ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 17 თებერვალი 2012

(ლევან ავალიშვილი)

 

„საქართველოს სახელმწიფო აპარატი, როგორც ყველაზე ეფექტური და გამჭვირვალე, ახალი ზელანდიის შემდეგ მეორე ადგილზეა. გამოკითხვა 80 ქვეყანაში ჩატარდა. საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, რეიტინგით ყველა ჩვენს შემდეგაა, აღარაფერს ვამბობ რუსეთზე, ვენესუელასა და სხვა ქვეყნებზე. ეს იმ რეფორმების შედეგია, რომლებსაც ჩვენ, ყველა ერთად, ბოლო წლების განმავლობაში ვატარებთ. ეს ის სიამაყეა, რომელიც მე თითოეული თქვენგანის საქმიანობის გამო მაქვს. დაფიქრდით სად ვიყავით 6-7 წლის წინ და სად ვართ დღეს“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 19 ოქტომბერს საჯარო მოხელეებთან შეხვედრის დროს.

 

მართლაც, თუკი ჩვენ გადავხედავთ ავტორიტეტული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ (Centre for Law and Democracy, Access Info Europe, International Budget Partnership) ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომელმაც 80 სხვადასხვა ქვეყანა მოიცვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აღმოვაჩენთ, რომ საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით და მნიშვნელოვნად უსწრებს ისეთი ინსტიტუციურად მყარი დემოკრატიის ქვეყნებს როგორც საფრანგეთი, ნორვეგია ან თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატებია.

 

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს ასეთი შედეგი მართლაც, რომ მოულოდნელი აღმოჩნდა ქართველი ჟურნალისტებისთვის, ამ სფეროში წლობით მომუშავე პროფესიონალებისთვის, საზოგადოებისთვის და დარწმუნებული ვარ თავად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვისაც, რომელიც ძალიან მოქნილად იყენებს სხვადასხვა საერთაშორისო ინტიტუტების მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებს ქვეყანაში გატარებული რეფორმების წარმატების საილუსტრაციოდ. ვფიქრობთ, ასეთ შედეგს შესაბამისი ახსნა-განმარტება სჭირდება.

 

საქართველოს ადგილი რეიტინგიში

რეიტინგი გამოქვეყნდა ანგარიშში, რომელიც მომზადდა სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წამოწყებული კამპანიის „დაუსვი შენს მთავრობას 6 კითხვა“ ფარგლებში. კითხვები სამ თემატურ კატეგორიად დაიყო: დედის და ბავშვის ჯამრთელობა, გარემოსდაცვა და საერთაშორისო დახმარება. ადგილობრივი პარტნიორების დახმარებით (საქართველოდან ამ კამპანიაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მონაწილეობდა) კითხვები დაეგზავნა 80 სხვადასხვა ქვეყნის შესაბამის უწყებებს. ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს საჯარო დაწესებულებებმა საჯარო ინფორმაცია 6-დან 4 შემთხვევაში სრულად გასცეს, ხოლო დანარჩენ ორ შემთხვევაში პასუხი არასრული სახით მიაწოდეს მომთხოვნს. ამავე დროს ანგარიშმა აჩვენა, რომ პასუხის გასაცემად საქართველოს უწყებებს საშუალოდ  11 სამუშაო დღე დასჭირდათ, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით მართლაც გამორჩეულ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობა საჯარო ინფორმაციის გაცემას უწყებებს დაუყოვნებლივ ან 10 კალენდარულ დღეში ავალდებულებს და შესაბამისად ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის დაცვით იქნა მიღებული.

 

მიუხედავად ასეთი შედეგისა აუცილებლად უნდა აღინიშნოს რამოდენიმე ფაქტი. პირველ რიგში სულ რაღაც 6 მოთხოვნიდან 2 არასრულყოფილი სახით იქნა მიღებული, რაც თავისთავად უკვე მიანიშნებს იმ ფაქტს, რომ მიუხედავად საქართველოს საჯარო უწყებების მიერ სხვა ქვეყნებთან შედარებით ამ კონკრეტულ კვლევაში ნაჩვენები მაღალი შედეგისა პრობლემი მაინც არსებობს. ამავე დროს რეიტინგის პირველ ხუთეულში მოხვედრილი საქართველო, სომხეთი და ნამიბია (ამ ქვეყანას ჯერ კიდევ არ აქვს მიღებული კანონი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ) ვერ ჩაითვლებიან  განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებად რაც ბადებს ბევრ კითხვას იმის შესახებ თუ რამდენად რეალურად ასახავს ანგარიში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ფაქტობრივ სურათს კვლევის ობიექტ ქვეყნებში.

