რა მოლოდინი აქვს ევროკავშირს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით?

09.10.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024