საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2020

სიახლეები | აქტუალური თემები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი | ანგარიში 1 ივნისი 2021

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 2010 წლიდან ახორციელებს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს. IDFI-ის სისტემურმა მონიტორინგმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ძირითადი ტენდენციებისა და პრობლემების გამოვლენაში, საზოგადოებრივი კონტროლის ქმედითი მექანიზმების დანერგვაში, საჯარო სექტორის ანგარიშვალდებულებისა და ღია მმართველობის განვითარებაში.

 

2020 წელი, ქვეყანაში  COVID 19 პანდემიით შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გათვალისწინებით, გამორჩეული იყო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობით. პანდემიის ფონზე მნიშვნელოვნად გაიზარდა საბიუჯეტო სახსრების გაუმჭვირვალე და არარაციონალური განკარგვის რისკები, რაც განპირობებული იყო,  ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევებით, საზღვარგარეთიდან მიღებული დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდით, სატენდერო პროცედურების გარეშე განხორციელებული შესყიდვებით და სხვა.

 

2020 წელს კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის  შეზღუდვასთან დაკავშირებით არსებობდა შემდეგი ძირითადი გამოწვევები:

 

გამოწვევაN1 - საჯარო ინფორმაციის გაცემის სამართლებრივი შეზღუდვა - 2020 წლის 21 მარტიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომლის მოქმედების ვადით შეიზღუდა კონსტიტუციით გარანტირებული ცალკეული უფლებები. მათ შორის, შეჩერდა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადები. ვადის შეჩერება გავრცელდა იმ შემთხვევებზეც, როდესაც საჯარო ინფორმაცია მოთხოვნილ იქნა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე და არ იყო გასული ინფორმაციის გაცემის კანონით დადგენილი ვადა. საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდა, შესაბამისად 2020 წელს  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 2 თვით იყო შეჩერებული.

 

 გამოწვევა N2 - პანდემიის სპეციფიკით გამოწვეული სირთულეები - კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, საჯარო მოსამსახურეთა გარკვეული ნაწილი დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა. შესაბამისად, არსებობდა რისკი თუ რამდენად ეფექტიანად შეძლებდნენ საჯარო დაწესებულებები მსგავს სამუშაო პირობებში,  სათანადო პროცესის კოორდინაციას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. ამასთან, სხვადასხვა უწყებაში ვირუსის შესაძლო გავრცელება, კონკრეტული უწყების პანდემიასთან ბრძოლის პროცესში უშუალო ჩართულობა და სხვა მსგავსი ფაქტორები,  საფრთხეს უქმნიდა  ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის საჭირო სამუშაო რესურსის მობილიზებას.

 

გამოწვევაN3 - საჯარო დაწესებულებების  არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება - არა ანგარიშვალდებული საჯარო დაწესებულებებისათვის  კორონავირუსის პანდემიით შექმნილი მდგომარეობა, შესაძლებელია გამხდარიყო საჯარო ინფორმაციის არაკეთილსინდისიერად შეზღუდვის დამატებითი მოტივი.

 

პანდემიის პირობებში არსებული გამოწვევების მიუხედავად, IDFI-იმ 2020 წელს განახორციელა საჯარო დაწესებულებების ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგი. საჯარო დაწესებულებათა ყველაზე ღია თუ დახურულ უწყებად დასახელების მრავალწლიანი უწყვეტი პრაქტიკა, ხელს უწყობს, მსგავს არაორდინალურ სიტუაციებშიც  ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტების შენარჩუნებას და საჯარო სექტორში ჯანსაღი კონკურენციის წახალისებას.

 

წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მდგომარეობის შეფასება 2020 წლის მონაცემებით.   ანგარიში ასევე, მოიცავს საჯარო ინფორმაციის გაცემის ტენდენციების ანალიზს 2010-2020 წლებში და საჯარო დაწესებულებათა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგებს.

 

რეიტინგების შედგენისას გამოყენებულ იქნა IDFI-ს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეფასების 2011 წელს შემუშავებული მეთოდოლოგია და კრიტერიუმები.