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, არის სხვადასხვა კვლევების საფუძველზე გამოკვეთილი  ტენდენცია, რომ ახალი დემოკრატიის ქვეყნები ხშირად უკეთეს შედეგს აჩვენებენ ხოლმე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით ვიდრე  ტრადიციულად მყარი დემოკრატიის ქვეყნები. ერთ-ერთ მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ, ჩემი აზრით ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც Centre for Law and Democracy და Access Info Europe ეგიდით ჩატარდა. საერთაშორისო პროექტის ფარგლებში შეფასდა მსოფლიოს 89 ქვეყნის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კანონმდებლობა (Right to Information Act law). შედეგად აღმოჩნდა, რომ ამიერკავკასიის სამივე ქვეყნის RTI კანონმდებლობა გაცილებით დახვეწილია ვიდრე აშშ-ის, კანადის ან თუნდაც ნიდერლანდების. ასეთი ტრენდის ლოგიკა ანგარიშში შემდეგნაირად არის განმარტებული: „the top 20 countries with scores over 100 tend to be younger laws which reflect the progress made in international standard setting on this right in the past 20 years: with the exception of Finland (a score of 105 for a legal framework which includes a law adopted in 1951) the average age of the laws in the top 20 countries is just 5 years.

 

შეიძლება თუ არა 6 კითხვაზე მიღებული პასუხების საფუძველზე დადგინდეს ქვეყნის სახელმწიფო აპარატის ეფექტურად და გამჭვირვალედ ფუნქციონირების ხარისხი?

 

ვფიქრობ, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შესაძლებელია იმ ანგარიშებზე დაყრდნობით, რომელსაც საქართველოში, ამ სფეროში მოღვაწე, არასამთავრობო ორგანიზაციები (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო და სხვანი) მათ შორის „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI“ პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის - www.opendata.ge” ფარგლებში აქვეყნებენ. ამ პროექტის მსვლელობისას ინსტიტუტი რეგულარულად ითხოვს ფინანსური ხასიათის საჯარო ინფორმაციას საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა საჯარო  დაწესებულებიდან. მიღებული ინფორმაცია იტვირთება პროექტის ვებ-გვერდზე. ამავე დროს წარმოებს შესაბამისი სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხში საქართველოში არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა. მაგალითისთვის გამოდგება პროექტის პირველ ეტაპის (2011 წლის აპრილი-აგვისტო) დამუშავებული სტატისტიკური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ 2740 გაგზავნილ მოთხოვნაზე ინსტიტუტმა 346 არასრულყოფილი პასუხი მიიღო, ხოლო 641 შეკითხვა პასუხგაუცემელი დარჩა და უარის შემცვლელი, იგნორირებული და არასრულყოფილი პასუხების ჯამმა 39% მიაღწია:



 

დაჯამებული სტატისტიკიდან კიდევ უფრო კონკრეტული მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ იმის საილუსტრაციოდ, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემა ბევრ ფაქტორზე შეიძლება იყოს დამოკიდებული, მათ შორის რომელ ადმინისტრაციულ ორგანოს ეგზავნება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა, რა სახის ინფორმაციას ითხოვს პირი, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის პიროვნული დამოკიდებულება საკითხისადმი და ა.შ.  

 

მაგ.  პროექტის ფარგლებში საქართველოს 16 სამინისტროდან მიღებული პასუხების სტატისტიკის მიხედვით, IDFI-იმ 289 გაგზავნილი მოთხოვნიდან 47.40 % სრულად პასუხგაუცემელი დარჩა,  ხოლო სრულყოფილი ინფორმაცია მხოლოდ 40.48% შემთხვევაში იქნა მიღებული. სამინისტროების შემთხვევაში არც ვადები იქნა დაცული და მიღებული პასუხების 77.6% იყო ვადების დარღვევით მოწოდებული.  

 

მხოლოდ მშრალი სტატისტიკური ციფრებით, რომ არ შემოვიფარგლოთ ვფიქრობ საკმარისი იქნება რამოდენიმე მაგალითის მოყვანაც რეალურად არსებული მდგომარეობის წარმოსაჩენად. მაგ. IDFI-ი ისევე, როგორც სხვა ორგანიზაციები უკვე რამოდენიმე თვეა უშედეგოდ ცდილობენ მიიღონ ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ჯდება ან  ვინ აშენებს საქართველოს პარლამენტის ახალ შენობას ქ. ქუთაისში. ინსტიტუმა ასევე ვერ შეძლო მიეღო საქართველოს პრეზიდენტის რამოდენიმე ათეული ბრძანებულების ასლი და ა.შ. ამასვე მოწმობს იმ ჟურნალისტების გამოცდილებაც რომლებიც მნიშვნელოვან პრობლემებს აწყდებიან კონკრეტული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის პროცესში, ამავე ფაქტს ადასტურებს ის სასამართლო დავები რომლებიც რეგულარულად იმართება საჯარო ინფორმაციის საკითხების გარშემო.

 

მიუხედავად ზემოთ აღნიშნული პრობლემებისა ჩვენი გამოცდილებაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობა, მიუხედავად ზოგადი ხარვეზებისა და პრობლემებისა, რეალურად მუშაობს. ვფიქრობ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში საქართველოს პოზიციაც ამ ფაქტზე მოწმობს.  თუმცა, ვფიქრობ გადაჭარბებული იქნებოდა იმის მტკიცება, როგორც ამას საქართველოს ოფიციალური პირები აკეთებენ, რომ საქართველოს სახელმწიფო აპარატი, მსოფლიოს 80 ქვეყანას შორის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და გამჭვირვალეა. დარწმუნებული ვარ ეს სურვილი რეალურად შეიძლება განხორციელდეს უახლოეს მომავალში თუკი სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა შეთანხმდებიან უფრო ეფექტიან თანამშრომლობაზე.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024