ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აგრძელებს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან მიღებული სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაციის განთავსებას www.opendata.ge -ზე (საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა).
ამჯერად გთავაზობთ შიდა ქართლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან IDFI-ისთვის მოწოდებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციას, რომელიც www.opendata.ge -ზე უკვე ხელმისაწვდომია.
შიდა ქართლის რეგიონში 2013 წელს გამგებლებზე და მათ მოადგილეებზე სულ გაიცა 145 607.5 ლარის ოდენობის პრემია, ხოლო საკრებულოს თავჯომარესა და მის მოადგილეებზე სულ - 119 537,5 ლარი.
- ქარელის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულებიდან მიღებული სახელფასო უწყისების მიხედვით ქარელის საკრებულოს თავჯდომარეს პაატა ღვინიაშვილს - 2013 წელს პრემიის სახით მიღებული აქვს - 45 050 ლარი, ხოლო მის მოადგილეს სოსო საზანდარიშვილს -28 550 ლარი. ქარელის გამაგებელს და მის მოადგილეებს პრემიის სახით სულ მიღებული აქვთ 68 450 ლარი.
- გორის გამგებელს და მის ორ მოადგილეს პრემიის სახით მიღებული აქვთ სულ 11 125 ლარი; გორის საკრებულოს თავჯდომარეს დავით რაზმაძეს - 3 975 ლარი, ხოლო მის მოადგილეს ზურაბ როსებაშვილს - 5 150 ლარი.
- კასპის გამგებელსა და მის სამ მოადგილეზე ჯამში - 33 920 ლარი, კასპის საკრებულოს თავჯდომარეს დავით მესროფაშვილს - 5 300 ლარი და მის მოადგილეს გიორგი გოგოლაურს - 10 850 ლარი.
- ხაშურის გამგებელსა და მის სამ მოადგილეზე - 32 112.5 ლარი; ხაშურის საკრებულოს თავჯდომარეს დავით ლომიძეს - 12 587.5 ლარი და მის მოადგილეს გიორგი ცხადიაშვილს- 8075 ლარი.
2013 წელს შიდა ქართლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაუდებელი აუცილებლობის წესით განხორციელებულ შესყიდვებზე ჯამში 2 623 915.36 ლარი დაიხარჯა, აქედან ყველაზე დიდი ხარჯი - 1 518 469 ლარი - გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გასწია ხოლო ყველაზე მცირე ხარჯი - 34 599.25 ლარი - ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ. გასულ წელს შიდა ქართლის რეგიონში გადაუდებელი შესყიდვებისთვის დახარჯული თანხები მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:
2013 წელს შიდა ქართლის თვითმმართველი ორგანოების მიერ გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯებმა სულ შეადგინა 28 376.59 ლარი:
- გორის მუნიციპალიტეტის მიერ ჯამში - 22 129,29 ლარის წარმომადგენლობითი ხარჯი იქნა გაწეული, ყველაზე დიდი თანხა - 11 889.5 ლარის ოდენობით (საკრებულო - 5325 ლარი, გამგეობა - 6 564,50 ლარი) გამოიყო „გორის დღეებთან“ გამართულ ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრების გამასპინძლებაზე.
- ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ - 4 357.3 ლარის წარმომადგენლობითი ხარჯი იქნა გაწეული, აქედან ყველაზე დიდი თანხა - 519 ლარი გამოიყო ქალაქ ხაშურში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლების სხვა თანმხლებ პირებთან ერთად სტუმრობასთან დაკავშირებით.
- ქარელის მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული იქნა 1 890 ლარის წარმომადგენლობითი ხარჯი, მოწოდებულ დოკუმენტაციაში არ არის მითითებული რა ღონისძიებისთვის დაიხარჯა თანხა.
- როგორც, მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა კასპის მუნიციპალიტეტს 2013 წელს წარმომადგენლობითი ხარჯები არ გაუწევია.
2014 წლის აპრილის მონაცემებით შიდა ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების ბალანსზე რიცხული ავტომობილების შესახებ ინფორმაცია გამოიყურება შემდეგნაირად:
- გორის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება - 10 ავტომობილი, საერთო ნარჩენი ღირებულებით - 237 751.61 ლარი, მათ შორის 2012 წელს 133 389 ლარად შეძენილი Toyota Land Cruiser.
- ქარელის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება - 21 ავტომობილი, ნარჩენი ღირებულებით 503 826.1 ლარი, აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან 2014 წლის აპრილის მონაცემებით ქარელის საკრებულოს თავჯდომარეს მფლობელობაში იყო 59 484 ლარად შეძენილი 2012 წლის გამოშვების Hyundai Santa Fe.
- კასპის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება - 12 ავტომობილი, ნარჩენი ღირებულებით - 172 999 ლარი. გამგებელს ემსახურება 2008 წლის Toyota Land Cruiser (შეძენის ფასი - 70 479,66 ლარი, ნარჩენი ღირებულება - 33 831,66 ლარი), ხოლო საკრებულოს თავჯდომარეს - 2009 წლის Hyundai Santa Fe (შეძენის ფასი - 37 700 ლარი , ნარჩენი ღირებულება - 13 195 ლარი.)
- ხაშურის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება - 34 ავტომობილი, ნარჩენი ღირებულებით 855 405.5 ლარი. აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან 2014 წლის აპრილის მონაცემებით გამგებლის მფლობელობაში იყო 2008 წელს 64 168 ლარად შეძენილი ავტომანქანა Toyota Prado, ნარჩენი ღირებულებით - 30 801 ლარი.
ზემოაღნიშნული მონაცემები წარმოადგენენ იმ ინფორმაციის მხოლოდ მცირედ ნაწილს, რომელიც IDFI-იმ შიდა ქართლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან გამოითხოვა და რომლის დეტალურად გაცნობა ამჟამად www.opendata.ge -ზეა შესაძლებელი. დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმულები:
გორის მუნიციპალიტეტი
ქარელის მუნიციპალიტეტი
კასპის მუნიციპალიტეტი
ხაშურის მუნიციპალიტეტი