 

ძირითადი მიგნებები

 

- 2020 წელს 285  საჯარო დაწესებულებაში გაგზავნილი 6 258 მოთხოვნიდან  IDFI-იმ  პასუხი მიიღო 5,000 განცხადებაზე (80%);

 

- 2020 წელს საჯარო დაწესებულებებში გაგზავნილი 6,258  მოთხოვნიდან, IDFI-იმ  10 დღიანი ვადის დაცვით ინფორმაცია მიიღო  3,043 შემთხვევაში (48%);

 

- 2020 წელს საჯარო დაწესებულებების ყველაზე დიდმა ნაწილმა (30%) უპასუხოდ დატოვა ან უარი განაცხადა მრჩევლის, ექსპერტის და კონსულტანტის პოზიციებზე დასაქმებული პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მოწოდებაზე. რიგით მეორე,  ყველაზე დახურული ინფორმაცია დაკავშირებული იყო თანამდებობის პირებზე განპიროვნებული ავტომობილების მიერ გავლილი კილომეტრაჟის და საშუალო წვის მაჩვენებლებთან;

 

- 2020 წელს, განსაკუთრებით პრობლემური იყო ისეთი მოთხოვნების უპასუხოდ დატოვება, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლასთან იყო კავშირში და შესაბამისად, ამ ინფორმაციაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა.მაგ, მთავრობის მიერ გამოცემული განკარგულებების ასლები, ტურიზმის ამოქმედებისთვის განხორციელებული ღონისძიებები და სხვ.

 

- 2020 წელს დაწესებულებათა კატეგორიების მიხედვით, პროცენტულად ყველაზე მეტი მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს ან უარი განაცხადეს სახელმწიფო შპს-ებმა და ა(ა)იპებმა (74% უპასუხო, უარი); ხოლო, სრულყოფილი პასუხების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (85% სრულყოფილი) დაფიქსირდა საჯარო დაწესებულებათა ჯგუფში, რომელიც აერთიანებს: აჭარის ა/რ-ის მთავრობა და სამინისტროები, აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია.

 

- 2020 წელს საჯარო ინფორმაცია სრულყოფილი სახით და 10 დღიანი ვადის დაცვით  19-მა საჯარო დაწესებულებამ გასცა (მათ შორის, , სახალხო დამცველის აპარატი, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური); 

 

- 2020 წელს, IDFI-ის მიერ ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად  შეფასდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და  მთლიანად იუსტიციის სამინისტროს სისტემა;

 

- 2020  წელს მთავრობის ადმინისტრაციის და  იუსტიცის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების  გარდა, კიდევ 13 დაწესებულება (მათ შორის სახელმწიფო ხაზინა) აღმოჩნდა ისეთი, რომელმაც  IDFI-ის ყველა მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა;

 

- ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები მიიღო საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ  - 98,14%  ხოლო ყველაზე დაბალი იუსტიციის სამინისტრომ (5,45%) და ფინანსთა სამინისტრომ (12,91%) ;

 

- 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს 14 ცენტრალური საჯარო დაწესებულებებიდან 10-მა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი გააუარესა.მათ შორის, ფინანსთა სამინისტრო (-45,7%), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (-35,84%) შინაგან საქმეთა სამინისტრო (-30,26%), პრეზიდენტის ადმინისტრაცია (-26,18%);

 

 

- 2020 წელს საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული პასუხების მაჩვენებელი (80%) 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია;

 

- 2020 წელს, წინა წელთან შედარებით,  სრულყოფილი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი 6%-ით შემცირდა, ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების მაჩვენებელი კი 4%-ით გაიზარდა;

 

- 2020 წელს სამინისტროებს დაქვემდებარებულმა უწყებების სრულყოფილად გაცემული პასუხების (47%) და უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების (41%)  მაჩვენებლები, ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგია. 

 

- 2012 წლის შემდეგ, პირველად  ვადის დაცვით გაცემულ პასუხებს აჭარბებს 10 დღიანი ვადის დარღვევის შემთხვევები, რასაც  მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი, კორონავირუსის პანდემიის პირობებში  საჯარო სექტორში სამუშაო პროცესის გართულებამ (დისტანციურ სამუშაო პირობებზე გადასვლა, პანდემიასთან ბრძოლაში ჩართულობა და სხვ.).

