კოალიციის შეფასებით მოქმედმა საბჭომ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი უნდა შეაჩეროს

განცხადებები 4 აპრილი 2017

 

კოალიცია ეხმიანება მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსს, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 84 ვაკანტურ თანამდებობაზე, მიმდინარე წლის 17 თებერვალს გამოაცხადა. კონკურსის ფარგლებში უკვე მოხდა განაცხადების გადარჩევა და გასაუბრებაზე 105 კანდიდატის დაშვების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

 

საბჭო მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსს ატარებს კანონმდებლობით, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო და რომელშიც საქართველოს პარლამენტმა 1 ივლისამდე ცვლილებები უნდა შეიტანოს. დღეისათვის უცნობია, როგორ უზრუნველყოფს პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას და რა შინაარსის ცვლილებები შევა მოსამართლეთა შერჩევის წესში. შესაბამისად, უცნობია, კონკურსში მონაწილე კანდიდატებიდან ვინ დაექვემდებარება გამოსაცდელი ვადით დანიშვნას, ვინ განთავისუფლდება გამოსაცდელი ვადის გავლის ვალდებულიბისაგან და რა წესით უნდა მოხდეს იმ მოსამართლეების თანამდებობაზე დანიშვნა, რომლებზეც არ გავრცელდება გამოსაცდელი ვადა. მიუხედავად არსებული ბუნდოვანი და არაპროგნოზირებადი საკანონმდებლო გარემოსი, საბჭო აგრძელებს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს და ცდილობს სასამართლო სისტემაში არსებული ვაკანსიების შევსება არსებული ხარვეზიანი წესით მოახდინოს, იქამდე, სანამ კანონში შევა ცვლილებები.  

 

გასათვალისწინებელია, რომ საბჭოს წევრთა დიდ ნაწილს უფლებამოსილების ვადა ახლო მომავალში ეწურება, დარჩენილი ვადები კი არ იძლევა შესაძლებლობას, საბჭოს მოქმედმა შემადგენლობამ დადგენილი წესის სრულფასოვანი დაცვით, პროცესის დაუჩქარებლად, ობიექტურად და დამსახურების პრინციპით შეარჩიოს მოსამართლეები. ამასთან, მოსამართლეთა შერჩევის პროცესი გამორიცხავს მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას საბჭოს ისეთი წევრის მიერ, რომელსაც არ მიუღია მონაწილეობა მოსამართლეთა შერჩევის (ინფორმაციის შესწავლისა და გასაუბრების) პროცესში.

 

გარდა ამისა, მთელი რიგი გარემოებები, რასაც ადგილი ჰქონდა კონკურსის გამოცხადებამდე და გამოცხადების შემდეგ, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ საბჭოს მოქმედი შემადგენლობა ცდილობს ნაჩქარევად ჩაატაროს კონკურსი. ამასთან, აღნიშნული გარემოებები იმაზეც მიანიშნებენ, რომ შესაძლოა საბჭოს გადაწყვეტილებას, ჩაატაროს კონკურსი არასრულყოფილი კანონმდებლობის პირობებში და ნაჩქარევად, საფუძვლად უდევს წინასწარი შეთანხმება  საბჭოს რიგ წევრებსა და ცალკეულ მოსამართლეებს შორის, კონკურსის შედეგად მათი უპირობოდ დანიშვნის თაობაზე.

 

კოალიცია წარსულში არაერთხელ გამოეხმაურა მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსების მიმდინარეობას, რომელთა შედეგადაც ასზე მეტი მოსამართლე გაუმჭვირვალე და დაუსაბუთებელი წესით დაინიშნა თანამდებობაზე. სამწუხაროდ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერც მიმდინარე კონკურსის ფარგლებში მოახერხა იმ ეჭვების გაქარწყლება რაც მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსების გაუმჭვირვალედ და არაობიექტურად ჩატარების პრაქტიკას უკავშირდება. ამავდროულად, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანამდე, სასამართლო სისტემაში არსებული ვაკანსიების დიდი ნაწილის შევსება ამცირებს შემდგომში მოსამართლეთა შერჩევის წესის გაუმჯობესების მნიშვნელობას. 

 

მთელი რიგი გარემოებების თანხვედრა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საბჭომ მიზანმიმართულად არ იზრუნა კონკურსის დროულად გამოცხადებაზე და სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა სიმცირით გამოწვეული მდგომარეობის შემსუბუქებაზე, რაც სრულად საბჭოს პასუხისმგებლობაა. ამასთან, კოალიცია აცნობიერებს მოსამართლეთა გადატვირთულობის პრობლემას, ასევე მხედველობაში იღებს სოციალურ ფაქტორებს, რაც არაერთი მოსამართლის ვადის ამოწურვას უკავშირდება, თუმცა, მიგვაჩნია, რომ  მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის გამჭვირვალედ და ობიექტურად წარმართვა ის პრინციპია, რომლის დაცვაზეც დიდწილად არის დამოკიდებული სასამართლო სისტემის მდგომარეობა მომდევნო ათწლეულების განმავლობაში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მოვუწოდებთ:

 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს:

 

- შეაჩეროს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, საბჭოს ახალი შემადგენლობის შეკრებამდე.

 

- არ მიიღოს მოსამართლეების გამოსაცდელი ვადით განწესების თაობაზე გადაწყვეტილება საკონსტიტიციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესასრულებლად საკანონმდებლო ცვლილებების მიღებამდე (2017 წლის 1 ივლისი), რომლითაც სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ზოგადი წესი უნდა იქნას შემოღებული.

 

-საბჭოს მოქმედმა შემადგენლობამ აქტიურად დაიწყოს მუშაობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე წინადადებების მომზადებაზე, საქართველოს პარლამენტთან და ფართო საზოგადოებასთან თანამშრომლობით.

 

 საქართველოს პარლამენტს:

 

- დროულად და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სულისკვეთების გათვალისწინებით მოხდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესის შემუშავება. განისაზღვროს სპეციალური რეგულირება, იმ ყოფილი მოსამართლეებისთვის, რომლებიც უკვე არიან დანიშნული გამოსაცდელი ვადით და მათი უვადოდ განწესების საკითხზე საბჭომ ინდივიდუალურად და წინასწარ დადგენილი ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება.

  

დანართი:

 

კოალიცია დეტალურად წარმოგიდგენთ იმ გარემოებებს, რომლებიც მიუთითებენ მიმდინარე კონკურსის  მნიშვნელოვან დარღვევებზე, საბჭოს მცდელობაზე მოსამართლეთა დანიშვნა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე დაასრულოს, რაც, საერთო ჯამში,  მოსამართლეთა დანიშვნის  ობიექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს:

 

- კონკურსი დაჩქარებულად და ხარვეზებით მიმდინარეობს. ჯერ კიდევ 2016 წლის აგვისტოდან საბჭოს დღის წესრიგი თითქმის ყველა სხდომაზე ითვალისწინებდა მოსამართლეთა კონკურსის გამოცხადების საკითხს, თუმცა  საბჭოს მდივნის ინიციატივით, სათანადო განმარტებების გარეშე, ხდებოდა საკითხის გადადება და საბოლოოდ კონკურსი 2017 წლის 17 თებერვალს გამოცხადდა. იმის გათვალისწინებით, რომ საბჭოს მოქმედი შემადგენლობის უმრავლესობას უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის ივნისში ეწურება, მოსალოდნელია კონკურსის სწორედ ამ პერიოდამდე დასრულება. შესაბამისად, 2 თვის ვადაში საბჭომ უნდა შეისწავლოს სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეთა განხილული საქმეები (სულ 325 საქმე), ყველა კანდიდატის შესახებ დამატებით მოძიებული ინფორმაცია, ჩაატაროს გასაუბრებები 105 კანდიდატთან და მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.  მოსამართლეთა დიდი ნაწილისთვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე კონკურსის გამოცხადების საჭიროებაზე მითითება არაერთხელ გაკეთდა ვახტანგ მჭედილიშვილის, პრეზიდენტის კვოტით დანიშნული საბჭოს წევრის მხრიდან, თუმცა უშედეგოდ. დღეის მდგომარეობით, სასამართლოებში 84 თანამდებობა ვაკანტურია და შესაბამისად, სასამართლოები მნიშვნელოვნადაა გადატვირთული საქმეებით, რაზეც საბჭო აპელირებს კონკურსის დაჩქარებულად წარმართვისას.