 

დასკვნა

 

2020 წელს განხორციელებული IDFI-ის მონიტორინგის შედეგების თანახმად ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი წინა წელთან შედარებით კვლავ  გაუარესდა. ბოლო წლების  უარყოფითი ტენდენციის გაგრძელებას, 2020 წელს მნიშვნელოვნად ხელი შეუწყო, ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიით შექმნილმა კრიზისულმა მდგომარეობამ. კერძოდ,  მთელი რიგი უწყებებისათვის, პანდემიის შედეგად  შეცვლილ სამუშაო პირობები (დისტანციური სამუშაო რეჟიმი, პანდემიასთან ბრძოლაში ჩართულობა და სხვ.)  შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სათანადო უზრუნველყოფის პროცესში.  შედეგად, 2020 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების, ასევე კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით გაცემული პასუხების მაჩვენებელი.   2012 წლის შემდეგ პირველად 2020 წელს ვადის დაცვით გაცემულ პასუხებს აჭარბებდა 10 დღიანი ვადის დარღვევის შემთხვევები.

 

2020 წელს,  განსაკუთრებით პრობლემურად უნდა შეფასდეს, ისეთი საჯარო დაწესებულებებიდან ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აკისრიათ ქვეყანაში დემოკრატიული  ღირებულებების დაცვის ხელშეწყობაში, ასევე  პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში გამჭვირვალობის უზრუნველყოფის პროცესში. მაგალითად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია რომელიც  პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი მაკოორდინირებელი ორგანოა,  უნდა წარმოადგენდეს მოქალაქეთა ინფორმირების შეუფერხებელ წყაროს. იუსტიციის სამინისტროს სისტემა, რომლის მთავარი ამოცანაა  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ეროვნული კანონმდებლობის განვითარებაზე ზრუნვა და ქვეყანაში კანონის უზენაესობის განმტკიცება,  სამწუხაროდ, თავად იჩენს უპატივცემულობას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ და უგულებელყოფს დემოკრატიულ სახელმწიფოში საჯარო დაწესებულებზე კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს. ფინანსთა სამინისტროდა მისი დაქვემდებარებული უწყებები, რომლებიც უნდა წარმოადგენდნენ საჯარო სექტორში ფინანსური გამჭვირვალობის გარანტს, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის ფონზე,  თავად  ზღუდავენ  სახელმწიფო ფინანსების განკარგვასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის გაცემას.

 

ბოლო წლების პრაქტიკა ნათლად აჩვენებს სახელმწიფო შპს-ების და ა(ა)პების მიერ  ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არსებულ არასახარბიელო დამოკიდებულებას.  მიუხედავ იმისა, რომ აღნიშნული უწყებები ხშირ შემთხვევაში ასრულებენ საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას, განკარგავენ საჯარო ფინანსებს, IDFI-ს მიერ გაგზავნილ მოთხოვნებს ძირითად შემთხვევაში  ან უპასუხოდ ტოვებენ ან განმარტავენ რომ ისინი არ წარმოადგენენ ადმინისტრაციულ ორგანოს და მათზე არ ვრცელდება საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება. ამ მხრივ, შესაძლებელია სტრატეგიული მნიშვნელობის აღმოჩნდეს 2020 წელს IDFI-ს მიერ  ა(ა)იპ მედია აკადემიასთან წარმოებული სასამართლო დავა, რომლის ფარგლებში აღნიშნულ უწყებას დაევალა მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა.

 

მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, 2020 წელს  გაგზავნილ წერილებზე მიღებული პასუხების მაჩვენებლით (80%) კვლავ, შენარჩუნებულია 2014  წლის შემდეგ დამკვიდრებული 80%-იანი კრიტიკული ზღვარი, რაც  უმეტესწილად,  ცალკეული საჯარო დაწესებულებების მაღალი ანგარიშვალდებულებით არის განპირობებული.  კერძოდ, ისეთი, საჯარო დაწესებულებები როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახური, სახალხო დამცველის აპარატი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სხვა  წლების განმავლობაში (მათ შორის კრიზისული მდგომარეობის დროს) ინარჩუნებენ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო მაჩვენებელს და  ჯეროვნად ასრულებენ საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებას.  სამწუხაროდ, ცალკეული უწყებების მიერ (მაგალითად, იუსტიციის სამინისტროს სისტემა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, სახელმწიფო ხაზინა  და ა.შ.)  წლების განმავლობაში დამკვიდრებული დაბალი ანგარიშვალდებულების პრაქტიკა, უარყოფითად აისახება  საქართველოს საჯარო სექტორის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საერთო მაჩვენებელზე და მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყანაში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხის გაუმჯობესების პროცესს.  

 

   საჯარო დაწესებულებების სრული რეიტინგი იხილეთ აქ: www.foi.idfi.ge

 

 

/public/upload/Analysis/2020-access to public information in Goergia GEO.pdf

____

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს. 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია

22.10.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024