 

მოსამართლეთა დანიშვნის ახალი წესის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 5 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს კონკურსში მონაწილე მოსამართლეობის კანდიდატთა განცხადებებსა და თანდართულ დოკუმენტებს და განხილვის დასრულებისთანავე ვებგვერდზე აქვეყნებს იმ მოსამართლეობის კანდიდატთა მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებს, რომელთა დოკუმენტებიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. კონკურსის მეორე ეტაპზე დაშვებულ კანდიდატთა სია 24 მარტის სხდომაზე განისაზღვრა, თუმცა დღემდე გამოქვეყნებული არ არის კანდიდატთა მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები, ხოლო კანდიდატთა სია 29 მარტამდე ცნობილი არ გამხდარა. ასევე, კონკურსი ისე მიმდინარეობს, რომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საბჭოს, ჯერჯერობით, კონკურსის მარეგულირებელი შინა ნორმატიული აქტები „მესამე ტალღის” ცვლილებებთან შესაბამისობაში არ მოუყვანია. კონკურსის ნაჩქარევად წარმართვაზე და თანმდევ ხარვეზებზე საბჭოს სხდომაზე ყურადღება გაამახვილა პრეზიდენტის კვოტით დანიშნულმა წევრმა, რამაც საბჭოს დანარჩენი წევრების აგრესია გამოიწვია.

 

მიმდინარე კონკურსი აჩენს ეჭვებს შესაძლო არაფორმალურ გარიგებებზე.  საბჭოს არსებული შემადგენლობის ⅔-ს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის ივნისში ეწურება. ამასთან,საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, 1 ივლისიდან ყოფილი მოსამართლეებისთვის უვადოდ განწესების ზოგადი წესი უნდა ამოქმედდეს. არსებულ ვითარებაში ყოფილი და მოქმედი მოსამართლეების ინტერესი მონაწილეობა მიიღონ მიმდინარე კონკურსში ეჭვებს აჩენს საბჭოს არსებულ შემადგენლობასთან შესაძლო არაფორმალურ გარიგებებზე. მე-2 ეტაპზე დაშვებული 105 კანდიდატიდან 85 სწორედ ყოფილი ან მოქმედი მოსამართლეა.

 

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს კონკურსში უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების 9 მოსამართლის მონაწილეობის საკითხი, რომელთა შორის არიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი, მიხეილ ჩინჩალაძე და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ოთარ სიჭინავა. როგორც ცნობილია, 2016 წლის დეკემბრის დასასრულს, „მესამე ტალღის” საკანონმდებლო პაკეტში ნაჩქარევად, უშუალოდ მესამე მოსმენის წინ, ყოველგვარი წინასწარი საჯარო კონსულტაციების გარეშე შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც მოსამართლის თანამდებობაზე განწესების 3-წლიანი ვადა არ ვრცელდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ან უზენაესი სასამართლოს მოქმედ ან ყოფილ წევრზე და ისინი უვადოდ ინიშნებიან. უნდა ითქვას, რომ დიდი ხნის განმავლობაში ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური გუნდი არ თანხმდებოდა მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადის ინსტიტუტის გადახედვას, რაც ამყარებს ეჭვებს, რომ აღნიშნული ცვლილებები კანონმდებლობაში შესაძლოა გამიზნულად, წინასწარი და არაფორმალური გარიგებების შედეგად, კონკრეტული პირების სასარგებლოდ შევიდა.

 

- კონკურსის პირობები წინასწარ განსაზღვრული არაა და კანდიდატებისთვის უცნობია რა ვადით და რა პროცედურით მოხდება მათი თანამდებობაზე დანიშვნა. როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით 2017 წლის პირველი ივლისიდან  ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის 41 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლის თანამდებობაზე იმ პირის განწესებას 3 წლის ვადით, რომელიც არის მოქმედი ან ყოფილი მოსამართლე და აქვს სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ, რომელიც კონკურსის გამოცხადებამდე იქნა მიღებული,  საბჭოს წევრებში გამოიწვია დისკუსია იმასთან დაკავშირებით თუ რა ვადით უნდა მომხდეს მოსამართლეების გამწესება მიმდინარე კონკურსის ფარგლებში. საბჭოს ზოგიერთი წევრი ემხრობა კანდიდატების უვადოდ გამწესებას უშუალოდ კონსტიტუციიდან გამომდინარე, ხოლო დანარჩენი წევრები მხარს უჭერენ 1 ივლისამდე არსებული რეგულაციის მიხედვით ყველა მოსამართლის გამოსაცდელი ვადით დანიშვნას. კონკურსის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, თუმცა საბჭო ამ საკითხზე ჯერაც არ შეთანხმებულა.  ამდენად კანდიდატებისთვის უცნობია, თუ რა წესით მოხდება მათი გამწესება, რაც კონკურსის პირობებს განუჭვრეტადს ხდის.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024